არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“

„მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“

„მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“

„წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19).

1, 2. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მოწაფეებს? ბ) როგორ შეძლეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ასე ბევრის გაკეთება?

ზეცაში ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს დავალება მისცა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19). ისინი ურთულესი ამოცანის წინაშე დადგნენ.

2 დაუფიქრდით, ახ. წ. 33 წელს დაახლოებით 120 მოწაფეზე გადმოვიდა სულიწმიდა და მათ ამ დავალების შესრულება დაიწყეს; ისინი სხვებს მოუთხრობდნენ, რომ იესო იყო აღთქმული მესია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა კაცობრიობის ხსნა (საქმეები 2:1—36). როგორ შეძლებდა ქრისტიან მქადაგებელთა პატარა ჯგუფი, „ყველა ხალხამდე“ მიეწვდინა სასიხარულო ცნობა? ადამიანური თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ „ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“ (მათე 19:26). პირველი საუკუნის ქრისტიანებს იეჰოვა სულიწმიდით ეხმარებოდა და მათაც შეგნებული ჰქონდათ, რამდენად გადაუდებელი იყო ეს საქმე (ზაქარია 4:6; 2 ტიმოთე 4:2). ამიტომ, სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, პავლე მოციქულს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

3. რა დაჩრდილავდა „ხორბლით“ წარმოდგენილ ჭეშმარიტ ქრისტიანობას?

3 თითქმის მთელი პირველი საუკუნის განმავლობაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უფრო და უფრო ფართოვდებოდა. მაგრამ იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ დადგებოდა დრო, როცა სატანა მინდორში „ღვარძლს“ ჩათესავდა; ამის შედეგად, „ხორბლით“ წარმოდგენილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, მკის დადგომამდე დაიჩრდილებოდა. ეს სიტყვები მოციქულების სიკვდილის შემდეგ შესრულდა (მათე 13:24—39).

სწრაფი ზრდა ჩვენს დროში

4, 5. რა საქმის შესრულება აიღეს საკუთარ თავზე სულით ცხებულმა ქრისტიანებმა 1919 წლიდან და რატომ იყო ეს დიდ სირთულეებთან დაკავშირებული?

4 1919 წელს დადგა დრო, როცა ღვარძლისგან ხორბლის გამორჩევა უნდა დაწყებულიყო. სულით ცხებულ ქრისტიანებს ესმოდათ, რომ იესოს მიერ მიცემული გრანდიოზული დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრობდნენ. მათ იესოს წინასწარმეტყველების შესახებაც იცოდნენ: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:14). დიახ, მათ ესმოდათ, რომ ბევრი იყო გასაკეთებელი.

5 ეს სულით ცხებული ქრისტიანები, ისევე როგორც იესოს მოწაფეები ახ. წ. 33 წელს, დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი რიცხვი რამდენიმე ათასი თუ იქნებოდა და ისიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში. როგორ შეძლებდნენ ისინი „მთელ მსოფლიოში“ სასიხარულო ცნობის გავრცელებას? ისიც გასათვალისწინებელია, რომ დედამიწის მოსახლეობა, რომელიც კეისართა მმართველობის დროს, სავარაუდოდ, 300 მილიონს აღწევდა, პირველი მსოფლიო ომისთვის თითქმის 2 მილიარდამდე გაიზარდა; და მოსალოდნელი იყო, რომ XX საუკუნის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდებოდა.

6. რა მასშტაბებს მიაღწია სასიხარულო ცნობის ქადაგებამ 30-იან წლებში?

6 მიუხედავად ამისა, იეჰოვას სულით ცხებული მსახურები, პირველ საუკუნეში მცხოვრები თანაქრისტიანი ძმების მსგავსად, იეჰოვასადმი ძლიერი რწმენით შეუდგნენ დავალების შესრულებას. ამის გამო ღვთის სული იყო მათთან. 30-იან წლებში დაახლოებით 56 000 მქადაგებელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას 115 ქვეყანაში აუწყებდა. იმ პერიოდისთვის დიდი საქმე შესრულდა, მაგრამ უფრო მეტი რჩებოდა გასაკეთებელი.

7. ა) რა ახალი ამოცანის წინაშე დადგნენ სულით ცხებული ქრისტიანები? ბ) როგორ მიიწევს წინ დღემდე „სხვა ცხვრების“ მხარდაჭერით შეკრების საქმე?

