არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისიონერული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის კურთხეული

მისიონერული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის კურთხეული

ბიოგრაფია

მისიონერული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის კურთხეული

მოგვითხრო ტომ კუკმა

შუადღის სიწყნარე უეცრად ცეცხლსასროლი იარაღის ხმამ დაარღვია. ტყვიებმა ჩვენს ეზოშიც გაიზუზუნა. რა იყო ეს? სამხედრო გადატრიალება. მალე გავიგეთ, რომ უგანდას სათავეში უკვე გენერალი იდი ამინი ედგა. ეს მოვლენები 1971 წელს მოხდა.

როგორ მოვხვდით მე და ჩემი მეუღლე, ენი, აფრიკის ამ არასტაბილურ ნაწილში მეტნაკლებად მშვიდი ქვეყნიდან, ინგლისიდან? მართალია, ბუნებითაც აქტიური ცხოვრების მოყვარული ვარ, მაგრამ მისიონერული სულისკვეთება, ძირითადად, სამეფოს საქმისადმი მშობლების ერთგული მსახურების მაგალითმა გამიღვივა.

მახსოვს, 1946 წლის აგვისტოს ცხელი დღე იდგა, როდესაც მშობლები პირველად შეხვდნენ იეჰოვას მოწმეებს. ისინი კართან ძალიან დიდხანს ელაპარაკნენ ორ მქადაგებელს, რომლებმაც სახლში მოგვაკითხეს. ეს მქადაგებლები ფრეიზერ ბრედბერი და მეიმი შრივი იყვნენ. ამის შემდეგ მათ არაერთხელ მოგვინახულეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

მშობლების გამბედაობის მაგალითი

მშობლები ჩაბმულები იყვნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ჩვენი სახლი უინსტონ ჩერჩილის პორტრეტებით იყო სავსე. ომის შემდგომი საყოველთაო არჩევნების პერიოდში ჩვენი ოჯახი კონსერვატიული პარტიის კომიტეტის ადგილობრივ შტაბ-ბინად იქცა. მშობლებს ურთიერთობა ჰქონდათ ცნობილ რელიგიურ წინამძღოლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმ დროს მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რამდენად გამაოგნებელი იყო ნათესავებისთვის ის, რომ იეჰოვას მოწმეები ვხდებოდით.

მოწმეები, რომლებთანაც ურთიერთობა გვქონდა, გულმოდგინებისა და გამბედაობის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევდნენ. ამან მშობლები აღძრა, აქტიური მქადაგებლები გამხდარიყვნენ. მალე მამამ ხმის გამაძლიერებლის დახმარებით მოხსენებებით გამოსვლა დაიწყო ჩვენი სოფლის, სპონდონის, სავაჭრო ცენტრთან ახლოს. როცა ის მოხსენებას კითხულობდა, ბავშვები შესამჩნევ ადგილებზე ვიდექით და ხელში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გვეჭირა. უნდა ვაღიარო, რომ სკოლის ამხანაგების დანახვისას იქ დგომას ყველაფერი მერჩია.

ჩემი უფროსი და, დაფნი, მშობლების მაგალითმა პიონერად მსახურებისკენ აღძრა. 1955 წელს ის „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს. იმავე წელს დაფნი იაპონიაში მისიონერად დაინიშნა *. სამწუხაროდ, ჩემმა უმცროსმა დამ, ზოუიმ, იეჰოვას მსახურება მიატოვა.

ამასობაში, მე კოლეჯში ილუსტრაციისა და გრაფიკის ხელოვნებას ვეუფლებოდი. იმ პერიოდში სტუდენტებს შორის საკმაოდ აქტუალური იყო სამხედრო-სავალდებულო სამსახურის საკითხი. როცა ვთქვი, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმას ვაპირებდი, ეგონათ ვხუმრობდი. ამის გამო მრავალჯერ მომეცა სტუდენტებთან ბიბლიაზე საუბრის შესაძლებლობა. მალე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 12 თვით პატიმრობა მომისაჯეს. ერთი სტუდენტი გოგონა, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა სამხატვრო კოლეჯში და ბიბლიისადმი ინტერესს ავლენდა, მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა. ენი თვითონ გიამბობთ, როგორ მიიღო ჭეშმარიტება.

