არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რით გადავუხადო იეჰოვას?“

„რით გადავუხადო იეჰოვას?“

ბიოგრაფია

„რით გადავუხადო იეჰოვას?“

მოგვითხრო მარია კერასინისმა

ჩემს მშობლებს არაერთხელ სტკენიათ გული იმის დანახვით, თუ როგორ უარმყოფდნენ ახლობლები და მასხრად მიგდებდნენ თანასოფლელები 18 წლის ასაკში. ღვთისადმი ჩემი ერთგულება რომ შეერყიათ, მოწინააღმდეგეები ზეწოლას, დაჟინებულ თხოვნასა და დაშინებას მიმართავდნენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდნენ. დარწმუნებული ვიყავი, თუ ბოლომდე ერთგულად ჩავეჭიდებოდი ბიბლიურ ჭეშმარიტებას, სულიერ კურთხევებს მივიღებდი. აგერ უკვე 50 წელზე მეტია, რაც იეჰოვას ვემსახურები. ვიხსენებ ამ წლებს და ვიზიარებ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: «რით გადავუხადო უფალს [„იეჰოვას“, აქ] ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო?» (ფსალმუნები 115:3).

დავიბადე 1930 წელს სოფელ ანგელოკასტროში, რომელიც კორინთის ყელის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კენქრეს პორტიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული. პირველ საუკუნეში სწორედ ამ მხარეში ჩამოყალიბდა ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება (საქმეები 18:18; რომაელთა 16:1).

ჩვენ ძალიან მშვიდობისმოყვარე ოჯახი გვქონდა. მამა სოფლის თავკაცი იყო და დიდ პატივს სცემდნენ. ხუთი და-ძმიდან მესამე ვიყავი. მშობლებმა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის აქტიურ წევრებად აღგვზარდეს. ყოველ კვირას წირვას ვესწრებოდი. ხატების წინ საათობით ვლოცულობდი, სოფლის სამლოცველოებში სანთლებს ვანთებდი და ყველა მარხვას ვიცავდი. ხშირად მიფიქრია მონაზვნად აღკვეცაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ოჯახიდან პირველი ვიყავი, რომელმაც ძალიან დავწყვიტე მშობლებს გული.

ბიბლიური ჭეშმარიტებით აღძრული

დაახლოებით 18 წლის ასაკში გავიგე, რომ მეზობელ სოფელში მცხოვრები ჩემი ერთ-ერთი სიძის და, კატინა, იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებს კითხულობდა და აღარ დადიოდა ეკლესიაში. ამან იმდენად შემაწუხა, რომ გადავწყვიტე, დავხმარებოდი, კვლავ იმ გზას დაბრუნებოდა, რომელსაც სწორად მივიჩნევდი. ამიტომ, როცა კატინა გვესტუმრა, მასთან ერთად გასეირნება დავგეგმე იმ მიზნით, რომ მღვდლის სახლში შეგვევლო. მღვდელმა საუბარი იეჰოვას მოწმეების დამცირებითა და დაცინვით დაიწყო. მან მოწმეებს მწვალებლები უწოდა და თქვა, რომ კატინა შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი. ეს საუბრები ზედიზედ სამი საღამო გაგრძელდა. მღვდლის მიერ მოყვანილი ყველა დაუსაბუთებელი მტკიცება კატინამ კარგად მომზადებული ბიბლიური არგუმენტებით გააბათილა. ბოლოს მღვდელმა ისღა უთხრა, რომ მისნაირ მომხიბვლელ და ჭკვიან გოგონას, სანამ შესაძლებლობა ჰქონდა, ახალგაზრდული წლებით უნდა გაეხარა და ღმერთით ხანდაზმულობაში დაინტერესებულიყო.

ამ საუბრის შესახებ მშობლებს არაფერი ვუთხარი, მაგრამ მომდევნო კვირას ეკლესიაში არ წავედი. შუადღეს მღვდელი პირდაპირ ჩვენს მაღაზიაში მოვიდა. თავის გასამართლებელი მიზეზი მოვიგონე და ვუთხარი, რომ მამის მისახმარებლად მომიწია მაღაზიაში დარჩენა.

— ნამდვილად ეს არის მიზეზი თუ იმ გოგომ მოახდინა შენზე გავლენა? — მკითხა მან.

— ამ ხალხს ჩვენზე უკეთესი რწმენა აქვს, — გულახდილად ვუპასუხე.

