იესოს ოჯახის წევრები რა ვიცით მათ შესახებ?
იესოს ოჯახის წევრები რა ვიცით მათ შესახებ?
დეკემბერში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გვხვდება საშობაო კომპოზიციები, რომლებითაც დედისა და მამობილის — მარიამისა და იოსების — მზრუნველობით გარემოცული ჩვილი იესოა წარმოდგენილი. ასეთი სცენები ხშირად იმ ადამიანებსაც კი არ ტოვებს გულგრილს, რომლებიც თავს ქრისტიანებად არ თვლიან. საშობაო კომპოზიციებში მთავარი ფიგურა იესოა, მაგრამ ისიც საინტერესოა, თუ რა არის ნათქვამი წმინდა წერილებში მისი ოჯახის წევრების შესახებ.
იესო განსაკუთრებულ ოჯახში დაიბადა. ის ქალწულმა, სახელად მარიამმა, გააჩინა, როგორც ადამიანი. ბიბლიის თანახმად, მისი სიცოცხლე ზეციდან სულიწმიდის დახმარებით იყო გადატანილი მარიამის სხეულში (ლუკა 1:30—35). იესოს სასწაულებრივ ჩასახვამდე მარიამი იოსებზე იყო დანიშნული. ამიტომაც იოსები იესოს მამობილი უნდა გამხდარიყო.
იესოს დაბადების შემდეგ იოსებსა და მარიამს სხვა შვილებიც — იესოს ნახევარძმები და ნახევარდები — შეეძინათ. ეს კარგად ჩანს ნაზარეთის მცხოვრებთა სიტყვებიდან. მოგვიანებით ისინი იესოს შესახებ კითხულობდნენ: „განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი — იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? განა მისი დები, ყველანი ჩვენს შორის არ არიან?“ (მათე 1:25; 13:55, 56; მარკოზი 6:3). ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ოჯახში მშობლების გარდა იესოს ოთხი ძმა და, სულ ცოტა, ორი და ჰყავდა.
მიუხედავად ამისა, ზოგის აზრით, იესოს ძმებსა და დებში იოსებისა და მარიამის შვილები არ იგულისხმებიან. რატომ? „ეკლესია ოდითგანვე იმას ასწავლის, რომ მარიამი მარადქალწულია. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ სწავლებას, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მარიამს სხვა შვილები არ ჰყოლია“, — ნათქვამია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“. ამავე ენციკლოპედიის თანახმად, „ძმასა“ და „დაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს „ის პირი ან პირები, ვისთანაც [იესოს] რელიგია ან სხვა რამ აკავშირებდა“, ან ეს სიტყვები შესაძლოა ნათესავებთან, მაგალითად ბიძაშვილებთან, დაკავშირებით იყოს გამოყენებული.
ნამდვილად ასეა ეს? ზოგი კათოლიკე თეოლოგიც კი არ ეთანხმება ტრადიციულ სწავლებას და მხარს უჭერს იმ აზრს, რომ იესოს ღვიძლი და-ძმები ჰყავდა. ამერიკის კათოლიკური ბიბლიური ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯონ მაიერმა, დაწერა: «ა[ხალ] ა[ღთქმაში] სიტყვა „ადელფოს“ [ძმა], როდესაც ის მეტაფორა არ არის და ნათესაურ კავშირზე ან უფლებებზე მიუთითებს, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძმას ან ნახევარძმას *». დიახ, ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს ჰყავდა და-ძმები, რომლებიც იოსებისა და მარიამის შვილები იყვნენ.
სახარებებში იესოს სხვა ნათესავებიც მოიხსენიება, მაგრამ ახლა ყურადღება მისი ოჯახის წევრებზე გავამახვილოთ და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ჯ. მაიერი, The Brothers and Sisters of Jesus in Ecumenical Perspective; „კათოლიკური ბიბლიური კვარტალური ჟურნალი“, იანვარი, 1992 წ., გვერდი 21.