ვის დაპირებებს შეგიძლიათ ენდოთ?
ვის დაპირებებს შეგიძლიათ ენდოთ?
„დაპირებების მიცემისას ისეთივე ძლიერი იყო, როგორიც უწინ, მათი შესრულებისას კი — ისეთივე არარაობა, როგორიც ახლა“ (უილიამ შექსპირი, „ჰენრი მერვე“).
ამ დაპირებებს, რომელთა შესახებაც შექსპირი წერდა, იძლეოდა ინგლისელი კარდინალი ტომას ვულზი. ის XVI საუკუნეში დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდა ინგლისში. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ შექსპირის სიტყვები ზუსტად აღწერს დღევანდელი დაპირებების უმეტესობასაც. ხალხს ბევრ რამეს ჰპირდებიან, მაგრამ მათგან უმეტესობას არ ასრულებენ. ასე რომ, სავსებით გასაგებია, თუ რატომ უყურებენ დღეს ეჭვის თვალით ნებისმიერ დაპირებას.
იმედგაცრუების უამრავი მიზეზი
გასული საუკუნის 90-იან წლებში ბალკანეთში მომხდარი საშინელი კონფლიქტის დროს გაეროს უშიშროების საბჭომ ბოსნიის ქალაქი სრებრენიცა „უსაფრთხო ზონად“ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ მიცემული პირობა საიმედო ჩანდა. ასე ფიქრობდა სრებრენიცაში მცხოვრები ათასობით ლტოლვილი მუსლიმანი. მაგრამ, საბოლოოდ, უსაფრთხოების შესახებ მიცემული დაპირება დაპირებად დარჩა (ფსალმუნები 145:3). 1995 წლის ივლისში თავდამსხმელებმა ადვილად ჩამოიცილეს გაეროს შეიარაღებული ძალები და ქალაქში შეიჭრნენ. 6 000-ზე მეტი მუსლიმანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და, სულ მცირე, 1 200 მშვიდობიანი მუსლიმანი მოქალაქე მოკლეს.
შეუსრულებელი დაპირებებით ცხოვრების ყველა სფეროა სავსე. ხალხი მოტყუებულად გრძნობს თავს „მთელი რიგი ცრუ ან შეცდომაში შემყვანი სარეკლამო ინფორმაციებით“, რითაც გამუდმებით იბომბებიან. ისინი იმედგაცრუებულნი არიან „ათასობით პოლიტიკოსის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მიცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო“ („ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“, ტომი 15, გვერდი 37). ნდობის ღირსად მიჩნეული რელიგიური ხელმძღვანელები, რომლებიც პირობას იძლევიან, რომ იზრუნებენ თავიანთ მრევლზე, ყველაზე შემზარავად ეპყრობიან მათ. მედიცინისა და განათლების მუშაკებიდანაც კი, რომლებისგანაც უფრო მეტად მოელიან თანაგრძნობასა და მზრუნველობას, ზოგმა არ გაამართლა ნდობა; თავიანთი მდგომარეობა პირადი გამორჩენის მიზნით გამოიყენეს ან მოკლეს კიდეც ისინი, ვისი სიცოცხლეც მიანდეს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ გვაფრთხილებს ბიბლია, რომ ყველა სიტყვის არ უნდა გვჯეროდეს (იგავები 14:15, სსგ).
შესრულებული დაპირებები
რასაკვირველია, ბევრი ასრულებს თავის დაპირებებს და ზოგჯერ ამისათვის დიდ მსხვერპლზეც კი მიდიან (ფსალმუნები 14:4). ისინი მთელი სერიოზულობით ეკიდებიან მიცემულ პირობას და ასრულებენ კიდეც მას. სხვებს გულწრფელად სურთ და მზად არიან, შეასრულონ თავიანთი დაპირებები, რომელთა მიცემისას კეთილი განზრახვა ამოძრავებდათ, მაგრამ, უბრალოდ, არ შეუძლით ამის გაკეთება. შექმნილმა ვითარებებმა შეიძლება თვით ყველაზე კეთილშობილური განზრახვების შესრულებასაც კი შეუშალოს ხელი (ეკლესიასტე 9:11).
ასე თუ ისე, დღეს ბევრ ადამიანს უჭირს, ენდოს ვინმეს დაპირებებს. ამიტომ წამოიჭრება კითხვა: შეგვიძლია ვენდოთ ვინმეს დაპირებებს? დიახ. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულ დაპირებებს. რატომ არ განგვეხილა, რა არის ამ საკითხზე ნათქვამი მომდევნო სტატიაში? სხვა მილიონების მსგავსად, შეიძლება თქვენც დაასკვნათ, რომ ღვთის დაპირებები ნამდვილად სანდოა.
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
AP Photo/Amel Emric