არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაპირებები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ

დაპირებები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ

დაპირებები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ

ღვთის წინასწარმეტყველმა მიქამ იცოდა, რომ დაპირებები ხშირად შეიძლება არასაიმედო აღმოჩენილიყო. მის დღეებში თვით ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ყოველთვის არ ასრულებდნენ მიცემულ პირობას. ამიტომ მიქა გაფრთხილებას იძლეოდა: „ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი“ (მიქა 7:5).

დართო მიქამ ასეთ სავალალო მდგომარეობას იმის უფლება, რომ ნებისმიერი დაპირებისთვის ეჭვის თვალით შეეხედა? არა. მან სრული ნდობა გამოთქვა თავისი ღმერთის, იეჰოვას, დაპირებებისადმი. „მე კი, — დაწერა მიქამ, — უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს (მიქა 7:7).

რატომ იყო მიქა ასე ღრმად დარწმუნებული? მან იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ღმერთმა ყველაფერი, რაც მიქას წინაპრებს შეჰფიცა, ერთგულად შეასრულა (მიქა 7:20). წარსულში იეჰოვას მიერ გამოვლენილი ერთგულების გამო მიქას სრული საფუძველი ჰქონდა, ერწმუნა, რომ იეჰოვა მომავალშიც შეასრულებდა თავის სიტყვას.

„არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა“

მიქამ იცოდა, რომ იეჰოვამ გაათავისუფლა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან (მიქა 7:15). იესო ნავეს ძემ, რომელიც გადარჩენილთა შორის იყო, გაამხნევა თანამემამულეები, რომ ღვთის ყველა დაპირებისადმი რწმენა ჰქონოდათ. მაგრამ, რა უნდა ყოფილიყო ამ რწმენის საფუძველი? „შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, — შეახსენა მათ იესო ნავეს ძემ, — რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა“ (იესო ნავეს ძე 23:14).

ისრაელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იეჰოვამ გასაოცარი საქმეები მოიმოქმედა მათთვის. ღმერთმა შეასრულა მათი ღვთისმოშიში წინაპრისთვის, აბრაამისთვის, მიცემული აღთქმა, რომ მისი შთამომავლები ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანნი იქნებოდნენ და ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ. იეჰოვამ ისიც უთხრა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები დაახლოებით 400 წლის მანძილზე დაიჩაგრებოდნენ, მაგრამ „მეოთხე თაობაში“ დაბრუნდებოდნენ ქანაანში. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა (დაბადება 15:5—16; გამოსვლა 3:6—8).

იაკობის ვაჟის, იოსების, ეგვიპტეში მმართველობის დროს ისრაელები ძალიან კარგად მიიღეს ამ ქვეყანაში. მოგვიანებით კი ეგვიპტელებმა დაიმონეს ისინი და არაადამიანური მოპყრობით აიძულებდნენ, რომ მონური შრომა გაეწიათ. მაგრამ ღვთის მიერ მიცემული პირობის თანახმად, აბრაამის შთამომავლები ეგვიპტის მიერ ისრაელის დამონებიდან მეოთხე თაობაში გათავისუფლდნენ მონობის მარწუხებიდან *.

მომდევნო 40 წლის განმავლობაში ისრაელები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს. ღმერთმა იბრძოლა თავისი ხალხისთვის და დაიცვა ისინი, როდესაც ყამალეკელებმა უსამართლოდ მიიტანეს იერიში მათზე. 40 წლის განმავლობაში უდაბნოში ყოფნის დროს იეჰოვა ისრაელიანთა ყველანაირ მატერიალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე დაასახლა. როდესაც იესო ნავეს ძემ მოკლედ მოიხსენია, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა აბრაამის ამ შთამომავლებს, სრული დაჯერებულობით თქვა: „არ გაცუდებულა არც ერთი სიტყვა ყველა კეთილი სიტყვიდან, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა, ყოველივე ახდა“ (იესო ნავეს ძე 21:45).

განავითარეთ რწმენა ღვთის აღთქმებისადმი

როგორ შეგიძლიათ მიქასა და იესო ნავეს ძის მსგავსად განავითაროთ რწმენა იეჰოვას აღთქმებისადმი? როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ სხვებისადმი ნდობის გამოვლენა? რაც შეიძლება კარგად უნდა გაიცნოთ ისინი. მაგალითად, თუ დააკვირდებით, რამდენად მთელი გულით ცდილობენ ყველა პირობის შესრულებას, შეგიძლიათ გაიგოთ, იმსახურებენ თუ არა ნდობას. რაც უფრო კარგად ეცნობით ამ ადამიანებს, მით უფრო გიჩნდებათ მათდამი ნდობა. მსგავსადვე შეგიძლიათ ღვთის აღთქმებისადმი რწმენის განვითარება.

ამის ერთ-ერთი საშუალებაა ღვთის ქმნილებებსა და ბუნებაში არსებულ კანონებზე დაფიქრება. მეცნიერები ენდობიან ბუნების კანონებს, მაგალითად კანონს, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ერთი უჯრედის დაყოფას, გამრავლებას და მისგან მთელი ორგანიზმის ტრილიონობით უჯრედის წარმოქმნას. კანონები, რომლებიც მთელ სამყაროში ენერგიისა და მატერიის ქმედებას განსაზღვრავენ, სრულიად სანდო კანონმდებლის მიერ უნდა იყოს დადგენილი. რასაკვირველია, თქვენ ისევე შეგიძლიათ ენდოთ ღვთის დაპირებებს, როგორც ბუნების კანონებს (ფსალმუნები 138:14—16; ესაია 40:26; ებრაელთა 3:4).

