არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვისწავლოთ იესოს ოჯახის წევრებისგან

ვისწავლოთ იესოს ოჯახის წევრებისგან

ვისწავლოთ იესოს ოჯახის წევრებისგან

რა არის თქვენთვის ცნობილი იესოს ოჯახის წევრების შესახებ, რომლებთანაც ის დედამიწაზე ცხოვრების 30 წლის განმავლობაში, ნათლობამდე ცხოვრობდა? რა არის მათზე ნათქვამი სახარებებში? რას ვისწავლით, თუ მისი ოჯახის შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ? ამ კითხვებზე პასუხის გაგება სარგებლობის მომტანი იქნება.

მდიდარ ოჯახში დაიბადა იესო? იოსები, მისი მამობილი, დურგალი იყო. ეს ხელობა მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, რადგან მასალისთვის ხშირად ხეების მოჭრა იყო საჭირო. იესოს დაბადებიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ იოსები და მარიამი იერუსალიმში წავიდნენ რჯულის მიხედვით მსხვერპლის შესაწირავად. შესწირეს მათ კრავი გვრიტთან ან მტრედთან ერთად, რაც რჯულით მოითხოვებოდა? არა. როგორც ჩანს, ასეთ მსხვერპლზე მათ ხელი არ მიუწვდებოდათ. რჯული ღარიბთა შესაძლებლობებსაც ითვალისწინებდა. რჯულში მოცემული მითითებების თანახმად, იოსებმა და მარიამმა მსხვერპლად მიიტანეს „ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“. მათ იაფი მსხვერპლი შესწირეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ (ლუკა 2:22—24; ლევიანები 12:6, 8).

როგორც ვხედავთ, იესო ქრისტე, კაცობრიობის მომავალი მმართველი, დაიბადა უბრალო ოჯახში, რომლის წევრებსაც თავის სარჩენად მძიმე შრომა უწევდათ. მამობილის მსგავსად, ის დურგალი გახდა (მათე 13:55; მარკოზი 6:3). ზეცაში იესო „მდიდარი“, ძლიერი სულიერი ქმნილება იყო, მაგრამ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ჩვენთვის „გაღატაკდა“. მან უფრო დაბალი მდგომარეობა დაიკავა იმით, რომ ადამიანი გახდა და უბრალო ხალხს შორის გაიზარდა (2 კორინთელთა 8:9; ფილიპელთა 2:5—9; ებრაელთა 2:9). იესო არ დაბადებულა მდიდარ ოჯახში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანები მასთან თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ხალხის ყურადღებას არ იქცევდა მისი წარმომავლობა და მდგომარეობა. ისინი მის სწავლებას, შესანიშნავ თვისებებსა და საქმეებს აფასებდნენ (მათე 7:28, 29; 9:19—33; 11:28, 29). როგორც ვხედავთ, იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს ის, რომ იესო ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა.

ახლა კი იესოს ოჯახის წევრებზე ვისაუბროთ და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან.

იოსები — ღვთისმოშიში კაცი

იოსები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ თავისი საცოლე ორსულად იყო, „ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ“. ერთი მხრივ, მას უყვარდა მარიამი, მეორე მხრივ კი სძულდა ის, რაც ერთი შეხედვით უზნეობას ჰგავდა. შექმნილი სიტუაციიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მისი, მომავალი ქმრის, უფლებები ხელყვეს. იმ დროს დანიშვნა ქორწინების ტოლფასი იყო. ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ იოსებმა გადაწყვიტა, მარიამს ფარულად გაყროდა, რათა მრუშივით ქვებით ჩაქოლვას გადაერჩინა (მათე 1:18; მეორე რჯული 22:23, 24).

ამის შემდეგ იოსებს სიზმარში ანგელოზმა უთხრა: „ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“. იოსები ღვთის მითითებისამებრ მოიქცა და სახლში წაიყვანა მარიამი (მათე 1:20—24).

ასეთი გადაწყვეტილებით ამ ღვთისმოშიშმა კაცმა გარკვეული როლი შეასრულა იეჰოვას მიერ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით გაცხადებული სიტყვების შესრულებაში: „ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს“ (ესაია 7:14). იოსები ნამდვილად ღვთის ერთგული კაცი იყო. მან დააფასა მესიის მამობილად გახდომის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მარიამის პირველი ვაჟი მისი შვილი არ იქნებოდა.

