რატომ დადიან ეკლესიაში?
რატომ დადიან ეკლესიაში?
„სამხრეთ კორეაში ამჟამად თითქმის ოთხჯერ მეტი პრესვიტერელია, ვიდრე ამერიკაში“. ჟურნალ „ნიუსუიკში“ დაბეჭდილმა ამ სიტყვებმა, შესაძლოა, ბევრი მკითხველი გააოცა, რადგან უმრავლესობა კორეას კონფუციანურ ან ბუდისტურ ქვეყნად მიიჩნევს. დღეს კორეაში საკმაოდ ბევრი „ქრისტიანული“ ეკლესიაა და იქ ჩასულ სტუმარს შეუმჩნეველი არ დარჩება ნეონის ნათურებით წითლად განათებული ჯვრები. კვირაობით ჩვეულებრივია ბიბლიებით ხელში ეკლესიისკენ მიმავალი ორ-ორი, სამ-სამი კაცის დანახვა. 1998 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, კორეელთა დაახლოებით 30 პროცენტი კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიაში დადის. ისინი რიცხობრივად აღემატებიან კიდეც ბუდისტ კორეელებს.
დღესდღეობით ნებისმიერ ქვეყანაში უჩვეულოა ეკლესიაში ამდენი ხალხის რეგულარული სიარული. და მაინც, ეკლესიას ბევრი არ ივიწყებს არა მხოლოდ კორეაში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. რატომ სწამთ ამ ადამიანებს ღმერთი, როცა აპათია და რელიგიისადმი გულგრილობა საყოველთაოდ გავრცელებულია? რატომ დადიან ისინი ეკლესიაში?
გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იმ კორეელთა ნახევარზე მეტი, რომლებიც ეკლესიაში დადიან, რელიგიაში სულის სიმშვიდეს ეძებენ; დაახლოებით მესამედი სიკვდილის შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს მოელის, ხოლო ყოველი მეათე — ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიმდიდრის შეძენასა და წარმატების მიღწევას.
ჩინეთშიც ბევრმა დაიწყო ეკლესიაში სიარული. ისინი ცდილობენ როგორმე შეივსონ სულიერი სიცარიელე, რომელსაც იწვევს ქვეყანაში კომუნისტური იდეოლოგიის თანდათანობით კაპიტალისტური მისწრაფებებით შეცვლა. ყოველწლიურად ჩინეთში ბიბლიის მილიონობით ეგზემპლარი იბეჭდება და ვრცელდება. როგორც ჩანს, ხალხი ისევე კითხულობს ბიბლიას, როგორც ადრე „მაო ძედუნის იდეებს“ კითხულობდა.
ბრაზილიაში ზოგ კათოლიკეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არ აკმაყოფილებს მომავალში ბედნიერი ცხოვრების იმედი. მათ სურთ ახლავე იცხოვრონ ბედნიერად. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ტუდუში“
ნათქვამია: «70-იან წლებში თუ ხალხის გული და გონება „განმათავისუფლებელმა თეოლოგიამ“ მოიცვა, დღეს ისინი „კეთილდღეობის თეოლოგიით“ არიან მოცულნი». დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსწონდა ხალხს ყველაზე მეტად თავიანთ ეკლესიაში. გამოკითხულები ხშირად მეგობრულ ურთიერთობებს ასახელებდნენ.როგორც ვხედავთ, ჩვენს დროშიც ბევრს სწამს ღმერთი. თუმცა, უმრავლესობას მომავალზე და თვით ღმერთზე მეტად ის აინტერესებს, თუ ამჟამად რას მიიღებს რელიგიისგან. თქვენ რას დაასახელებდით ღვთისადმი რწმენის სათანადო მიზეზად? რა არის ნათქვამი ბიბლიაში ამასთან დაკავშირებით? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.