არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს

იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს

იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს

‘უფალი [„იეჰოვა“, აქ] დიდად მოწყალეა [ებრ. „ხესედ“]’ (ფსალმუნები 144:8).

1. რამდენად მოსიყვარულეა ღმერთი?

„ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები იმას ადასტურებს, რომ იეჰოვას მმართველობა სიყვარულზეა დაფუძნებული. იეჰოვას მიერ სიყვარულით შექმნილ მზესა და წვიმას სარგებლობა მათთვისაც კი მოაქვს, ვინც ღვთისადმი მორჩილებას არ ავლენს (მათე 5:44, 45). კაცობრიობისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, ღმერთი თავის მტრებსაც კი აძლევს მონანიების, მასთან დაახლოებისა და მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას (იოანე 3:16). მაგრამ იეჰოვა მალე მიწის პირისგან აღგვის მათ, ვინც არ მოინანიებს, რათა ყველამ, ვისაც ღმერთი უყვარს, სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით გაიხაროს (ფსალმუნები 36:9—11, 29; 2 პეტრე 3:13).

2. როგორ სიყვარულს ავლენს იეჰოვა ერთგული თაყვანისმცემლებისადმი?

2 თავისი თაყვანისმცემლებისადმი იეჰოვა განუწყვეტლივ ავლენს განსაკუთრებულ სიყვარულს. ასეთ სიყვარულზე მიუთითებს ებრაული სიტყვა „ხესედ“. ამ სიტყვის უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა „სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე“ ან „ერთგული ანუ ურყევი სიყვარული“. ძველი ისრაელის მეფე, დავითი, ძალიან აფასებდა ღვთის ამ თვისებას. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ სხვებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე დაფიქრების შედეგად, დავითს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ იეჰოვა უხვად ავლენს ასეთ სიყვარულს (ფსალმუნები 144:8).

ღვთის ერთგული თაყვანისმცემლების ამოცნობა

3, 4. ა) როგორ გვეხმარება 144-ე ფსალმუნი იეჰოვას ერთგულ მსახურთა ამოცნობაში? ბ) როგორ „აკურთხებენ“ ღმერთს მისი ერთგული მსახურები?

3 წინასწარმეტყველ სამუელის დედამ, ხანამ, იეჰოვას შესახებ თქვა, რომ ის «თავის წმიდათა [„ერთგულთა“, აქ] ნაბიჯებს იცავს» (1 მეფეთა 2:9). ვინ არიან ეს „ერთგულები“? პასუხს მეფე დავითის სიტყვებიდან ვიღებთ. იეჰოვას გასაოცარი თვისებებისთვის ხოტბის შესხმის შემდეგ ის ამბობს: «შენი უბიწონი გადიდებენ [„ერთგულნი გაკურთხებენ“, აქ] შენ» (ფსალმუნები 144:10 [145:10]). როგორ უნდა აკურთხონ ღმერთი ადამიანებმა? უპირველესად, ხოტბის შესხმითა და საკუთარი ბაგეებით განდიდებით.

4 იეჰოვას ერთგულები იმით ამოიცნობიან, რომ ბაგეებს მის განსადიდებლად იყენებენ. ძირითადად რაზე საუბრობენ და მსჯელობენ ისინი ერთად ყოფნისა და ქრისტიანული შეხვედრების დროს? ცხადია, იეჰოვას სამეფოზე! ღვთის ერთგული მსახურები უერთდებიან მეფე დავითს, რომელიც მღეროდა: „შენი [იეჰოვას] მეფობის დიდებას იტყვიან, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ“ (ფსალმუნები 144:11).

5. საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა თავისი ერთგული მსახურები განადიდებენ?

5 ისმენს იეჰოვა, როდესაც თავისი ერთგული მსახურები ხოტბას ასხამენ? დიახ, ის ყურადღებას აქცევს მათ სიტყვებს. ჩვენი დროის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში მალაქიამ დაწერა: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16). იეჰოვას სიამოვნებს, როცა თავისი ერთგული თაყვანისმცემლები ხოტბას ასხამენ, და არასდროს ივიწყებს მათ.

6. რით ამოიცნობიან ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები?

