არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია

იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია

იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია

„დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია“ (ფსალმუნები 144:3).

1, 2. როგორი პიროვნება იყო დავითი და, ღმერთთან შედარებით, როგორ პიროვნებად მიიჩნევდა თავს?

ფსალმუნმომღერალი, რომელმაც 144-ე ფსალმუნი დაწერა, წარსულში მცხოვრები ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია. სიყმაწვილეში მან აბჯარასხმული გოლიათი დაამარცხა და სიცოცხლეს გამოასალმა. წლების განმავლობაში ამ მებრძოლმა მეფემ უამრავ მტერს სძლია. მისი სახელია დავითი. ის ძველი ისრაელის მეორე მეფე იყო. დავითმა ღირსეული სახელი დაიმკვიდრა. მის შესახებ დღესაც კი მილიონობით ადამიანს სმენია.

2 ასეთი მიღწევების მიუხედავად, დავითი თავმდაბალი იყო. ის იეჰოვას უმღეროდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5). დავითს დიდი წარმოდგენა არ ჰქონია თავის თავზე. ის აღიარებდა, რომ იეჰოვა იყო მტრების ხელიდან მისი დამხსნელი. დავითმა დაწერა: «ხსნის ფარს შენ მაძლევ და, შენი მოწყალება [„თავმდაბლობა“, აქ] განმადიდებს» (2 მეფეთა 22:1, 2, 36). იეჰოვა თავმდაბლობას ავლენს იმით, რომ ცოდვილი ადამიანების მიმართ გულმოწყალეა; და დავითი აფასებდა ღვთის დაუმსახურებელ წყალობას.

„აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო“

3. ა) ვის მიიჩნევდა დავითი ისრაელის ჭეშმარიტ მეფედ? ბ) იეჰოვას განდიდების რამდენად ძლიერი სურვილი ჰქონდა დავითს?

3 მიუხედავად იმისა, რომ დავითი ღვთის მიერ იყო გამეფებული, ისრაელის ჭეშმარიტ მეფედ ის იეჰოვას მიიჩნევდა. დავითმა თქვა: „შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად“ (1 ნეშტთა 29:11). დავითი პატივს სცემდა ღვთის მმართველობას. „აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო, — მღეროდა ის, — და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნები 144:1, 2). დავითს ძლიერი სურვილი ჰქონდა ყოველდღე, მარადიულად განედიდებინა იეჰოვა.

4. რომელი ბრალდებების სიცრუეს ააშკარავებს 144-ე ფსალმუნი?

4 ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნი ძლიერი არგუმენტია სატანის განაცხადის წინააღმდეგ, რომ ღმერთი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და თავისუფლებას ართმევს თავის ქმნილებებს (დაბადება 3:1—5). გარდა ამისა, ეს ფსალმუნი ააშკარავებს სატანის სიტყვების სიცრუეს, რომ ღმერთს თავისი ქმნილებები მხოლოდ გამორჩენისთვის ემსახურებიან და არა სიყვარულის გამო (იობი 1:9—11; 2:4, 5). დავითის მსგავსად, ქრისტიანები დღესაც ნათელყოფენ სატანის ბრალდებების უსაფუძვლობას. მათთვის ძვირფასია ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიული სიცოცხლის იმედი, რადგან ძლიერი სურვილი აქვთ, მარადიულად განადიდონ იეჰოვა. დღეს იეჰოვას უკვე მილიონობით ადამიანი განადიდებს. ისინი რწმენას ავლენენ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი და სიყვარულით, მორჩილად ემსახურებიან იეჰოვას, როგორც მისდამი მიძღვნილი, მონათლული მსახურები (რომაელთა 5:8; 1 იოანე 5:3).

5, 6. ღვთის განდიდების რა შესაძლებლობები გვეძლევა?

5 დავფიქრდეთ, იეჰოვას მსახურებს მისი განდიდების რამდენი შესაძლებლობა გვეძლევა. შეგვიძლია ლოცვით განვადიდოთ იეჰოვა, როცა მის სიტყვაში, ბიბლიაში, ისეთ რამეს ვკითხულობთ, რაც ჩვენს გულს ეხება. გარდა ამისა, ღვთისადმი მადლიერება შეგვიძლია გამოვხატოთ, როდესაც ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ხალხს ან როდესაც მისი სასწაულებრივი ქმნილებებით განსაკუთრებით ვიხიბლებით. იეჰოვა თანამორწმუნეებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე თუ პირად საუბრებში მის განზრახვებზე ლაპარაკითაც შეგვიძლია განვადიდოთ. ფაქტობრივად, ჩვენს ნებისმიერ „კეთილ საქმეს“, რომელიც ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება, დიდება მოაქვს იეჰოვასთვის (მათე 5:16).