მღვდელი მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა: „ბატონო ეკონომოსო, სასწრაფოდ გააგდეთ თქვენი ნათესავი აქედან, თორემ ოჯახს დაგინგრევთ“.

წინააღმდეგობა ოჯახის მხრიდან

ეს მოხდა 40–იანი წლების დასასრულს, როცა საბერძნეთში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. იმის შიშით, რომ პარტიზანებს არ გავეტაცე, მამაჩემმა სოფელი დამატოვებინა და გამგზავნა ჩემს უფროს დასთან — სოფელში, სადაც კატინა ცხოვრობდა. იქ ორი თვე დავრჩი და გავიგე, რა იყო ბიბლიაში ნათქვამი ჩემთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე. გული გამიტეხა იმის გაგებამ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ბევრი მოძღვრება არაბიბლიურია. მივხვდი, რომ ღვთისთვის არ იყო მისაღები თაყვანისცემისას ხატების გამოყენება. დავინახე, რომ ბევრი რელიგიური ტრადიცია, მაგალითად ჯვრის თაყვანისცემა, არ არის ქრისტიანული წარმოშობის და ვისაც ღვთის ნების შესრულება სურს, „სულითა და ჭეშმარიტებით“ უნდა სცეს მას თაყვანი (იოანე 4:23; გამოსვლა 20:4, 5). რაც ყველაზე მთავარია, გავიგე, რომ ბიბლიაში საუბარია დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედზე! ამ ძვირფასი ჭეშმარიტების გაგება ჩემთვის იეჰოვასგან მიღებული პირველი კურთხევა იყო.

ამასობაში ჩემმა დამ და სიძემ შეამჩნიეს, რომ ჭამის დროს პირჯვარს არ ვიწერდი და აღარც ხატების წინაშე ვლოცულობდი. ამის გამო ერთ საღამოს ორივემ მცემა. მომდევნო დღეს გადავწყვიტე, დამეტოვებინა მათი სახლი და დეიდასთან წავსულიყავი. ჩემმა სიძემ ამის შესახებ მამას შეატყობინა. მალე მამაც ჩამოვიდა და თვალცრემლიანი მეხვეწებოდა, რომ შემეცვალა თვალსაზრისი. სიძე კი დაჩოქილი მთხოვდა პატიებას. მე, რასაკვირველია, ვაპატიე. ბოლოს მთხოვეს, ეკლესიაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მტკიცედ ვიდექი ჩემს პოზიციაზე.

მშობლიურ სოფელში დაბრუნებისას წინააღმდეგობა ისევ გაგრძელდა. კატინასთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებდი; წასაკითხად არანაირი ლიტერატურა, თვით ბიბლიაც არ მქონდა. უსაზღვროდ გავიხარე, როცა ჩემი ბიძაშვილი შეეცადა, დამხმარებოდა. კორინთში ჩასვლისას მან ერთი მოწმე იპოვა და სახლში წიგნით „დაე მართალი იყოს ღმერთი“ და ქრისტიანულ–ბერძნული წერილების ეგზემპლარით დაბრუნდა. ამ წიგნებს ჩუმად ვკითხულობდი.

ჩემი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება

სასტიკ წინააღმდეგობას სამი წლის განმავლობაში ვაწყდებოდი. არც ერთ მოწმესთან არ მქონდა ურთიერთობა და ლიტერატურასაც საერთოდ არ ვიღებდი. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მალე ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ცვლილებები მოხდებოდა.

ერთ დღეს მამამ მითხრა, რომ სალონიკში ბიძასთან უნდა წავსულიყავი. გამგზავრებამდე პალტოს შესაკერად კორინთის ერთ–ერთ სამკერვალოში წავედი. როგორი სიურპრიზი იყო ჩემთვის კატინასთან შეხვედრა, რომელიც იქ მუშაობდა! ამდენი ხნის შემდეგ ერთმანეთის ნახვამ უსაზღვროდ გაგვახარა. როდესაც სამკერვალოდან გამოვდიოდით, შევხვდით სასიამოვნო ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა ველოსიპედით. მას კარალამბუსი ერქვა. ჩვენ კარგად გავიცანით ერთმანეთი, რის შემდეგაც დაქორწინება გადავწყვიტეთ. დაახლოებით იმავე პერიოდში, 1952 წლის 9 იანვარს იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.

