არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ

იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ

იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ

„აკვილამ და პრისკილამ თან წაიყვანეს [აპოლონი] და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“ (საქმეები 18:26).

1. რა სჭირდებოდა „მხურვალე სულით“ ანთებულ აპოლონს?

პრისკილა და აკვილა, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ცოლ-ქმარი, აკვირდებოდნენ აპოლონს, რომელიც ეფესოს სინაგოგაში სიტყვით გამოდიოდა. მჭევრმეტყველ და დარწმუნების უნარით დაჯილდოებულ გამომსვლელს ხალხი სულგანაბული უსმენდა. ის „მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ“. მიუხედავად ამისა, აშკარად ჩანდა, რომ აპოლონმა „მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა“. იესო ქრისტეს შესახებ მისი სიტყვები სწორი იყო, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ორატორს ამის თაობაზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა. ქრისტეს შესახებ მას საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. საჭირო იყო, აპოლონს ცოდნა გაეღრმავებინა და გაეგო, რა როლს ასრულებდა იესო ქრისტე იეჰოვას განზრახვის შესრულებაში (საქმეები 18:24—26).

2. რა რთული დავალება შეასრულეს პრისკილამ და აკვილამ?

2 პრისკილამ და აკვილამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაუწოდეს დახმარების ხელი აპოლონს, რათა მას შესძლებოდა „ყოველივეს დაცვა“, რაც ქრისტემ თავის მიმდევრებს ამცნო (მათე 28:19, 20). ბიბლიაში ნათქვამია, რომ პრისკილამ და აკვილამ „თან წაიყვანეს [აპოლონი] და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“. გარკვეული მიზეზების გამო ზოგ ქრისტიანს შეიძლება თავი შეეკავებინა იმისგან, რომ აპოლონისთვის ესწავლებინა. რა მიზეზების გამო? რას ვსწავლობთ პრისკილასა და აკვილასგან, რომლებმაც საღვთო წერილის საფუძველზე ისაუბრეს აპოლონთან? როგორ დაგვეხმარება ამ შემთხვევის განხილვა იმაში, რომ დიდი ძალიხმევა მოვახმაროთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას?

იფიქრეთ ხალხის მოთხოვნილებებზე

3. რატომ არ შეუშალა ხელი აპოლონის ცოდნამ პრისკილასა და აკვილას, რომ მისთვის ესწავლებინათ?

3 აპოლონი წარმოშობით იუდეველი იყო. ის, როგორც ჩანს, გაიზარდა ალექსანდრიაში, რომელიც იმ დროს ეგვიპტის დედაქალაქი და სამეცნიერო ცენტრი იყო; ამ ქალაქს განთქმული ჰქონდა სახელი დიდი ბიბლიოთეკით. ალექსანდრიაში მრავალი იუდეველი ცხოვრობდა. მათ შორის მრავლად იყვნენ მეცნიერებიც. სწორედ აქ ითარგმნა ებრაული წერილები ბერძნულ ენაზე. ეს ის თარგმანია, რომელიც სეპტუაგინტას სახელით გახდა ცნობილი. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ აპოლონი ‘ძლიერი იყო წერილებში’. აკვილა და პრისკილა კი კარვების მკეთებლები იყვნენ. იგრძნეს მათ თავი უსუსურად აპოლონის მჭევრმეტყველების გამო? არა. სიყვარულით აღძრული ეს წყვილი ხედავდა ადამიანს, მის მოთხოვნილებებს; ისინი აპოლონის დახმარებაზე ფიქრობდნენ.

4. სად და როგორ მიიღო აპოლონმა საჭირო დახმარება?

4 აპოლონი მჭევრმეტყველი კი იყო, მაგრამ დახმარებას საჭიროებდა. ასეთ დახმარებას ის ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მიიღებდა, მაგრამ ქრისტიანული კრების თანამორწმუნეებისგან მიიღო. აპოლონი მზად იყო, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ზომებს მიმართა ღმერთმა ადამიანთა ხსნისთვის. პრისკილამ და აკვილამ ის „თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“.

5. რას იტყოდით პრისკილასა და აკვილას სულიერობაზე?

