არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება ვინმეს ვენდოთ?

შეიძლება ვინმეს ვენდოთ?

შეიძლება ვინმეს ვენდოთ?

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 1989 წლიდან, საიმედოდ შენახული მრავალი საიდუმლო გამოაშკარავდა. მაგალითად, ლიდიამ * აღმოაჩინა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში სოციალისტური რეჟიმის დროს „შტაზი“-ს, ანუ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, შედგენილი ჰქონდა საქმე, რაშიც შეტანილი იყო ფაქტები მისი პირადი ცხოვრებიდან. ლიდია გაოცდა, როდესაც ამ საქმის არსებობის შესახებ გაიგო, მაგრამ თავზარი დაეცა, როდესაც უთხრეს, რომ „შტაზი“-ს ინფორმაციას მისი ქმარი აწვდიდა. ეს ქალი გასცა ადამიანმა, ვისაც, ჩვეულებრივ, ბოლომდე ენდობიან.

რობერტი, ხანდაზმული მამაკაცი, თავის ექიმს „საოცარ პიროვნებად, უაღრესად პატივსაცემ და სანდო ადამიანად“ მიიჩნევდა, — იუწყებოდა ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. როგორც ამბობდნენ, ექიმი „კეთილი და თანამგრძნობი“ იყო. რობერტი მოულოდნელად გარდაიცვალა. გულის შეტევა ხომ არ მოუვიდა მას ან დამბლა ხომ არ დაეცა? არა. როგორც გაირკვა, რობერტთან სახლში ეს ექიმი მივიდა და გაუკეთა ნემსი, რომელმაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. არც რობერტმა და არც მისმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რა ნემსი გაუკეთა ექიმმა. როგორც ჩანს, რობერტი მოკლა კაცმა, რომელსაც ის ბოლომდე ენდობოდა.

ლიდიასა და რობერტის ნდობა საშინლად არ გაამართლეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. სხვა შემთხვევებში შედეგები შეიძლება ამდენად სერიოზული არ იყოს, მაგრამ ნდობის გამტყუნების გამო იმედგაცრუება იშვიათი არ არის. გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის წამყვანი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 86 პროცენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც მათი ნდობა არ გაამართლეს (Allensbacher Jahrbuch der Demoskopie, 1998—2002). შეიძლება პირადად თქვენც განგიცდიათ ნდობის გამტყუნების გამო იმედგაცრუება. ამიტომ, სულაც არ გვიკვირს, თუ რატომ წერდა შვეიცარიაში გამომავალი გაზეთი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ 2002 წელს, რომ „დასავლეთის ქვეყნებში ათეული წლებია, რაც ადამიანები ერთმანეთს უფრო და უფრო ნაკლებად ენდობიან“.

ნელა ვითარდება, მაგრამ სწრაფად ქრება

რა არის ნდობა? ერთ–ერთი ლექსიკონის თანახმად, გქონდეს ვინმეს მიმართ ნდობა ნიშნავს, გწამდეს, რომ ის ალალ–მართალი და გულწრფელი ადამიანია და განზრახ არ გაგიკეთებს ისეთ რამეს, რაც გულს გატკენს. ნდობის განვითარებას დრო სჭირდება, მაგრამ მისი დაკარგვა ერთ წამში შეიძლება. ძალიან ბევრი გრძნობს, რომ მათ ნდობას ბოროტად იყენებენ. ამიტომ, განა გასაკვირია, რომ ხალხს უჭირს, ვინმეს ენდოს? როგორც 2002 წელს გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში იყო აღნიშნული, „ახალგაზრდების მესამედსაც არ სჯერა, რომ შეიძლება საერთოდ ვინმეს ენდო“.

შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები: „შემიძლია ნამდვილად ვენდო ვინმეს? ღირს კი ვენდო ვინმეს, როდესაც ვიცი, რომ შეიძლება იმედი გამიცრუონ?“

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 3 გვერდზე]

ერთი გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 86 პროცენტს იმედი გაუცრუა იმან, ვისაც ენდობოდა.