კარალამბუსი უფრო ადრე მოინათლა. ოჯახის წევრები მასაც ეწინააღმდეგებოდნენ. ის ღვთის გულმოდგინე მსახური იყო; კრების მსახურის დამხმარის მოვალეობას ასრულებდა და ბიბლიის ბევრ შესწავლას ატარებდა. მალე კარალამბუსის ძმებმაც მიიღეს ჭეშმარიტება და დღეს მისი ოჯახის წევრების უმეტესობა იეჰოვას ემსახურება.

მამაჩემს ძალიან მოეწონა კარალამბუსი, ამიტომ დაგვთანხმდა დაქორწინებაზე, მაგრამ დედა ასე ადვილად ვერ დავითანხმეთ. ამის მიუხედავად, 1952 წლის 29 მარტს ჩვენ დავქორწინდით. ქორწილში მხოლოდ ჩემი უფროსი ძმა და ბიძაშვილი მოვიდნენ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამხელა კურთხევა — იეჰოვას მიერ ბოძებული ნამდვილი ძღვენი — იქნებოდა კარალამბუსი! როგორც მის მეუღლეს, შესაძლებლობა მქონდა, ცხოვრებაში პირველ ადგილზე დამეყენებინა იეჰოვასადმი მსახურება.

ძმების გაძლიერება

1953 წელს მე და კარალამბუსმა გადავწყვიტეთ ათენში გადასვლა. ჩემს მეუღლეს უფრო მეტი წვლილის შეტანა სურდა სამქადაგებლო საქმიანობაში. ამიტომ უარი თქვა ოჯახურ ბიზნესში მონაწილეობაზე და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო იპოვა. დღის მეორე ნახევარში ერთად ვქადაგებდით და ბიბლიის ბევრ შესწავლას ვატარებდით.

იმ დროს ჩვენი საქმიანობა შეზღუდული იყო, ამიტომ საზრიანობის გამოვლენა გვჭირდებოდა. მაგალითად, გადავწყვიტეთ ათენის ცენტრში მდებარე იმ ჯიხურის დახლზე, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა, ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი დაგვედო. პოლიციის ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა, გვითხრა, რომ ეს ჟურნალი აკრძალული იყო. მაგრამ გვკითხა, შეეძლო თუ არა ერთი ეგზემპლარის წაღება უშიშროების სამსახურში მისი შინაარსის გამოსაკვლევად. მას შემდეგ, რაც დაარწმუნეს, რომ ჟურნალში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იყო, ამის სათქმელად ჩვენთან მოვიდა. როგორც კი ამის შესახებ გაიგეს სხვა მოწმეებმა, რომლებსაც ჯიხურები ჰქონდათ, მათაც დაიწყეს თავიანთი ჯიხურის დახლებზე „საგუშაგო კოშკის“ დადება. ერთი მამაკაცი, რომელმაც ჩვენი ჯიხურიდან „საგუშაგო კოშკი“ აიღო, იეჰოვას მოწმე გახდა და ამჟამად უხუცესია.

ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ ჩემი უმცროსი ძმა ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული. ის ათენში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ საზღვაო სასწავლებელში ესწავლა. ჩვენ ის კონგრესზე წავიყვანეთ. მაშინ კონგრესებს ფარულად ვატარებდით ტყეებში. ჩემს ძმაზე შთაბეჭდილება მოახდინა მოსმენილმა, მაგრამ მალე, როგორც სავაჭრო ფლოტის მეზღვაურმა, გემით მოგზაურობა დაიწყო. ერთერთი მოგზაურობისას, როდესაც მათი გემი არგენტინის ნავსადგურში შევიდა, გემის ბორტზე ერთი მისიონერი ავიდა საქადაგებლად. ჩემმა ძმამ მას ჟურნალები სთხოვა. უსაზღვროდ გაგვახარა მისმა წერილმა, რომელშიც გვწერდა: „ჭეშმარიტება ვიპოვე. თუ შეგიძლიათ, გამომიწერეთ ჟურნალები, რათა რეგულარულად შემეძლოს მათი მიღება“. დღეს ის ოჯახთან ერთად ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

1958 წელს ჩემი მეუღლე მიმომსვლელ ზედამხედველად დანიშნეს. რადგან ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო და ხალხსაც ძალიან ცუდ პირობებში უწევდა ცხოვრება, მიმომსვლელი ზედამხედველები, ჩვეულებრივ, მეუღლეების თანხლების გარეშე მსახურობდნენ. 1959 წლის ოქტომბერში ფილიალში მომსახურე პასუხისმგებელ ძმებს ვკითხეთ, თუ შეიძლებოდა, მეც გავყოლოდი კარალამბუსს მსახურებაში. ისინი დაგვთანხმდნენ. ჩვენ უნდა მოგვენახულებინა და განგვემტკიცებინა ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში არსებული კრებები.

