არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი

იყავით ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი

იყავით ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი

„ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15).

1, 2. ა) რატომ სჭირდებათ მუშებს იარაღები? ბ) რა სამუშაო გვაქვს შესასრულებელი ქრისტიანებს და როგორ ცხადვყოფთ, რომ უპირველესად სამეფოს ვეძებთ?

სამუშაოს შესასრულებლად მუშებს იარაღები სჭირდებათ, მაგრამ მათ არ გამოადგებათ ნებისმიერი იარაღი. აუცილებელია საჭირო იარაღები და მათი სათანადო გამოყენება. მაგალითად, თუ ფარდულის ასაშენებლად ერთმანეთზე უნდა დაამაგროთ ფიცრები, საკმარისი არ არის ჩაქუჩისა და ლურსმნების ქონა. საჭიროა იცოდეთ, როგორ დააჭედოთ ლურსმანი ისე, რომ არ მოღუნოთ. ჩაქუჩის გამოყენება თუ არ გეცოდინებათ, ლურსმნის დაჭედება გაგიჭირდებათ, ან საერთოდ ვერ შეძლებთ. იარაღების სათანადო გამოყენება კი დაგეხმარებათ, ბოლომდე შეასრულოთ სამუშაო.

2 ჩვენც, ქრისტიანებს, სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. იესო ქრისტეს მითითებისამებრ, მისმა მიმდევრებმა ‘უპირველესად სამეფო უნდა ვეძიოთ’ (მათე 6:33, აქ). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? უპირველესად, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში გულმოდგინების გამოვლენით; აგრეთვე ჩვენი მსახურების მხოლოდ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებითა და კარგი საქციელით (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 8:25; 1 პეტრე 2:12). ჩვენი ქრისტიანული მოვალეობის ეფექტურად შესასრულებლად და ამით კმაყოფილების მისაღებად საჭიროა, სათანადო იარაღები გვქონდეს და მათი სწორად გამოყენება ვიცოდეთ. ამ მხრივ, კარგი მაგალითი დაგვიტოვა პავლე მოციქულმა. ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, მისთვის მიებაძათ (1 კორინთელთა 11:1; 15:10). რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს, ჩვენი თანამსახურის, მაგალითიდან?

პავლე — ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებელი

3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პავლე მოციქული გულმოდგინედ შრომობდა სამეფოს საქმისთვის?

3 როგორ ასრულებდა პავლე სამუშაოს? გულმოდგინედ. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობა ექადაგა. ამ დაუღალავმა მოციქულმა გაგვიმხილა, რა იყო მისი გულმოდგინე ქადაგების მიზეზი. პავლემ დაწერა: „თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16). იყო თუ არა პავლე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით დაინტერესებული? არა. ის არ იყო ეგოისტი. მას სურდა, რომ სხვებსაც მიეღოთ სარგებლობა სასიხარულო ცნობიდან. „ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“, — დაწერა პავლემ (1 კორინთელთა 9:23, აქ).

4. რომელი იარაღია ქრისტიანებისთვის ყველაზე ძვირფასი?

4 პავლე მოციქული თავმდაბალი ადამიანი იყო და ესმოდა, რომ მხოლოდ საკუთარ უნარს ვერ დაეყრდნობოდა. მსმენელთა გულებში ჭეშმარიტების ჩასაბეჭდად, პავლეს სათანადო იარაღი სჭირდებოდა ისევე, როგორც დურგალს სჭირდება ჩაქუჩი სამუშაოდ. ძირითადად, რა იარაღს იყენებდა ის? ღვთის სიტყვას, წმინდა წერილებს. მის მსგავსად, მოწაფეების მომზადებისას ძირითად იარაღად ჩვენც ბიბლიას ვიყენებთ.

5. რა უნდა გავაკეთოთ ბიბლიიდან ციტირების გარდა იმისათვის, რომ ეფექტური მქადაგებლები ვიყოთ?

5 პავლეს ესმოდა, რომ ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა წმინდა წერილებიდან ციტირებაზე მეტს გულისხმობდა. ის ხალხს „დამაჯერებლად ელაპარაკებოდა“ (საქმეები 28:23, აქ). რაში გამოიხატებოდა მისი დამაჯერებლობა? პავლე ბიბლიას სათანადოდ იყენებდა იმ მიზნით, რომ მსმენელები დაერწმუნებინა, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მიეღოთ. ის მსჯელობდა მათთან. ეფესოს სინაგოგაში პავლე სამი თვის განმავლობაში „საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ“. „ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს“, მაგრამ სხვები უსმენდნენ. პავლეს მსახურების შედეგად, ეფესოში „ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა“ (საქმეები 19:8, 9, 20).