5 პრისკილა და აკვილა სულიერად ძლიერები იყვნენ. მათ რწმენას მყარი საფუძველი ჰქონდა. ისინი ‘მუდამ მზად იყვნენ, რომ ეპასუხათ ყველასთვის, ვინც იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვდა’ და მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მდიდარი იყო ეს ადამიანი, ღარიბი, განათლებული თუ მონა (1 პეტრე 3:15). აკვილას და მის ცოლს შეეძლოთ ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ (2 ტიმოთე 2:15). როგორც ჩანს, ისინი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ. ‘ცოცხალ და მოქმედ ღვთის სიტყვაზე’ დაფუძნებული სწავლება აპოლონის გულს შეეხო და მასზე დიდი გავლენა იქონია (ებრაელთა 4:12).

6. საიდან ვიცით, რომ აპოლონმა დააფასა მისთვის გაწეული დახმარება?

6 აპოლონმა დააფასა თავისი მასწავლებლების კარგი მაგალითი და მოწაფეების მომზადებაში კიდევ უფრო დახელოვნდა. ის ეფექტურად იყენებდა ცოდნას სასიხარულო ცნობის სხვებისთვის, განსაკუთრებით კი იუდეველებისთვის, საქადაგებლად. აპოლონმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ მრავალი იუდეველი ქრისტესთან დაკავშირებულ საკითხებში დაერწმუნებინა. ის ‘წერილებში ძლიერი’ იყო; ამიტომაც შეძლო მათთვის დაემტკიცებინა, რომ ძველი დროის ყველა წინასწარმეტყველი ელოდა ქრისტეს მოსვლას (საქმეები 18:24). ბიბლიაში ნათქვამია, რომ აპოლონი შემდეგ აქაიაში გაემგზავრა. იქ „დიდად დაეხმარა მათ, რომლებმაც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნეს. ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე“ (საქმეები 18:27, 28, აქ).

ისწავლეთ სხვა მასწავლებლების მაგალითზე

7. როგორ გახდნენ აკვილა და პრისკილა დახელოვნებული მასწავლებლები?

7 როგორ გახდნენ აკვილა და პრისკილა ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებლები? გულმოდგინე პირადი შესწავლისა და შეხვედრებზე დასწრების გარდა, ამაში მათ, ალბათ, მოციქულ პავლესთან ახლო ურთიერთობა დაეხმარა. კორინთში ყოფნისას, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოციქული მათ სახლში ცხოვრობდა. ისინი ერთად კერავდნენ და არემონტებდნენ კარვებს (საქმეები 18:2, 3). წარმოიდგინეთ მათი საუბრები, რომლებიც, ალბათ, სულიერი საკითხების სიღრმეებს ეხებოდა. აკვილასა და პრისკილასთვის პავლესთან ურთიერთობა მართლაც რომ სულიერად ძალიან განმამტკიცებელი იქნებოდა! „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“, — ნათქვამია იგავების 13:20-ში (სსგ). ჯანსაღმა ურთიერთობამ მათ სულიერ ჩვევებზე სასიკეთო გავლენა იქონია (1 კორინთელთა 15:33).

8. რა ისწავლეს პრისკილამ და აკვილამ პავლეს მსახურებაზე დაკვირვების შედეგად?

8 პავლე პრისკილასა და აკვილასთვის, სამეფოს შესახებ მქადაგებლებისთვის, კარგი მასწავლებლის ცოცხალი მაგალითი იყო. წიგნში „საქმეები“ ნათქვამია, რომ პავლე „ყოველ შაბათს საუბრობდა [კორინთის] სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“. მოგვიანებით, როდესაც იქ სილა და ტიმოთე ჩავიდნენ, „მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო“. პრისკილამ და აკვილამ დაინახეს, რომ სინაგოგის წევრების მხრიდან არცთუ ისე დიდი ინტერესის გამოვლენის შემდეგ, პავლემ საქადაგებლად იქით გადაინაცვლა, სადაც უფრო მოუსმენდნენ — ის სინაგოგის გვერდით მდებარე სახლში შევიდა. იქ მოციქული კრისპოსს, „სინაგოგის მთავარს“, დაეხმარა, მოწაფე გამხდარიყო. ამ ცოლ-ქმარს, ალბათ, არც ის დარჩებოდა შეუმჩნეველი, რომ კრისპოსის მოწაფედ გახდომამ დიდი გავლენა იქონია იმ არემარეში ქადაგების ნაყოფიერებაზე. წმინდა წერილებში ნათქვამია: „კრისპოსმა . . . მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი, და მრავალმა კორინთოელმა, მოისმინა რა, ირწმუნა და მოინათლა“ (საქმეები 18:4—8).

