არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიდება მივაგოთ ღმერთს და არა ადამიანს

დიდება მივაგოთ ღმერთს და არა ადამიანს

დიდება მივაგოთ ღმერთს და არა ადამიანს

გასულ თვეებში მთელი დედამიწის ზურგზე სიმართლის მოყვარულმა ადამიანებმა იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესებზე „დიდება მივაგოთ ღმერთს“ ისწავლეს, თუ როგორ განადიდონ ღმერთი. ახლა მოკლედ გავიმეოროთ იქ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა.

დელეგატთა უმეტესობისთვის ბიბლიაზე დაფუძნებული პროგრამა სამი დღე გრძელდებოდა, ხოლო მათთვის, ვინც საერთაშორისო კონგრესებზე დასწრება შეძლო — ოთხი დღე. მთლიანობაში, კონგრესის პროგრამა 30-ზე მეტი ნაწილისგან შედგებოდა; მათ შორის იყო მოხსენებები, რომლებიც მსმენელებს სულიერი საკითხების უფრო ღრმად წვდომასა და მადლიერების გამოვლენაში დაეხმარებოდა; რწმენის განმამტკიცებელი შემთხვევები; ინსცენირებები, რომლებშიც თვალნათლივ იყო ნაჩვენები, თუ როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები; და კოსტიუმირებული დრამა, სადაც ნაჩვენები იყო, რა სირთულეებს აწყდებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები. თუ თქვენც დაესწარით ამ კონგრესს, კარგი იქნებოდა ამ სტატიის წაკითხვის პარალელურად თქვენი ჩანაწერებისთვისაც გადაგეხედათ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი სახით ბევრ რამეს გაიხსენებთ სულიერი ნადიმიდან, რაც სასარგებლოც იქნება.

პირველი დღე — „შენ ღირსი ხარ, უფალო . . . მიიღო დიდება“

სიმღერისა და ლოცვის შემდეგ პირველი მომხსენებელი გულთბილად მიესალმა დელეგატებს. მოხსენებაში „ჩვენ ღვთის განსადიდებლად შევიკრიბეთ“ მან ყურადღება გაამახვილა კონგრესის ძირითად მიზანზე. ორატორმა წაიკითხა გამოცხადების 4:11 და ხაზი გაუსვა კონგრესის საერთო თემას. მან დასაწყისშივე ახსნა, რას ნიშნავს ღვთის განდიდება და „ფსალმუნების“ საფუძველზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთის განდიდებაში შედის თაყვანისცემა, მადლიერების გამოხატვა და ხოტბის შესხმა (ფსალმუნები 94:6; 99:4, 5; 110:1, 2).

შემდეგი მომხსენებელი გამოვიდა მოხსენებით „კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ღმერთს განადიდებენ“. მან საინტერესო ფაქტი აღნიშნა: ვინაიდან ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე მთელ დედამიწაზე 234 ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი დღე და ღამე განადიდებენ იეჰოვას (გამოცხადება 7:15). პროგრამის ეს ნაწილი ერთი თავისებურებით გამოირჩეოდა, რამაც მსმენელებს გულები გაუთბო — მომხსენებელმა ინტერვიუ ჩამოართვა ძმებსა და დებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სპეციალური სრული დროით მსახურებით არიან დაკავებულები.

„ქმნილება განადიდებს იეჰოვას“ — ასეთი იყო მომდევნო მოხსენების სათაური. ფიზიკურ ზეცას ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ უსიტყვოდ განადიდებს ღმერთს; ჩვენ კი გვეხმარება, უფრო მადლიერები ვიყოთ იმისათვის, რომ ღმერთი ასე სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე. აღნიშნული თემა მოხსენებაში დაწვრილებით იყო განხილული (ესაია 40:26).