ენი ჭეშმარიტებას ეცნობა

«ჩემი ოჯახი რელიგიური არ იყო და არც მე ვიყავი რომელიმე ეკლესიაში მონათლული. მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რელიგია და ჩემს მეგობრებს ყველა ეკლესიაში დავყვებოდი. ბიბლიისადმი ინტერესი კი კოლეჯში სტუდენტებთან ტომისა და სხვა მოწმის საუბრების მოსმენამ გამიღვივა. თავზარი დამეცა, როცა გავიგე, რომ ტომი და მისი მეგობარი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში ჩასვეს.

ტომთან მიმოწერა მქონდა, ვიდრე ის ციხეში იყო. გადიოდა დრო და ბიბლიით უფრო მეტად ვინტერესდებოდი. როცა სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში გადავედი საცხოვრებლად, მურიელ ალბერხტთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მურიელი ადრე ესტონეთში მისიონერად მსახურობდა. როგორც მისი, ისე დედამისის მხრიდან საოცრად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. რამდენიმე კვირაში კრების შეხვედრებზე დასწრება და სადგურ „ვიქტორიასთან“ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“–ის გავრცელება დავიწყე.

ლონდონის სამხრეთ ნაწილში „საუთვორკის“ კრებას ვესწრებოდი, სადაც იყვნენ სხვადასხვა ეროვნების სულიერად მოწიფული და–ძმები. ბევრი მათგანი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მათთვის სრულიად უცხო ვიყავი, მაგრამ ახლობელივით მეპყრობოდნენ. სწორედ კრებაში გამეფებულმა სიყვარულმა დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. 1960 წელს მოვინათლე».

მდგომარეობა იცვლება, მიზნები იგივე რჩება

მე და ენი 1960 წლის ბოლოს დავქორწინდით. ორივეს მისიონერად მსახურება გვსურდა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა — გავიგეთ, რომ ბავშვი შეგვეძინებოდა. სარას დაბადების შემდეგ მე და ენს ისევ გვინდოდა საცხოვრებლად ისეთ ქვეყანაში გადასვლა, სადაც მაუწყებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილება იყო. სამუშაოს საშოვნელად ჩემი მონაცემები რამდენიმე ქვეყანაში გავგზავნე. 1966 წლის მაისში უგანდის განათლების სამინისტროდან წერილი მივიღე, საიდანაც შევიტყვე, რომ სამსახურს მთავაზობდნენ. იმ დროს ენი მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ზოგის აზრით, ჩვენს მდგომარეობაში არც კი უნდა გვეფიქრა ასე შორს გამგზავრებაზე. ექიმმა გვირჩია, რომ წასვლას თუ გადავწყვეტდით, მანამდე უნდა გავფრენილიყავით, ვიდრე ენი შვიდი თვის ორსული იქნებოდა. ამიტომაც მალევე წავედით უგანდაში. ჩვენმა მშობლებმა რეიჩელი, ჩვენი მეორე გოგონა, პირველად მაშინ ნახეს, როცა უკვე ორი წლის იყო. ახლა თვითონაც გვყავს შვილიშვილები და კარგად გვესმის, ეს რამხელა მსხვერპლი იყო ჩვენი საყვარელი მშობლების მხრიდან.

