არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად იყავით იეჰოვას დღისთვის

მზად იყავით იეჰოვას დღისთვის

მზად იყავით იეჰოვას დღისთვის

„მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:44).

1. რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული იეჰოვას დღით?

ის იქნება ბრძოლისა და რისხვის, ტკივილისა და უბედურების, სიბნელისა და გაპარტახების დღე. იეჰოვას „დიდი და საშინელი“ დღე აუცილებლად დაატყდება თავს ამ ბოროტ სისტემას, ისე როგორც წარღვნამ წალეკა ნოეს დროინდელი ბოროტი წუთისოფელი. თანამედროვე სისტემა ამას ვერ გაექცევა, მაგრამ „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება“ (იოელი 3:3—5; ამოსი 5:18—20). ღვთის ნებაა, გაანადგუროს მტრები და იხსნას თავისი ხალხი. სოფონიას სიტყვებში აშკარად იგრძნობა, რომ დაყოვნების დრო არ არის: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა“ (სოფონია 1:14). როდის მოიყვანს ღმერთი სისრულეში თავის განაჩენს?

2, 3. რატომ არის მნიშვნელოვანი, მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის?

2 „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“, — თქვა იესომ (მათე 24:36). ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ 2004 წლის მუხლი: „იფხიზლეთ . . . მზად იყავით“ (მათე 24:42, 44, აქ).

3 იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მოულოდნელად მოხდებოდა მზად მყოფთა გადარჩენა და სხვების დატოვება, იესომ თქვა: „მაშინ ორნი იქნებიან ყანაში: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება“ (მათე 24:40, 41). რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით პირადად ჩვენ ამ კრიტიკულ მომენტში? ვიქნებით მზად თუ მოულოდნელად დაგვატყდება თავს ეს დღე? ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ზომებს მივმართავთ ახლა. მზად რომ ვიყოთ იეჰოვას დღისთვის, საჭიროა მოვერიდოთ წუთისოფელში გაბატონებულ აზროვნებას; კერძოდ კი, მოვერიდოთ სულიერობისთვის საშიშროების შემქმნელ მდგომარეობასა და ცხოვრების გარკვეულ წესს.

ნუ ვიქნებით საკუთარი სიამოვნების მაძიებლები

4. როგორი აზროვნება ჰქონდათ ნოეს თანამედროვეებს?

4 გავიხსენოთ ნოეს დღეები. „რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“, — ამბობს ბიბლია (ებრაელთა 11:7). კიდობანი უჩვეულო და სხვებისთვის კარგად შესამჩნევი იქნებოდა. გარდა ამისა, ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). არც კიდობნის აშენებამ და არც ქადაგებამ არ აღძრა ნოეს თანამედროვენი მოქმედებისკენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ“. ადამიანები, რომლებსაც ნოე უქადაგებდა, პირად საქმეებსა და სიამოვნების ძიებაში ისე იყვნენ ჩაფლულნი, რომ „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39, აქ).

5. რა პოზიცია ეჭირათ სოდომისა და გომორის მკვიდრთ?

5 იმავეს თქმა შეიძლება ლოტის დღეებზეც. საღვთო წერილში ნათქვამია: „ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა“ (ლუკა 17:28, 29). ანგელოზებმა ლოტი გარდაუვალი განადგურების შესახებ გააფრთხილეს, რის შემდეგაც მან თავის სიძეებს უთხრა, თუ რა მოხდებოდა. „სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში“, — ამბობს ბიბლია ლოტის შესახებ (დაბადება 19:14).

6. რას უნდა მოვერიდოთ დღევანდელ წუთისოფელში?

6 იესოს თქმით, როგორც ნოესა და ლოტის დღეებში იყო, „ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:39; ლუკა 17:30). მართლაც, დღეს მრავალი საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამან ჩვენზეც არ იქონიოს გავლენა. ცუდი არაფერია იმაში, რომ ვისიამოვნოთ კარგი საკვებით და ზომიერად დავლიოთ ალკოჰოლური სასმელები; ქორწინებაც ღვთის მიერ არის დაფუძნებული. მაგრამ, თუ ასეთმა საქმეებმა ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიჭირა და სულიერი ინტერესები გვერდზე გასწია, განა შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ იეჰოვას დღისთვის?

7. რა მნიშვნელოვანი კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს მანამ, სანამ ამა თუ იმ საქმეს წამოვიწყებთ და რატომ?