დევნა, წინააღმდეგობა, წუთისოფლის გავლენა და არასრულყოფილებისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებები საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტი ქრისტიანების უმწიკვლობას. ამიტომ მოხსენება „იარე უმწიკვლოდ!“ მსმენელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მომხსენებელმა განიხილა 25-ე ფსალმუნის თითოეული მუხლი; ორატორმა ინტერვიუ ჩამოართვა სასკოლო ასაკის მოწმეს, რომელიც მტკიცედ დადგა და ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავიდა. ინტერვიუ აიღეს სხვა ახალგაზრდისგანაც, რომელიც დიდ დროს უთმობდა საეჭვო ხასიათის გართობას, მაგრამ შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემის დასაძლევად.

დილის პროგრამა დასრულდა წამყვანი მოხსენებით: „დიდებული წინასწარმეტყველური ხილვები მოქმედებისკენ აღგვძრავს!“. ორატორმა ილაპარაკა მესიანური სამეფოს დამყარებასა და მმართველობასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველურ ხილვებზე, რომლებიც წინასწარმეტყველმა დანიელმა და იოანე და პეტრე მოციქულებმა იხილეს, რამაც ამ უკანასკნელთ რწმენა განუმტკიცა. მათ შესახებ, ვინ დაივიწყა იმის აშკარად დამადასტურებელი ფაქტები, რომ აღსასრულის ჟამს ვცხოვრობთ, მომხსენებელმა თქვა: „ვიმედოვნებთ, ისინი კვლავ მთელ ყურადღებას მიაპყრობენ იმას, რომ ქრისტე დღეს უკვე მოსულია სამეფო ძალაუფლებით და გამოასწორებენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას“.

ნაშუადღევის პროგრამა დაიწყო მოხსენებით „იეჰოვამ თავისი დიდება თავმდაბლებს გაუმჟღავნა“. მომხსენებელმა აღნიშნა, თუ როგორ გვაძლევს თავმდაბლობის მაგალითს იეჰოვა, სამყაროში უდიდესი პიროვნება (ფსალმუნები 18:35, აქ [17:36]). იეჰოვა კეთილგანწყობით ეკიდება ნამდვილად თავმდაბალ ადამიანებს, ხოლო ეწინააღმდეგება მათ, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად ჩანან ასეთები, ანუ თავმდაბლები არიან თანასწორებთან ან უფრო მაღლა მდგომ ადამიანებთან და უხეშად ეპყრობიან ხელქვეითებს (ფსალმუნები 137:6).

შემდგომ, მოხსენებათა სერიაში „ამოსის წინასწარმეტყველება — მისი მნიშვნელობა დღეს“ განხილული იყო ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების სხვადასხვა მხარე. პირველმა მომხსენებელმა ამოსის მაგალითი მოიყვანა და ყურადღება გაამახვილა ჩვენს ვალდებულებაზე, რომ ხალხი ღვთის სამსჯავროს შესახებ გავაფრთხილოთ. მან ისაუბრა თემაზე: „გაბედულად ილაპარაკეთ ღვთის სიტყვის შესახებ“. მეორე გამომსვლელმა დასვა კითხვა: „მოსპობს ღმერთი ოდესმე დედამიწაზე ბოროტებასა და ტანჯვას?“ მოხსენებაში „ბოროტების წინააღმდეგ ღვთის სამსჯავრო“ მან აღნიშნა, რომ ღვთის განაჩენი ყოველთვის დამსახურებულია; ამ განაჩენის აცდენა შეუძლებელია და ღმერთი განურჩევლად არ სჯის ადამიანებს. ბოლო მოხსენებაში ორატორმა ყურადღება გაამახვილა თემაზე: „იეჰოვა გულებს იკვლევს“. ისინი, რომლებსაც იეჰოვას მოსაწონად მოქმედება სურთ, ყურად იღებენ ამოსის 5:15-ში ჩაწერილ სიტყვებს: „შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ“.

ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად ღვინო, ღვთისგან გულის გასამხიარულებლად ბოძებული ძღვენი, შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. მოხსენებაში „არ გაება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მახეში“ მომხსენებელმა ჩამოთვალა ის ფიზიკური და სულიერი საშიშროებები, რომლებიც ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას მოჰყვება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანი არ თვრება. ორატორმა აღნიშნა ძირითადი პრინციპი: ალკოჰოლს ყველა სხვადასხვაგვარად იტანს, ამიტომ ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც ‘გონიერებისა და განსჯის’ უნარს აქვეითებს, მეტისმეტია (იგავები 3:21, 22).