6 იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები იმითაც ამოიცნობიან, რომ გამბედაობას ავლენენ და საკუთარი ინიციატივით ელაპარაკებიან მათ, ვინც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი არ არის. დიახ, ღვთის ერთგული მსახურები ‘ადამის ძეთ ღვთის სიძლიერესა და მისი მეფობის ბრწყინვალე დიდებას ამცნობენ’ (ფსალმუნები 144:12). ცდილობთ თქვენც ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას, რომ სხვებთან იეჰოვას მეფობაზე ისაუბროთ? ადამიანთა მთავრობები მალე აღარ იარსებებს, იეჰოვას მმართველობას კი დასასრული არ ექნება (1 ტიმოთე 1:17). დრო არ ითმენს; ადამიანებმა უნდა გაიგონ იეჰოვას მარადიული მეფობის შესახებ და მხარი უნდა დაუჭირონ მას. „შენი მეფობა — მეფობა ყველა საუკუნისა, — მღეროდა დავითი, — და შენი ბატონობა — თაობებში“ (ფსალმუნები 144:13).

7, 8. რა მოხდა 1914 წელს და რა ადასტურებს იმას, რომ ღმერთი დღეს თავისი ძის სამეფოს მეშვეობით მმართველობს?

7 იეჰოვას მსახურებს 1914 წლიდან მისი მეფობის შესახებ საუბრის უფრო მეტი მიზეზი აქვთ. იმ წელს ღმერთმა დაამყარა ზეციერი მესიანური სამეფო, რომლის ტახტზეც იესო ქრისტე, დავითის ძე, ავიდა. იეჰოვამ ამგვარად შეასრულა თავისი პირობა, რომ დავითის მეფობას სამუდამოდ განამტკიცებდა (2 მეფეთა 7:12, 13; ლუკა 1:32, 33).

8 იეჰოვა დღეს თავისი ძის, იესო ქრისტეს, სამეფოს მეშვეობით მმართველობს. ამის დამადასტურებელია იმ ნიშნის შესრულება, რომელიც მოწმობს, რომ იესო უკვე მოსულია. ნიშნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის საქმეა, რომელიც, იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ღვთის ყველა ერთგულ მსახურს უნდა შეესრულებინა. იესომ იწინასწარმეტყველა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:3—14). ღვთის ერთგული მსახურები მართლაც რომ გულმოდგინედ ასრულებენ იესოს წინასწარმეტყველებას. ამის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ექვს მილიონზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვია ჩაბმული სამქადაგებლო საქმიანობაში, რომელიც არასდროს განმეორდება. მალე იეჰოვას სამეფოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ბოლო მოეღება (გამოცხადება 11:15, 18).

იეჰოვას მმართველობის მიერ მოტანილი სარგებლობა

9, 10. როგორ განსხვავდება იეჰოვა მიწიერი მმართველებისგან?

9 ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანებისთვის მრავალი კურთხევა მოაქვს უზენაეს უფალ იეჰოვასთან ურთიერთობას (ფსალმუნები 70:5; 115:3). მაგალითად, თუ ღვთისმოშიშებას ვავლენთ და ცხოვრებაში სამართლიანი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, იეჰოვას კეთილგანწყობილებასა და მასთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობთ (საქმეები 10:34, 35; იაკობი 4:8). მიწიერ მმართველებს კი, ძირითადად, გამოჩენილ ადამიანებთან — ცნობილ სამხედრო პირებთან, მდიდარ ბიზნესმენებთან და სპორტსმენებთან თუ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან აქვთ ურთიერთობა. აფრიკული გაზეთის „სოუვეტანის“ თანახმად, ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი ქვეყნის ღარიბი დასახლებების შესახებ თქვა: „გასაგებია, რომ უმრავლესობას ასეთ უბნებში გავლაც კი არ გვსურს, რადგან გვინდა დავივიწყოთ, რომ სადღაც ასეთი მდგომარეობა არსებობს. ამ დროს სინდისი გვქენჯნის და თავს უხერხულად ვგრძნობთ, რომ ძვირადღირებულ მანქანებში ვსხედვართ“.

10 ცხადია, ზოგი სახელმწიფო მოღვაწე გულწრფელადაა დაინტერესებული ხალხის კეთილდღეობით. მაგრამ ფაქტია, რომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს ის პოლიტიკოსებიც კი არ იცნობენ ახლოს, რომლებსაც ყველაზე კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. საინტერესოა, არსებობს ისეთი მმართველი, რომელიც იმდენად ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, რომ გასაჭირში დაუყოვნებლივ მათ გვერდითაა? დიახ. დავითი წერდა: „უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14).