ასე რომ, 1966 წელს უგანდაში ჩავედით. ერთი მხრივ, გვახარებდა ახალი ცხოვრების დაწყება, მეორე მხრივ კი — ცოტა გვაშინებდა. თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე თვალი მოგვჭრა კაშკაშა ფერებმა. თავიდან ნილოსის სათავესთან მდებარე ქალაქ ჯინჯადან 50 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ იგანგას მახლობლად დავსახლდით. ჩვენი სახლიდან ყველაზე ახლოს მოწმეები ჯინჯაში ცხოვრობდნენ. იქ იყო იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფი, რომელშიც მისიონერები, გილბერტ და ჯოან უოლტერსები და სტივენ და ბარბარა ჰარდები, მსახურობდნენ. ვითხოვე, რომ სამუშაო ჯინჯაში მოეცათ, რადგან მინდოდა, ჯგუფს უკეთესად დავხმარებოდი. რეიჩელის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ საცხოვრებლად ჯინჯაში გადავედით და შევუერთდით ერთგული მოწმეების პატარა ჯგუფს, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და უგანდაში მეორე კრებად ჩამოყალიბდა.

ახალ ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად მსახურება

მე და ენი ვფიქრობთ, რომ ჩვენი ოჯახისთვის საცხოვრებლად უკეთეს გარემოს ვერსად ვნახავდით. უგანდაში ცხოვრება ბრწყინვალე შესაძლებლობას გვაძლევდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისიონერების მხარდამხარ გვემსახურა და ახლად ჩამოყალიბებულ კრებას დავხმარებოდით. დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა უგანდელ და–ძმებთან ურთიერთობა. ისინი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. განსაკუთრებით სტენლი და ესინალა მაკუმბებთან ურთიერთობა გვამხნევებდა.

ჩვენთან მხოლოდ და–ძმები როდი მოდიოდნენ სტუმრად უგანდაში, სადაც საოცრად მრავალფეროვანი ფაუნით ვიყავით გარემოცული. ღამით ნილოსიდან ბეჰემოთები ამოდიოდნენ და ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს დასეირნობდნენ. დღესაც ცხადად მახსოვს, რომ ერთხელ ჩვენს ეზოში ექვსმეტრიანი პითონი შემოძვრა. ზოგჯერ ცხოველების სანახავად ჩვენ თვითონ მივდიოდით პარკებში, სადაც თავისუფლად დადიოდნენ ლომები თუ სხვა გარეული ცხოველები.

მსახურებისას ჩვენი ოჯახი იშვიათი სანახაობა იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არასდროს ენახათ საბავშვო ეტლი. კარდაკარ ქადაგებისას, ჩვეულებრივ, პატარა ბავშვების ამალა დაგვყვებოდა. უფროსები პატივისცემით გვიყურებდნენ და ხელს კიდებდნენ თეთრ ბავშვს. ქადაგება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, რადგან ხალხი საოცრად თავაზიანი იყო. ბიბლიის შესწავლის დაწყება იმდენად ადვილი იყო, რომ ვფიქრობდით, ყველა შეიცნობდა ჭეშმარიტებას, მაგრამ ბევრს გაუჭირდა არაბიბლიური წეს–ჩვეულებების მიტოვება. მიუხედავად ამისა, საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, ვინც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების მიხედვით ცხოვრება დაიწყო და კრება თანდათანობით გაიზარდა. 1968 წელს ჯინჯაში ჩვენი პირველი სარაიონო კონგრესი განსაკუთრებული მოვლენა იყო. ჩემთვის და ენისთვის დაუვიწყარია მაშინდელი ნათლობა, როცა მდინარე ნილოსში სხვებთან ერთად ისინიც მოინათლნენ, ვისაც ჩვენ ვასწავლიდით ბიბლიას. სამწუხაროდ, ამ მოვლენის შემდეგ მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.