იეჰოვამ მიქას თანამედროვე წინასწარმეტყველის, ესაიას, მეშვეობით თავისი სიტყვის უტყუარობა წელიწადის დროების რეგულარული მონაცვლეობის და წყლის გასაოცარი წრებრუნვის მაგალითზე დაგვანახვა. წვიმა ყოველ წელს მოდიოდა. ის ნიადაგს სინოტივეს აძლევდა, რის წყალობითაც ადამიანებს დათესვისა და მოსავლის მოყვანის საშუალება ეძლეოდათ. იეჰოვამ თქვა: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:10, 11).

სამოთხესთან დაკავშირებით მოცემული საიმედო აღთქმები

ქმნილებებზე დაკვირვება შემოქმედისადმი ნდობას გვინერგავს, მაგრამ, თუ გსურთ გაიგოთ იმ დაპირებების შესახებ, რომლებიც ‘ღვთის პირიდან გამომავალი სიტყვის’ ნაწილია, უფრო მეტი რამ მოითხოვება. იმისათვის, რომ შევიტყოთ, თუ რა დაპირებებზეა საუბარი და გვჯეროდეს, რომ ისინი შესრულდება, საჭიროა გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ღმერთი დედამიწის მიმართ თავისი განზრახვისა და ადამიანებთან თავისი ურთიერთობის შესახებ საღვთო წერილში (2 ტიმოთე 3:14—17).

წინასწარმეტყველ მიქას სწამდა იეჰოვას აღთქმების. დღეს, მიქასგან განსხვავებით, ღვთის ინსპირირებულ სიტყვას უფრო დიდი მოცულობით ვფლობთ. როდესაც ბიბლიას კითხულობთ და ფიქრობთ წაკითხულზე, თქვენც ავითარებთ რწმენას, რომ ღვთის აღთქმები შესრულდება. ეს დაპირებები არა მხოლოდ აბრაამის ნამდვილ შთამომავლებზე ვრცელდება, არამედ მთელ კაცობრიობაზე. იეჰოვამ ამ ღვთისმოშიშ პატრიარქს აღუთქვა: „იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა“ (დაბადება 22:18). აბრაამის შთამომავლობის ანუ „თესლის“ მთავარ ნაწილს მესია, იესო ქრისტე, წარმოადგენს (გალატელთა 3:16).

იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით იზრუნა, რომ მორჩილი ადამიანები ეკურთხებინა. რისი გაკეთება აღგვითქვა ღმერთმა ჩვენს დღეებში? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს მიქას 4:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები: «უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: „წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით‘‘».

ისინი, რომლებიც იეჰოვას გზების შესახებ იგებენ, ‘თავიანთ მახვილებს სახნისებად ჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად’. მათ ბრძოლის ყოველგვარი სურვილი უქრებათ. მალე დედამიწა სამართლიანი ადამიანებით აივსება და არავინ იქნება მათი დამაფრთხობელი (მიქა 4:3, 4). დიახ, ღვთის სიტყვაში მოცემული დაპირებების თანახმად, სამეფოს მმართველობის დროს, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში, იეჰოვა დედამიწიდან აღგვის ყველა მჩაგვრელს (ესაია 11:6—9; დანიელი 2:44; გამოცხადება 11:18).

ისინიც კი, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ პირველი ადამიანის აჯანყების შედეგად დაიტანჯნენ და დაიხოცნენ, მკვდრეთით აღდგებიან და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა ექნებათ (იოანე 5:28, 29). სატანა და მისი დემონები, ბოროტების გამღვივებლები, მოშორებულნი იქნებიან და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით ადამის ცოდვის შედეგები აღმოიფხვრება (მათე 20:28; რომაელთა 3:23, 24; 5:12; 6:23; გამოცხადება 20:1—3). რა ელით მორჩილ ადამიანებს? მათ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში (ფსალმუნები 36:10, 11; ლუკა 23:43, აქ; გამოცხადება 21:3—5).

რა შესანიშნავი დაპირებებია! შეიძლება ადამიანს სჯეროდეს, რომ ისინი შესრულდება? რასაკვირველია. ეს დაპირებები არ მოუციათ ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, კარგი განზრახვები ამოძრავებთ, მაგრამ არ შესწევთ მათი შესრულების ძალა. ეს აღთქმები მოგვცა ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომელიც არასდროს ცრუობს და „არ აყოვნებს . . . აღთქმულს“ (2 პეტრე 3:9; ებრაელთა 6:13—18). თქვენ შეგიძლიათ სრულიად გჯეროდეთ, რომ ბიბლიაში მოცემული ყველა დაპირება შესრულდება, რადგან ‘ჭეშმარიტი ღმერთისგან’ მომდინარეობს (ფსალმუნები 30:6).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი I, გვერდები 911, 912 (ინგლ.).

[ჩანართი 6 გვერდზე]

„არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს“

(იესო ნავეს ძე 23:14).

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

იეჰოვამ ისრაელს წითელ ზღვასთან და უდაბნოში ყოფნის დროს დაპირებები შეუსრულა.

[სურათები 7 გვერდზე]

იეჰოვამ აბრაამს შეუსრულა მიცემული აღთქმა. ის აბრაამის „თესლის“, იესო ქრისტეს, მეშვეობით აკურთხებს კაცობრიობას.