არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გჯერათ, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება?

გჯერათ, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება?

გჯერათ, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება?

არცთუ ისე ბევრ ადამიანს სჯერა, რომ დედამიწა ოდესმე სამოთხედ იქცევა. მრავალი ფიქრობს, რომ ის საერთოდ მოისპობა. ბრაიან ლი მოლინოს წიგნის, „წმინდა დედამიწის“, თანახმად, ამ პლანეტამ არსებობა მილიონობით წლის წინათ მომხდარი „დიდი კოსმოსური აფეთქების“ შედეგად დაიწყო. აგრეთვე მრავალს სჯერა, რომ, თუ ადამიანები არ მოსპობენ დედამიწას, შეიძლება ის და მთელი სამყაროც, ბოლოს და ბოლოს, „კვლავ შეიკუმშოს და ცეცხლოვან ბურთად იქცეს“.

XVII საუკუნის ინგლისელ პოეტს, ჯონ მილტონს, მსგავსი პესიმისტური აზრები არ ჰქონია. ეპიკური ჟანრის პოემაში „დაკარგული სამოთხე“ ის წერდა, რომ ღმერთმა ადამიანებს საცხოვრებლად შეუქმნა დედამიწა, რომელიც სამოთხე უნდა ყოფილიყო. პირველი სამოთხე ადამიანებმა დაკარგეს. მიუხედავად ამისა, მილტონს სჯეროდა, რომ დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა; ერთ მშვენიერ დღეს განმათავისუფლებელი, იესო ქრისტე, „ერთგულ ადამიანებს დააჯილდოებდა და ზოგი ზეცაში, ზოგიც დედამიწაზე იცხოვრებდა ბედნიერად“. ის ყოველგვარი ეჭვის გარეშე წერდა: „მაშინ მთელი დედამიწა სამოთხე იქნება“.

სამოთხე — ზეცაში თუ დედამიწაზე?

მრავალი მორწმუნე იზიარებს მილტონის შეხედულებას. ისინი ფიქრობენ, რომ აქ, დედამიწაზე გადატანილი ტანჯვისა და ტკივილის საზღაურად, საბოლოოდ, ჯილდოს მიიღებენ. მაგრამ იბადება კითხვა: სად მიიღებენ ადამიანები ამ ჯილდოს? „ზეცაში თუ დედამიწაზე?“ ზოგი საერთოდ გამორიცხავს დედამიწაზე ამ ჯილდოს მიღების იდეას. მათი აზრით, ადამიანები ბედნიერად მხოლოდ დედამიწის დატოვებისა და ზეცაში, სულიერ სამფლობელოში, მოხვედრის შემდეგ იცხოვრებენ.

წიგნის „ზეცა — ისტორია“ ავტორების, კ. მაკდანელისა და ბ. ლანგის სიტყვების თანახმად, II საუკუნის თეოლოგს, ირინეოსს, სჯეროდა, რომ აღდგენილი სამოთხე „სადღაც შორს, ზეციერ სამფლობელოში კი არ იქნებოდა, არამედ დედამიწაზე“ (Heaven—A History). რელიგიურ წინამძღოლებს, ჟან კალვინსა და მარტინ ლუთერს, ზეცაში მოხვედრის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამავე დროს სჯეროდათ, რომ „ღმერთი დედამიწას განაახლებდა“, — ნათქვამია ამავე წიგნში. სხვა რელიგიის მიმდევრებსაც ჰქონდათ მსგავსი შეხედულებები. მაკდანელისა და ლანგის სიტყვების თანახმად, ზოგ ებრაელს სწამდა, რომ თავის დროზე ღმერთი ყოველგვარ უბედურებას „მოსპობდა და [ადამიანები] ბედნიერად იცხოვრებდნენ დედამიწაზე“. ძველად სპარსელებსაც სწამდათ, რომ „დედამიწას კვლავ დაუბრუნდებოდა პირველსახე და ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებდნენ“ (The Encyclopaedia of Middle Eastern Mythology and Religion).

ჩვენ რა თვალსაზრისი გვაქვს იმის თაობაზე, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება? არის თუ არა დედამიწაზე ცხოვრება მხოლოდ დროებითი, არსებობის შუალედური ეტაპი? თუ პირველ საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის, შეხედულებისამებრ, დედამიწაზე ცხოვრება სულიერი სამფლობელოსკენ მიმავალ გზაზე „მოკლე და, ხშირად, უბედურებებით აღსავსე ეპიზოდია“? ან იქნებ ღმერთს კიდევ სხვა განზრახვა ჰქონდა, როდესაც დედამიწა შექმნა და მასზე არსებულ სამოთხეში ადამიანები დაასახლა? რეალურია, რომ კაცობრიობა აქ, დედამიწაზე, მოელოდეს ნამდვილ სულიერ კეთილდღეობასა და ბედნიერებას? გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სხვა მილიონობით ადამიანივით თქვენც იმ დასკვნამდე მიხვიდეთ, რომ გონივრულია, გვქონდეს დედამიწაზე სამოთხის აღდგენის იმედი.

[სურათი 3 გვერდზე]

პოეტ ჯონ მილტონს სჯეროდა, რომ ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენდა.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Earth: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA

[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]

Earth: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA; John Milton: Leslie’s