აკრძალვა — რწმენისა და მოხერხებულობის გამოცდა

1971 წელს ძალაუფლება გენერალმა იდი ამინმა ჩაიგდო ხელში. ჯინჯაში დიდი არეულობა იყო შექმნილი და ერთხელაც, როცა ჩვენს ეზოში ჩაის ვსვამდით, მოხდა ის, რაც დასაწყისში აღვწერე. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან ბევრი აზიელი განდევნეს. უცხოელთა უმრავლესობამ საკუთარი ნებით დატოვა უგანდა, რაც უარყოფითად აისახა სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობაზე. შემდეგ მკაცრი განცხადება გაკეთდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. უსაფრთხოების მიზნით, განათლების სამინისტრომ დედაქალაქში, კამპალაში, გადაგვიყვანა. იქ გადასვლას ორი დადებითი მხარე ჰქონდა. ერთი, რომ კამპალაში არ გვიცნობდნენ და თავისუფლად შეგვეძლო სიარული; და მეორე, ბევრი საქმე იყო კრებაში თუ სამქადაგებლო მსახურებაში.

ბრაიან და მერიონ უოლესები თავიანთი ორი ბავშვით ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ჩვენ. მათაც გადაწყვიტეს უგანდაში დარჩენა. იმ მძიმე პერიოდში სიამოვნებით ვმსახურობდით მათთან ერთად კამპალას კრებაში. ბევრჯერ წაგვიკითხავს იმის შესახებ, თუ როგორ მსახურობდნენ ძმები აკრძალვისას სხვა ქვეყნებში. მათი შემთხვევები განსაკუთრებით გამამხნევებელი გახდა ჩვენთვის, როცა მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შეხვედრებს პატარ–პატარა ჯგუფებად ვატარებდით, ხოლო თვეში ერთხელ ერთად ვიკრიბებოდით ენტებეს ბოტანიკურ ბაღში ვითომცდა ბუნებაში დასასვენებლად. ჩვენს გოგონებს ეს იდეა ძალიან მოსწონდათ.

ქადაგებისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით. თეთრკანიანები ვინმეს უგანდელთა სახლის კართან რომ დავენახეთ, ეჭვს აიღებდნენ. ამიტომაც მაღაზიებში, მრავალსართულიან სახლებსა და ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში ვქადაგებდით. მაღაზიებში საუბრის დასაწყებად ასეთ მეთოდს ვიყენებდი: ვიკითხავდი დეფიციტურ პროდუქტს, მაგალითად შაქარს ან ბრინჯს. გამყიდველი თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ღვთის სამეფოზე ვუწყებდი ლაპარაკს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური იყო. ზოგჯერ მაღაზიიდან გამოსვლისას განმეორებითი მონახულებისთვისაც მქონდა ნიადაგი მომზადებული და ძნელად საშოვარი პროდუქტიც მეჭირა ხელში.

ამასობაში, ჩვენ გარშემო სულ უფრო მეტად იკიდებდა ფეხს ძალადობა. უგანდასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. ასე რომ, 1974 წელს, უგანდაში გატარებული 8 წლის შემდეგ, იქაურ და–ძმებს უნდა დავმშვიდობებოდით. ამ ცვლილების მიუხედავად, ჩვენი მისიონერული სულისკვეთება არ გამქრალა.

ახალ გვინეაში

1975 წლის იანვარში ხელიდან არ გავუშვი პაპუა–ახალ გვინეაში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა. ასე დაიწყო წყნარი ოკეანის ამ რეგიონში სასიამოვნო მსახურების რვაწლიანი პერიოდი. პაპუა–ახალ გვინეაში ძმებთან ურთიერთობამ და მსახურებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა.

იქ გატარებულ წლებს ჩვენი ოჯახი უპირველესად ბიბლიურ დრამებს უკავშირებს. ყოველ წელს ვიღებდით მონაწილეობას საოლქო კონგრესისთვის დრამების მომზადებაში, რაც ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებდა. ურთიერთობა გვქონდა სულიერად მტკიცე ოჯახებთან, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენს გოგონებზე. უფროსი ქალიშვილი, სარა, სპეციალურ პიონერს, რეი სმიტს, გაჰყვა ცოლად. ისინი ერთად მსახურობდნენ სპეციალურ პიონერებად ირიან–ჯაიას (ამჟამად პაპუა, ინდონეზიის პროვინცია) საზღვართან ახლოს, სადაც ერთ სოფელში ცხოვრობდნენ ჩალის სახურავიან ქოხში. როგორც სარა ამბობს, იქ მსახურებამ მას ბევრი რამ ასწავლა.