7 „ჟამი იწურება, — თქვა პავლე მოციქულმა, — ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29—31). მხოლოდ შეზღუდული დროღა გვრჩება იმისათვის, რომ შევასრულოთ ღვთის მიერ დაკისრებული მისია და ბოლომდე მივიყვანოთ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე (მათე 24:14). პავლემ მეუღლეებსაც კი ურჩია, ერთმანეთზე ზრუნვისთვის იმდენი დრო არ მოეხმარებინათ, რომ სამეფოს ინტერესებს მათ ცხოვრებაში მეორე ადგილზე გადაენაცვლა. პავლეს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ის საკუთარი სიამოვნების პირველ ადგილზე დაყენებას კი არ გვირჩევს, არამედ — პირიქით. იესომ თქვა: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ (მათე 6:33). ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ან ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ვკითხოთ: „რა გავლენას იქონიებს ეს ჩემს ცხოვრებაზე? შევძლებ კვლავაც პირველ ადგილზე დავაყენო სამეფოს ინტერესები?“

8. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვხედავთ, რომ ყოველდღიურ საქმეებს თითქმის მთელი ჩვენი დრო მიაქვს?

8 როგორ მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ ყოველდღიური საქმეები აღარ გვიტოვებს ადგილს სულიერი ინტერესებისთვის? ან ვხვდებით, რომ ჩვენი და იმ ახლობლების ცხოვრების წესი, რომლებსაც საღვთო წერილიდან საფუძვლიანი ცოდნა არა აქვთ და სამეფოს შესახებ მქადაგებლები არ არიან, ოდნავღა განსხვავდება ერთმანეთისგან? თუ ასეა, საჭიროა ვილოცოთ. იეჰოვა დაგვეხმარება, რომ სწორი აზროვნება გვქონდეს (რომაელთა 15:5; ფილიპელთა 3:15). ღმერთი შეგვეხიდება, რათა სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ, სწორად მოვიქცეთ და მის წინაშე ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ (რომაელთა 12:2; 2 კორინთელთა 13:7).

ნუ ჩათვლემთ სულიერად

9. გამოცხადების 16:14—16-ის თანახმად, რატომ არის მნიშვნელოვანი, სულიერად არ ჩავთვლიმოთ?

9 წინასწარმეტყველება, რომელშიც ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომის’ ანუ არმაგედონის შესახებ არის ლაპარაკი, იმასაც ამბობს, რომ ზოგი არ შეინარჩუნებს სიფხიზლეს. „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი, — გვეუბნება უფალი იესო ქრისტე. — ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი“ (გამოცხადება 16:14—16). აქ მოხსენიებული სამოსელი ისეთ რამეზე მიუთითებს, რითაც ჩვენ, ქრისტიანი იეჰოვას მოწმეები, გამოვირჩევით. ამაში შედის სამეფოს შესახებ ქადაგება და ქრისტიანული საქციელი. თუ უმოქმედოდ — ძილისმაგვარ მდგომარეობაში — ვართ, შეიძლება ქრისტიანული სახე დავკარგოთ. ეს სამარცხვინო და საშიშია. ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერად არ ჩავთვლიმოთ ან არ მოვდუნდეთ. როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა?

10. რატომ გვეხმარება ბიბლიის კითხვა სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?

10 ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ საჭიროა გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. მაგალითად, სახარებებში მოცემულია შეხსენებები: „ფხიზლად იყავით“, „იფხიზლეთ“ (მათე 24:42; 25:13; მარკოზი 13:35, 37); „მზად იყავით“ (მათე 24:44; ლუკა 12:40); „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:33, აქ). მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ იეჰოვას დღე მოულოდნელად დაატყდება თავს წუთისოფელს, პავლე მოციქული თანამორწმუნეებს მოუწოდებს: „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6). ბიბლიის ბოლო წიგნში განდიდებული ქრისტე იესო სიტყვებით „მოვალ მალე“ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოულოდნელად მოვა (გამოცხადება 3:11; 22:7, 12, 20). მრავალმა ებრაელმა წინასწარმეტყველმაც აღწერა იეჰოვას მიერ განაჩენის სისრულეში მოყვანის დიდი დღე და ხალხი ამ დღის მოსვლის თაობაზე გააფრთხილა (ესაია 2:12, 17; იერემია 30:7; იოელი 2:11; სოფონია 3:8). ასე რომ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ყოველდღიურად კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

11. რატომ არის სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ბიბლიის პირადი შესწავლა?

11 სულიერად გამომაფხიზლებელია „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით საღვთო წერილის გულმოდგინე პირადი შესწავლა (მათე 24:45—47). ამან რომ სარგებლობა მოგვიტანოს, საჭიროა რეგულარულად ვიმეცადინოთ და თანდათანობით უფრო და უფრო ღრმა ბიბლიურ აზრებს ჩავწვდეთ (ებრაელთა 5:14—6:3). რეგულარულად უნდა ვიკვებოთ მაგარი სულიერი საზრდოთი. ჩვენს დროში ამისათვის დროის გამონახვა ადვილი არ არის (ეფესელთა 5:15, 16). საკმარისი არ იქნება, თუ ბიბლიას და საღვთო წერილზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს მხოლოდ მაშინ წავიკითხავთ, როდესაც დრო მოგვრჩება. თუ გვინდა, რომ ‘საღნი ვიყოთ რწმენაში’ და ვიფხიზლოთ, აუცილებელია, სისტემატურად გვქონდეს პირადი შესწავლა (ტიტე 1:13).