6 ასეთი კეთილი საქმეების მაგალითია ის, რომ უკანასკნელ წლებში იეჰოვას ხალხმა ღარიბ ქვეყნებში ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მრავალი დარბაზი ააშენა. მათი უმრავლესობა აშენდა სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეების ფინანსური მხარდაჭერით. ზოგი ქრისტიანი თანამორწმუნეთა დასახმარებლად მოხალისედ მსახურობს სხვა ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობაზე. და მაინც, უმთავრესი კეთილი საქმე სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით იეჰოვას განდიდებაა (მათე 24:14). როგორც 144-ე ფსალმუნიდან ვხედავთ, დავითი აფასებდა ღვთის მმართველობას და განადიდებდა მის მეფობას (ფსალმუნები 144:11, 12). თქვენც აფასებთ იმას, რომ ღმერთი ჩვენი მოსიყვარულე მმართველია? რეგულარულად საუბრობთ ხალხთან მისი სამეფოს შესახებ?

ღვთის სიდიადის მაგალითები

7. მოიყვანეთ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა.

7 ფსალმუნების 144:3-ში მოცემულია ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა. დავითი ამბობს: „დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია“. იეჰოვას სიდიადეს საზღვარი არა აქვს. ადამიანისთვის შეუძლებელია ბოლომდე ჩასწვდეს მას. მიუხედავად ამისა, სარგებლობას მოგვიტანს იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადის რამდენიმე მაგალითის განხილვა.

8. რას ცხადყოფს სამყარო იეჰოვას სიდიადესა და ძალაზე?

8 გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ უღრუბლო ცას უყურებდით. განა შთამბეჭდავი სანახაობა არ იყო? განა არ აღიძარით, განგედიდებინათ იეჰოვა ციური სხეულების შექმნისთვის, რაც მის სიდიადეზე მეტყველებს? ის, რაც თქვენ დაინახეთ, ვარსკვლავების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. როგორც ვარაუდობენ, სამყაროში ას მილიარდზე მეტი გალაქტიკაა. ჩვენ კი ტელესკოპის გარეშე მხოლოდ სამი მათგანის დანახვა შეგვიძლია. დიახ, ვარსკვლავები და გალაქტიკები, რომლებიც უკიდეგანო სამყაროს ქმნის, მართლაც რომ შესანიშნავად ცხადყოფს იეჰოვას შემოქმედებით ძალასა და მიუწვდომელ სიდიადეს (ესაია 40:26).

9, 10. ა) იეჰოვას სიდიადის რა მხარეები გამოვლინდა იესო ქრისტესთან დაკავშირებით? ბ) რა გავლენა უნდა იქონიოს იესოს მკვდრეთით აღდგენამ ჩვენს რწმენაზე?

9 განვიხილოთ იეჰოვას სიდიადის სხვა მხარეებიც, რომლებიც იესო ქრისტეს უკავშირდება. ღვთის სიდიადე იმით გამოვლინდა, რომ მან სიცოცხლე მისცა თავის პირველ ქმნილებას, მხოლოდშობილ ძეს და მრავალი წლის მანძილზე მას თავის „ოსტატად“ იყენებდა (იგავები 8:22—31, სსგ). იეჰოვამ სიდიადე და უდიდესი სიყვარული მაშინაც გამოავლინა, როცა კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად გაიღო მხოლოდშობილი ძე (მათე 20:28; იოანე 3:16; 1 იოანე 2:1, 2). ჩვენს გაგებას აღემატება ის, რომ იეჰოვამ იესოს დიდებული, უკვდავი სულიერი სხეული მისცა მკვდრეთით აღდგენის შემდეგ (1 პეტრე 3:18).