ახალ მდგომარეობასთან შეგუება

იმ დროისათვის მშობლებს უკვე მოვლა სჭირდებოდათ. ინგლისში დაბრუნება არ დაგვჭირდა, რადგან მშობლები დაგვთანხმდნენ, თვითონ წამოსულიყვნენ ჩვენთან და 1983 წელს ყველა ერთად ავსტრალიაში გადავედით საცხოვრებლად. ცოტა ხანს მათ ჩემს დასთან, დაფნისთანაც, იცხოვრეს იაპონიაში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მე და ენმა გადავწყვიტეთ, პიონერული მსახურება დაგვეწყო. ამის შემდეგ დამაკისრეს პასუხისმგებლობა, რომლის შესრულებაც არც ისე იოლი იყო.

პიონერული მსახურება ახალი დაწყებული გვქონდა, როდესაც სარაიონო მსახურება შემოგვთავაზეს. სარაიონო ზედამხედველის მონახულებას ბავშვობიდანვე განსაკუთრებულ მოვლენად ვთვლიდი. ახლა მე თვითონ გავხდი სარაიონო ზედამხედველი. სარაიონო მსახურება იმაზე რთული აღმოჩნდა, რასაც მანამდე ვაკეთებდით. მაგრამ იეჰოვა გვეხმარებოდა ისე, როგორც არასოდეს.

1990 წელს ავსტრალიაში, როდესაც თეოდორ იარაჩი ინახულებდა ფილიალს როგორც სამხარეო ზედამხედველი, ვკითხეთ მას, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ასაკის მიუხედავად, სხვა ქვეყანაში სრული დროით მსახურებად დავნიშნულიყავით. მან სოლომონის კუნძულებზე მსახურება შემოგვთავაზა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე და ენი ოფიციალურად პირველად დავინიშნეთ მისიონერებად, როცა უკვე 50 წელს გადაცილებულები ვიყავით.

„ბედნიერ კუნძულებზე“ მსახურება

სოლომონის კუნძულებს ბედნიერ კუნძულებს ეძახიან და მართლაც, უკვე ათ წელზე მეტია, რაც აქ ბედნიერად ვმსახურობთ. მე და ენმა და–ძმების საოცარი სიკეთე და თანადგომა ვიგრძენით, როცა სოლომონის კუნძულებზე საოლქო ზედამხედველად მსახურება დავიწყე. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა სტუმართმოყვარეობამ. ყველა მოთმინებით მისმენდა, როცა ვცდილობდი, აზრები გასაგებად გამომეხატა სოლომონის კუნძულების პიჯინზე — ენაზე, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მწირი ლექსიკა აქვს.

სოლომონის კუნძულებზე ჩვენი ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, მოწინააღმდეგეები შეეცადნენ, ჩვენთვის საკონგრესო დარბაზით სარგებლობის უფლება ჩამოერთმიათ. ანგლიკანურმა ეკლესიამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ჰონიარაში ჩვენი ახალი საკონგრესო დარბაზის შენობის ნაწილი ეკლესიის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე იდგა. მთავრობამ მხარი დაუჭირა ეკლესიას, ამიტომაც აპელაცია შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული, მოგვიწევდა თუ არა 1 200 კაციანი ახალი საკონგრესო დარბაზის დანგრევა.

საქმე სასამართლოში მთელი კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ბრალმდებელი ჩვენ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს თავდაჯერებულად წარმოადგენდა. მაგრამ ჩვენმა იურისტმა ახალი ზელანდიიდან, ძმა უორენ კეთკარტმა, ერთიმეორის მიყოლებით გამოააშკარავა თითოეული ბრალდების უსაფუძვლობა. პარასკევისთვის სასამართლოს შესახებ უკვე ბევრმა იცოდა და იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ დარბაზში ნემსიც ვერ ჩავარდებოდა. მოსულები იყვნენ ეკლესიის მსახურები, მთავრობის წარმომადგენლები და ჩვენი ძმები. მახსოვს სასამართლოს სხდომის ოქმში დაშვებული შეცდომა: „სოლომონის კუნძულების მთავრობა და მელანეზიის ეკლესია იეჰოვას წინააღმდეგ“. პროცესი მოვიგეთ.