11. რა განსაცდელებს ხვდებიან ღვთის ერთგული მსახურები და როგორ ეხმარება მათ ღმერთი?

11 იეჰოვას ერთგული მსახურები მრავალ განსაცდელს ხვდებიან საკუთარი არასრულყოფილებისა და „ბოროტის“, ანუ სატანის, ძალაუფლებაში მყოფ წუთისოფელში ცხოვრების გამო (1 იოანე 5:19, აქ; ფსალმუნები 33:20). ქრისტიანები იდევნებიან; ზოგი მათგანი ქრონიკული ავადმყოფობით იტანჯება ან ახლობლის სიკვდილის გამოა დამწუხრებული. ზოგჯერ საკუთარი შეცდომებია იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელთა ‘წელში მოხრისა’ და გულგატეხილობის მიზეზი. რა განსაცდელსაც უნდა შეხვდნენ, იეჰოვა ყოველთვის მზად არის, ანუგეშოს და სულიერად განამტკიცოს თითოეული მათგანი. იეჰოვას მსგავსად, მეფე იესო ქრისტეც ასეთივე სიყვარულსა და ინტერესს ავლენს ერთგული მიმდევრების მიმართ (ფსალმუნები 71:12—14).

დროულად მოწოდებული დამაკმაყოფილებელი საზრდო

12, 13. როგორ აკმაყოფილებს იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“?

12 სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთიდან გამომდინარე, იეჰოვა ყოველმხრივ აკმაყოფილებს თავის მსახურთა მოთხოვნილებებს. ეს მათი ფიზიკური საზრდოთი უზრუნველყოფასაც გულისხმობს. მეფე დავითი წერდა: „ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნები 144:15, 16). იეჰოვას შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ მის ერთგულ მსახურებს გასაჭირშიც კი ჰქონდეთ „დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკა 11:3, აქ; 12:29, 30).

13 როგორც დავითი აღნიშნავს, იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“ აკმაყოფილებს; მათ შორის ცხოველებსაც. ხმელეთზე და წყალში მცენარეულობა რომ არ ყოფილიყო, თევზებს, ფრინველებსა და ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებს არც ჟანგბადი ექნებოდათ და არც საკვები (ფსალმუნები 103:14). იეჰოვამ იზრუნა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

14, 15. როგორ გვაძლევს იეჰოვა სულიერ საზრდოს?

14 ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს სულიერი მოთხოვნილებები გვაქვს (მათე 5:3). იეჰოვა ერთგული მსახურების სულიერ მოთხოვნილებებს სასწაულებრივად აკმაყოფილებს. სიკვდილამდე იესომ თავის მიმდევრებს აღუთქვა, რომ მათ ‘ერთგული და გონიერი მონა დროულად მისცემდა სულიერ საზრდოს’ (მათე 24:45). „ერთგული და გონიერი მონის“ კლასს დღეს 144 000 ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი ქმნის. მათი მეშვეობით იეჰოვა ნამდვილად უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს.

15 მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობისთვის მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომი ბიბლიის ახალი და ზუსტი თარგმანი. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მართლაც რომ დიდი კურთხევაა. ბიბლიების გარდა, 300-ზე მეტ ენაზე იბეჭდება ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელოების მილიონობით ეგზემპლარი. ასეთი სულიერი საზრდოთი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში არიან კურთხეულნი. ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე? იეჰოვა ღმერთის. ის უდიდეს სიყვარულს ავლენს იმით, რომ მონის კლასის მეშვეობით „თავის დროზე“ გვაძლევს საზრდოს. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჟამად არსებულ სულიერ სამოთხეში „ყოველი სულდგმული“ დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, იეჰოვას მსახურებისთვის უდიდესი სიხარულის წყაროა იმედი იმისა, რომ მალე მთელი დედამიწა ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:42, 43, აქ).

16, 17. ა) რომელმა მაგალითებმა ცხადყო, რომ იეჰოვა თავის დროზე გვაძლევს სულიერ საზრდოს? ბ) როგორ აღწერს 144-ე ფსალმუნი სატანის მიერ წამოჭრილ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით ღვთის ერთგულ მსახურთა გრძნობებს?