12. როგორ გვეხმარება ქრისტიანული კრების შეხვედრები და კონგრესები, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე?

12 ქრისტიანული კრების შეხვედრები და კონგრესებიც გვეხმარება, რომ სულიერად არ ჩავთვლიმოთ. როგორ? დარიგებების საშუალებით, რომლებსაც იქ ვიღებთ. ამ შეხვედრებზე რეგულარულად შეგვახსენებენ, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა. გარდა ამისა, ქრისტიანული კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე შესაძლებლობა გვეძლევა, ‘წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის’. ასეთი წახალისება ხელს უწყობს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ახლა, როდესაც ‘უფრო მეტად ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’, გვეძლევა მითითება, რეგულარულად შევიკრიბოთ (ებრაელთა 10:24, 25).

13. როგორ გვეხმარება ქრისტიანული მსახურება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?

13 ქრისტიანულ მსახურებაში მთელი გულით მონაწილეობაც გვეხმარება, რომ სიფხიზლე შევინარჩუნოთ. განა სხვა რა დაგვეხმარება უკეთესად, ყოველთვის გვახსოვდეს დროის ნიშნები და მათი მნიშვნელობა, თუ არა ამის შესახებ სხვებთან საუბარი? როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი, ვისთანაც ბიბლიას ვსწავლობთ, სულიერად წინ მიიწევს და ნასწავლის თანახმად იწყებს მოქმედებას, ჩვენც უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ დრო არ ითმენს. „მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ,“ — თქვა მოციქულმა პეტრემ, — იფხიზლეთ ყველაფერში“ (1 პეტრე 1:13, აქ). ‘უფლის საქმეში უხვი’ ნაყოფის გამოღება სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად ჩინებული საშუალებაა (1 კორინთელთა 15:58).

მოერიდეთ სულიერად საზიანო ცხოვრების წესს

14. იესოს მიერ ლუკას 21:34—36-ში მოცემული გაფრთხილების თანახმად, როგორი ცხოვრების წესს უნდა მოვერიდოთ?

14 იმ დროის ნიშნის მოცემისას, როდესაც მოსული იქნებოდა, იესომ კიდევ ერთი გაფრთხილება მოგვცა: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36). იესოს სიტყვები ზუსტად აღწერს ადამიანთა უმეტესობის ცხოვრების წესს; ისინი ღრეობენ, ლოთობენ და ისეთ ცხოვრებას ეწევიან, რომელსაც მხოლოდ საზრუნავი მოაქვს.

15. რატომ უნდა მოვერიდოთ გადამეტებულ ჭამასა და სმას?

15 გადამეტებული ჭამა-სმა ღვთის პრინციპებს არ შეესაბამება; ამიტომ, ამას უნდა მოვერიდოთ. „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის“, — ამბობს ბიბლია (იგავები 23:20). ჭამა-სმამ შეიძლება ადამიანის სულიერობას მაშინაც შეუქმნას საფრთხე, როდესაც ასეთ უკიდურეს დონეს არ აღწევს; ამ ზომამდე მისვლამდეც კი შეიძლება ადამიანი მთვლემარე და ზარმაცი გახადოს. „ზარმაცის სული მოწყურებულია, — ამბობს ბიბლიური იგავი, — მაგრამ არაფერი აქვს“ (იგავები 13:4, სსგ). ასეთ ადამიანს შეიძლება სურდეს ღვთის ნების შესრულება, მაგრამ დაუდევრობის გამო მისი სურვილი სურვილად რჩება.

16. როგორ არის შესაძლებელი, რომ ოჯახზე ზრუნვამ არ დაგვამძიმოს?

16 რა შედის ცხოვრებისეულ საზრუნავში, რომლის შესახებაც იესო გვაფრთხილებდა? ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი საქმეები. არაგონივრული იქნებოდა, რომ ასეთი საზრუნავით დავმძიმებულიყავით! „რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?“ — კითხვა დასვა იესომ და შემდეგ თავის მსმენელებს ურჩია: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს“. ცხოვრებაში სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება და მტკიცე გულდაჯერებულობა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე, საზრუნავით დამძიმებისგან დაგვიცავს და სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (მათე 6:25—34).

17. როგორ შეიძლება მატერიალურ კეთილდღეობას გამოდევნებამ საზრუნავი გაგვიჩინოს?