10 იესოს მკვდრეთით აღდგენასთან იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადის მრავალი შთამბეჭდავი მხარეა დაკავშირებული. უეჭველია, ღმერთმა იესოს მეხსიერებაში აღადგინა ყველაფერი, რაც კი ყოველივე უხილავის თუ ხილულის შექმნას უკავშირდებოდა (კოლასელთა 1:15, 16). ეს გულისხმობს სულიერი ქმნილებების, სამყაროს, დედამიწისა და ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის შექმნას. იეჰოვამ თავის ძეს გაახსენა ზეციერი ცხოვრება და ის, რაც დედამიწაზე ხდებოდა მის მოსვლამდე; გარდა ამისა, მეხსიერებაში აღუდგინა ყველაფერი, რაც დედამიწაზე მის სრულყოფილ ადამიანად ცხოვრებას ეხებოდა. დიახ, იესოს მკვდრეთით აღდგომაში იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადე გამოვლინდა. უფრო მეტიც, ეს დიდებული მოვლენა იმის გარანტიაა, რომ სხვებიც აღდგებიან. მან რწმენა უნდა განგვიმტკიცოს, რომ ღმერთი აღადგენს მილიონობით გარდაცვლილ ადამიანს, რომლებიც მის სრულყოფილ მეხსიერებაში არიან (იოანე 5:28, 29; საქმეები 17:31).

ღვთის სასწაულებრივი და ძლიერი საქმეები

11. რა სასწაულებრივი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ, დაწყებული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან?

11 იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, იეჰოვამ სხვა არაერთი სასწაულებრივი საქმე მოიმოქმედა (ფსალმუნები 39:6). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მან დასაბამი მისცა ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“, რომელსაც ქრისტეს ცხებული მიმდევრები შეადგენენ (გალატელთა 6:16). ეს ახალი სულიერი ერი სასწაულებრივად გაიზარდა რიცხობრივად იმდროინდელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ განდგომილებამ მოიკიდა ფეხი და, შედეგად, ქრისტიანული სამყარო ჩამოყალიბდა, იეჰოვამ თავისი განზრახვის განსახორციელებლად კვლავაც განაგრძო სასწაულებრივი საქმეების კეთება.

12. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიბლია დღეს მრავალ ენაზეა ნათარგმნი?

12 მაგალითად, მან იზრუნა იმაზე, რომ ბიბლია დღემდე შემონახულიყო და მსოფლიოს ყველა ძირითად ენაზე თარგმნილიყო. ბიბლია ხშირად ურთულეს მდგომარეობაში ითარგმნებოდა. მთარგმნელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ სატანის მიმდევრები. შეუძლებელი იქნებოდა 2 000-ზე მეტ ენაზე ბიბლიის თარგმნა, ეს რომ არ განეზრახა იეჰოვას — ღმერთს, რომლის სიდიადეც მიუწვდომელია.

13. როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიდიადე 1914 წლიდან მის სამეფოსთან დაკავშირებით?

13 იეჰოვას სიდიადე ღვთის სამეფოსთან დაკავშირებითაც გამოვლინდა. მაგალითად, 1914 წელს მან თავისი ძე, იესო ქრისტე, ამ სამეფოს ზეციერ ტახტზე აიყვანა. მალე იესომ სატანისა და მისი დემონების წინააღმდეგ გაილაშქრა და ზეციდან გამოდევნა ისინი. მათი მოქმედების საზღვრები დედამიწით შემოიფარგლა, მაგრამ სულ უფრო მეტად ახლოვდება დრო, როდესაც უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი (გამოცხადება 12:9—12; 20:1—3). 1914 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ იესოს ცხებული მიმდევრების სასტიკი დევნა დაიწყო, მაგრამ იეჰოვა განსაკუთრებულად უჭერს მათ მხარს იმ დროიდან, რაც ქრისტე უხილავად უკვე მოსულია (მათე 24:3; გამოცხადება 12:17).

14. რა სასწაულებრივი საქმე გააკეთა იეჰოვამ 1919 წელს და რა მოჰყვა ამას?

14 თავისი სიდიადე იეჰოვამ სხვა სასწაულებრივი საქმითაც გამოავლინა. 1919 წელს მან იესოს ცხებული მიმდევრები სულიერი უმოქმედობიდან გამოაცოცხლა (გამოცხადება 11:3—11). იმ დროიდან მოყოლებული ცხებული ქრისტიანები გულმოდგინედ ქადაგებენ ზეცაში დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას. მას შემდეგ შეიკრიბნენ სხვა ცხებული ქრისტიანებიც და მათი სრული რიცხვი, 144 000, შეივსო (გამოცხადება 14:1—3). ქრისტეს ცხებული მიმდევრების მეშვეობით იეჰოვამ საფუძველი ჩაუყარა „ახალ მიწას“, ანუ მართალ ადამიანთა საზოგადოებას (გამოცხადება 21:1). მაგრამ რა დაემართება „ახალ მიწას“, როცა ყველა ერთგული ცხებული ქრისტიანი ზეცაში წავა?

