არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველამ განვადიდოთ იეჰოვა!

ყველამ განვადიდოთ იეჰოვა!

ყველამ განვადიდოთ იეჰოვა!

„შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა“ (ფსალმუნები 95:7, 8).

1, 2. რა განადიდებს იეჰოვას უსიტყვოდ და ვინ უნდა შეუერთდეს ამ უტყვ მოწმობას?

დავითი, იესეს ვაჟი, ბავშვობიდანვე ცხვარს მწყემსავდა ბეთლემის მიდამოებში. ალბათ, ის ხშირად აკვირდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ უკიდეგანო ცას, როცა ღამის სიჩუმეში მამის ფარას მეთვალყურეობდა. უეჭველია, რომ მას თვალწინ ედგა ეს შთამბეჭდავი სანახაობა, როდესაც ღვთის სულიწმიდის შთაგონებით წერდა მე-18 ფსალმუნის ლამაზ სიტყვებს და გალობდა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო . . . მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები“ (ფსალმუნები 18:2, 5).

2 იეჰოვას მიერ საოცრად შექმნილი ცა ყოველგვარი სიტყვის წარმოთქმისა და ხმის გამოცემის გარეშე დღედაღამ ღაღადებს შემოქმედის დიდების შესახებ. ღვთის ქმნილებები არასდროს წყვეტენ იეჰოვას განდიდებას და „მთელი დედამიწის“ მოსახლეობას უსიტყვოდ გვინერგავენ მოკრძალების გრძნობას. და მაინც, ქმნილებების მხოლოდ უტყვი მოწმობა არ არის საკმარისი. ერთგული ადამიანებიც უნდა შეუერთდნენ მათ და სიტყვიერად დაამოწმონ. ერთმა უცნობმა ფსალმუნმომღერალმა ერთგულ ადამიანებს ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვებით მიმართა: „შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა“ (ფსალმუნები 95:7, 8). ისინი, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან, მთელი გულით ეხმაურებიან ამ მოწვევას. მაგრამ, რას გულისხმობს ღვთის განდიდება?

3. რატომ განადიდებენ ადამიანები ღმერთს?

3 ღვთის განდიდება სიტყვების წარმოთქმაზე მეტს ნიშნავს. ესაიას დროს მცხოვრები ისრაელები ბაგეებით განადიდებდნენ იეჰოვას, მაგრამ მათგან უმეტესობას გულწრფელობა აკლდა. იეჰოვამ ესაიას მეშვეობით თქვა: „მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან“ (ესაია 29:13). ასეთი ადამიანების ბაგეებით წარმოთქმულ ქებას ფასი არ ჰქონდა. იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფასებს თავისი განმადიდებლების სიტყვებს, თუ მისდამი სიყვარულით წარმოთქვამენ მათ და ცხადყოფენ, რომ გულწრფელად აღიარებენ მის განუმეორებელ სიდიადეს. მხოლოდ იეჰოვაა შემოქმედი. ის ყოვლადძლიერია და ყველაზე სამართლიანი; იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. ის არის ჩვენი ხსნის წყარო და უზენაესი მმართველი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა, ზეცაში და დედამიწაზე (გამოცხადება 4:11; 19:1). თუ ნამდვილად გვწამს ყოველივე ეს, მოდი მთელი გულით განვადიდოთ იეჰოვა!

4. რა მითითებები მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვადიდოთ ღმერთი და როგორ შეგვიძლია მივყვეთ ამ მითითებებს?

