„ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო პროექტი“
„ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო პროექტი“
სოლომონის მეფობის დროს, დაახლოებით 3 000 წლის წინათ, როდესაც იეჰოვას ტაძარი ააგეს, გააკეთეს სპილენძის საუცხოო საბანელი და ტაძრის წინ, შესასვლელთან დადგეს. მისი მასა 30 ტონას აღემატებოდა, ტევადობა კი დაახლოებით 40 000 ლიტრი იყო. ამ უზარმაზარ საბანელს ჩამოსხმული ზღვა უწოდეს (3 მეფეთა 7:23—26). „თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ებრაელი ერის მიერ შესრულებული ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო პროექტი იყო“, — აღნიშნავს კანადის ეროვნული კვლევითი საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი ალბერტ ზუიდჰოფი ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგი“.
როგორ ჩამოასხეს ეს „ზღვა“? „იორდანეს მხარეში ჩამოასხა ისინი [სპილენძის ნაკეთობები] მეფემ, თიხნარ ნიადაგზე“ (3 მეფეთა 7:45, 46). «ეს მეთოდი, ალბათ, „სანთლის მოდელის დაკარგვით“ ჩამოსხმის მსგავსი უნდა ყოფილიყო; იგი დღემდე გამოიყენება ბრინჯაოს დიდი ზარების ჩამოსასხმელად», — ამბობს ზუიდჰოფი. აი, რას გვეუბნება ის ჩამოსხმის მეთოდთან დაკავშირებით: „ალბათ, გამოიყენებდნენ ცვილის მოდელს. ცვილი კარგად გამომშრალ, ამოყირავებულ ყალიბზე უნდა ყოფილიყო დადებული . . . ამ პროცესის დასრულების შემდეგ ჩამომსხმელი ცვილს ზემოდან ისევ ყალიბის მასას დაადებდა და დაელოდებოდა გაშრობას. ბოლო სტადიაზე ცვილს დაადნობდა და გადმოღვრიდა, წარმოქმნილ ღრუში კი ბრინჯაოს ჩაასხამდა“.
უზარმაზარი ზომისა და მასის „ზღვის“ ჩამოსასხმელად დიდი ოსტატობა იყო საჭირო. შიდა და გარე ყალიბი ისე უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რომ დაახლოებით 30 ტონა გამდნარი სპილენძის მასისთვის გაეძლო; ჩამოსხმა კი ერთ ჯერზე უნდა დასრულებულიყო, რათა ნაკეთობას ბზარი ან რაიმე ზადი არ ჰქონოდა. ალბათ, რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული ღუმლის გამოყენება იქნებოდა საჭირო, რათა გამდნარი მეტალი ყალიბში ჩაესხათ. მართლაც რომ ძალიან შრომატევადი საქმეა!
ტაძრის მიძღვნის დროს ლოცვისას მეფე სოლომონმა იეჰოვა ღმერთი განადიდა სამუშაოების წარმატებით შესრულებისთვის. „დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები“, — თქვა მეფემ (3 მეფეთა 8:24).