იოსები არ გაჰკარებია მარიამს, ვიდრე იესო არ გააჩინა (მათე 1:25). ახალდაქორწინებულთათვის თავშეკავება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არ სურდათ მცირეოდენი ეჭვი მაინც გასჩენოდათ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ბავშვის ნამდვილი მამა. თავშეკავების რა შესანიშნავი მაგალითია! იოსებმა სულიერი ფასეულობები საკუთარ ინტერესებზე წინ დააყენა.

იოსებმა ანგელოზის მეშვეობით ოთხჯერ მიიღო შვილობილის გაზრდასთან დაკავშირებული მითითებები. აქედან სამჯერ იმის თაობაზე, თუ სად გაეზარდა იესო. ბავშვის გადასარჩენად მნიშვნელოვანი იყო იოსების მორჩილება. იოსები თითოეულ შემთხვევაში დაემორჩილა ღმერთს და დაუყოვნებლივ ღვთის მითითებისამებრ იმოქმედა — ჯერ ეგვიპტეში წაიყვანა პატარა იესო, შემდეგ კი კვლავ ისრაელში დააბრუნა. ამან იესო სიკვდილს გადაარჩინა, როცა ჰეროდემ ბავშვები გაწყვიტა. გარდა ამისა, იოსების მორჩილებამ ხელი შეუწყო მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულებას (მათე 2:13—23).

იოსებმა იესოს ხელობა ასწავლა, რათა თავის რჩენა შეძლებოდა. ამიტომაც, იესო ცნობილი იყო არა მხოლოდ როგორც „ხუროს ძე“, არამედ როგორც „ხურო“ (მათე 13:55; მარკოზი 6:3). პავლე მოციქულმა დაწერა, რომ იესო ‘ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში’. ეს, ცხადია, იმასაც გულისხმობს, რომ იესოს მძიმედ შრომა სჭირდებოდა ოჯახისთვის მატერიალური დახმარების გასაწევად (ებრაელთა 4:15).

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთ-ერთი მონათხრობიდან, სადაც იოსები უკანასკნელად მოიხსენიება, ვხედავთ, რომ მისთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. იოსები ოჯახთან ერთად მიდიოდა ხოლმე იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. ამ დღესასწაულზე დასწრება მარტო მამაკაცებს მოეთხოვებოდათ, მაგრამ იოსებს ოჯახიც დაჰყავდა „ყოველ წელს“. მისი მხრიდან, ეს დიდი მსხვერპლი იყო, რადგან ნაზარეთიდან იერუსალიმამდე მათ დაახლოებით 100 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ერთხელ მგზავრობისას იესო მშობლებს ჩამორჩა. ის იპოვეს ტაძარში, სადაც რჯულის მასწავლებლებს უსმენდა და კითხვებს უსვამდა. იმ დროს იესო მხოლოდ 12 წლის იყო, მაგრამ დიდი სიბრძნე და ღვთის სიტყვის შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა. აქედან ვხედავთ, რომ მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მის სწავლებას, რის შედეგადაც ის ბავშვობიდანვე აფასებდა სულიერს (ლუკა 2:41—50). იოსები, როგორც ჩანს, ამ შემთხვევიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა, რადგან ბიბლიაში მის შესახებ აღარაფერია მოთხრობილი.

დიახ, იოსები ღვთისმოშიში კაცი იყო და ზრუნავდა ოჯახის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ჰბაძავთ თქვენც იოსებს? აყენებთ პირველ ადგილზე სულიერ ინტერესებს? იღებთ მხედველობაში იმას, თუ რა არის დღეს ღვთის ნება და რას მოელის ის ჩვენგან? (1 ტიმოთე 2:4, 5). ისმენთ ღვთის ხმას, როდესაც თავისი სიტყვის მეშვეობით გელაპარაკებათ და ემორჩილებით იოსების მსგავსად? ასწავლით შვილებს ღვთის სიტყვას, რათა მათ შეძლონ ხალხთან სულიერ საკითხებზე საუბარი?

