არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ვიწრო გზას ეძებდნენ

ისინი ვიწრო გზას ეძებდნენ

ისინი ვიწრო გზას ეძებდნენ

დაახლოებით 550 წლის წინათ პრაღაში, ხელჩიცეში, ვილემოვში, კლატოვსა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებმა ქრისტიანთა პატარა ჯგუფებმა საკუთარი სახლები მიატოვეს. ბოჰემიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კუნვალდის მახლობლად მათ პატარა სახლები აიშენეს და ერთად დასახლდნენ. ისინი ძირითადად მიწის დამუშავებითა და ბიბლიის კითხვით იყვნენ დაკავებულები. ამ ხალხმა თავიანთ გაერთიანებას „ძმობა“, ანუ ლათინურად Unitas Fratrum უწოდა.

„ძმობაში“ ერთიანდებოდნენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები — გლეხები, დიდგვაროვნები, სტუდენტები, მდიდრები და ღარიბები, კაცები და ქალები, ქვრივები და ობლები. მათ ყველას ერთი მიზანი ჰქონდათ. „თვით ღმერთს მივმართეთ ლოცვაში, — წერდნენ ისინი, — და შევევედრეთ, რომ ყველაფერში თავისი ნება გაემჟღავნებინა. ჩვენ მიზნად მისი გზით სიარული დავისახეთ“. როგორც ვხედავთ, ამ „ძმობის“ ანუ „ჩეხური ძმობის“ (ასე ეწოდათ მათ მოგვიანებით) წევრები ‘სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზას’ ეძებდნენ (მათე 7:13, 14). კვლევის შედეგად რომელი ბიბლიური სწავლებები გახდა მათთვის ცნობილი? რით განსხვავდებოდა მათი რელიგიური შეხედულებები იმ დროს გავრცელებული შეხედულებებისგან და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია მათი მაგალითიდან?

არავითარი ძალადობა, არავითარი კომპრომისი

XV საუკუნის 50-იან წლებში „ჩეხური ძმობის“ შექმნას ხელი შეუწყო რამდენიმე რელიგიურმა მოძრაობამ, მაგალითად, ვალდენსებმა, რომელთა მიმდინარეობაც XII საუკუნეში

ჩამოყალიბდა. ვალდენსები თავდაპირველად გამოეყვნენ კათოლიციზმს, რომელიც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო რელიგიად იყო აღიარებული, მაგრამ მოგვიანებით ნაწილობრივ კვლავ დაუბრუნდნენ კათოლიკურ სწავლებებს. „ძმობის“ ჩამოყალიბებაზე არანაკლები გავლენა მოახდინეს ჰუსიტებმაც, რომლებიც იან ჰუსის მიმდევრები იყვნენ. ისინი ჩეხეთის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, მაგრამ მათ ერთობის სული არ ჰქონდათ. ჰუსიტების ერთი ჯგუფი სოციალური საკითხების მოსაგვარებლად იბრძოდა, სხვები კი რელიგიას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. ამ მოძრაობების გარდა, „ჩეხურ ძმობაზე“ გავლენა ხილიასტურმა ჯგუფებმა და ადგილობრივმა თუ უცხოელმა ბიბლეისტებმა იქონიეს.

ჩეხი ბიბლეისტი და რეფორმატორი პეტრე ხელჩიცკი (დაახლ. 1390—დაახლ.1460) საფუძვლიანად იყო გაცნობილი, როგორც ვალდენსების, ისე ჰუსიტების სწავლებებს. ხელჩიცკიმ ორივეს ზურგი აქცია — ჰუსიტებს იმის გამო, რომ ძალადობას მიმართეს, ხოლო ვალდენსებს იმ მიზეზით, რომ სწავლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ. პეტრე ხელჩიცკი გმობდა ომს და მას ქრისტიანებისთვის მიუღებლად თვლიდა. მისი აზრით, ქრისტიანს ცხოვრებაში „ქრისტეს რჯულით“ უნდა ეხელმძღვანელა იმისდა მიუხედავად, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას შედეგად (გალატელთა 6:2; მათე 22:37—39). 1440 წელს მან თავის სწავლებებს თავი მოუყარა წიგნში „რწმენის ბადე“.