მიუხედავად ამისა, მეტნაკლებად მშვიდი პერიოდი „ბედნიერ კუნძულებზე“ დიდხანს არ გაგრძელებულა. იქაც სამხედრო გადატრიალება მოხდა. მე და ენი კვლავ შფოთისა და ძალადობის გარემოცვაში აღმოვჩნდით. ეთნიკურმა შუღლმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. 2000 წლის 5 ივნისს დედაქალაქში ძალაუფლება შეიარაღებულმა მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელში. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი საკონგრესო დარბაზი უსახლკაროდ დარჩენილთა თავშესაფრად იქცა. ხელისუფლების წარმომადგენლები გაოცებულები იყვნენ, რომ ჩვენი ძმები, თუმცა დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ, საკონგრესო დარბაზში, ერთ ჭერქვეშ, მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ეს ნამდვილად კარგი დამოწმება იყო.

ბრძოლაში ჩაბმული მხარეებიც კი პატივს სცემდნენ იეჰოვას მოწმეთა ნეიტრალურ პოზიციას. ამან ერთხელ შესაძლებლობა მოგვცა, ერთი სამხედრო მეთაური დაგვერწმუნებინა, ლიტერატურითა და სხვა საჭირო ნივთებით სავსე სატვირთო მანქანით ფრონტის ხაზზე გავეტარებინეთ, რათა ძმების მცირერიცხოვან ჯგუფამდე მიგვეღწია. როცა ვიპოვეთ თვეების განმავლობაში ჩვენგან მოწყვეტილი და–​ძმების ოჯახები, ყველანი ვტიროდით.

მადლიერებისთვის უამრავი მიზეზი

იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებზე დაფიქრებისას ვხედავთ, რამდენი რამისთვის უნდა ვიყოთ მადლიერნი. ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის, დიდი კურთხევაა, რომ ქალიშვილები თავიანთ მეუღლეებთან, რეისთან და ჯონთან, ერთად იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებას განაგრძობენ. ისინი დიდ დახმარებას გვიწევდნენ მისიონერული მსახურებისას.

ჩემთვის და ენისთვის დიდი პატივია, რომ უკანასკნელი 12 წელი სოლომონის კუნძულებზე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ვმსახურობთ. ამ ხნის განმავლობაში სოლომონის კუნძულებზე მაუწყებლების რიცხვი გაორმაგდა და 1 800–ს მიაღწია. არც ისე დიდი ხნის წინ წილად მხვდა პატივი, პატერსონში (აშშ, ნიუ–იორკის შტატი) ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის გათვალისწინებული სკოლის კურსი გამევლო. მართლაც რომ კმაყოფილი ვარ განვლილი ცხოვრებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისიონერული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის იეჰოვამ უხვად გვაკურთხა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 იხილეთ სტატია „ჩვენ არ დაგვიყოვნებია“, 1977 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს, 1960 წელი.

[სურათი 24 გვერდზე]

უგანდაში მხარში გვედგნენ სტენლი და ესინალა მაკუმბები.

[სურათი 24 გვერდზე]

სარა მეზობლის ქოხში შედის.

[სურათი 25 გვერდზე]

დაფაზე ვხატავდი, რაც სოლომონის კუნძულების მცხოვრებთა სწავლებაში მეხმარებოდა.

[სურათი 25 გვერდზე]

სოლომონის კუნძულებზე მოშორებულ ტერიტორიაზე არსებულ კრებასთან შეხვედრა.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი ოჯახი დღეს.