7 მოგვიანებით უფრო კარგად გამოიკვეთა, ვინ იყო გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“. თუმცა თავდაუზოგავი სულით ცხებული ქრისტიანები ახალი ამოცანის წინაშე დადგნენ, ეს მათ მხარდაჭერასაც უქადდა. ჯერ კიდევ შესაკრები იყო უამრავი ადამიანი „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, „სხვა ცხვრები“, რომლებსაც მიწიერი იმედი ჰქონდათ (იოანე 10:16). მათ ‘დღე და ღამ უნდა ემსახურათ იეჰოვას ტაძარში’ (გამოცხადება 7:15). ესე იგი, ისინი დაეხმარებოდნენ სულით ცხებულებს ქადაგებასა და სწავლებაში (ესაია 61:5). სულით ცხებული ქრისტიანები სიხარულით ადევნებდნენ თვალყურს, როგორ აღწევდა მქადაგებელთა რიცხვი ათი ათასებს, შემდეგ კი — მილიონებს. 2003 წელს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილე მაუწყებლების რაოდენობამ მიაღწია ახალ უმაღლეს რიცხვს — 6429351-ს. მათი უდიდესი ნაწილი „უამრავი ხალხისგან“ შედგება *. სულით ცხებული ქრისტიანები მადლიერები არიან ამ დახმარებისთვის, სხვა ცხვრები კი — იმისათვის, რომ სულით ცხებული ძმების მხარდაჭერის შესაძლებლობა მიეცათ (მათე 25:34—40).

8. როგორ შეხვდნენ იეჰოვას მოწმეები სასტიკ წინააღმდეგობას მეორე მსოფლიო ომის დროს?

8 როდესაც ხორბლის კლასი კვლავ გამოჩნდა, სატანამ მის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გააჩაღა (გამოცხადება 12:17). როგორი რეაქცია ჰქონდა მას უამრავი ხალხის გამოჩენაზე? სატანა უზომოდ გააფთრებული შეხვდა ამ მოვლენას. განა შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ მისი თაოსნობით მიიტანეს მთელ მსოფლიოში იერიში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე? ორივე მოწინააღმდეგე მხარე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ბევრმა ძვირფასმა და-ძმამ საშინელი განსაცდელი გადაიტანა, ზოგიერთმა რწმენისთვის სიცოცხლეც კი გასწირა. და მაინც, მათ ცხადყვეს, რომ იზიარებდნენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?“ (ფსალმუნები 55:5; მათე 10:28). იეჰოვას სულიწმიდით გაძლიერებულმა სულით ცხებულმა ქრისტიანებმა და სხვა ცხვრებმა ერთსულოვნად შეინარჩუნეს სიმტკიცე (2 კორინთელთა 4:7). ამის შედეგად, „იზრდებოდა ღვთის სიტყვა“ (საქმეები 6:7). 1939 წელს, როდესაც ომი დაიწყო, ანგარიშების თანახმად, 72 475 ერთგული ქრისტიანი მონაწილეობდა ქადაგებაში. 1945 წელს კი, არასრული ანგარიშის თანახმად, 156 299 აქტიური მოწმე ავრცელებდა სასიხარულო ცნობას. ეს სატანისთვის დიდი მარცხი იყო!

9. რომელი ორი ახალი სკოლის გახსნის შესახებ გამოცხადდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში?

9 უდავოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულმა ქაოსმა ვერ დააეჭვა იეჰოვას მსახურები იმაში, რომ სამქადაგებლო საქმე უსათუოდ შესრულდებოდა. 1943 წელს, როდესაც ომმა კულმინაციას მიაღწია, ორი ახალი სკოლის გახსნის შესახებ გამოცხადდა. ერთ-ერთი, რომელიც დღეს „თეოკრატიული სამსახურის სკოლად“ არის ცნობილი, ყველა კრებაში უნდა ჩატარებულიყო, რათა თითოეული მოწმე დახელოვნებულიყო ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში. მეორე იყო „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. ეს სკოლა მოამზადებდა მისიონერებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში იქადაგებდნენ. დიახ, როდესაც ომი დამთავრდა, ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად იყვნენ თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.

10. როგორ გამოვლინდა იეჰოვას ხალხის გულმოდგინება 2003 წლის განმავლობაში?