9. რა გავლენა იქონია პავლეს მაგალითმა პრისკილასა და აკვილაზე?

9 სამეფოს შესახებ ქადაგებაში პავლეს მაგალითს სხვა ქრისტიანებმაც, მათ შორის პრისკილამ და აკვილამ, მიჰბაძეს. მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). პრისკილა და აკვილა პავლეს მაგალითისამებრ მოიქცნენ და აპოლონს დაეხმარნენ ქრისტიანული სწავლების უკეთესად გაგებაში. აპოლონი კი, თავის მხრივ, სხვებს დაეხმარა. ეჭვგარეშეა, რომ პრისკილა და აკვილა რომში, კორინთსა და ეფესოში მონაწილეობდნენ მოწაფეების მომზადების საქმეში (საქმეები 18:1, 2, 18, 19; რომაელთა 16:3—5).

10. რა ისწავლეთ საქმეების მე-18 თავიდან, რასაც მოწაფეების მომზადების საქმეში გამოიყენებდით?

10 რისი სწავლა შეგვიძლია საქმეების მე-18 თავიდან? როგორც აკვილამ და პრისკილამ ისწავლეს ბევრი რამ პავლესგან, ისე ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებლების მაგალითს და მოწაფეების მომზადების საქმეში გავუმჯობესდეთ. კარგია, ურთიერთობა ვიქონიოთ მათთან, ვინც ‘გულმოდგინედ’ და საფუძვლიანად ქადაგებს (საქმეები 18:5, აქ). დავაკვირდეთ, როგორ არწმუნებენ ისინი ხალხს ისე, რომ მთელი გულით იღებენ მათ ნათქვამს. ამგვარად დახელოვნება მოწაფეების მომზადებაში დაგვეხმარება. თუ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ურიგო არ იქნებოდა, დაინტერესებულისთვის გვერჩია, ოჯახის სხვა წევრები ან მეზობლები მოეწვია შესწავლაზე; ან გვეკითხა, კიდევ ვისთვის შეიძლებოდა ბიბლიის შესწავლის შეთავაზება (საქმეები 18:6—8).

ეძებეთ ხალხის მოწაფეებად მომზადების შესაძლებლობები

11. სად შეიძლება ახალი მოწაფეების პოვნა?

11 პავლე და მისი თანამსახურნი მოწაფეების მომზადების მიზნით ქადაგებდნენ ყველგან — სახლებში, ბაზრებსა და გზაზე, როდესაც მოგზაურობდნენ. შეგიძლიათ თუ არა მსახურების გაფართოება სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებლებს, რომლებსაც ხალხის მოწაფეებად მომზადება გსურთ? შეგიძლიათ შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენება, რათა ღირსეულნი იპოვოთ და უქადაგოთ? რა საშუალებები გამონახეს ჩვენმა თანამორწმუნეებმა ხალხის მოწაფეებად მომზადების მიზნით? თავდაპირველად შევეხოთ ტელეფონით ქადაგების შესაძლებლობას.

12—14. მოყევით, რამდენად ეფექტურია ტელეფონით ქადაგება და მოიყვანეთ საკუთარი ან აბზაცებში მოთხრობილი რომელიმე შემთხვევა.

12 ბრაზილიაში, მრავალსართულიან სახლში კარდაკარ ქადაგებისას, ერთმა ქრისტიანმა (ვუწოდოთ მას მარია) ტრაქტატი მისცა ახალგაზრდა ქალს. ტრაქტატის სათაური მარიამ შესავლად გამოიყენა და მობინადრეს ჰკითხა: „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ ქალმა უპასუხა: „დიახ, მაგრამ მე მასწავლებელი ვარ და მთელი ჩემი დრო სამუშაოს მიაქვს“. ჩვენმა დამ აუხსნა, რომ ბიბლიურ თემებზე შეეძლოთ ტელეფონითაც ესაუბრათ. ქალმა მარიას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. მარიამ კი იმავე საღამოს დაურეკა და ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ * დახმარებით შესწავლა დაიწყო.

