არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა გაგებით ‘დამუნჯდა’ ეზეკიელი იერუსალიმის ალყაში მოქცევისა და განადგურების პერიოდში?

იმ გაგებით, რომ მას არაფერი ჰქონდა დასამატებელი იეჰოვას წინასწარმეტყველური ცნობისთვის, რომელიც უკვე გააცხადა.

წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ბაბილონში მყოფი ისრაელი ტყვეებისთვის ერთგულ გუშაგად მსახურება დაიწყო „მეხუთე წელს მეფე იეჰოაქინის განდევნიდან“, ანუ ძვ. წ. 613 წელს (ეზეკიელი 1:2, 3). ძვ. წ. 609 წლის მეათე მთვარისმიერი თვის მეათე დღეს ღმერთმა ამცნო ეზეკიელს, რომ ბაბილონელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს (ეზეკიელი 24:1, 2). რა მოჰყვებოდა ალყას? გადარჩებოდა იერუსალიმი და მისი ორგული მოსახლეობა? ეზეკიელს, გუშაგს, უკვე გაცხადებული ჰქონდა იეჰოვას ცნობა — იერუსალიმი უსათუოდ განადგურდებოდა. ამიტომ, წინასწარმეტყველს არ ესაჭიროებოდა რამის დამატება, უფრო სარწმუნო რომ გაეხადა ის. ეზეკიელი იმ გაგებით ‘დამუნჯდა’, რომ მეტს არაფერს იტყოდა იმის თაობაზე, თუ რა მოჰყვებოდა იერუსალიმის ალყაში მოქცევას (ეზეკიელი 24:25—27).

დაახლოებით 6 თვის შემდეგ, რაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი განადგურდა, ბაბილონში ჩასულმა ერთმა გადარჩენილმა ეზეკიელს წმინდა ქალაქის აოხრების შესახებ ამცნო. იმ საღამოს, სანამ გადარჩენილი ბაბილონში ჩავიდოდა, იეჰოვამ ‘გაუხსნა ეზეკიელს ბაგე და აღარ იყო მუნჯად’ (ეზეკიელი 33:22). ამის შემდეგ ეზეკიელს აღარ მოუწევდა დადუმება.

იყო თუ არა ეზეკიელი მთელი ამ დროის განმავლობაში პირდაპირი გაგებით დამუნჯებული? როგორც ჩანს, არა, რადგან ამგვარი „დამუნჯების“ შემდეგ მან წარმოთქვა წინასწარმეტყველებები, რომლებიც, უმთავრესად, იერუსალიმის დაცემით გახარებულ მეზობელ ქვეყნებთან იყო დაკავშირებული (ეზეკიელის 25—32 თავები). უფრო ადრე, როდესაც ეზეკიელმა წინასწარმეტყველისა და გუშაგის მოვალეობის შესრულება დაიწყო, იეჰოვამ უთხრა მას: „შენს ენას მივაკრავ შენს სასას და დამუნჯდები, და აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხე სახლია ისინი. და როცა დაგელაპარაკები, გავხსნი შენს პირს“ (ეზეკიელი 3:26, 27). იყო შემთხვევები, როდესაც იეჰოვას ისრაელისთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი, ამიტომ, ეზეკიელი ამ ერთან მიმართებაში დადუმებული უნდა ყოფილიყო. მას მხოლოდ ის უნდა ელაპარაკა, რასაც იეჰოვა დაავალებდა და ზუსტად იმ დროს, როცა იეჰოვა მოისურვებდა. აქედან გამომდინარე, ეზეკიელის დამუნჯება იმას ნიშნავდა, რომ ის არ წარმოთქვამდა ისრაელების საყურადღებოდ წინასწარმეტყველურ სიტყვებს.

თანამედროვე გუშაგის კლასი, სულით ცხებული ქრისტიანები, იძლევიან გაფრთხილებას, რომ განადგურდება ქრისტიანული სამყარო, რომლის პირველსახეც იერუსალიმი იყო. როდესაც „დიდი გასაჭირი“ დაიწყება და „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, დაირბევა, ეზეკიელის კლასს — სულით ცხებულ ქრისტიანებს — აღარაფრის თქმა დასჭირდება ქრისტიანული სამყაროს, ამ მსოფლიო მპყრობლის მთავარი შემადგენელი ნაწილის, აღსასრულზე (მათე 24:21; გამოცხადება 17:1, 2, 5).

დიახ, დადგება დრო, როცა სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახურნი „დამუნჯდებიან“; მათ უკვე აღარაფერი ექნებათ გადასაცემი ქრისტიანული სამყაროსთვის. ეს მაშინ მოხდება, როცა ‘ათი რქა და მხეცი დაარბევენ და გააშიშვლებენ’ დიდ ბაბილონს (გამოცხადება 17:16). რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები პირდაპირი გაგებით დამუნჯდებიან. ისევე როგორც დღეს, ისინი მომავალშიც განადიდებენ იეჰოვას და მუდამდღე მოიხსენიებენ მას „თაობიდან თაობაში“ (ფსალმუნები 44:18; 144:2).