მარიამი — ღვთის უანგარო მსახური

მარიამი, იესოს დედა, ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. ის განაცვიფრა ანგელოზ გაბრიელის სიტყვებმა, რომ ვაჟი უნდა შესძენოდა, რადგან ქალწული იყო და არ ჰქონდა მამაკაცთან სიახლოვე. როცა გაიგო, რომ ბავშვი სულიწმიდით ჩაესახებოდა, თავმდაბლურად თქვა: „აჰა მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ (ლუკა 1:30—38). მარიამი იმდენად აფასებდა ღვთის ამ კურთხევას, რომ მზად იყო აეტანა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა.

მარიამი თანახმა იყო, ღვთის ნება შეესრულებინა, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. განსაწმენდად იერუსალიმის ტაძარში მისვლისას, ღვთისმოშიშმა მოხუცებულმა კაცმა, სახელად სიმონმა, უთხრა: „თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“ (ლუკა 2:25—35). როგორც ჩანს, სიმონი იმაზე ლაპარაკობდა, თუ რას იგრძნობდა მარიამი, როდესაც იესოს უარყოფდნენ და წამების ძელზე გააკრავდნენ.

იესო ვიდრე იზრდებოდა, მარიამი აკვირდებოდა იმას, თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში და „გულში დასკვნებს აკეთებდა“ (ლუკა 2:19, 51, აქ). იოსების მსგავსად, მარიამიც სულიერი პიროვნება იყო და აფასებდა მოვლენებს თუ სიტყვებს, რომლებიც წინასწარმეტყველებების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. მან, ალბათ, გონებაში ჩაიბეჭდა ანგელოზ გაბრიელის სიტყვები: „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33). მარიამი ძალიან აფასებდა, რომ მესიის მიწიერი დედა იყო და სერიოზულად ეკიდებოდა თავის მოვალეობას.

მარიამის სულიერობა მაშინაც გამოვლინდა, როცა მასავით სასწაულებრივად დაორსულებულ ნათესავს, ელისაბედს, შეხვდა. ელისაბედის დანახვაზე მარიამმა იეჰოვა განადიდა და ღვთის სიტყვისადმი სიყვარული გამოავლინა. მარიამის სიტყვები მოგვაგონებს ხანას ლოცვას, რომელიც 1 მეფეთა მე-2 თავშია ჩაწერილი. მარიამის ნათქვამში ებრაული წერილების სხვა წიგნებიდანაც არის რამდენიმე აზრი გამეორებული. წმინდა წერილების კარგი ცოდნა იმაზე მეტყველებს, რომ ის ნამდვილად მზად იყო, ღვთისმოშიში დედა გამხდარიყო და შვილის სულიერად აღსაზრდელად იოსებისთვის კარგი შემწე ყოფილიყო (დაბადება 30:12; 1 მეფეთა 2:1—10; მალაქია 3:12; ლუკა 1:46—55).

მარიამს მტკიცედ სწამდა, რომ იესო მესია იყო. ასეთი რწმენა მან იესოს სიკვდილის შემდეგაც შეინარჩუნა. მისი მკვდრეთით აღდგენიდან მცირე ხნის შემდეგ მარიამი მოციქულებთან ერთად სალოცავად შეკრებილ ერთგულ მოწაფეთა შორის იყო (საქმეები 1:13, 14). საყვარელი ვაჟის ძელზე გაკვრით გამოწვეული დიდი ტკივილის მიუხედავად, მარიამმა ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება.

რა შეგიძლიათ ისწავლოთ მარიამის ცხოვრებიდან? მზად ხართ ყოველთვის ემსახუროთ ღმერთს, თუნდაც გარკვეული მსხვერპლის გაღება დაგჭირდეთ? გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ღვთისადმი მსახურება? ყოველთვის გახსოვთ, რას წინასწარმეტყველებდა იესო და ადარებთ მის სიტყვებს თანამედროვე მოვლენებს, ანუ ‘აკეთებთ გულში დასკვნებს’? (მათე, თავები 24 და 25; მარკოზი, თავი 13; ლუკა, თავი 21). ჰბაძავთ მარიამს, რათა მასავით კარგად შეისწავლოთ ღვთის სიტყვა და თავისუფლად გამოიყენოთ საუბარში? შეინარჩუნებთ იესოსადმი რწმენას, თუნდაც დიდი ტკივილის გადატანა მოგიწიოთ იმის გამო, რომ მისი მიმდევარი ხართ?