13 ეთიოპიაში ტელეფონით ქადაგებისას სრული დროით მსახურმა ქრისტიანმა ერთ მამაკაცთან დაიწყო საუბარი. საუბრის დროს ყურმილში, შორიდან, ვიღაცის ძალიან გაღიზიანებული ხმაც ჩაესმა. მამაკაცმა სთხოვა, მოგვიანებით გადაერეკა. ჩვენი და ასეც მოიქცა, კაცმა კი მოიბოდიშა და აუხსნა, რომ მაშინ ის და თავისი ცოლი სერიოზულად კამათობდნენ. დამ მხედველობაში მიიღო მისი მდგომარეობა და ბიბლიის გონივრული რჩევების დახმარებით ოჯახური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე ილაპარაკა. აგრეთვე აღნიშნა, რომ მრავალ ოჯახს დაეხმარა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. რამდენიმე დღეში მამაკაცმა მიიღო ეს წიგნი და დამაც კვლავ დაურეკა. კაცმა უთხრა: „ამ წიგნმა ჩემი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა!“ როგორც გაირკვა, მას მთელი ოჯახი შეუკრებია და წიგნიდან საინტერესო საკითხები გაურჩევია. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო; მალე კი ქრისტიანულ შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრებოდა.

14 ერთი დანიელი მაუწყებელი, რომელმაც ტელეფონით ქადაგების საშუალებით ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ამბობს: „სამსახურებრივმა ზედამხედველმა მირჩია, ტელეფონით მექადაგა. მე თავს ვიკავებდი და ვამბობდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო. ერთხელაც გამბედაობა მოვიკრიბე და დავრეკე. ყურმილი ქალმა, სახელად სონიამ, აიღო და მოკლე საუბრის შემდეგ ბიბლიური ლიტერატურის აღებაზე დამთანხმდა. ერთ საღამოს ჩვენ შემოქმედების თემაზე ვისაუბრეთ და მან მოისურვა წიგნის „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ * წაკითხვა. ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა ერთმანეთს შევხვედროდით ამ თემაზე სასაუბროდ. ის დამთანხმდა. სონიასთან რომ მივედი, უკვე მზად იყო შესწავლის დასაწყებად. მას შემდეგ ყოველკვირა ვატარებთ შესწავლას“. ჩვენი ქრისტიანი და თავის საუბარს ასე ამთავრებს: „მრავალი წლის განმავლობაში ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, ბიბლიის შესწავლა მქონოდა, მაგრამ სულ არ მოველოდი, რომ ამას ტელეფონით ქადაგების შედეგად დავიწყებდი“.

15, 16. რა შემთხვევებს მოჰყვებოდით იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სასარგებლოა ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზნით სხვადასხვა შესაძლებლობების გამონახვა?

15 მრავალმა წარმატებას მიაღწია იმის შედეგად, რომ გამოიყენა რჩევა, ექადაგა ყველგან, სადაც კი ხალხია. შეერთებულ შტატებში ერთმა ქრისტიანმა ქალმა თავისი მანქანა ავტოსადგომზე, სავაჭრო ავტოფურგონის გვერდით გააჩერა. იმ მანქანაში იჯდა ქალი, რომელთანაც დამ ჩვენს საგანმანათლებლო საქმიანობაზე წამოიწყო ლაპარაკი. ქალმა უსმინა, შემდეგ თავისი მანქანიდან გადმოვიდა, დის მანქანასთან მივიდა და უთხრა: „რა კარგია, რომ გამომელაპარაკეთ. რამდენი ხანია თქვენი ბიბლიური ლიტერატურა არ მიმიღია. იცით, მე მინდა, რომ ისევ დავიწყო ბიბლიის შესწავლა. მასწავლით?“ ამგვარად გამონახა ჩვენმა დამ შესაძლებლობა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