10 მართლაც რომ გასაოცარი საქმე შეასრულეს ქრისტიანებმა! „თეოკრატიული სამსახურის სკოლის“ წყალობით იესოს მიერ მოცემული გრანდიოზული დავალების შესრულება დაიწყო ყველამ — ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა, შვილებმა თუ მშობლებმა, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქრისტიანებმაც კი (ფსალმუნები 148:12, 13; იოელი 3:1, 2). 2003 წლის განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 825 185 ქრისტიანი მონაწილეობდა პიონერულ მსახურებაში (დროებით თუ რეგულარულად). ამით მათ ცხადყვეს, რომ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქადაგება. ამავე წელს იეჰოვას მოწმეებმა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას 1 234 796 477 საათი მიუძღვნეს. იეჰოვა, რასაკვირველია, კმაყოფილია თავისი ხალხის ასეთი გულმოდგინე მსახურებით.

მისიონერული საქმიანობა

11, 12. რა მაგალითები მოწმობს მისიონერთა ნაყოფიერი მსახურების შესახებ?

11 უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული სკოლა „გალაადისა“ და ამ ბოლო წლებში ჩამოყალიბებული „მსახურებაში დახელოვნების სკოლის“ კურსდამთავრებულებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს. მაგალითად, როდესაც 1945 წელს ბრაზილიაში პირველი მისიონერები ჩავიდნენ, იქ 400 მაუწყებელიც კი არ იყო. ამ და მათ შემდეგ ჩამოსულმა მისიონერებმა ბევრი იშრომეს გულმოდგინე ბრაზილიელი ძმების მხარდამხარ და იეჰოვამ აკურთხა მათი მცდელობა. მათ, ვინც მოესწრო იმ დროს, ძალიან ახარებთ იმის გაგება, რომ 2003 წელს ბრაზილიაში მაუწყებელთა რაოდენობამ ახალ უმაღლეს რიცხვს — 607 362-ს — მიაღწია!

12 ახლა იაპონიაზე ვისაუბროთ. მეორე მსოფლიო ომამდე ამ ქვეყანაში დაახლოებით 100 მქადაგებელი იყო. ომის პერიოდში სასტიკი დევნის გამო მაუწყებელთა რიცხვი შემცირდა და ომის დასასრულს მხოლოდ რამდენიმე მოწმე თუ იყო სულიერად და ფიზიკურად ცოცხალი (იგავები 14:32). ამ რამდენიმე ერთგულმა მოწმემ 1949 წელს უსაზღვრო სიხარულით მიიღო სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული პირველი 13 მისიონერი, რომლებიც, თავის მხრივ, მალევე დაუმეგობრდნენ ენთუზიაზმით აღსავსე და სტუმართმოყვარე იაპონელ ძმებს. მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და 2003 წელს მაუწყებელთა რაოდენობამ 217 508-ს მიაღწია. იეჰოვამ მართლაც რომ უხვად აკურთხა თავისი ხალხი იაპონიაში! მქადაგებლებმა მსგავს შედეგებს მიაღწიეს მთელ მსოფლიოში. მათ, რომლებმაც სხვა ქვეყნებში შეძლეს ქადაგება, დიდი წვლილი შეიტანეს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში. ამის შედეგია, რომ 2003 წელს ამ ცნობას მთელი მსოფლიოს 235 ქვეყანაში, კუნძულსა და ტერიტორიაზე ქადაგებდნენ. დიახ, უამრავი ხალხი „ყოველი ერიდან“ იკრიბება.

„ყოველი . . . ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“

13, 14. როგორ გვიჩვენა იეჰოვამ, რომ მნიშვნელოვანია სასიხარულო ცნობის ‘ყველა ენაზე’ ქადაგება?

13 წერილობით დადასტურებული პირველი სასწაული, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს მოწაფეებზე სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ მოხდა, იყო ის, რომ იქ თავმოყრილ ხალხთან მათ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ლაპარაკი. მათგან, ვინც ამ ქრისტიანებს უსმენდა, შესაძლოა ყველამ იცოდა საერთაშორისო ენა, სავარაუდოდ ბერძნული. ისინი „ღვთის მოშიში ხალხი“ იყვნენ, ამიტომ, საკმარისი ებრაულიც უნდა სცოდნოდათ, რომ გაეგოთ ტაძარში შესრულებული ღვთისმსახურება. მაგრამ, როცა სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე მოისმინეს, მათ მთელი გულისყურით მოუსმინეს მოწაფეებს (საქმეები 2:5, 7—12).