15. რა საქმეს უდგანან სათავეში ცხებული ქრისტიანები და რა არის შედეგი?

15 „საგუშაგო კოშკის“ 1935 წლის 1 აგვისტოსა და 15 აგვისტოს ნომრებში მოცემული იყო ორი მნიშვნელოვანი სტატია გამოცხადების მე-7 თავში მოხსენიებულ „უამრავ ხალხთან“ დაკავშირებით. ცხებულმა ქრისტიანებმა გულმოდგინედ დაიწყეს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ იმ ადამიანების ძებნა და შეკრება, რომლებიც მათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შეუერთდებოდნენ. ეს „უამრავი ხალხი“ მოახლოებულ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს და, როგორც „ახალი მიწის“ მუდმივი წევრები, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9—14). სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობის შედეგად, რომელსაც სათავეში ცხებული ქრისტიანები უდგანან, უკვე ექვს მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი. ვინ იმსახურებს ქებას იმისათვის, რომ სატანისა და მისი ქვეყნიერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთის ხალხის რიცხვი იზრდება? (1 იოანე 5:19). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ამის გაკეთება თავისი სულიწმიდის მეშვეობით (ესაია 60:22; ზაქარია 4:6).

იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’

16. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს პირდაპირი გაგებით იხილონ იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’?

16 იეჰოვას სასწაულებრივი და ძლიერი საქმეები არასდროს ეძლევა დავიწყებას. დავითი წერდა: „თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. შენს დიდმშვენიერებაზე, შენს დიდებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ“ (ფსალმუნები 144:4—6). მაგრამ როგორ შეეძლო დავითს ბევრი რამ სცოდნოდა იეჰოვას „დიდმშვენიერებაზე“, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ „ღმერთი არის სული“ და, აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის უხილავია? (იოანე 1:18; 4:24).

17, 18. რა ეხმარებოდა დავითს იეჰოვას ‘დიდმშვენიერებისა და დიდების’ დანახვაში?

17 მართალია, დავითი ღმერთს პირდაპირი გაგებით ვერ ხედავდა, მაგრამ მას შეეძლო სხვადასხვა გზით დაენახა იეჰოვას დიდება. მაგალითად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, საღვთო წერილში წაეკითხა ღვთის ძლიერი საქმეების შესახებ, მათ შორის ის, თუ როგორ გაანადგურა ღმერთმა ბოროტი წუთისოფელი მსოფლიო წარღვნით. დავითს ისიც ეცოდინებოდა, როგორ დამცირდნენ ეგვიპტის ცრუ ღმერთები, როცა ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან გაათავისუფლა. ეს მოვლენები იეჰოვას დიდებასა და სიდიადეზე მოწმობდნენ.

18 უეჭველია, იეჰოვას დიდების დანახვის შესაძლებლობას დავითს, წმინდა წერილების კითხვასთან ერთად, წაკითხულზე დაფიქრებაც აძლევდა. ის, ალბათ, ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდა, როცა იეჰოვამ რჯული მისცა ისრაელებს. როგორც ბიბლიაშია აღწერილი, იმ დროს იყო „გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი“. სინის მთა ირყეოდა და ბოლავდა. მთის ძირას შეკრებილმა ისრაელებმა ცეცხლის შუაგულიდან გაიგონეს კიდეც „ათი მცნება“, როცა იეჰოვა ანგელოზის მეშვეობით ლაპარაკობდა (მეორე რჯული 4:32—36; 5:22—24; 10:4; გამოსვლა 19:16—20; საქმეები 7:38, 53). მაშინ ნამდვილად სასწაულებრივად გამოვლინდა იეჰოვას დიდებულება. მათზე, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს და ვინც ფიქრობს ამ მოვლენებზე, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’. დღეს ჩვენ ბიბლიის სხვა წიგნების კითხვაც შეგვიძლია. ზოგ მათგანში მოცემულია შთამბეჭდავი ხილვები, რომლებიც იეჰოვას დიდებულების უკეთ დანახვაში დაგვეხმარება (ეზეკიელი 1:26—28; დანიელი 7:9, 10; გამოცხადება, თავი 4).