6, 7. როგორ ადიდებდა პავლე თავის მსახურებას და ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

6 პავლე, ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებელი, ‘ადიდებდა თავის მსახურებას’ (რომაელთა 11:13). როგორ? მას არ სურდა თავის განდიდება და არ რცხვენოდა, ხალხში ღვთის თანამშრომლად ყოფილიყო აღიარებული. პირიქით, ის მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობას უდიდეს პატივად მიიჩნევდა. პავლე დახელოვნებული მქადაგებელი იყო და ეფექტურად გადასცემდა ღვთის სიტყვას. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა სხვებისთვისაც სტიმული იყო მსახურების გასაუმჯობესებლად. ამ მხრივაც იყო პავლეს მსახურება განდიდებული.

7 პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია განვადიდოთ ჩვენი მსახურება ღვთის სიტყვის ხშირი და ეფექტური გამოყენებით. სამქადაგებლო მსახურების ნებისმიერ სფეროში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტს გავუზიაროთ ბიბლიური აზრები. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მეტი დამაჯერებლობით? ამისათვის სამი ძირითადი საშუალება არსებობს: 1) ყურადღება გავამახვილოთ ღვთის სიტყვაზე ისე, რომ მსმენელი მის მიმართ პატივისცემით განვაწყოთ; 2) ტაქტიანად ავხსნათ ბიბლიური მუხლები და დავანახვოთ მსმენელს, როგორ უკავშირდება ბიბლიაში ნათქვამი საუბრის თემას; 3) დამაჯერებლად ვიმსჯელოთ წმინდა წერილების საფუძველზე.

8. რა იარაღები გვაქვს სამეფოს მქადაგებლებს და პირადად როგორ იყენებთ მათ?

8 დღეს სამეფოს მქადაგებლებს გვაქვს იარაღები, რომლებიც პავლე მოციქულს არ ჰქონდა — წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, მოსაწვევი ბარათები, ტრაქტატები და აუდიო-ვიდეო კასეტები. წინა საუკუნეში მქადაგებლები იყენებდნენ სამქადაგებლო ბარათებს, ფონოგრაფებს, რადიოსა და მანქანებს, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლები იყო დამონტაჟებული. ცხადია, ჩვენი საუკეთესო იარაღი ბიბლიაა. ამიტომაც, ეს უბადლო იარაღი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენი მსახურება ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული

9, 10. რას ვსწავლობთ ღვთის სიტყვის გამოყენებასთან დაკავშირებით პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევიდან?

9 როგორ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა ეფექტურად? ყურადღება მივაქციოთ, რა უთხრა პავლე მოციქულმა თანამსახურ ტიმოთეს: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). რას გულისხმობს ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’?

10 ბერძნული სიტყვა, რომელიც „სწორად გადამცემად“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით „სწორად გაჭრას“ ან „გზის პირდაპირ გაკვალვას“ ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სიტყვას მხოლოდ პავლე მოციქული იყენებს ტიმოთეს შეგონებისას. იგივე სიტყვა, შესაძლოა, მინდვრის ხვნისას სწორი კვალის გავლებასთან დაკავშირებითაც იყოს გამოყენებული. მრუდე კვალის გავლება სამარცხვინო იქნებოდა გამოცდილი მხვნელისთვის. პავლეს სურდა, ტიმოთე „შეურცხვენელი მუშაკი“ ყოფილიყო. ამიტომ შეახსენა, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლებებიდან ოდნავადაც არ გადაეხვია. ტიმოთეს სწავლებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა პირად თვალსაზრისს. მისი ქადაგება და სწავლება მხოლოდ წმინდა წერილებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული (2 ტიმოთე 4:2—4). ასე თუ მოიქცეოდა, გულწრფელი ადამიანები ამა თუ იმ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისს გაიზიარებდნენ და მათ აზროვნებაზე გავლენას ვერ მოახდენდა წუთისოფლის ფილოსოფიური შეხედულებები (კოლასელთა 2:4, 8). ეს ასეა დღესაც.

ჩვენი ქცევა სანაქებო უნდა იყოს

11, 12. რა კავშირია ჩვენს ქცევასა და ღვთის სიტყვის სწორად გადაცემას შორის?

11 ღვთის სიტყვის სწორად გადასაცემად ჩვენგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება. საჭიროა, ჩვენი ქცევაც ღვთის სიტყვასთან იყოს შეთანხმებული. ყოვლად დაუშვებელია მოჩვენებითი საქციელი, „ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელთა 3:9). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი! ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ! კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ!“ (რომაელთა 2:21, 22). ამიტომაც, ჩვენთვის, როგორც ღვთის თანამშრომლებისთვის, მისი სიტყვის სწორად გადაცემის ერთ-ერთი საშუალებაა, ყურად ვიღოთ შემდეგი შეგონება: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6).