14 ქადაგება დღესაც ბევრ ენაზე მიმდინარეობს. წინასწარმეტყველების თანახმად, უამრავი ხალხი მხოლოდ სხვადასხვა ერიდან კი არ იყრის თავს, არამედ „ყოველი . . . ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. იეჰოვამ ზაქარიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა: „მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). თუმცა იეჰოვას მსახურებს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის სასწაულებრივი ძღვენი აღარა აქვთ, მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ჭეშმარიტება მშობლიურ ენაზე ისწავლონ.

15, 16. როგორ შეხვდნენ მისიონერები და სხვები ადგილობრივ ენებზე ქადაგებასთან დაკავშირებულ სირთულეებს?

15 მართალია, დღეს არსებობს რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ენა, მაგალითად ესპანური, ინგლისური და ფრანგული. მიუხედავად ამისა, ისინი, რომლებიც მსახურებისთვის სხვა ქვეყნებში გადავიდნენ, ადგილობრივ ენას ეუფლებიან, რათა სასიხარულო ცნობა უფრო გასაგები გახდეს მათთვის, ვინც ‘საუკუნო სიცოცხლისთვისაა განწესებული’ (საქმეები 13:48). ზოგჯერ ეს არც ისე ადვილია. როდესაც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ტუვალუზე საჭირო გახდა პუბლიკაციები ადგილობრივ ენაზე, ერთმა მისიონერმა საკუთარ თავზე აიღო ამ რთული დავალების შესრულება. ვინაიდან არანაირი ლექსიკონი არ ჰქონდა, მან დაიწყო ტუვალუ ენის სიტყვების სიის შედგენა. გარკვეული დროის შემდეგ ტუვალუ ენაზე გამოიცა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. როდესაც მისიონერები კუნძულ კიურასაოზე ჩავიდნენ, ადგილობრივ ენაზე, პაპიამენტოზე, არც ბიბლიური ლიტერატურა არსებობდა და არც ლექსიკონები. აგრეთვე საკამათო იყო ამ ენის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები. ამის მიუხედავად, პირველი მისიონერების ჩასვლიდან ორ წელიწადში ამ ენაზე გამოქვეყნდა ბიბლიაზე დაფუძნებული პირველი ქრისტიანული ტრაქტატი. დღეს პაპიამენტო ერთ-ერთია იმ 133 ენიდან, რომლებზეც „საგუშაგო კოშკი“ ინგლისური გამოცემის პარალელურად ქვეყნდება.

16 ნამიბიაში ჩასულმა პირველმა მისიონერებმა ვერ იპოვეს ერთი ადგილობრივი მოწმეც კი, რომელიც მათ თარგმანს გააკეთებინებდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ადგილობრივ ენაში, ნამაში, არ არსებობდა ისეთი სიტყვები, რომლებიც ხშირად გამოიყენება, მაგალითად, „სრულყოფილი“. ერთი მისიონერი ყვება: „ძირითადად, თარგმანს ვაკეთებდი სკოლის მასწავლებლების მეშვეობით, რომლებიც ბიბლიას სწავლობდნენ. რადგან ისინი ღრმად ვერ ერკვეოდნენ ჭეშმარიტებაში, მათთან ერთად ჯდომა მიწევდა, რათა დავრწმუნებულიყავი თითოეული გადათარგმნილი წინადადების სიზუსტეში“. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ტრაქტატი „ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში“ ნამიბიის ოთხ ენაზე ითარგმნა. დღეს „საგუშაგო კოშკი“ რეგულარულად ქვეყნდება კვანიამა და ნდონგა ენებზე.

17, 18. რომელ რთულ საქმეს შეეჭიდნენ იეჰოვას მოწმეები მექსიკასა და სხვა ქვეყნებში?