დღეს ჩვენ კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ. ამიტომ შემდგომი მოხსენება «იეჰოვა ჩვენი მფარველია „გაჭირვების ჟამს“» მსმენელთათვის მანუგეშებელი იყო. როგორც აღინიშნა, რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში ქრისტიანს ლოცვა, სულიწმიდა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა დაეხმარება.

პირველი დღის პროგრამის ბოლო მოხსენება «„მადლიანი ქვეყანა“ — სამოთხის პირველსახე» დასრულდა ყველასთვის სასიხარულო სიურპრიზით — გამოცხადდა, რომ გამოიცა ახალი პუბლიკაცია, რომელშიც მრავალი ბიბლიური რუკაა მოცემული. პუბლიკაციის სათაურია „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“.

მეორე დღე — „მოუთხრეთ წარმართებს მისი დიდება“

ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ წარმოდგენილი იყო მეორე მოხსენებათა სერია — ‘სარკესავით ავირეკლოთ იეჰოვას დიდება’. პირველმა ორატორმა განიხილა თემა „ყველგან გავავრცელოთ სასიხარულო ცნობა“, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო სამქადაგებლო მსახურებიდან რეალური შემთხვევებიც. მეორე მოხსენებაში „თვალი ავუხილოთ მათ, რომლებიც სიბნელეში დადიან“ ჩართული იყო განმეორებითი მონახულების ინსცენირება. საინტერესო ინტერვიუები აიღეს მოხსენებათა სერიის ბოლო მოხსენებაში „უფრო სრულად შევასრულოთ ჩვენი მსახურება“. ეს ინტერვიუები სამქადაგებლო მსახურების დროს მომხდარ შემთხვევებს ეხებოდა.

პროგრამის შემდგომ ნაწილში წარმოითქვა მოხსენება: „უმიზეზოდ მოძულებულები“. მომხსენებელმა ინტერვიუ ჩამოართვა ერთგულ ქრისტიანებს, რომლებმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, ღვთის ძალის დახმარებით შეძლეს უმწიკვლობის შენარჩუნება, რაც მსმენელთათვის ძალიან გამამხნევებელი იყო.

კონგრესებზე ყოველთვის სიამოვნებით მოელიან მოსანათლავებისთვის განკუთვნილ მოხსენებას, რომელსაც წყალში სრული ჩაძირვით ნათლობა მოსდევს. ინათლებიან ისინი, რომლებიც ამისთვის სათანადოდ არიან მომზადებულნი. წყალში ნათლობა იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი თავს უძღვნის იეჰოვას. ასე რომ, მოხსენება „მიძღვნის თანახმად ცხოვრება ღმერთს განადიდებს“ მართლაც რომ მოვლენის შესაფერისი იყო.

ნაშუადღევის პროგრამა დაიწყო მოხსენებით „დიდებულებაზე ქრისტეს თვალსაზრისი გქონდეთ“, რომელმაც მსმენელები საკუთარი თავის გამოკვლევისკენ აღძრა. ორატორმა საინტერესო აზრი თქვა — დიდებული მაშინ არის ადამიანი, როდესაც ქრისტეს თავმდაბლობას ბაძავს. ამგვარად, ქრისტიანი პასუხისმგებლობისკენ იმ მიზნით არ უნდა ისწრაფოდეს, რომ პირადი ამბიციები დაიკმაყოფილოს. მან საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: „სიამოვნებით ვასრულებ ისეთ საჭირო დავალებას, რომელიც თვალში საცემი არ არის?“

დაღლილობა — განგიცდიათ ეს გრძნობა ოდესმე? ცხადია, რომ დროდადრო ყველა იღლება. ამიტომ მსმენელებმა დიდი სიამოვნებით მოისმინეს მოხსენება „დაღლილნი, მაგრამ არა ქანცგაწყვეტილნი“. ინტერვიუ ჩამოართვეს მოწმეებს, რომლებიც დიდი ხანია ღმერთს ემსახურებიან. მათი სიტყვებიდან აშკარად ჩანდა, რომ იეჰოვა ‘თავისი სულით განგვამტკიცებს’ (ეფესელთა 3:16).

