არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამოთხე დედამიწაზე იქნება

სამოთხე დედამიწაზე იქნება

სამოთხე დედამიწაზე იქნება

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალ ადამიანს სწამდა, რომ, საბოლოოდ, დატოვებდნენ დედამიწას და ზეცაში წავიდოდნენ. ზოგის აზრით, ჩვენს შემოქმედს არასოდეს ჰქონია განზრახული, რომ დედამიწაზე მარადიულად გვეცხოვრა. ასკეტები კი უფრო შორს მიდიან — მრავალი მათგანისთვის დედამიწა და ყოველივე მატერიალური ბოროტებაა. მათ სჯერათ, რომ ეს ყოველივე სულიერი კეთილდღეობის მიღწევასა და ღმერთთან მიახლოებას უშლის ხელს.

მათ, ვისაც მსგავსი აზრები აქვთ, ან არ იციან დედამიწაზე სამოთხესთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი, ან უგულებელყოფენ მას. დღეს მრავალს საერთოდ არ სურს იმის გამოკვლევა, თუ რა ჩაიწერა ღვთის შთაგონებით ამის თაობაზე ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16, 17). განა გონივრული არ არის, რომ ადამიანების მიერ შედგენილი თეორიების მიღების ნაცვლად, ღვთის სიტყვას მივენდოთ? (რომაელთა 3:4). ამგვარად მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ძლიერი, მაგრამ უხილავი ბოროტი ქმნილება ადამიანებს სულიერად აბრმავებს და ‘მთელ წუთისოფელს აცდუნებს’ (გამოცხადება 12:9; 2 კორინთელთა 4:4).

რატომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა?

სულის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების არსებობამ განაპირობა ის, რომ ხალხს სხვადასხვაგვარი თვალსაზრისი აქვს დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვაზე. მრავალს სწამს, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას. სხვების აზრით, სული ადამიანის სხეულის შექმნამდე არსებობდა. ერთი ნაშრომის თანახმად, ბერძენ ფილოსოფოს პლატონს სწამდა, რომ სული „სხეულში მომწყვდეული იყო ზეცაში არსებობის დროს ჩადენილი ცოდვების გამო დასჯის მიზნით“. მსგავსი აზრი გამოთქვა III საუკუნის თეოლოგმა ორიგენემაც: „სხეულთან შერწყმამდე სულმა [ზეცაში] შესცოდა“ და „ამ ცოდვების გამო დასჯის მიზნით იგი [დედამიწაზე სხეულში] იქნა გამომწყვდეული“. მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ადამიანისთვის დედამიწა ზეცისკენ მიმავალ გზაზე ამა თუ იმ სახის გამოცდის გასავლელი ადგილია.

სხვადასხვაგვარი შეხედულებები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა მოსდის სულს ადამიანის სიკვდილის დროს. წიგნის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ თანახმად, ეგვიპტელებს სწამდათ, რომ „გარდაცვლილთა სულები მიწისქვეშეთში ჩადიოდნენ“. მოგვიანებით ფილოსოფოსებმა სადავო გახადეს შეხედულება გარდაცვლილთა სულების მიწისქვეშეთის წყვდიადში ჩასვლის თაობაზე და ფიქრობდნენ, რომ სულები მაღლა ადიოდნენ სულიერ სამფლობელოში. ბერძენ ფილოსოფოსს, სოკრატეს, მის თანამედროვეთა გადმოცემის თანახმად, სჯეროდა, რომ გარდაცვლილთა სულები „უხილავ სამფლობელოში მიდიან . . . და არსებობის დარჩენილ ნაწილს ღმერთებთან ატარებენ“.

რას გვეუბნება ბიბლია?

ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნში, ბიბლიაში, არსად არის ნათქვამი, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს. გთხოვთ, წაიკითხოთ დაბადების 2:7. იქ ნათქვამია: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად [„სულად ცხოველად“, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884]». ამ მუხლში აზრი ნათლად და არაორაზროვნად არის გადმოცემული — პირველი ადამიანის, ადამის, შექმნისას ღმერთს მის სხეულში რაღაც არამატერიალური არ ჩაუდია. ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ იქმნა კაცი „სულად ცხოველად“. ადამიანი არ იყო სულის სადგომი. ის თავად იყო სული.