12 რას მოვიმკით, თუ ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი ვიქნებით? ვნახოთ, რა გავლენას ახდენს ღვთის სიტყვა, ბიბლია, გულწრფელ ადამიანებზე.

ღვთის სიტყვას ადამიანის შეცვლის ძალა შესწევს

13. რა შედეგი მოაქვს ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობას?

13 ღვთის სიტყვა უდიდეს გავლენას ახდენს მათზე, ვინც მას სანდოდ მიიჩნევს. მისი დახმარებით ბევრი მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ცხოვრებაში. პავლე ღვთის სიტყვის ამგვარი მოქმედების მოწმე იყო და მის დადებით ზეგავლენას ხედავდა იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებმაც ძველ თესალონიკეში ქრისტიანობა მიიღეს. მან თესალონიკელ ქრისტიანებს უთხრა: „ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო“ (1 თესალონიკელთა 2:13). ამ ქრისტიანებისთვის — ისევე, როგორც ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მიმდევრისთვის — ადამიანის სუსტი ლოგიკა ვერც კი შეედრებოდა ღვთის უბადლო სიბრძნეს (ესაია 55:9). თესალონიკელებმა ‘დიდ გასაჭირში მიიღეს სიტყვა, სულიწმიდის სიხარულით’ და სამაგალითონი გახდნენ თანამორწმუნეთათვის (1 თესალონიკელთა 1:5—7).

14, 15. რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა და რატომ?

14 ღვთის სიტყვას, როგორც მის ავტორს, იეჰოვას, უდიდესი ძალა აქვს. ის მომდინარეობს „ცოცხალი ღვთისგან“, ვისი სიტყვითაც „შეიქმნა ზეცა“ და ვის სიტყვასაც ყოველთვის აქვს ‘წარმატება იმაში, რისთვისაც არის მივლენილი’ (ებრაელთა 3:12; ფსალმუნები 32:6; ესაია 55:11). ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „ღმერთი არასდროს ემიჯნება თავის სიტყვას. ის არ იცილებს მას, როგორც უცხო სხეულს . . . ამიტომაც, მისი სიტყვა არასდროს არის მკვდარი და უგრძნობი იმის მიმართ, ყურად იღებენ თუ არა მას; ის ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოცხალ ღმერთთან“.

15 რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა? მას უსაზღვრო ძალა აქვს. პავლე მოციქულმა მართებულად დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12).

16. რამდენად მნიშვნელოვნად ცვლის ღვთის სიტყვა ადამიანს?

16 ღვთის სიტყვა „ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია“. მას ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ნებისმიერ იარაღზე მეტი ძალა აქვს. ღვთის სიტყვა გულამდე და გონებამდე აღწევს და შინაგანად ცვლის პიროვნებას — გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებასა თუ მისწრაფებებზე და მას ღვთისთვის მოსაწონ მსახურად აქცევს. ის მართლაც რომ მძლავრი იარაღია!

17. ახსენით, როგორ შეუძლია ადამიანის შეცვლა ღვთის სიტყვას?

17 ღვთის სიტყვა ააშკარავებს, სინამდვილეში შინაგანად როგორია ადამიანი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და როგორ უყურებენ მას სხვები (1 მეფეთა 16:7). ზოგჯერ ბოროტ ადამიანებსაც შეუძლიათ, თავიანთი პიროვნული თვისებები მოჩვენებითი გულკეთილობითა და ღვთისმოსაობით შენიღბონ. ისინი თვალთმაქცურად იქცევიან მზაკვრული მიზნების მისაღწევად. ამაყი ადამიანები თავმდაბალი პიროვნების როლს თამაშობენ და ამ დროს მთელი გულით იმისკენ ილტვიან, რომ სხვებმა განადიდონ. ღვთის სიტყვა კი ააშკარავებს, თუ როგორი გული აქვს ადამიანს. ის თავმდაბალ ადამიანებს აღძრავს, მოიშორონ ძველი პიროვნება და ‘შეიმოსონ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფესელთა 4:22—24, აქ). ღვთის სიტყვას იმის ძალაც შესწევს, რომ ბუნებით გაუბედავი ადამიანები იეჰოვას გამბედავ მოწმეებად და სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებლებად აქციოს (იერემია 1:6—9).

18, 19. ამ აბზაცებიდან გამომდინარე ან სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევის გამოყენებით ახსენით, როგორ შეუძლია ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა.