ამ მხარეებში მგზავრობა ადვილი არ იყო. ასფალტიანი ქუჩები იშვიათად გვხვდებოდა. საკუთარი მანქანა არ გვყავდა და, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ქათმებითა და სხვა საქონლით დატვირთული სატვირთო მანქანებით ვმგზავრობდით. ტალახიან გზებზე სასიარულოდ რეზინის ჩექმებს ვიცვამდით. ყოველ სოფელში სამოქალაქო მილიცია იყო. ამიტომ, დაკითხვის თავიდან ასარიდებლად ღამ–ღამობით გვიწევდა სოფლებში შესვლა.

ძმები ძალიან აფასებდნენ ამ მონახულებებს. თუმცა მათგან უმეტესობა მძიმედ შრომობდა თავიანთ მიწის ნაკვეთებზე, ძალ–ღონეს არ იშურებდნენ შეხვედრებზე დასასწრებად, რომლებიც ღამღამობით ტარდებოდა სხვადასხვა სახლში. ისინი სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩეოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა რამ გააჩნდათ, საუკეთესოს გვიზიარებდნენ. ზოგჯერ მთელ ოჯახთან ერთად ერთ ოთახში გვეძინა. ამ ძმების რწმენა, მოთმინება და გულმოდგინება კიდევ ერთი დიდი კურთხევა აღმოჩნდა ჩვენთვის.

მსახურების გაფართოება

1961 წლის თებერვალში, ათენის ფილიალში სტუმრად ყოფნისას გვკითხეს, ხომ არ გვქონდა ბეთელში მსახურების სურვილი. ჩვენ ესაიას სიტყვებით ვუპასუხეთ: „წარმგზავნე!“ (ესაია 6:8). ორი თვის შემდეგ მივიღეთ წერილი, რომელშიც გვთხოვდნენ, რომ რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით ბეთელში. ასე რომ, 1961 წლის 27 მაისს ბეთელში მსახურება დავიწყეთ.

ჩვენ შევიყვარეთ ახალი დავალება და მალე თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი მეუღლე სამსახურებრივ და ჟურნალების გამოწერის განყოფილებაში მუშაობდა, მოგვიანებით კი დროებით მსახურობდა ფილიალის კომიტეტში. მე სხვადასხვა დავალებებს ვასრულებდი. ბეთელის ოჯახში 18 წევრი ვიყავით; მაგრამ თითქმის ხუთი წლის მანძილზე იქ 40–მდე და–ძმა ცხოვრობდა, რადგან ბეთელში უხუცესებისთვის სკოლა ტარდებოდა. დილის საათებში ჭურჭელს ვრეცხავდი, საჭმელს ვამზადებდი, 12 ლოგინს ვალაგებდი და სადილისთვის მაგიდებს ვაწყობდი. შუადღეს ტანსაცმელს ვაუთოებდი, საპირფარეშოებსა და ოთახებს ვასუფთავებდი. კვირაში ერთხელ სამრეცხაოშიც ვმუშაობდი. ბეთელში ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა, მაგრამ მიხაროდა, რომ სხვების დახმარება შემეძლო.

ჩვენ ძალიან დაკავებულები ვიყავით როგორც ბეთელის, ისე სამქადაგებლო მსახურებით. ხშირად ბიბლიის შვიდ შესწავლას ვატარებდით. შაბათ–კვირას კარალამბუსს სხვადასხვა კრებებში დავყვებოდი, სადაც მოხსენებებით გამოდიოდა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით.