დედამიწისა და ადამიანების შექმნის დროს ღმერთს განზრახული არ ჰქონია, რომ ადამიანი მომკვდარიყო. ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე სამოთხეში. ადამი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკვდა, რომ ღვთის კანონს არ დაემორჩილა (დაბადება 2:8, 15—17; 3:1—6; ესაია 45:18). სიკვდილის შემდეგ გადავიდა ის რომელიმე სულიერ სამფლობელოში? არა! ადამი — სული — კვლავ უსულო მტვერი გახდა (დაბადება 3:17—19).

ჩვენი წინაპრისგან, ადამისგან, მემკვიდრეობით ყველამ ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ (რომაელთა 5:12). მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი კი, ისევე როგორც ადამის შემთხვევაში იყო, არსებობის შეწყვეტაა (ფსალმუნები 145:3, 4). გამოთქმები „უკვდავება“ ან „მარადიულობა“ ბიბლიის 66 წიგნში არც ერთხელ არ არის დაკავშირებული სიტყვა „სულთან“. პირიქით, საღვთო წერილში ნათლად არის ნათქვამი, რომ სული — თავად ადამიანი — მოკვდავია. სული კვდება (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4).

არის ყოველივე მატერიალური თავისთავად ბოროტება?

რა შეიძლება ითქვას იმ შეხედულებაზე, რომ ყოველივე მატერიალური, დედამიწის ჩათვლით, ბოროტებაა? ასეთი თვალსაზრისი ჰქონდათ მანიქეიზმის, ახ. წ. III საუკუნეში სპარსეთში მანის მიერ დაფუძნებული რელიგიური მიმდინარეობის, წევრებს. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მანიქეიზმის აღმოცენება მემკვიდრეობით მიღებულ მტანჯველ მდგომარეობაზე ადამიანის საპასუხო რეაქცია იყო“. მანის სწამდა, რომ ადამიანად ყოფნა „არაბუნებრივ, აუტანელ მდგომარეობაში ყოფნასა და უკიდურეს ბოროტებას“ წარმოადგენდა. მას სჯეროდა, რომ ამ „ტანჯვიდან“ თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სხეულიდან სულის გამოსვლა, დედამიწის დატოვება და სულთა სამფლობელოში სულიერ ქმნილებად ცხოვრების მიღწევა იყო.

ამის საპირისპიროდ, ბიბლია გვეუბნება, რომ ღვთის თვალსაზრისით „ყოველივე, რაც [მან]“ დედამიწისა და ადამიანების შექმნისას გააკეთა, „ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:31). იმ დროს ადამიანებსა და ღმერთს შორის არავითარი ბარიერი არ არსებობდა. ადამსა და ევას თავისუფლად შეეძლოთ იეჰოვასთან ისეთივე ახლო ურთიერთობის დამყარება, როგორიც სრულყოფილ ადამიანს, იესო ქრისტეს, ჰქონდა ზეციერ მამასთან (მათე 3:17).

ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ცოდვის გზას რომ არ დასდგომოდნენ, შეეძლოთ მარადიულად დამტკბარიყვნენ ღმერთთან ახლო ურთიერთობით დედამიწაზე სამოთხეში. როგორც წმინდა წერილები გვამცნობს, მათი ცხოვრება სამოთხეში დაიწყო: „გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა“ (დაბადება 2:8). სწორედ ამ სამოთხის ბაღში მოევლინა ევაც ქვეყნიერებას. ადამსა და ევას რომ არ შეეცოდათ, ისინი და მათი სრულყოფილი შთამომავლები შეხმატკბილებულად იმუშავებდნენ ერთად, რათა მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ (დაბადება 2:21; 3:23, 24). დედამიწაზე გაშენებული სამოთხე კი კაცობრიობის მარადიული სამკვიდრებელი იქნებოდა.

რატომ იცხოვრებს ზოგიერთი ზეცაში?