19. რა დაგვეხმარება იეჰოვას დიდების დანახვაში?

19 დავითს ღვთის დიდების დანახვაში ისრაელისთვის მიცემული რჯულის შესწავლაც დაეხმარებოდა (მეორე რჯული 17:18—20; ფსალმუნები 18:8—12). იეჰოვას რჯულისადმი მორჩილება განადიდებდა და სხვა ერებისგან გამოყოფდა ისრაელს (მეორე რჯული 4:6—8). დავითის მსგავსად, საღვთო წერილის რეგულარული კითხვა, შესწავლა და წაკითხულზე დაფიქრება ჩვენც დაგვეხმარება იეჰოვას დიდების უკეთ დანახვასა და დაფასებაში.

ღვთის დიდებული თვისებები

20, 21. ა) იეჰოვას რომელ თვისებებთანაა დაკავშირებული მისი სიდიადე 144-ე ფსალმუნის მე-7—9 მუხლებში? ბ) რა გავლენას ახდენს ღვთის ზემოხსენებული თვისებები მათზე, ვისაც ღმერთი უყვარს?

20 როგორც უკვე განვიხილეთ, 144-ე ფსალმუნის პირველ ექვს მუხლში მოცემულია საფუძვლიანი მიზეზები, რომ იეჰოვა თავისი მიუწვდომელი სიდიადისთვის განვადიდოთ. მე-7—9 მუხლებში იეჰოვას განსადიდებლად ყურადღება მის თვისებებზეა გამახვილებული. დავითი მღერის: «ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას [„სიკარგისას“, აქ] გამოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე».

21 დავითი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიკარგესა და სიმართლეზე — თვისებებზე, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენა სატანა ეშმაკმა. რა გავლენას ახდეს ღვთის ეს თვისებები მათზე, ვისაც უყვარს ღმერთი და მის მმართველობას ემორჩილება? იეჰოვას სიკარგე და მისი სამართლიანი მმართველობა ღვთის თაყვანისმცემლებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს, რის გამოც ისინი ღმერთს განუწყვეტლივ განადიდებენ. იეჰოვა ‘კარგია ყველას მიმართ’. ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ ბევრს დაეხმარება, მოინანიონ და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები გახდნენ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო (საქმეები 14:15—17).

22. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს?

22 დავითი ღვთის იმ თვისებებსაც აფასებდა, რომლებზეც იეჰოვამ თვითონ გაამახვილა ყურადღება, როდესაც «გაიარა . . . [მოსეს] წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი“» (გამოსვლა 34:6). ამიტომაც, დავითს შეეძლო ეთქვა: „გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე“. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია, ის პატივისცემით ეპყრობა თავის მიწიერ მსახურებს და მათდამი გულმოწყალებას ავლენს. ის საოცრად შემბრალეა და მზადაა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მიუტევოს ცოდვილებს დანაშაული, როცა ინანიებენ. გარდა ამისა, იეჰოვა სულგრძელია. ის თავის მსახურებს შესაძლებლობას აძლევს, დაძლიონ სისუსტეები, რომლებიც მათ ხელს შეუშლიდა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადასვლაში (2 პეტრე 3:9, 13, 14).

23. ღვთის რომელ მნიშვნელოვან თვისებას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

23 დავითი ხოტბას ასხამს იეჰოვას კიდევ ერთ თვისებას, სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს ანუ ურყევ სიყვარულს (ებრ. „ხესედ“), რომელიც 144-ე ფსალმუნში „მოწყალებად“ არის ნათარგმნი. შემდგომ მუხლებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას და რა გავლენას ახდენს ის მის ერთგულ მსახურებზე. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.

როგორ უპასუხებდით?

• რა შესაძლებლობები გვეძლევა „ყოველდღე“ იეჰოვას განსადიდებლად?

• რომელი მაგალითები ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია?

• როგორ შეგვიძლია იეჰოვას დიდების უკეთ დანახვა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

სამყაროში არსებული გალაქტიკები იეჰოვას სიდიადეზე მოწმობს.

[საავტორო უფლება]

Courtesy of Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin

[სურათი 12 გვერდზე]

როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიდიადე იესო ქრისტესთან დაკავშირებით?

[სურათი 13 გვერდზე]

ისრაელები იეჰოვას სიდიადის გამოვლენის მოწმენი გახდნენ, როცა რჯული მიიღეს სინის მთასთან.