4 იესო ქრისტემ აგვიხსნა, როგორ უნდა განვადიდოთ ღმერთი: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). როგორ ვიღებთ ბევრ ნაყოფს? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ მთელი გულით ვქადაგებთ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას“ და, ამგვარად, ღვთის ყველა არაცოცხალ ქმნილებასთან ერთად, იეჰოვას „უხილავი თვისებების“ შესახებ ვამოწმებთ (მათე 24:14, აქ; რომაელთა 1:20, აქ). გარდა ამისა, ყველა ჩვენგანი — პირდაპირ თუ არაპირდაპირ — ვმონაწილეობთ ახალი მოწაფეების მომზადებაშიც, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა ღმერთის განმადიდებელი გუნდის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის. ნაყოფს იმითაც ვიღებთ, რომ ვავითარებთ სულიწმიდის ნაყოფს და ვცდილობთ იეჰოვა ღმერთის შეუდარებელი თვისებების არეკვლას (გალატელთა 5:22, 23; ეფესელთა 5:1; კოლასელთა 3:10). ამის შედეგად, ჩვენი ყოველდღიური საქმეები განადიდებს იეჰოვას.

„მთელ დედამიწას“

5. ახსენით, როგორ ამახვილებს პავლე ყურადღებას ქრისტიანთა მოვალეობაზე, რომ თავიანთი რწმენის სხვებისთვის გაზიარებით განადიდონ იეჰოვა.

5 პავლე რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანთა მოვალეობაზე: მათ იეჰოვა უნდა განადიდონ თავიანთი რწმენის სხვებისთვის გაზიარებით. ეს წერილი ძირითადად ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომელთაც სწამთ იესო ქრისტე. ამავე წერილის მე-10 თავში პავლემ გვიჩვენა, რომ მის დროს მცხოვრები იუდეველი მორწმუნეები ჯერ კიდევ მოსეს რჯულის დაცვით ცდილობდნენ ღვთის წინაშე გამართლებას, მაშინ როდესაც ‘ქრისტე იყო რჯულის დასასრული’. ამიტომ პავლემ თქვა: „თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები“. იმ დროიდან მოყოლებული „არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომაელთა 10:4, 9—13).

6. რას დაუკავშირა პავლემ ფსალმუნების 18:5-ში ჩაწერილი სიტყვები?

6 შემდეგ პავლე ლოგიკურ კითხვას სვამს: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:14). იუდეველების შესახებ პავლე ამბობს: „ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას“ (აქ). რატომ არ გამოავლინეს იუდეველებმა მორჩილება? ამის მიზეზი ურწმუნოება იყო და არა ის, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა. ეს რომ ეჩვენებინა, პავლემ ფსალმუნების 18:5-ში ჩაწერილი სიტყვები მოიყვანა და ქრისტიანთა ქადაგებას დაუკავშირა და არა — ქმნილებების უტყვ მოწმობას. მან აღნიშნა: „პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები“ (რომაელთა 10:16, 18). დიახ, პირველი საუკუნის ქრისტიანები ყველგან ქადაგებდნენ გადარჩენის შესახებ სასიხარულო ცნობას და, უსიცოცხლო ქმნილებების მსგავსად, „მთელ დედამიწაზე“ განადიდებდნენ იეჰოვას. პავლემ კოლასელებისადმი მიწერილ წერილშიც აღნიშნა, თუ რამდენად ფართოდ გავრცელდა სასიხარულო ცნობა. მან თქვა, რომ ეს ცნობა ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

გულმოდგინე მოწმეები

7. იესოს მითითების თანახმად, რა მოვალეობა აკისრიათ ქრისტიანებს?

7 როგორც ჩანს, პავლემ თავისი წერილი კოლასელებს იესო ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 27 წლის შემდეგ მისწერა. როგორ მიაღწია ასეთ მოკლე დროში სასიხარულო ცნობამ კოლასამდე? ეს მოხდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა გულმოდგინე ქადაგებისა და იეჰოვას კურთხევის წყალობით. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მიმდევრები აქტიური მქადაგებლები იქნებოდნენ. მან აღნიშნა: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმის გარდა, იესომ თავის მიმდევრებს მისცა მითითება, რომელსაც მათეს სახარების ბოლო მუხლებში ვკითხულობთ: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ზეცაში იესოს ამაღლებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისმა მიმდევრებმა თავიანთი უფლის მითითების შესრულება დაიწყეს.