ხელჩიცკის თანამედროვეზე, ახალგაზრდა გრეგორ პრაღელზე, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სწავლებებმა, რომ მან ჰუსიტური მოძრაობა დატოვა. 1458 წელს გრეგორმა ჩეხეთის სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ყოფილ ჰუსიტთა პატარ-პატარა ჯგუფები დაარწმუნა, რომ საკუთარი სახლები მიეტოვებინათ. ისინი მას კუნვალდში გაჰყვნენ და ახალი რელიგიური მიმდინარეობა დააარსეს. მოგვიანებით მათ ჩეხი და გერმანელი ვალდენსების ჯგუფებიც შეუერთდნენ.

წიგნები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის წარსულზე

1464—1467 წლებში ამ ახლად ჩამოყალიბებულმა, მაგრამ მზარდმა ჯგუფმა კუნვალდში რამდენიმე სინოდი მოიწვია და მიიღო რეზოლუციები, რომლებმაც მათი რელიგიური მოძრაობის მიმართულება განსაზღვრა. ყველა რეზოლუცია დაწვრილებით ჩაიწერა წიგნებში, რომლებიც დღემდე არსებობს და Acta Unitatis Fratrum-ის, ანუ „ძმობის საქმეების“, სახელითაა ცნობილი. ისინი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა სწამდათ ძმობის წევრებს. ამ წიგნებმა მათი წერილები, მოხსენებები და დისკუსიათა დაწვრილებითი ჩანაწერებიც კი შემოგვინახა.

ძმობის წევრების სწავლებების შესახებ მათ წიგნებში ნათქვამია: „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვიცხოვროთ მხოლოდ ბიბლიით და ჩვენი უფლისა და წმინდა მოციქულების მაგალითებს მდუმარებით, თავმდაბლობითა და სულგრძელობით მივყვეთ; აგრეთვე, გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ყოველივე კარგი ვუსურვოთ, გავუკეთოთ და ვილოცოთ მათთვის“. ჩანაწერებიდან იმასაც ვიგებთ, რომ თავიდან ძმობის წევრები ქადაგებდნენ კიდეც. ისინი ორ-ორი მოგზაურობდნენ. ქალები, ძირითადად, ადგილობრივ ასრულებდნენ თავიანთ მისიონერულ მოვალეობას. ძმობის წევრები არ იკავებდნენ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, არ დებდნენ ფიცს, არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში და ხელში არ იღებდნენ იარაღს.

ერთობიდან განხეთქილებამდე

ათწლეულების შემდეგ ძმობის წევრებს შორის ერთობის სული გაქრა. დისკუსიებს იმის თაობაზე, თუ რამდენად მკაცრად უნდა მიჰყოლოდნენ თავიანთ სწავლებებს, განხეთქილება მოჰყვა. 1494 წელს ძმობა ორ ნაწილად — უმრავლესობად და უმცირესობად — გაიყო. უმრავლესობის წევრები მკაცრად აღარ იცავდნენ თავიანთ თავდაპირველ შეხედულებებს, უმცირესობის წევრები კი მტკიცედ იდგნენ იმ აზრზე, რომ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ პოლიტიკასა და წუთისოფლის საქმეებში (იხილეთ ჩარჩო „რა დაემართათ უმრავლესობის წევრებს?“).

უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა: „ხალხი, რომელიც ორი გზით დადის, ვერ შეძლებს ღმერთთან დარჩენას, რადგანაც ისინი დროდადრო — და ისიც უმნიშვნელო საკითხებში — არიან მზად, თავი წარუდგინონ და დაემორჩილონ მას, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებში თვითნებურად იქცევიან . . . ჩვენ გვსურს მათ შორის ვიყოთ, ვინც არ მერყეობს, ვისაც სუფთა სინდისი აქვს, ყოველდღე ქრისტეს მიჰყვება ვიწრო გზაზე და თავის ჯვარს ატარებს“.

უმცირესობის წევრები სულიწმიდას მიიჩნევდნენ ღვთის მოქმედ ძალად, ანუ მის „თითად“. მათ იესოს გამოსასყიდის მნიშვნელობა შემდეგნაირად ესმოდათ: იესომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო იმის გამოსასყიდად, რაც ცოდვილმა ადამმა დაკარგა. ისინი თაყვანს არ სცემდნენ მარიამს, იესოს დედას. მათ გააუქმეს დაუქორწინებლობის მოთხოვნა და აღადგინეს თითოეული მორწმუნის მღვდელმსახურების იდეა. უმცირესობის წევრები თითოეულ მორწმუნეს მოუწოდებდნენ ქადაგებისკენ და მოუნანიებელ ცოდვილებს რიცხავდნენ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ მონაწილეობდნენ ომსა და პოლიტიკაში (იხილეთ ჩარჩო „რა სწამდათ უმცირესობის წევრებს?“). უმცირესობის წევრები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ წიგნებში მოცემულ რეზოლუციებს. ამიტომაც ისინი თავს ძმობის ჭეშმარიტ მემკვიდრეებად თვლიდნენ.