16 აი, როგორ იქადაგა ერთმა დამ შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა კერძო პანსიონატში. ის ამ დაწესებულების ერთ პასუხისმგებელ პირთან მივიდა და უთხრა, რომ სიამოვნებით გაუწევდა სულიერ დახმარებას პანსიონატში მყოფებს. აგრეთვე დასძინა, რომ ნებისმიერ მსურველთან ყოველკვირა ჩაატარებდა ბიბლიის უფასო შესწავლას. პასუხისმგებელმა პირმა ნება დართო. მალე ეს და პანსიონატში მყოფ 26 ადამიანთან ატარებდა ბიბლიის შესწავლას და კვირაში სამჯერ მიდიოდა მათ ჩასატარებლად. შემსწავლელთაგან ერთმა კრების შეხვედრებზე რეგულარულად სიარულიც შეძლო.

17. ბიბლიის შესწავლის დასაწყებად რომელი მეთოდია ხშირად ეფექტური?

17 ზოგმა მქადაგებელმა კარგ შედეგებს მიაღწია პირდაპირ ბიბლიის შესწავლის შეთავაზებით. ერთ კრებაში, რომელიც 105 მაუწყებლისგან შედგებოდა, ერთ დღეს გადაწყვიტეს ყველა მობინადრისთვის პირდაპირ შეეთავაზებინათ ბიბლიის შესწავლა. სამქადაგებლო მსახურებაში იმ დღეს 86 მაუწყებელი მონაწილეობდა. ორი საათის განმავლობაში ქადაგების შემდეგ მათ, სულ მცირე, ბიბლიის 15 შესწავლა დაიწყეს.

განაგრძეთ ღირსეულთა ძებნა

18, 19. იესოს რომელი მნიშვნელოვანი მითითება უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და რა უნდა გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად?

18 თქვენ, სამეფოს შესახებ მქადაგებლებმა, შეიძლება მოისურვოთ ამ სტატიაში მოხსენიებული რჩევების გამოყენება. ცხადია, ქადაგების მეთოდების შერჩევისას გონივრული იქნებოდა, მხედველობაში მიგვეღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. უმთავრესი ის არის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იესოს მითითება ღირსეულთა პოვნასა და მოწაფეებად მომზადებასთან დაკავშირებით (მათე 10:11; 28:19).

19 აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მოდი ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’. თუ სხვებთან დამაჯერებლად ვილაპარაკებთ და საუბარს წმინდა წერილებზე დავაფუძნებთ, შევძლებთ ამის გაკეთებას. ეს კი კეთილი ადამიანების გულზე იმოქმედებს და მათ მოქმედებისკენ აღძრავს. ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარება, მონაწილეობა მივიღოთ იესო ქრისტეს მოწაფეებად ხალხის მომზადებაში. ეს მართლაც რომ დიდებული და კურთხევების მომტანი საქმეა! ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადოთ, ‘თავი წარვუდგინოთ ღმერთს ღირსეულ მუშაკად’. ყოველთვის პატივი მივაგოთ იეჰოვას, როგორც გულმოდგინე მაუწყებლებმა, რომლებიც იმ მიზნით ვქადაგებთ, რომ მოწაფეები მოვამზადოთ (2 ტიმოთე 2:15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გახსოვთ თუ არა?

• რატომ სჭირდებოდა აპოლონს ღვთის სიტყვის უფრო ზუსტად ახსნა?

• რა ისწავლეს პრისკილამ და აკვილამ მოციქულ პავლესგან?

• რა ისწავლეთ საქმეების მე-18 თავიდან ხალხის მოწაფეებად მომზადების თაობაზე?

• როგორ შეგვიძლია ხალხის მოწაფეებად მოსამზადებლად შესაძლებლობების გამონახვა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

პრისკილამ და აკვილამ აპოლონს „უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“.

[სურათი 20 გვერდზე]

აპოლონი მოწაფეების მომზადებაში დახელოვნდა.

[სურათი 21 გვერდზე]

პავლე ქადაგებდა ყველგან, სადაც კი მიდიოდა.

[სურათები 23 გვერდზე]

გამონახეთ ქადაგებისთვის შესაძლებლობები.