მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რამ განაპირობა ის, რომ იუდამ სქესობრივი ურთიერთობა იქონია ქალთან, რომელიც მეძავი ეგონა, რის შესახებაც დაბადების 38:15, 16-ში ვკითხულობთ?
იუდას სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, რომელიც მეძავი ეგონა. აი, რა მოხდა დაბადების 38-ე თავის თანახმად.
იუდას პირმშო, თამარის მეუღლე, ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ ჰყოლია; ის „ბოროტი იყო უფლის თვალში“ და ამიტომაც მოკვდა (დაბადება 38:7). იმ დროს ებრაელებში იყო ჩვეულება, უშვილო ქვრივი მაზლს შეერთო ცოლად, რათა გარდაცვლილი არ დარჩენილიყო მემკვიდრის გარეშე. იუდას მეორე ვაჟს, ონანს, კი არ სურდა ამ მოვალეობის შესრულება. ამიტომ ღმერთმა განსაჯა იგი და მოკვდა. იუდამ რძალი მამის სახლში დააბრუნა, რათა იქ დარჩენილიყო, სანამ მესამე ვაჟი, შელა, ქორწინების ასაკს მიაღწევდა. გავიდა წლები, მაგრამ იუდამ არ შეასრულა სიტყვა და შელა თამარზე არ დააქორწინა. როცა იუდას ცოლი გარდაიცვალა, თამარმა გადაწყვიტა მემკვიდრე იუდასგან, თავისი ებრაელი მამამთილისგან, ეყოლია. ამისათვის კი ასე მოიქცა: დაჯდა გზაზე, სადაც მამამთილს უნდა გაევლო და მას ტაძრის მეძავად მოაჩვენა თავი.
იუდამ, რომელმაც არ იცოდა ქალის ვინაობა, მასთან სქესობრივი ურთიერთობა იქონია. თამარმა გამჭრიახობა გამოავლინა და ამ ურთიერთობის საფასურად იუდას გამოართვა ნივთები, რომლებიც მოგვიანებით იმის დასამტკიცებლად გამოიყენა, რომ მისგან იყო ორსულად. სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ იუდას თამარი არ დაუდანაშაულებია, არამედ თავმდაბლად თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივეცი იგი შელას, ჩემს ძეს“. მას შემდეგ, როგორც მოსალოდნელიც იყო, „აღარ შეუცვნია იგი“ იუდას (დაბადება 38:26).
იუდა არასწორად მოიქცა, როდესაც პირობა არ შეასრულა და თამარი თავის ძეს, შელას, არ შერთო ცოლად. გარდა ამისა, მან ურთიერთობა იქონია ქალთან, რომელიც მეძავად მიიჩნია. ეს უპირისპირდებოდა ღვთის განზრახვას, რომლის მიხედვითაც კაცს სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ მეუღლესთან უნდა ჰქონოდა (დაბადება 2:24). სინამდვილეში კი იუდას მეძავთან არ ჰქონია ურთიერთობა. მან თავისდა უნებურად ლევირატის წესით შელას, თავისი ძის, მოვალეობა შეასრულა და კანონიერი მემკვიდრის მამა გახდა.
რაც შეეხება თამარს, მის საქციელს უზნეობას ვერ დავარქმევთ. ტყუპები, რომლებიც იუდასთან ურთიერთობის შედეგად გაუჩნდა, მრუშობის ძეებად არ არიან მიჩნეულნი. როდესაც ბეთლემელმა ბოყაზმა ლევირატის წესის თანახმად რუთი ცოლად შეირთო, ადგილობრივმა უხუცესებმა დადებითად მოიხსენიეს თამარის ვაჟი, ფერეცი. მათ ბოყაზს უთხრეს: „გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმავე თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან“ (რუთი 4:12). გარდა ამისა, ფერეცი იესო ქრისტეს წინაპართა სიაშიც მოიხსენიება (მათე 1:1—3; ლუკა 3:23—33).