იესოს ძმები — ცვლილება შესაძლებელია

როგორც ჩანს, იესოს ძმებს არ სწამდათ მისი, ვიდრე ის ცოცხალი იყო. ალბათ, შემთხვევითობას ვერ დავაბრალებთ, რომ საკუთარი ძმები მის გვერდით არ იყვნენ, როცა ის ძელზე გააკრეს; ამის გამო კი იესომ დედამისზე ზრუნვა მოციქულ იოანეს დაავალა. იესოს პატივისცემა აშკარად არ ჰქონდათ მისიანებს; ერთხელ ისიც კი თქვეს მასზე, „შეშლილიაო“ (მარკოზი 3:21). როგორც ვხედავთ, იესოს ურწმუნოები ჰყავდა ოჯახში. ამიტომაც, ვისაც მსგავსი მდგომარეობა აქვს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იესოს ესმის, რას გრძნობენ მისი მიმდევრები, როდესაც მათ ოჯახის წევრები რწმენის გამო დასცინიან.

იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, როგორც ჩანს, მისმა ძმებმა ირწმუნეს, რომ ის მესია იყო. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის წინ ისინი იერუსალიმში შეკრებილ მოწაფეთა შორის იყვნენ და მხურვალედ ლოცულობდნენ მოციქულებთან ერთად (საქმეები 1:14). აშკარაა, ნახევარძმის მკვდრეთით აღდგენამ დიდი გავლენა მოახდინა მათზე, რის შედეგადაც მისი მოწაფეები გახდნენ. როგორც იესოს ძმების მაგალითიდან ვხედავთ, არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ ჩვენს რწმენას ოდესმე ურწმუნო ნათესავებიც გაიზიარებენ.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იაკობმა, იესოს ნახევარძმამ, რომელსაც იესო მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ეჩვენა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანულ კრებაში. თანაქრისტიანებს მან ღვთის შთაგონებით მისწერა წერილი, რომელშიც რწმენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა (საქმეები 15:6—29; 1 კორინთელთა 15:7; გალატელთა 1:18, 19; 2:9; იაკობი 1:1). იესოს სხვა ნახევარძმამაც, იუდამ, დაწერა ღვთის მიერ შთაგონებული წერილი და თანაქრისტიანებს მოუწოდა, რწმენისთვის ებრძოლათ (იუდა 1). აღსანიშნავია, რომ თავიანთ წერილებში იაკობსა და იუდას ყურადღება არ გაუმახვილებიათ იესოსთან ნათესაურ კავშირზე იმ მიზნით, რომ თანამორწმუნეებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. მათ თავმდაბლობის ბრწყინვალე მაგალითი მოგვცეს!

ამრიგად, რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს ოჯახის წევრებისგან? ცხადია, ღვთისადმი ერთგულება, რაც შემდეგ საკითხებში უნდა გამოვავლინოთ: 1) დავემორჩილოთ ღვთის ნებას და მზად ვიყოთ ნებისმიერი სირთულის გადასალახავად; 2) პირველ ადგილზე დავაყენოთ სულიერი ფასეულობები, თუნდაც ამისთვის მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს; 3) შვილები ისე აღვზარდოთ, როგორც ბიბლია მოგვიწოდებს; 4) არ დავკარგოთ იმედი, რომ ოჯახის ურწმუნო წევრები ოდესმე ჩვენს რწმენას გაიზიარებენ; 5) არ ვიტრაბახოთ მათთან ნათესაური კავშირით თუ ახლო ურთიერთობით, ვისაც ქრისტიანულ კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია. დიახ, იესოს ოჯახის წევრების შესახებ მეტის გაგება კიდევ უფრო გვაახლოებს იეჰოვასთან და უფრო ვაფასებთ ღვთის გადაწყვეტილებას, რომ მისი ნებით იესო უბრალო ოჯახში გაიზარდა.

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

იოსებმა ცოლად შეირთო მარიამი და გარკვეული როლი შეასრულა მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულებაში.

[სურათები 6 გვერდზე]

იოსები და მარიამი შვილებს სულიერი ფასეულობების სიყვარულს უნერგავდნენ და შრომას აჩვევდნენ.

[სურათები 7 გვერდზე]

იესოს ძმები მორწმუნეების ოჯახში გაიზარდნენ, მაგრამ იესო რომ მესია იყო, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ირწმუნეს.

[სურათები 8 გვერდზე]

იესოს ნახევარძმები, იაკობი და იუდა, თანაქრისტიანებს ამხნევებდნენ.