„გაძღნენ ხენი უფლისანი“
იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება
„გაძღნენ ხენი უფლისანი“
ოდესმე დაკვირვებიხართ, თუ როგორ იჭრება ცად აზიდულ ხეთა ტევრში მზის სხივთა ნაკადი? მოგისმენიათ ქარის მიერ შერხეულ ფოთოლთა შრიალი? (ესაია 7:2).
დედამიწის ზურგზე არის ადგილები, სადაც წელიწადის გარკვეულ დროს ხეთა ფოთლები წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი თუ სხვა ფერთა გამის საოცარი ნაირფეროვნებით გვაწონებენ თავს. თითქოს ტყეს ცეცხლი წაეკიდაო. უნებურად გვახსენდება ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის სიტყვები: „დასჭექეთ მხიარულად, მთებო, ტყევ და მასში ყველა ხემ“ (ესაია 44:23) *.
ჩვენს პლანეტაზე ხმელეთის თითქმის მესამედი ტყითაა დაფარული. ტყე და მასში მობინადრე უამრავი ცოცხალი არსება ჩინებული სახით განადიდებს თავის მხატვარ-კონსტრუქტორსა და შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს. „ადიდეთ უფალი . . . მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო“, — მღეროდა ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 148:7—9).
„ხეები მნიშვნელოვანია ადამიანთა არსებობისთვის და მათი მატერიალური თუ ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის“, — ნათქვამია წიგნში „ხეები ჩვენს ირგვლივ“. ტყეები იცავს, გვინარჩუნებს და გვიუმჯობესებს მტკნარი წყლის მარაგს და გვისუფთავებს ჰაერს. ფოტოსინთეზის სასწაულებრივი პროცესის დროს ფოთლის უჯრედები ნახშირორჟანგს, წყალს, მინერალურ ნივთიერებებსა და მზის სინათლეს ორგანულ ნივთიერებებად და ჟანგბადად გარდაქმნის.
ტყე სილამაზისა და მოწესრიგებულობის შედევრია. მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ვეებერთელა ხეები, მაგრამ მათ შორის იზრდება სხვადასხვა სახის უამრავი გვიმრა, ხავსი, მხვიარა თუ ბალახოვანი მცენარე და ბუჩქი. ტყეში სხვა მცენარეები დამოკიდებულნი არიან დიდი ხეების მიერ შექმნილ გარემო პირობებზე — იზრდებიან მათ ჩრდილქვეშ და იწოვენ მათ მიერ შექმნილ სინოტივეს.
წლის ბოლო თვეებში ზოგ ფართოფოთლოვან ტყეში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 25 მილიონი ფოთოლი ცვივა. რა მოსდის მათ? მწერები, სოკოები, ჭიები და სხვა ორგანიზმები მთელ ამ ორგანულ მასას ჰუმუსად, ნოყიერ ნიადაგში შემავალ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად, აქცევენ. დიახ, არაფერი იკარგება, რადგან ეს ჩუმი მუშაკები ნიადაგს მომავალი ზრდისთვის ამზადებენ.
ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ — ნიადაგში სიცოცხლე ჩქეფს. წიგნში „ტყე“ ნათქვამია: „დაახლოებით 1 350 ცოცხალი ორგანიზმი . . . მკვიდრობს 2,5 სანტიმეტრი სიღრმის 900 კვადრატულ სანტიმეტრ ნიადაგში, თუ არ ჩავთვლით მილიარდობით მიკროორგანიზმს, რომლებიც შეიძლება ერთ მუჭა მიწაში ბინადრობდნენ“. გარდა ამისა, ტყეში მკვიდრობენ ქვეწარმავლები, ფრინველები, მწერები და ძუძუმწოვრები. ვინ უნდა განვადიდოთ ასეთი სილამაზისა და მრავალფეროვნებისთვის? მართებულად შენიშნავს ყოველივე ამის შემოქმედი: „ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში“ (ფსალმუნები 49:10).
ზოგი ცხოველი საოცარი უნარით არის დაჯილდოებული — შეუძლია ზამთრის ძილს მიეცეს და გაუძლოს წელიწადის ამ სუსხიან დროს, როდესაც საკვების შოვნა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ყველა ცხოველი როდი ეძლევა ზამთრის ძილს. ირმების ჯოგს შუა ზამთარშიც ნახავთ, როცა დიდი სისწრაფით მიჰქრიან მინდორზე. ირმები არც ზამთრის ძილს ეძლევიან და არც საკვებს იმარაგებენ, მაგრამ, როგორც გერმანიიდან გამოგზავნილ ზემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ, ისინი ნორჩი ყლორტებითა და კვირტებით იტკბარუნებენ პირს.
წმინდა წერილებში ხშირად შეხვდებით მონაკვეთებს, რომლებიც მცენარეებს ეხება. ერთი გამოთვლის თანახმად, ბიბლიაში დაახლოებით 130 მცენარე და მათ შორის 30 სახეობის ხეა მოხსენიებული. ბოტანიკოს მაიკლ ზოჰარის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამბობს: „ჩვეულებრივ, არაპროფესიონალურ ლიტერატურაში ვერ ნახავთ ადამიანების ცხოვრებაზე მცენარეების მრავალგვარი გავლენის ამსახველ იმდენ ეპიზოდს, რამდენიც ბიბლიაშია მოცემული“.
ხეები და ტყეები ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის საუცხოო საჩუქარია. თუ ტყეში გვისეირნია, აუცილებლად დავეთანხმებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „გაძღნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე“ (ფსალმუნები 103:16, 17).
[სქოლიო]
^ აბზ. 4 იხილეთ იეჰოვას მოწმეთა 2004 წლის კალენდარი (იანვარი/თებერვალი).
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
ახლო აღმოსავლეთის ხეხილს შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნუშის ხეა. ის ზამთრის ძილიდან წლის დასაწყისში, სხვა ხეებზე საკმაოდ ადრე, გამოდის. ძველად ებრაელები ამ ხეს გამომღვიძებელს უწოდებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ადრე ყვავილობს. ნუში მშვენიერი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით იპენტება (ეკლესიასტე 12:5).
ჩიტების დაახლოებით 9 000 ცნობილ სახეობათაგან 5 000-მდე სახეობა მგალობელია. მათი გალობა ტყის სიმყუდროვეს არღვევს (ფსალმუნები 103:12). მაგალითად, მგალობელი გრატა მხიარული რეპერტუარით გამოირჩევა. მგლოვიარე ასპუჭაკა, რომელიც აქვე მოცემულ სურათზეა აღბეჭდილი, პატარა მგალობელი ჩიტია, რომელიც ნაცრისფერი, ყვითელი და მომწვანო ფერებითაა შემკობილი (ფსალმუნები 148:1, 10).
[სურათი 9 გვერდზე]
ტყე ნორმანდიაში (საფრანგეთი).