17 საზრუნავით დამძიმება შეიძლება მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამაც გამოიწვიოს. მაგალითად, ზოგი ცხოვრებას ირთულებს და იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს. სხვები სწრაფად გამდიდრებას ცდილობენ და თანხებს სარისკო საქმეში აბანდებენ. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ფინანსური წარმატების მისაღწევად განათლების მიღება ხდება მახე. ცხადია, გარკვეული განათლება გამოგვადგება სამსახურის საშოვნელად, მაგრამ უფრო და უფრო მეტი განათლების მისაღებად დიდი დროის დახარჯვამ ზოგს სულიერი ზიანი მიაყენა. ეს ძალიან საშიშია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვას დღე ახლოს არის! ბიბლია გვაფრთხილებს: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (1 ტიმოთე 6:9).

18. რისი უნარი უნდა განვივითაროთ, თუ გვინდა, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ არ გადაგვიყოლოს?

18 მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ რომ არ გადაგვიყოლოს, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას იმის გარჩევის უნარი გვქონდეს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ამ უნარის განვითარება ‘მოწიფულთათვის განკუთვნილი მაგარი საჭმლის’ რეგულარულად მიღებითა და ‘აღქმის უნარის გაწაფვით’ არის შესაძლებელი (ებრაელთა 5:13, 14, აქ). არასწორი არჩევნის გაკეთებისგან დაგვიცავს ისიც, თუ ‘გამოვცდით უმჯობესს’, ვიდრე გადავწყვეტთ, რას მივანიჭოთ უპირატესობა ცხოვრებაში (ფილიპელთა 1:10).

19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ დავინახავთ, რომ სულიერი საქმეებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება?

19 მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამ შეიძლება დაგვაბრმაოს და სულ არ დაგვიტოვოს ან ძალიან ცოტა დრო დაგვიტოვოს სულიერი საქმეებისთვის. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გამოკვლევა და ასეთი მახისგან თავის არიდება? საჭიროა, ვილოცოთ და ვიფიქროთ, თუ როგორ და რა დონემდე შეგვიძლია ცხოვრების გამარტივება. ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა თქვა: „ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს“ (ეკლესიასტე 5:12). ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხომ არ გვართმევს არააუცილებელ მატერიალურ საკუთრებაზე ზრუნვა? რაც უფრო მეტი გვაქვს, მით უფრო მეტად გვიწევს ზრუნვა ქონების შენარჩუნებაზე, დაზღვევასა და დაცვაზე. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, თუ ცხოვრებას გავიმარტივებდით და ამა თუ იმ საკუთრებისგან გავთავისუფლდებოდით?

ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ იმისათვის, რომ მზად იყოთ

20, 21. ა) რაში გვარწმუნებს მოციქული პეტრე იეჰოვას დღესთან დაკავშირებით? ბ) რისი კეთება უნდა განვაგრძოთ იმისათვის, რომ მზად ვიყოთ იეჰოვას დიდი დღისთვის?

20 ნოეს დროინდელი წუთისოფლისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა; ასევე ამოიწურება თანამედროვე სისტემის დრო. მოციქული პეტრე გვარწმუნებს: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“. ვერც სიმბოლური ზეცა (ბოროტი მთავრობები) და ვერც სიმბოლური მიწა (ღვთისგან გაუცხოებული საზოგადოება) ვერ გადაურჩება ღვთის მრისხანების სიმხურვალეს. პეტრე გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია მზად ვიყოთ ამ დღისთვის: «თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ [„მაშ, როგორები უნდა იყოთ“, აქ] წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში» (2 პეტრე 3:10—12).

21 წმინდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში შედის კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა. მოდი ღვთისადმი ერთგულება გამოვავლინოთ და მთელი გულით ვიმოქმედოთ ასე, ვიდრე იეჰოვას დიდ დღეს მოთმინებით ველოდებით. ‘ყველანაირად ვეცადოთ, რომ მის [ღვთის] წინაშე უმანკოები და მშვიდობის მქონეები წარვდგეთ’ (2 პეტრე 3:14, აქ).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ უნდა ვიყოთ მზად იეჰოვას დღისთვის?

• როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურ საქმეებზე ზრუნვამ გადაგვიყოლა?

• რა დაგვეხმარება, რომ სულიერად არ ჩაგვთვლიმოს?

• ცხოვრების რა წესს უნდა მოვერიდოთ და როგორ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

ნოეს დღეებში ხალხი არაფრად აგდებდა გაფრთხილებას მოახლოებული განკითხვის შესახებ. თქვენ როგორ იქცევით?

[სურათი 23 გვერდზე]

შეგიძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება, რათა სულიერი საქმეებისთვის მეტი დრო გქონდეთ?