გულუხვობა თანდაყოლილი თვისება არ არის, მაგრამ აუცილებელია მისი განვითარება. ამ მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება გაამახვილა მომდევნო გამომსვლელმა მოხსენებაში: „იყავი გულუხვი — მზად იყავი გასაცემად“. მომხსენებელმა დასვა დასაფიქრებელი კითხვა: „ვართ მზად, დრო გამოვუყოთ ხანდაზმულ, ავადმყოფ, დეპრესიაში მყოფ ან მარტოობით დატანჯულ ძმებსა თუ დებს?“

მსმენელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მოხსენება: „ერიდეთ უცხოთა ხმას“. მასში იესოს მიმდევრები შედარებულები იყვნენ ცხვრებთან, რომლებიც მხოლოდ თავიანთი „კეთილი მწყემსის“ ხმას უსმენენ და არა — „უცხოთა ხმას“, რომელიც ეშმაკის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანური წყაროებიდან მომდინარეობს (იოანე 10:5, 14, 27).

გუნდის მიერ შესრულებული სიმღერა გასაგები რომ იყოს, გუნდის წევრები შეთანხმებულად უნდა მღეროდნენ. მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ღმერთი რომ განადიდონ, საჭიროა ერთიანობა. მოხსენებაში «„ერთხმად“ განადიდეთ ღმერთი» მოცემული იყო სასარგებლო რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ყველამ ერთ „სუფთა ენაზე“ ვილაპარაკოთ და ღმერთს მხარდამხარ ვემსახუროთ (სოფონია 3:9, აქ).

მშობლები, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, გულისყურით ისმენდნენ მეორე დღის პროგრამის ბოლო მოხსენებას: „შვილები ძვირფასი მემკვიდრეობაა“. მსმენელებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო იმის გაგება, რომ გამოვიდა ახალი 256-გვერდიანი პუბლიკაცია. წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ მშობლებს დაეხმარება შვილების, ღვთისგან ბოძებული საჩუქრის, სულიერ პიროვნებებად აღზრდაში.

მესამე დღე — „ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“

კონგრესის ბოლო დღე ყოველდღიური მუხლის განხილვით დაიწყო. დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება ოჯახზე გამახვილდა. „მშობლებო, იზრუნეთ თქვენს ოჯახებზე“ — იყო პირველი მოხსენება, რომლითაც დაიწყო ოჯახის თემაზე მოხსენებები. ორატორმა აღნიშნა, რომ მშობლების ვალდებულება ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაა, მაგრამ უმთავრესი შვილების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

მომდევნო მომხსენებელმა ახალგაზრდებს მიმართა და განიხილა თემა: „როგორ განადიდებენ იეჰოვას ახალგაზრდები“. მან ახალგაზრდები „ცვარს“ შეადარა, რადგან ცვარივით ბევრნი არიან და მათი ენთუზიაზმი ისეთივე გამომაცოცხლებელია, როგორც დილის ცვარი. უფროსები ბედნიერნი არიან მათთან ერთად იეჰოვასადმი მსახურებით (ფსალმუნები 109:3). მომხსენებელმა ინტერვიუ ჩამოართვა სამაგალითო ახალგაზრდებს.

საოლქო კონგრესების პროგრამის ნაწილი ყოველთვის არის კოსტიუმირებული ბიბლიური დრამა, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით მოელის. გამონაკლისი არც ეს კონგრესი ყოფილა. დრამაში „წინააღმდეგობის მიუხედავად გაბედულად ქადაგება“ ნაჩვენები იყო ქრისტეს პირველი საუკუნის მიმდევრების მოღვაწეობა. ის იმდენად გასართობი არ იყო, რამდენადაც დამმოძღვრავი. შემდეგ წარმოთქმულ მოხსენებაში „სასიხარული ცნობის დაუცხრომლად ქადაგება“ დრამის მნიშვნელოვან პუნქტებზე იყო გამახვილებული ყურადღება.