8, 9. წიგნ „საქმეებში“ აღწერილი შემთხვევის თანახმად, როგორ გამოეხმაურნენ ქრისტიანები იესოს მითითებებს?

8 მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს ერთგულ მიმდევრებზე სულიწმიდა გადმოვიდა, უპირველესად, მათ ქადაგება დაიწყეს და იერუსალიმში ხალხს „ღვთის დიად საქმეებზე“ ესაუბრებოდნენ. მათმა ქადაგებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მსმენელებზე, რომ „სამი ათასამდე სული“ მოინათლა. მოწაფეები განაგრძობდნენ ღვთის სახალხოდ და გულმოდგინედ განდიდებას, რამაც კარგი ნაყოფი გამოიღო (საქმეები 2:4, 11, 41, 46, 47).

9 მალე ქრისტიანთა საქმიანობამ რელიგიური წინამძღოლების ყურადღება მიიქცია. ისინი იმდენად აღშფოთდნენ პეტრესა და იოანეს პირდაპირობით, რომ ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს. მოციქულებმა კი ასე უპასუხეს: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“. მას შემდეგ, რაც დაემუქრნენ და გაათავისუფლეს, პეტრე და იოანე ძმებთან დაბრუნდნენ და ყველამ ერთად მიმართეს იეჰოვას ლოცვით. მათ უკან არ დაიხიეს და იეჰოვას შესთხოვეს: „მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“ (საქმეები 4:13, 20, 29).

10. რა წინააღმდეგობას წააწყდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები და როგორი რეაქცია ჰქონდათ?

10 ქრისტიანთა მიერ წარმოთქმული ეს ლოცვა იეჰოვას ნებას შეესაბამებოდა, რაც ცოტა ხნის შემდეგ დადასტურდა. მოციქულები დააპატიმრეს, მაგრამ ანგელოზმა სასწაულებრივად გაათავისუფლა ისინი და უთხრა: „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა“ (საქმეები 5:18—20). ვინაიდან მოციქულები დაემორჩილნენ ანგელოზის მითითებას, იეჰოვამ კვლავ განაგრძო მათი კურთხევა. ამიტომ „ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:42). აშკარა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა იესოს მიმდევრები იმისაგან, რომ სახალხოდ განედიდებინათ ღმერთი.

11. რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ?

11 მალე სტეფანე შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლეს. მისი მოკვლის შემდეგ სასტიკი წინააღმდეგობის ტალღა აგორდა იერუსალიმში და იესოს მოწაფეები, მოციქულების გარდა, იძულებულნი გახდნენ, იერუსალიმიდან გაქცეულიყვნენ. დაეკარგათ მათ ქადაგების სურვილი დევნის გამო? სრულებითაც არა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:1, 4). ღვთის განსადიდებლად მათ მიერ გამოვლენილი გულმოდგინება არ ცხრებოდა. „საქმეების“ მე-9 თავში ვკითხულობთ, რომ ტარსუსელ ფარისეველს, სახელად სავლეს, სანამ დამასკოში ჩავიდოდა მოწაფეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, იესო გამოეცხადა. ამის შედეგად ის დაბრმავდა. დამასკოში ანანიამ სასწაულებრივად აუხილა თვალი სავლეს. უპირველეს ყოვლისა, რა საქმიანობით დაკავდა სავლე, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულად გახდა ცნობილი? ღვთის სიტყვა გვამცნობს: „სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა“ (საქმეები 9:20).

ყველა ქადაგებდა

12, 13. ა) ისტორიკოსთა მტკიცებების თანახმად, რით გამოირჩეოდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება? ბ) როგორ ეთანხმება „საქმეებში“ მოცემული ცნობები და პავლეს სიტყვები ისტორიკოსების მტკიცებებს?