სიმართლის თქმისთვის დევნილნი

უმცირესობის წევრები გაბედულად ამხელდნენ სხვა რელიგიურ მოძრაობებს, მათ შორის „ჩეხური ძმობის“ უმრავლესობის წევრებს. «თქვენ ასწავლით, რომ უნდა მოინათლონ პატარა ბავშვები, რომელთაც საკუთარი რწმენა არ გააჩნიათ, — წერდნენ ისინი ამ რელიგიური მიმართულებების შესახებ, — და ამგვარად ეპისკოპოს დიონისეს მითითებების თანახმად იქცევით; ის ხომ ზოგიერთი უგუნურის წაქეზებით ირწმუნება, რომ საჭიროა ჩვილ ბავშვთა მონათვლა . . . იმავეს აკეთებს თითქმის ყველა მასწავლებელი და დოქტორი, ლუთერი, მელანქთონი, ბუცერი, კორვინი, ილეში, ბულინგერი . . . [„ჩეხური ძმობის“] უმრავლესობა — ყველას ერთი მიზანი აქვს».

გასაკვირი არ არის, რომ უმცირესობის წევრები იდევნებოდნენ. 1524 წელს მათი ერთ-ერთი ლიდერი, იან კალენეცი, გაროზგეს და დამწვრობების მიყენებით აწამეს. მოგვიანებით უმცირესობის სამი წევრი ბოძზე გააკრეს და დაწვეს. დაახლოებით 1550 წელს უკანასკნელი წინამძღოლის სიკვდილის შემდეგ, როგორც ჩანს, უმცირესობამ არსებობა შეწყვიტა.

„ჩეხური ძმობის“ უმცირესობის წევრებმა წარუშლელი კვალი დატოვეს შუა საუკუნეების ევროპის რელიგიურ ცხოვრებაზე. იმ დროს ჭეშმარიტი „ცოდნა“ ჯერ კიდევ არ იყო ‘მომატებული’. ამიტომაც უმცირესობის წევრებმა ვერ შეძლეს დიდი ხნის მანძილზე გამეფებული სულიერი წყვდიადის გაფანტვა (დანიელი 12:4). და მაინც, ისინი ვიწრო გზას ეძებდნენ და ამ გზით სიარულისკენ ისწრაფოდნენ, რაც ნამდვილად საყურადღებოა დღევანდელი ქრისტიანებისთვის.

[ჩანართი 13 გვერდზე]

როგორც ცნობილია, 1500—1510 წლებში დაბეჭდილი 60 ბოჰემიური (ჩეხური) წიგნიდან 50 „ჩეხური ძმობის“ წევრების მიერ არის გამოცემული.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

რა დაემართათ უმრავლესობის წევრებს?

რა დაემართა უმრავლესობას? მას შემდეგ, რაც უმცირესობამ არსებობა შეწყვიტა, უმრავლესობა განაგრძობდა არსებობას, როგორც რელიგიური მოძრაობა და კვლავაც „ძმობის“ სახელით იყო ცნობილი. თანდათანობით ისინი თავიანთ სწავლებებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. XVI საუკუნის ბოლოს „ძმობის“ წევრები გაერთიანდნენ ჩეხ უტრაკვისტებთან *, რომლებიც ფაქტობრივად ლუთერანები იყვნენ. მიუხედავად ამისა, „ძმობის“ წევრები განაგრძობდნენ ბიბლიისა და სხვა რელიგიური წიგნების თარგმნასა და გამოცემას. საინტერესოა, რომ მათ მიერ დაბეჭდილი წიგნების პირველ გვერდზე გამოსახული იყო ტეტრაგრამატონი — ოთხი ებრაული ასო, რომლებითაც ღვთის სახელს წერდნენ.