16 განვიხილოთ ერთი მაგალითი, თუ როგორ გვაწვდის იეჰოვა სულიერ საზრდოს თავის დროზე. 1939 წელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. „საგუშაგო კოშკის“ იმავე წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნეიტრალიტეტი“. მასში მოცემულმა ნათელმა ინფორმაციამ ყველა ქვეყნის იეჰოვას მოწმეებს დაანახვა, რამდენად აუცილებელი იყო, რომ მტკიცედ დაეცვათ ნეიტრალიტეტი და მონაწილეობა არ მიეღოთ ერებს შორის ომში. ამას ექვსწლიან კონფლიქტში ჩაბმული ურთიერთმოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობების მიერ მათი დევნა მოჰყვა. მაგრამ დევნისა და იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ღვთის ერთგული მსახურები განაგრძობდნენ მისი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. 1939—1946 წლებში ღმერთმა მათი საქმიანობა 157-პროცენტიანი ზრდით აკურთხა. უფრო მეტიც, ომის წლებში ღვთის მსახურთა ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დღესაც ბევრს ეხმარება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობაში (ესაია 2:2—4).

17 სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს, არა მარტო დროულია, არამედ — ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელი. იმ დროს, როცა ერები მეორე მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული, იეჰოვას ხალხს ყურადღება საკუთარ გადარჩენაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ჰქონდა მიპყრობილი. იეჰოვა დაეხმარა მათ იმის გაგებაში, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელშიც მთელი სამყაროა ჩაბმული, იეჰოვას კანონიერ უზენაეს ხელისუფლებას უკავშირდება. სასიხარულოა, რომ თავიანთი ერთგულებით იეჰოვას თითოეულმა თაყვანისმცემელმა შეიტანა წვლილი იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებაში და გამოააშკარავა ეშმაკის სიცრუე (იგავები 27:11). სატანისგან განსხვავებით, რომელიც ცილს სწამებს იეჰოვას და მის მმართველობას ეწინააღმდეგება, იეჰოვას ერთგული მსახურები კვლავაც აცხადებენ საჯაროდ: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნები 144:17).

18. რომელმა მაგალითმა დაგვანახვა არც ისე დიდი ხნის წინ, რომ იეჰოვა დროულად გვაძლევს ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელ სულიერ საზრდოს?

18 მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომ იეჰოვა თავის დროზე გვაძლევს სულიერ საზრდოს, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. 2002—2003 წლების ასობით საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“, დელეგატებმა მიიღეს წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ წიგნში, რომელიც „ერთგულმა და გონიერმა“ მონამ მოგვიმზადა და იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს, ყურადღება გამახვილებულია იეჰოვას გასაოცარ თვისებებზე, მათ შორის იმ თვისებებზეც, რომლებიც 144-ე ფსალმუნშია მოხსენიებული. ეს შესანიშნავი წიგნი უეჭველად დაეხმარება იეჰოვას ერთგულ მსახურებს ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებაში.

ღმერთთან დაახლოების დრო

19. რა გადამწყვეტი მომენტია მოახლოებული და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ დროს?

19 დღეს უკვე მოახლოებულია იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების გადამწყვეტი მომენტი. ეზეკიელის წიგნის 38-ე თავის თანახმად, სატანა მალე შეასრულებს თავის როლს, როგორც ‘გოგი მაგოგის ქვეყნიდან’. ის იეჰოვას ხალხზე მსოფლიო მასშტაბით მიიტანს იერიშს და ყველანაირად ეცდება ღვთის მსახურთა ერთგულების შერყევას. მაშინ იეჰოვას თაყვანისმცემლებმა ისე, როგორც არასდროს, მთელი გულით უნდა მოუხმონ მის სახელს და დახმარებისთვის შეჰღაღადონ. უყურადღებოდ ხომ არ დატოვებს ღმერთი მათ, ვისაც მისდამი მოკრძალებული შიში აქვს და უყვარს იგი? არავითარ შემთხვევაში, რადგან 144-ე ფსალმუნში ნათქვამია: „ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნები 144:18—20).

20. როგორ შესრულდება უახლოეს მომავალში ფსალმუნების 144:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები?

