არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ომმა სახე იცვალა

ომმა სახე იცვალა

ომმა სახე იცვალა

ომისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი სისასტიკე. ის მუდამ გამანადგურებელი იყო ჯარისკაცებისთვის და მტანჯველი — მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ბოლო დროს ომმა სახე იცვალა. როგორ?

დღეს უმეტესწილად სამოქალაქო ომები ხდება, რომლის დროსაც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებული მოქალაქეები ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყნებს შორის მიმდინარე ომებთან შედარებით, სამოქალაქო ომები ხშირად უფრო დიდხანს გრძელდება, მოსახლეობას მეტ ტრავმას აყენებს და ქვეყანასაც უფრო მეტად აქცევს. „ასეთ დროს დაუნდობელ, სისხლისმღვრელ საომარ ოპერაციებს მიმართავენ, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიკვდილი, გაუპატიურება, იძულებით გადაადგილება და, უკიდურეს შემთხვევაში, გენოციდი მოჰყვება ხოლმე“, — აღნიშნავს ესპანელი ისტორიკოსი ხულიან კასანოვა. როდესაც მხეცურად შენივე ქვეყნის მკვიდრი გეპყრობა, მიყენებული ჭრილობის მოშუშებას შეიძლება საუკუნე დასჭირდეს.

ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ქვეყნებს შორის ომების რიცხვმა შედარებით იკლო. „1990—2000 წლებში ყველა დიდი შეიარაღებული შეტაკება, სამის გამოკლებით, ქვეყნის შიგნით მოხდა“, — აღნიშნავს სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (სმპკსი).

ქვეყნის შიგნით მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტები ნაკლებად საშიში ჩანს და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებშიც, უმეტესწილად, ფართოდ არ შუქდება. მაგრამ ასეთ დაპირისპირებებს ისეთივე ტკივილი და ნგრევა მოჰყვება, როგორიც ქვეყნებს შორის ომებს. მილიონობით ადამიანია დაღუპული სამოქალაქო ომების შედეგად. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყნებში — ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში — დაახლოებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ბალკანეთში ეთნიკური შუღლი თითქმის 250 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, კოლუმბიაში კი პარტიზანულმა ბრძოლებმა 100 000 სიცოცხლე შეიწირა.

სამოქალაქო ომების სისასტიკე განსაკუთრებით პატარებს აყენებს ზიანს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, უკანასკნელ ათწლეულში სამოქალაქო ომების დროს 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა. სხვა 6 მილიონი დაიჭრა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ხდება ჯარისკაცი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „მათ ჯარისკაცად გამწვრთნეს და ხელში იარაღი დამაჭერინეს. ნარკოტიკებს ვიღებდი და მშვიდობიან მოქალაქეთა ხოცვასაც არ ვერიდებოდი. ძალიან ბევრი ადამიანი მომიკლავს. იყო ომი . . . და მე მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებდი. ვიცოდი, რომ ამგვარი მოქმედება ცუდი იყო, მაგრამ ამას საკუთარი სურვილით არ ვაკეთებდი“.

მრავალმა ბავშვმა, რომლებიც ისეთ ქვეყნებში იზრდებიან, სადაც სამოქალაქო ომი ყოველდღიური ყოფის ნაწილია, არც კი იცის, რა არის მშვიდობა. ისინი ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სკოლები დანგრეულია და ხალხი ერთმანეთს იარაღის ენაზე ელაპარაკება. აი, რას ამბობს 14 წლის დიუნა: „ბევრი ადამიანი დაიხოცა . . . აღარ ისმის ჩიტების გალობა; მხოლოდ იმ ბავშვების ტირილს თუ გაიგონებ, რომლებმაც დედა ან მამა, ძმა ან და დაკარგეს“.

რა არის მიზეზი?