12 ეჭვი არავის ეპარება, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ყველა წევრი მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში. იმდროინდელ ქრისტიანებზე ფილიპ შაფი თავის ნაშრომში „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“ წერს: „ყველა ქრისტიანული კრება მისიონერული საზოგადოება იყო და თითოეული ქრისტიანი — მისიონერი“. უ. ს. უილიამზი შენიშნავს: „ისტორიული მონაცემები იმაზე მოწმობს, რომ სახარებას ქადაგებდა ადრინდელი ეკლესიის ყველა ქრისტიანი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ ზებუნებრივი ძღვენი [სულიწმიდის ძღვენი]“ (The Glorious Ministry of the Laity). ის აგრეთვე სრული დაბეჯითებით აცხადებს: „იესო ქრისტეს არასდროს უთქვამს, რომ მხოლოდ სამღვდელოების კლასს ექნებოდა ქადაგების განსაკუთრებული პატივი“. ძველ დროში მცხოვრები ქრისტიანების მტერი ცელსუსიც კი წერდა: „მატყლის მბერტყავები, მეწაღეები, მეტყავეები, ყველაზე გაუნათლებელი და მდაბიო ხალხი, სახარების გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ“.

13 ამ სიტყვების უტყუარობა დასტურდება „საქმეებში“ ჩაწერილი ისტორიული ცნობებით. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მას შემდეგ, რაც იესოს მიმდევრებზე სულიწმიდა გადმოვიდა, ყველა მოწაფემ, კაცმა თუ ქალმა, სახალხოდ დაიწყო ღვთის დიდებული საქმეების შესახებ ქადაგება. დევნის შემდეგ, რომელიც სტეფანეს ჩაქოლვას მოჰყვა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მიმოფანტული ყველა ქრისტიანი ავრცელებდა სასიხარულო ცნობას. დაახლოებით 28 წლის შემდეგ, პავლე ყველა ებრაელ ქრისტიანს, და არა უბრალოდ მცირერიცხოვან სამღვდელოების კლასს, სწერდა: „მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). სამქადაგებლო საქმიანობაზე საკუთარი თვალსაზრისის საჩვენებლად პავლემ თქვა: „რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16). უდავოა, რომ პირველი საუკუნის ყველა ერთგულ ქრისტიანს მსგავსი თვალსაზრისი ჰქონდა.

14. რა კავშირია რწმენასა და ქადაგებას შორის?

14 ჭეშმარიტმა ქრისტიანმა იმიტომ უნდა იქადაგოს, რომ ეს საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება რწმენას. პავლემ თქვა: „გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“ (რომაელთა 10:10). მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი, სამღვდელოების კლასი, ავლენს რწმენას და, ამგვარად, მხოლოდ მათ აკისრიათ ქადაგების მოვალეობა? რასაკვირველია, არა. ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ავლენს ძლიერ რწმენას უფლის, იესო ქრისტეს, მიმართ და აღძრულია, საჯაროდ გააცხადოს სხვებთან თავისი მრწამსის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რწმენა მკვდარი იქნება (იაკობი 2:26). პირველ საუკუნეში ყველა ერთგული ქრისტიანი ასეთი სახით ავლენდა რწმენას, რის შედეგადაც იეჰოვას სახელის განდიდების ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმოდა.

15, 16. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სირთულეების მიუხედავად სამქადაგებლო საქმიანობა წინ მიიწევდა?

15 პირველ საუკუნეში იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი და ქრისტიანული კრება იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კრების შიგნით თუ გარეთ სირთულეებიც არსებობდა. მაგალითად, „საქმეების“ მე-6 თავში მოთხრობილია ებრაულ და ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ახალმოქცეულ ძმებს შორის არსებული განხეთქილების შესახებ. ეს პრობლემა მოციქულებმა გადაჭრეს. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ რა შედეგი გამოიღო ამან: „იზრდებოდა ღვთის სიტყვა და ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას“ (საქმეები 6:7).