18 ღვთის სიტყვის ძალა დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანზე. მაგალითად, სამეფოს მქადაგებლები პნომპენიდან (კამბოჯა) ორი თვის განმავლობაში დადიოდნენ საქადაგებლად კამპონგტიამის პროვინციაში. ერთ ადგილობრივ პასტორ ქალს მქადაგებლებთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მათ შესახებ სხვა პასტორებმა უარყოფითი აზრები გამოთქვეს. შეხვედრისას მან იეჰოვას მოწმეებს უამრავი შეკითხვა დაუსვა დღესასწაულებთან დაკავშირებით და ყურადღებით ისმენდა ბიბლიაზე დაფუძნებულ მსჯელობას. ბოლოს მან ასეთი რამ თქვა: „აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს ის, რაც პასტორებმა თქვენ შესახებ მითხრეს. მათ თქვეს, რომ ბიბლიას არ იყენებთ, მაგრამ ვხედავ, თქვენ მხოლოდ ბიბლიით ხელმძღვანელობთ!“.

19 ამ ქალმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესახებ საუბრები განაგრძო და არ შეუშინდა მუქარას, რომ პასტორად მსახურების ნებას აღარ მისცემდნენ. მქადაგებლებთან საუბრების შესახებ ის თავის მეგობარ ქალსაც დაელაპარაკა. ამ ქალმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნასწავლმა, რომ ერთ-ერთი საეკლესიო მსახურებისას, რომელსაც ესწრებოდა, ხალხს მოუწოდა: „დაიწყეთ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა“. მალე ყოფილი პასტორის გარდა, მას სხვებიც შეუერთდნენ ბიბლიის შესწავლაში.

20. როგორ ცხადყოფს განელი ქალის, პაულინას, მაგალითი, რომ ღვთის სიტყვა ძლიერია?

20 ღვთის სიტყვა რომ ძლიერია, ამას კარგად ცხადყოფს განელი ქალის, პაულინას, მაგალითი. მას ბიბლიას ასწავლიდა სრული დროით მქადაგებელი წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ * დახმარებით. პაულინა ხედავდა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა, რადგან მის ქმარს სხვა ცოლებიც ჰყავდა. ქმარი და ნათესავები კი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ, რათა ამის საშუალება არ მიეცათ. პაულინას პაპა, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე და ეკლესიის პრესვიტერი, მისი გადაწყვეტილების შეცვლას მათეს 19:4—6 მუხლების არასწორი გამოყენებით შეეცადა. ის დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, პაულინა მაშინვე მიხვდა, რომ მდგომარეობა ჰგავდა იმ შემთხვევას, როდესაც იესოს შესაცდენად სატანა ბიბლიურ მუხლებს ამახინჯებდა (მათე 4:5—7). მან სწორად გაიხსენა ქორწინებასთან დაკავშირებით იესოს მიერ გასაგებად წარმოთქმული სიტყვები, რომ ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და ქალად შექმნა და არა მამაკაცად და ქალებად; და რომ ერთ ხორცად ორი უნდა გამხდარიყო და არა სამი. პაულინამ თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. საბოლოოდ, მან შეძლო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიხედვით გაყრა და პოლიგამიური ქორწინებისგან თავის დაღწევა. მალე ის მოინათლა და სამეფოს შესახებ მაუწყებელი გახდა.

განაგრძეთ ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა

21, 22. ა) რას უნდა შევეცადოთ სამეფოს შესახებ მქადაგებლები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 ღვთის სიტყვა, ბიბლია, მართლაც რომ ძლიერი იარაღია. მისი საშუალებით ადამიანებს ვეხმარებით, ცვლილებები მოახდინონ ცხოვრებაში, რათა იეჰოვას დაუახლოვდნენ (იაკობი 4:8). ამიტომაც, როგორც გამოცდილი ხელოსნები იყენებენ იარაღებს, დაე, ჩვენც ისე შევეცადოთ ბიბლიის გამოყენებას ღვთის მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეში.

22 როგორ შეგვიძლია წმინდა წერილების უფრო ეფექტურად გამოყენება მოწაფეების მომზადების საქმეში? ერთ-ერთი საშუალება დამაჯერებლად სწავლების უნარის განვითარებაა. მომდევნო სტატიაში მოცემულია რჩევები, როგორ უნდა ვასწავლოთ და დავეხმაროთ სხვებს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მიიღონ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გახსოვთ თუ არა?

• რა იარაღები აქვთ სამეფოს შესახებ მქადაგებლებს?

• რა მხრივ ასრულებდა სამაგალითოდ პავლე მოციქული სამქადაგებლო საქმეს?

• რას მოიცავს ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა?

• რამდენად ეფექტური იარაღია იეჰოვას სიტყვა — ბიბლია?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

ზოგიერთი იარაღი, რომლებსაც ქრისტიანები სამეფოს შესახებ ქადაგებისას იყენებენ.