1620 წელს ჩეხეთი იძულებით კვლავ რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. ამის შედეგად, უმრავლესობიდან ბევრმა ქვეყანა დატოვა და მოღვაწეობა საზღვარგარეთ განაგრძო. „ჩეხური ძმობის“ უმრავლესობა საზღვარგარეთ „მორავიელთა ეკლესიის“ სახელით გახდა ცნობილი (მორავია ჩეხეთის შემადგენლობაშია). „მორავიელთა ეკლესია“ დღემდე არსებობს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 24 მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „უტრაკვე“, რაც „ორივეს“ ნიშნავს. კათოლიკე მღვდლები არ უშვებდნენ უბრალო მორწმუნეების ღვინით ზიარებას. მათგან განსხვავებით, უტრაკვისტები (ჰუსიტთა სხვადასხვა ჯგუფები) მორწმუნეებს როგორც პურით, ისე ღვინით აზიარებდნენ.

[ჩარჩო 12 გვერდზე]

რა სწამდათ უმცირესობის წევრებს?

XV-XVI საუკუნეებით დათარიღებული „ჩეხური ძმობის საქმეებიდან“ მოყვანილი ციტატები წარმოდგენას შეგვიქმნის უმცირესობის წევრების შეხედულებებზე. მათი ლიდერები ამ სიტყვებით უშუალოდ უმრავლესობის წევრებს მიმართავდნენ.

სამება: „მთელი ბიბლია რომ გადაიკითხოთ, ვერსად იპოვით აზრს, რომ ღმერთი სამად არის დაყოფილი — სამ ცალკეულ პიროვნებად, როგორც ის ხალხს წარმოესახება“.

სულიწმიდა: «სულიწმიდა ღვთის „თითია“ და მისი საბოძვარია. ის ჩვენი მანუგეშებელია, ანუ ღვთის ძალაა, რომელსაც მამა მორწმუნეებს იმის საფუძველზე აძლევს, რაც ქრისტემ გააკეთა. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ სულიწმიდას ღმერთი ან პიროვნება უნდა ვუწოდოთ. ამას არც მოციქულები ასწავლიდნენ».

სამღვდელოება: „მცდარად გიწოდეს თქვენ მღვდლები; რომ არა თქვენი ტონზურა და ხელისდადება, ვერაფრით განგასხვავებდნენ ჩვეულებრივი საერო პირებისგან. წმინდა პეტრემ ყველა ქრისტიანს მოუწოდა მღვდლობისკენ, როცა თქვა: თქვენ ხართ წმინდა სამღვდელოება, რომელიც სულიერ მსხვერპლს სწირავს“ (1 პეტრე, თავი 2).

ნათლობა: „უფალმა ქრისტემ თავის მოციქულებს უთხრა: გადით მთელ წუთისოფელში და სახარება უქადაგეთ ყოველ ქმნილებას, ვინც კი ირწმუნებს (მარკოზი, თავი 16). მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ ვინც მოინათლება, გადარჩება. თქვენ კი ასწავლით, რომ უნდა მოინათლონ პატარა ბავშვები, რომელთაც თავიანთი რწმენა ჯერ არ გააჩნიათ“.

ნეიტრალიტეტი: «ყველაფერს, რასაც ადრე თქვენი ძმები გმობდნენ და უწმინდურებად თვლიდნენ — ჯარში მსახურებას, კაცის კვლასა და ქუჩაში იარაღით გასვლას — თქვენ კარგ საქმედ მიიჩნევთ . . . ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ, ისევე როგორც სხვა მასწავლებლებს, ბოლომდე არ გესმით წინასწარმეტყველური სიტყვების მნიშვნელობა: „შემუსრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი“ (75-ე ფსალმუნი). აგრეთვე: „არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით“» (ესაია, თავი 11).

ქადაგება: „ძალიან კარგად ვიცით, რომ თავიდან მანდილოსნებმა უფრო მეტი აღძრეს მონანიებისკენ, ვიდრე ყველა მღვდელმა ეპისკოპოსთან ერთად. ახლა კი მღვდლებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს სპეციალურად გამოყოფილ სახლებში. რამხელა შეცდომაა! შემოიარეთ მთელი მსოფლიო. უქადაგეთ . . . ყოველ ქმნილებას“.

[რუკები 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გერმანია

პოლონეთი

ჩეხეთი

ბოჰემია

მდინარე ელბა

პრაღა

მდინარე ვლტავა

კლატოვი

ხელჩიცე

კუნვალდი

ვილემოვი

მორავია

მდინარე დუნაი

[სურათები 10, 11 გვერდებზე]

მარცხნივ: პეტრე ხელჩიცკი; ქვემოთ: ფურცელი წიგნიდან „რწმენის ბადე“.

[სურათი 11 გვერდზე]

გრეგორ პრაღელი

[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]

All images: S laskavým svolením knihovny Národního muzea v Praze, C̆esko