იმ პერიოდში ბიბლიას ვასწავლიდით ერთ წყვილს. მათ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი მეგობრობდნენ ერთ მღვდელთან, რომელიც ანტიერესულ საეკლესიო გაერთიანებას ედგა სათავეში. წყვილს ერთი ოთახი ხატებით ჰქონდა სავსე. იქ ყოველთვის ენთო სანთლები და მთელი დღე საეკლესიო საგალობლები იყო ჩართული. გარკვეული დროის მანძილზე ჩვენ ხუთშაბათობით ვატარებდით ამ წყვილთან ბიბლიის შესწავლას, ხოლო მათი მეგობარი მღვდელი პარასკეობით ინახულებდა მათ. ერთ დღეს გვთხოვეს, რომ აუცილებლად მივსულიყავით, რადგან სიურპრიზი ჰქონდათ ჩვენთვის მომზადებული. მისვლისთანავე შეგვიყვანეს ზემოთ მოხსენიებულ ოთახში, საიდანაც ყველა ხატი გაეტანათ და იქაურობა გაერემონტებინათ. დროთა განმავლობაში ამ წყვილმა სულიერად უფრო წინ წაიწია. ისინი მოინათლნენ. ძალიან გვიხაროდა, რომ მათგან, ვისთანაც ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით, დაახლოებით 50–მა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა.

განსაკუთრებული კურთხევა ჩემთვის სულით ცხებულ ძმებთან ურთიერთობა აღმოჩნდა. ძალიან გამამხნევებელი იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრების სტუმრობა, მაგალითად ძმა ნორის, ფრენცისა და ჰენშელის. 40 წელზე მეტია, რაც ბეთელში ვმსახურობ და ღვთის სახლში მსახურება ჩემთვის დღემდე დიდი პატივი და ბედნიერებაა.

მეუღლის ავადმყოფობასთან და უდიდეს დანაკარგთან გამკლავება

1982 წელს ჩემს მეუღლეს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა. 1990 წლისთვის მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, რის გამოც მუდმივ მოვლას საჭიროებდა. მისი ცხოვრების უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ჩვენ საერთოდ ვერ ვახერხებდით ბეთელის ტერიტორიის გარეთ გასვლას. ბეთელის ოჯახის წევრი ბევრი ძვირფასი ძმა, მათ შორის ზედამხედველებიც, გვეხმარებოდნენ. მათი გულითადი მხარდაჭერის მიუხედავად, თითქმის მთელი დღე–ღამის განმავლობაში მიწევდა მეუღლის მოვლა. დროდადრო უმძიმესი პერიოდები და უძილო ღამეები მქონდა.

1998 წლის ივლისში მეუღლე გარდამეცვალა. თუმცა ძალიან მენატრება, მანუგეშებს ის, რომ საიმედო ხელშია. ვიცი, რომ იეჰოვა სხვა მილიონებთან ერთად გაიხსენებს მას აღდგომის დროს (იოანე 5:28, 29).

მადლობელი ვარ იეჰოვას კურთხევებისთვის

თუმცა საყვარელი მეუღლე დავკარგე, მარტოდ არ ვგრძნობ თავს. ჯერ კიდევ მაქვს ბეთელში მსახურების შესაძლებლობა და მთელი ბეთელის ოჯახის სიყვარულსა და მზრუნველობას ვგრძნობ. ჩემი დიდი ოჯახის წევრებად ვთვლი საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მრავალ სულიერ დაძმასაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკვე 70 წლის ვარ, ჯერ კიდევ შემიძლია სრული დღით ვიმუშაო სამზარეულოსა და სასადილოში.

1999 წელს დიდი ხნის ნანატრი ოცნება ამისრულდა, როცა ნიუ–იორკში იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო მოვინახულე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იქ განცდილს. ეს იყო გამამხნევებელი და დაუვიწყარი მოვლენა.

წარსულის გახსენებისას გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოდ განვვლე ცხოვრება. იეჰოვასთვის სრული დროით მსახურება საუკეთესო არჩევანია ცხოვრებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს მქონია დანაკლისის გრძნობა. იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. კარგად მესმის პირადი გამოცდილების წყალობით, რატომ დასვა ფსალმუნმომღერალმა შემდეგი კითხვა: «რით გადავუხადო უფალს [„იეჰოვას“, აქ] ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო?» (ფსალმუნები 115:3).

[სურათი 26 გვერდზე]

მე და კარალამბუსი ყოველთვის ერთად ვიყავით.

[სურათი 27 გვერდზე]

ჩემი მეუღლე თავის ოფისში, ფილიალში.

[სურათი 28 გვერდზე]

ვფიქრობ, რომ ბეთელში მსახურება დიდი პატივია.