დამსწრეები მოუთმენლად ელოდნენ კვირის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს, საჯარო მოხსენებას „ვინ მიაგებს დღეს ღმერთს დიდებას?“ მომხსენებელმა ფაქტებით დაასაბუთა, რომ მეცნიერები და რელიგიური ორგანიზაციები, საერთო ჯამში, ღმერთს არ განადიდებენ. არსებობს ღვთის სახელის მატარებელ ადამიანთა მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომელიც იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების ქადაგებითა და სხვებისთვის სწავლებით ნამდვილად განადიდებს ღვთის სახელს.

საჯარო მოხსენებას მოჰყვა კონგრესის კვირისთვის განკუთვნილი სასწავლო სტატიის განხილვა „საგუშაგო კოშკიდან“. შემდეგ კი წარმოითქვა დასკვნითი მოხსენება: „‘ბევრი ნაყოფის გამოღებით’ დიდება მივაგოთ ღმერთს“. მომხსენებელმა ყველა დამსწრეს შესთავაზა, მიეღოთ ათი მუხლისგან შემდგარი რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ როგორ შეიძლება შემოქმედისთვის, იეჰოვასთვის, დიდების მიგება. მთელი მსოფლიოს კონგრესებზე ყველგან გაისმა ხმამაღლა „დიახ“!

ასე დასრულდა კონგრესი „დიდება მივაგოთ ღმერთს“ და მისი თემა ღრმად ჩაიბეჭდა დამსწრეთა გულებში. დაე, იეჰოვას სულისა და მისი ხილული ორგანიზაციის დახმარებით, ყოველთვის მივაგოთ დიდება ღმერთს და არა ადამიანს!

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

საერთაშორისო კონგრესები

ოთხდღიანი საერთაშორისო კონგრესები ჩატარდა აზიასა და აფრიკაში, ავსტრალიასა და ევროპაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ამ კონგრესებზე დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მიწვეულები. სტუმრები და მასპინძლები ‘ერთმანეთს ამხნევებდნენ’ (რომაელთა 1:12, აქ). მრავალმა დამსწრემ ძველი მეგობრობა განაახლა და მრავალნიც იქ დამეგობრდნენ. საერთაშორისო კონგრესები იმით გამოირჩეოდა, რომ პროგრამაში ჩამატებული იყო ნაწილი: „ცნობები სხვა ქვეყნებიდან“.

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

ახალი პუბლიკაციები, რომლებიც დიდებას მიაგებს ღმერთს

კონგრესებზე „დიდება მივაგოთ ღმერთს“ გამოცხადდა ორი ახალი პუბლიკაციის გამოცემის შესახებ. ბიბლიური ატლასი „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“ 36-გვერდიანია და მასში მოცემულია ბიბლიური ადგილების რუკები და სურათები. ატლასის ყველა გვერდი ფერთა სიმრავლით გამოირჩევა. ახალ პუბლიკაციაში ნახავთ ასურეთის, ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიების რუკებს. ცალკეა რუკები, რომლებზეც იესოს მსახურების მარშრუტი და ქრისტიანობის გავრცელების მასშტაბებია ნაჩვენები.

256-გვერდიანი წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ დაახლოებით 230 ილუსტრაციას შეიცავს. ილუსტრაციების დათვალიერება და დამაფიქრებელ კითხვებზე პასუხების გაცემა ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. ამ პუბლიკაციის მიზანია, ხელი შეუშალოს სატანას ჩვენი ბავშვების ზნეობრივად გახრწნაში.

[სურათი 23 გვერდზე]

მისიონერები ყვებოდნენ რწმენის განმამტკიცებელ შემთხვევებს.

[სურათები 24 გვერდზე]

კონგრესების — „დიდება მივაგოთ ღმერთს“ — პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ნათლობა.

[სურათები 24 გვერდზე]

ბიბლიურ დრამას დიდი თუ პატარა სიამოვნებით უყურებდა და უსმენდა.