რა იწვევს სასტიკ სამოქალაქო ომებს? ძირითადი მიზეზებია: ეთნიკური და ტომობრივი სიძულვილი, რელიგიური შეუწყნარებლობა, უსამართლობა და პოლიტიკური არასტაბილურობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სიხარბე — რაც შეიძლება მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა. პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ხშირად სიხარბე ამოძრავებთ, სიძულვილს აღვივებენ; ეს კი ომების დაწყებას იწვევს. სმპკსი-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეთაგან მრავალს „პირადი გამორჩენა ამოძრავებს“. იმავე ცნობაში ნათქვამია: „სიხარბე მრავალი სახით შეიძლება გამოვლინდეს: სამხედრო და პოლიტიკური მეთაურების მიერ ბრილიანტების ვაჭრობით დაწყებული და შეიარაღებული მოზარდების მიერ სოფლის სახლების ძარცვით დამთავრებული“.

მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ იარაღის შეძენა დღეს ძალიან ადვილად და იაფად არის შესაძლებელი. ცეცხლსასროლი იარაღით წელიწადში დაახლოებით 500 000 მკვლელობა ხდება, რომელთა მსხვერპლიც ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატს და წიწილას დაახლოებით ერთი ფასი აქვს. სამწუხაროდ, ზოგ ქვეყანაში არსებული ავტომატებისა და ამ შინაური ფრინველების რაოდენობაც თითქმის ერთი და იგივეა. ერთი გამოკვლევის თანახმად, მსოფლიოში დღესდღეობით 500 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 12 ადამიანზე 1 იარაღი მოდის.

იქნება სამოქალაქო კონფლიქტები XXI საუკუნისთვისაც დამახასიათებელი? შეიძლება სამოქალაქო ომების შეჩერება? შეწყვეტენ ბოლოს და ბოლოს ადამიანები ერთმანეთის ხოცვას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

სამოქალაქო ომების ტრაგიკული შედეგები

სამოქალაქო ომების დროს უახლესი ტიპის იარაღებს არ იყენებენ, მაგრამ ეს ამგვარი კონფლიქტების სისასტიკეს სულაც არ ამცირებს. ამ დროს დაზარალებულთა 90 პროცენტი ჯარისკაცები კი არ არიან, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაა. „ცხადია, სულ უფრო და უფრო ხშირად ბავშვები ამგვარი კონფლიქტების სამიზნეები არიან და არა — შემთხვევით გასროლილი ტყვიის მსხვერპლნი“, — აღნიშნავს გაეროს ექსპერტი გრასა მაშელი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.

გაუპატიურება საომარი ტაქტიკის ნაწილი გახდა. სოფლებში შეჭრისას ჯარისკაცები თითქმის ყველა გოგონას აუპატიურებენ. მიზანი კი ის არის, რომ პანიკა გაავრცელონ ან ოჯახურ ურთიერთობებს ძირი გამოუთხარონ.

ჩვეულებრივ, ომებს თან სდევს შიმშილობა და ავადმყოფობა. სამოქალაქო ომების დროს არცთუ ისე ბევრს თესავენ და, შესაბამისად, მოსავალიც მწირია; სამედიცინო მომსახურება არ არის ან ძალიან იშვიათია და გაჭირვებულები ჰუმანიტარულ დახმარებასაც თითქმის ვერ იღებენ. აფრიკაში მიმდინარე ერთ-ერთი სამოქალაქო ომის შედეგების შეჯამებამ აჩვენა, რომ ომის დროს დაღუპულთა 20 პროცენტი ავადმყოფობის გამო მოკვდა, 78 პროცენტი კი — შიმშილის გამო. მხოლოდ 2 პროცენტი დაიღუპა უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს.

დანაღმულ ადგილზე გავლის შედეგად, საშუალოდ, ყოველ 22 წუთში ვიღაცა კიდურს ან სიცოცხლეს კარგავს. გამოთვლების თანახმად, 60-ზე მეტ ქვეყანაში 60—70 მილიონი ადგილია დანაღმული.

ხალხი იძულებული ხდება, დატოვოს მშობლიური სახლი. დღეს მსოფლიოში 50 მილიონი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ შორის ნახევარი ბავშვები არიან.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Boy: Photo by Chris Hondros/Getty Images

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Photo by Chris Hondros/Getty Images