20 რა ამაღელვებელი იქნება იეჰოვასთან სიახლოვისა და მისი გადამრჩენი ძალის საკუთარ თავზე გამოცდა, როცა ის თავის ყველა მტერს გაანადგურებს! იმ გადამწყვეტ მომენტში, რომელიც დღეს ასე ახლოსაა, იეჰოვა მხოლოდ მათ მოუსმენს, „ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით“. ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მოუსმენს თვალთმაქცებს. ღვთის სიტყვიდან აშკარად ვხედავთ, რომ ბოროტი ადამიანების მიერ უკანასკნელ მომენტში თავის სახსნელად ღვთის სახელის გამოყენებას არ მოჰყვება სასურველი შედეგი (იგავები 1:28, 29; მიქა 3:4; ლუკა 13:24, 25).

21. რა ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებს უყვართ ღვთის სახელის მოხმობა?

21 დღეს განსაკუთრებით საჭიროა, რომ ღვთისმოშიშმა ადამიანებმა ‘ჭეშმარიტებით მოუხმონ’ იეჰოვას. ღვთის ერთგული მსახურები სახელით უხმობენ იეჰოვას ლოცვებში და მის სახელს კრების შეხვედრებზე კომენტარებშიც მოიხსენიებენ. გარდა ამისა, ისინი ღვთის სახელს პირად საუბრებშიც იხსენიებენ და ქადაგების დროსაც გაბედულად აუწყებენ ხალხს (რომაელთა 10:10, 13—15).

22. რატომ არის აუცილებელი, მოვერიდოთ წუთისოფლისთვის დამახასიათებელ მისწრაფებებსა და თვალსაზრისს?

22 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, ისიც აუცილებელია, რომ მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სულიერად დამღუპველია. მაგალითად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გაგვიტაცოს მატერიალიზმმა ან არაჯანსაღმა გართობამ და არ გავხდეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც პატიება არ შეუძლიათ ან სხვისი გასაჭირი სრულიად არ აღელვებთ (1 იოანე 2:15—17; 3:15—17). სათანადო ზომებს თუ არ მივიღებთ, ასეთმა მისწრაფებებმა და დამოკიდებულებამ, შესაძლოა, სერიოზული ცოდვა ჩაგვადენინოს და, საბოლოოდ, იეჰოვას კეთილგანწყობილება დაგვაკარგინოს (1 იოანე 2:1, 2; 3:6). გონივრულია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთეს, ანუ ურყევ სიყვარულს, ჩვენდამი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლენს, თუ მისი ერთგულები დავრჩებით (2 მეფეთა 22:26, აქ).

23. როგორი მომავალი ელოდება იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს?

23 მაშ, წინ ვიყუროთ დიდებული მომავლისკენ, რომელიც იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს ელოდება. ასე თუ მოვიქცევით, ჩვენც ვიქნებით მათ შორის, რომლებიც „ყოველდღე“, „უკუნითი უკუნისამდე“ აღამაღლებენ, აკურთხებენ და განადიდებენ იეჰოვას (ფსალმუნები 144:1, 2). მოდი ‘დავიცვათ თავი ღვთის სიყვარულში და დაველოდოთ საუკუნო სიცოცხლეს’ (იუდა 20, 21). დაე კვლავაც გამოვცადოთ საკუთარ თავზე ღვთის სასწაულებრივი თვისებები, მათ შორის სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, მისი ურყევი სიყვარული, რომელსაც ღმერთი თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. დაე ყოველთვის ვაკეთებდეთ იმას, რაზეც დავითი 144-ე ფსალმუნის უკანასკნელ მუხლში ლაპარაკობს: „ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე!“

როგორ უპასუხებდით?

• როგორ გვეხმარება 144-ე ფსალმუნი ღვთის ერთგულ მსახურთა ამოცნობაში?

• როგორ აკმაყოფილებს იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“?

• რატომ უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

იეჰოვას ერთგული მსახურები სიხარულით ლაპარაკობენ ღვთის ძლიერებაზე.

[სურათი 17 გვერდზე]

იეჰოვას მსახურები გაბედულად ქადაგებენ და ხალხს ღვთის სამეფოსა და მისი სიდიადის შესახებ ამცნობენ.

[სურათები 18 გვერდზე]

იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“ აძლევს საზრდოს.

[საავტორო უფლება]

Animals: Parque de la Naturaleza de Cabárceno

[სურათი 19 გვერდზე]

იეჰოვა აძლიერებს და ხელმძღვანელობს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც ლოცვაში სთხოვენ დახმარებას.