17 მექსიკაში ძირითადი ენა ესპანურია. ამ ქვეყანაში ესპანელების დასახლებამდე კი ბევრ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელთაგანაც რამდენიმე ჯერ კიდევ გამოიყენება. ამიტომ, ამჟამად იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა მექსიკის რვა, მათ შორის მექსიკური ჟესტების, ენაზე გამოიცემა. ინდიელთა ენებისგან მაია პირველი იყო, რომელზეც პერიოდული გამოცემის, კერძოდ „ჩვენი სამეფო მსახურების“, გამოქვეყნება დაიწყო. მექსიკაში სამეფოს 572 530 მაუწყებელს შორის რამდენიმე ათასი და-ძმაა მაიას, აცტეკებისა და სხვა ტომებიდან.

18 ბოლო წლებში მილიონობით ადამიანმა შეაფარა თავი სხვა ქვეყნებს ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო სხვაგან გადასახლდა. ამის შედეგად ბევრ ქვეყანაში პირველად გამოჩნდა საკმაოდ დიდი უცხოენოვანი ტერიტორიები. იეჰოვას მოწმეებმა მიზნად დაისახეს რთული დავალების შესრულება, ანუ ამ ტერიტორიების დამუშავება. მაგალითად, იტალიაში იტალიურის გარდა 22 ენაზე არსებობს კრებები და ჯგუფები. იმისათვის, რომ ძმებმა შეძლონ სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხთან ქადაგება, ახლახან ორგანიზება გაეწია სპეციალურ კურსებს, რომლებზეც 16 ენას, მათ შორის იტალიური ჟესტების ენას, ასწავლიან. იეჰოვას მოწმეები ბევრ სხვა ქვეყანაშიც ახმარენ მსგავს ძალისხმევას იმიგრანტებისთვის ქადაგებას. დიახ, იეჰოვას დახმარებით უამრავი ხალხი იკრიბება მრავალი, მრავალი ენობრივი ჯგუფიდან.

„მთელ დედამიწას“

19, 20. პავლეს რომელი სიტყვები სრულდება დღეს არნახული მასშტაბით? ახსენით.

19 პირველ საუკუნეში პავლე მოციქული წერდა: „ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები“ (რომაელთა 10:18). თუ პირველ საუკუნეში იყო ეს ასე, დღეს მით უმეტეს. მილიონობით ადამიანი — ალბათ უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე მთელი ისტორიის მანძილზე — ამბობს: „განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე“ (ფსალმუნები 33:2).

20 აღსანიშნავია ისიც, რომ სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლა არ ჩერდება. სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი კვლავაც იზრდება. უფრო და უფრო მეტი დრო ეთმობა ქადაგებას. მილიონობით განმეორებითი მონახულება კეთდება და ასობით ათასი ბიბლიის შესწავლა ტარდება. ჯერაც ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ინტერესს ავლენენ. გასულ წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი — 16 097 622 — მოვიდა. უდავოა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. კვლავაც მივბაძოთ იმ ძმების სიმტკიცესა და ერთგულებას, რომლებმაც სასტიკი დევნა გადაიტანეს. ჩვენც გამოვავლინოთ ისეთივე გულმოდგინება, როგორსაც 1919 წლიდან ავლენდნენ ჩვენი ძმები, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ იეჰოვას მსახურებაში. ყველა გამოვეხმაუროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ალელუია!“ (ფსალმუნები 150:6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იხილეთ წლიური ანგარიში ამ ჟურნალის 18—21 გვერდებზე.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• რა დავალების შესრულება აიღეს თავის თავზე ძმებმა 1919 წელს და რატომ იყო ეს სირთულეებთან დაკავშირებული?

• რომელი ჯგუფი შეიკრიბა სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად?

• როგორი ნაყოფი გამოიღო მისიონერებისა და სხვა მაუწყებლების მსახურებამ უცხო ქვეყნებში?

• რით შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ დღეს იეჰოვა აკურთხებს თავისი ხალხის საქმიანობას?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი 18-21 გვერდებზე]

იეჰოვას მოწმეების 2003 წლის მსოფლიო ანგარიში

[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]

[სურათები 14, 15 გვერდებზე]

მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულმა ქაოსმა ვერ დააეჭვა ქრისტიანები, რომ სამქადაგებლო საქმე უსათუოდ შესრულდებოდა.

[საავტორო უფლება]

Explosion: U.S. Navy photo; others: U.S. Coast Guard Photo

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

უამრავი ხალხი ყოველი ტომიდან და ენიდან უნდა შეიკრიბოს.