16 მოგვიანებით პოლიტიკური მდგომარეობა დაიძაბა იუდეის მეფე ჰეროდე აგრიპასა და ტვიროსისა და სიდონის მოსახლეობას შორის ურთიერთობის გამწვავების გამო. ამ ქალაქების მოსახლეობა ცდილობდა, ჰეროდესთან მშვიდობა აღედგინა და ამიტომ ეპირფერებოდნენ მას. პასუხად მეფემ სახალხოდ მიმართა მათ. თავმოყრილი ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა“. მოულოდნელად იეჰოვას ანგელოზმა დასცა ჰეროდე აგრიპა და ის მოკვდა, „რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს“ (საქმეები 12:20—23). რა თავზარდამცემი იყო ეს მათთვის, რომლებიც ადამიანებზე ამყარებდნენ იმედს! (ფსალმუნები 145:3, 4). ქრისტიანები კი განაგრძობდნენ იეჰოვას განდიდებას. ასეთი არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, „უფლის სიტყვა . . . იზრდებოდა და ვრცელდებოდა“ (საქმეები 12:24).

წარსულში და დღეს

17. რის გაკეთებას იწყებდა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი პირველ საუკუნეში?

17 დიახ, პირველ საუკუნეში მსოფლიო ქრისტიანული კრება იეჰოვა ღმერთის გულმოდგინე და აქტიური განმადიდებლებისგან შედგებოდა. თითოეული ერთგული ქრისტიანი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ზოგიერთმა მათგანმა იპოვა ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ ცნობას და, იესოს ნათქვამის თანახმად, მათ ყველაფრის დაცვა ასწავლეს, რაც მან მიუთითა (მათე 28:19, 20). შედეგად კრება იზრდებოდა და უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა ძველი ისრაელის მეფე დავითის მიერ იეჰოვას განსადიდებლად წარმოთქმულ სიტყვებს: „გადიდებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე. რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ“ (ფსალმუნები 85:12, 13).

18. ა) რა განსხვავებაა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებასა და თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროს შორის? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ამ ფაქტის მხედველობაში მიღებით, თეოლოგიის პროფესორის, ალისონ ტრაიტსის, სიტყვები დამაფიქრებელია. თანამედროვე ქრისტიანული სამყაროსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების შედარებისას ის ამბობს: «დღეს ეკლესიების მრევლის მატება, ჩვეულებრივ, ხდება ბიოლოგიური გზით (როდესაც ბავშვები მშობლების სარწმუნოების მიმდევრები ხდებიან) ან სხვაგან გადასვლის წყალობით (როცა ვინმე საცხოვრებელ ადგილს იცვლის და ერთი მრევლიდან მეორეში გადადის). მაგრამ „საქმეებში“ ვხედავთ, რომ ეკლესია ახალმოქცეული ქრისტიანების ხარჯზე იზრდებოდა, რადგან მაშინ ის ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა». ნიშნავს ეს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღარ იზრდებიან რიცხობრივად ახალმოქცეულების ხარჯზე, როგორც იესომ მიგვითითა? რასაკვირველია, არა. ჭეშმარიტი ქრისტიანები დღეს ისეთივე გულმოდგინებით განადიდებენ ღმერთს სახალხოდ, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები. ამას მომდევნო სტატიიდან დავინახავთ.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ განვადიდებთ იეჰოვას?

• რას დაუკავშირა პავლემ ფსალმუნების 18:5-ში ჩაწერილი სიტყვები?

• რა კავშირია რწმენასა და ქადაგებას შორის?

• რით გამოირჩეოდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ცა ყოველთვის ღაღადებს იეჰოვას დიდების შესახებ.

[საავტორო უფლება]

Courtesy of Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin

[სურათები 10 გვერდზე]

ქადაგებასა და ლოცვას შორის მჭიდრო კავშირია.