„ღვთის სიტყვა მართლაც რომ მოქმედია!“
„ღვთის სიტყვა მართლაც რომ მოქმედია!“
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ღვთის სიტყვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს დასტურდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ექვსი ადამიანის ისტორიით, რის შესახებაც მოთხრობილია „იეჰოვას მოწმეების 2003 წლის კალენდარში“. თითოეული ისტორია დასათაურებულია სიტყვებით: „ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ“. ამით ნაჩვენებია, როგორ უწყობს ხელს ადამიანებს იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო საქმიანობა, დაიხვეწონ ზნეობრივად, მიატოვონ დამღუპველი ცხოვრების წესი, განამტკიცონ ოჯახური კვანძები და პირადი ურთიერთობა განავითარონ ღმერთთან.
2003 წლის კალენდრის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე სამადლობელი წერილი მიიღო. აი, რას გვწერენ მათი ავტორები:
„ეს კალენდარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს ფაქტებით აჩვენებს, რომ მათ მსგავსად სხვებსაც მოუწიათ შეუპოვარი ბრძოლა რწმენის განსავითარებლად. მათ შეუძლიათ შეხედონ ამ სურათებს და გაიხსენონ, როგორი ცვლილებები მოახდინეს ზოგიერთებმა“ (სტივენი, შეერთებული შტატები).
„მთელი გულით მსურს, რამდენიმე სიტყვით გაცნობოთ, რამდენად შეეხო ჩემს გულს 2003 წლის კალენდარი. არასოდეს მოუხდენია ჩემზე კალენდარს ასეთი დიდი შთაბეჭდილება. სხვა მასალებთან ერთად, ეს ისტორიებიც თან მექნება ქადაგებისას, რათა რეალური მაგალითებით ხალხს დავანახვო, რა დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე ბიბლია“ (მარკი, ბელგია).
„ამ კალენდარმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აღფრთოვანებასა და გაოცებას ვერ ვმალავდი, როცა ვკითხულობდი, როგორ გარდაქმნა იეჰოვამ ეს ადამიანები. მეტი სტიმული მომეცა, გავაგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა. ახლა უფრო მეტად ვგრძნობ, რომ მსოფლიო საძმოს ნაწილი ვარ“ (მერი, შეერთებული შტატები).
„იესოს ძალიან ებრალებოდა სულიერად არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ხალხი. მადლობა, რომ იესოს მაგალითს ჰბაძავთ და ასეთი საინტერესო ისტორიები გამოაქვეყნეთ 2003 წლის კალენდარში. ადრე არასდროს უმოქმედია კალენდარს ისე, რომ მეტირა“ (კასანდრა, შეერთებული შტატები).
„11 წლის ასაკში თამბაქოს წევა დავიწყე. მოგვიანებით კი ნარკოტიკების მიღებასაც მივყავი ხელი. ხშირად მიფიქრია თავის მოკვლაზე. როდესაც იეჰოვას გაცნობა დავიწყე, მოწმეები ამ ჩვევების მიტოვებაში დამეხმარნენ. ეს კალენდარი ჩემთვის განსაკუთრებულია. მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმების მაგალითები ძალას მმატებს. ახლა ვიცი, რომ მარტო არა ვარ ამ ბრძოლაში და ყველაზე მთავარი ცხოვრებაში იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა და მისთვის მთელი გულით მსახურებაა“ (მარგარეტი, პოლონეთი).
„ღვთის სიტყვა მართლაც რომ მოქმედია! 2003 წლის კალენდარი რომ მივიღე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ამ ცხოვრებისეულმა შემთხვევებმა, რომლებსაც სურათებიც ჰქონდა დართული, ძალიან გამიძლიერა რწმენა“ (დარლინი, შეერთებული შტატები).
„ამ და-ძმებიდან ზოგის წარსული ძალიან ჰგავს ჩემს წარსულს. იეჰოვამ მომცა ძალები, რომ ერთი შეხედვით დაუძლეველი სისუსტეები აღმომეფხვრა საკუთარ თავში. დიდი მადლობა ასეთი ისტორიებისთვის“ (უილიამი, შეერთებული შტატები).