ბიბლია ხომ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ადამიანები ზეცაში მიდიან? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. დიახ, ეს ასეა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა, იეჰოვამ გადაწყვიტა, დაეფუძნებინა ზეციერი სამეფო, სადაც იესო ქრისტესთან ერთად „დედამიწის მმართველებად“ ადამის ზოგიერთი შთამომავალიც იქნებოდა (გამოცხადება 5:10, აქ; რომაელთა 8:17). მათ ღმერთი მკვდრეთით აღადგენდა, რათა ზეცაში ეცოცხლათ და უკვდავები ყოფილიყვნენ. მათი რიცხვი 144 000-ს შეადგენს. მათ შორის პირველები იყვნენ იესოს ერთგული მოწაფეები, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ (ლუკა 12:32; 1 კორინთელთა 15:42—44; გამოცხადება 14:1—5, სსგ).

ღვთის თავდაპირველი განზრახვა ის არ ყოფილა, რომ მართალ ადამიანებს დედამიწა დაეტოვებინათ და ზეცაში წასულიყვნენ. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თქვა: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია“ (იოანე 3:13). „კაცის ძის“, იესო ქრისტეს, მეშვეობით ღმერთმა გამოსასყიდი გაიღო, რამაც მათ, ვინც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენს, მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მისცა (რომაელთა 5:8). სად იცხოვრებს მილიონობით ასეთი ადამიანი?

ღვთის თავდაპირველი განზრახვა შესრულდება

ღმერთმა ზოგი ადამიანი იესო ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობისთვის აირჩია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში წავა. იეჰოვამ დედამიწა იმისათვის შექმნა, რომ მთლიანად ადამიანებით დასახლებული სამოთხე ყოფილიყო. ძალიან მალე ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას სისრულეში მოიყვანს (მათე 6:9, 10).

მას შემდეგ, რაც დედამიწა იესო ქრისტესა და მისი ზეციერი თანამმართველების მეფობას დაექვემდებარება, მთელ ჩვენს პლანეტაზე მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს (ფსალმუნები 36:9—11). გარდაცვლილები, რომლებიც ღმერთს ახსოვს, მკვდრეთით აღდგებიან და სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ (საქმეები 24:15). ღვთისადმი ერთგულებისთვის მორჩილი ადამიანები მიიღებენ იმას, რაც ჩვენმა პირველმა წინაპრებმა დაკარგეს — გასრულყოფილდებიან და მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში (გამოცხადება 21:3, 4).

იეჰოვა ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს თავის განზრახვას. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით მან თქვა: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:10, 11).

ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, „ესაია“, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება სამოთხედ ქცეული დედამიწა. იქ არავინ იტყვის: „ავადა ვარ“ (ესაია 33:24). ცხოველებისგან არ შეექმნება ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე (ესაია 11:6—9). სამოთხის მკვიდრნი მშვენიერ სახლებს ააშენებენ და თავად იცხოვრებენ მათში; დათესავენ და დარგავენ მცენარეებს და უხვად ექნებათ საკვები (ესაია 65:21—25). გარდა ამისა, ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8).

მალე ასეთი კურთხევებით გაიხარებენ მორჩილი ადამიანები. ისინი ‘გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან და ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას მიიღებენ’ (რომაელთა 8:21, აქ). მართლაც, ჩინებული იქნება დედამიწაზე აღთქმულ სამოთხეში მარადიულად ცხოვრება! (ლუკა 23:43, აქ). თუ ზუსტი ბიბლიური შემეცნების შესაბამისად იმოქმედებთ და იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესადმი რწმენას გამოავლენთ, თქვენც გექნებათ იქ ცხოვრების შესაძლებლობა. დღეს კი სავსებით რეალურია, გჯეროდეთ, რომ დედამიწაზე იქნება სამოთხე.

[სურათი 5 გვერდზე]

ადამი და ევა ისე იყვნენ შექმნილნი, რომ შეეძლოთ მარადიულად ეცხოვრათ დედამიწაზე სამოთხეში.

[სურათები 7 გვერდზე]

დედამიწაზე სამოთხეში. . .

ისინი ააშენებენ სახლებს,

ჩაყრიან ვაზს,

მათ აკურთხებთ იეჰოვა.

[საავტორო უფლებები დაცულია 4 გვერდზე]

U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA