არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება?

როგორ შეგიძლიათ სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება?

როგორ შეგიძლიათ სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება?

«უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში წიგნების მაღაზიები აივსო საქმიანი ადამიანებისთვის სულიერობის აუცილებლობის შესახებ დაწერილი 300-ზე მეტი დასახელების წიგნით, დაწყებული წიგნიდან „იესო, როგორც უფროსი“ დამთავრებული წიგნით „დაოსიზმის პრინციპები სამსახურში“», — აღნიშნულია ჟურნალ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“. ეს ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ბევრ მდიდარ ქვეყანაში ადამიანებს უფრო და უფრო მეტად სურთ ცხოვრებაში სულიერი ხელმძღვანელობის მიღება. ამის თაობაზე ერთ ბიზნეს-ჟურნალში აღნიშნულია: „იმ დროს, როცა თითქმის მთელ ჩვენს ცხოვრებას ტექნოლოგია წარმართავს, ვცდილობთ, ვიპოვოთ უფრო მეტი კმაყოფილება და სიცოცხლის უფრო ღრმა აზრი“ (Training & Development).

სად შეიძლება საიმედო სულიერი ხელმძღვანელობის პოვნა? წარსულში „სიცოცხლის უფრო ღრმა აზრის“ საპოვნელად ხალხი გაბატონებულ რელიგიას მიმართავდა. დღეს ბევრი ზურგს აქცევს რელიგიას. ზემოთ მოხსენიებული ბიზნეს-ჟურნალის თანახმად, მაღალი რანგის 90 მმართველისა და დირექტორის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ადამიანები რელიგიასა და სულიერობას შორის დიდ ზღვარს ავლებენ“. გამოკითხულები რელიგიას მიიჩნევენ „შეუწყნარებლობისა და დანაწევრების ხელშემწყობად“, მაშინ როცა სულიერობას „საყოველთაოდ და გამაერთიანებლად“ თვლიან.

მსგავსად, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც რელიგიას უმნიშვნელო ადგილი უკავია ადამიანთა ცხოვრებაში, ბევრი ახალგაზრდისთვის რელიგია და სულიერობა ერთმანეთისგან შორს მდგარი ცნებებია. პროფესორი რუთ ვებერი წერს: „ახალგაზრდების უმეტესობას სწამს ღმერთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალის არსებობის, მაგრამ ეკლესია არ მიაჩნიათ იმ ადგილად, სადაც სულიერობის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ“ (Youth Studies Australia).

ჭეშმარიტი რელიგია ხელს უწყობს სულიერობას

რელიგიისადმი ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება სავსებით გასაგებია. ბევრი რელიგიური ორგანიზაცია გაბმულია პოლიტიკურ ინტრიგებში და მათი წარმომადგენლები თვალთმაქცობენ; ამავე დროს, არაერთ რელიგიურ ომში მონაწილეობის შედეგად მათ უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი. და მაინც, ზოგი შეცდომას უშვებს იმით, რომ თვალთმაქცობითა და სიცრუით ცნობილი რელიგიების უარყოფასთან ერთად ბიბლიასაც უარყოფენ, რადგან ფიქრობენ, რომ საღვთო წერილი ამართლებს ასეთ არასწორ ქმედებებს.

სინამდვილეში კი ბიბლია განსჯის თვალთმაქცობასა და უკანონობას. იესომ მის დღეებში მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი“ (მათე 23:27, 28).

გარდა ამისა, ბიბლიის მიხედვით ქრისტიანი პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას უნდა ინარჩუნებდეს. ბიბლია მორწმუნეებს ერთმანეთის მოკვლისკენ კი არ აქეზებს, არამედ მოუწოდებს, რომ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის თავის გასაწირად (იოანე 15:12, 13; 18:36; 1 იოანე 3:10—12). ჭეშმარიტი რელიგია, რომლის ავტორიტეტიც ბიბლიაა, „შეუწყნარებლობისა და დანაწევრების“ ნაცვლად „გაერთიანებას“ უწყობს ხელს. პეტრე მოციქულმა თქვა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

ბიბლია — სულიერი სიჯანსაღის საიმედო წყარო

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ღვთის მსგავსებად არის შექმნილი (დაბადება 1:26, 27). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ფიზიკურად ჰგვანან ღმერთს; ადამიანებს აქვთ ღვთის თვისებებისა და, მათ შორის, სულიერობის განვითარების უნარი.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ღმერთი ისეთ საშუალებებზეც იზრუნებდა, რომელთა მეშვეობითაც სულიერ წყურვილს დავიკმაყოფილებდით; და მას სათანადო ხელმძღვანელობაც უნდა მოეცა, რომ გაგვერჩია, რა არის ჩვენთვის სულიერად სასარგებლო და რა — საზიანო. შესანიშნავი იმუნური სისტემის მსგავსად, რომელიც ებრძვის დაავადებებს და გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ღმერთმა სინდისი ანუ შინაგანი ხმაც მოგვცა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და თავიდან ავირიდოთ ფიზიკურად თუ სულიერად საზიანო საქმეები (რომაელთა 2:14, 15). როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა რომ არ დაგვიქვეითდეს, სრულფასოვნად უნდა ვიკვებოთ. მსგავსად, სინდისი რომ არ დაჩლუნგდეს, საჭიროა, ჯანსაღი სულიერი საკვებით ვისაზრდოოთ.

იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი საკვები უწყობს ხელს ჩვენს სულიერ ჯანმრთელობას, იესომ თქვა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). იეჰოვას სიტყვები ჩაწერილია ბიბლიაში და ისინი „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). ამიტომ, ჩვენგან მოითხოვება, რომ მთელი ძალ-ღონე მოვახმაროთ სულიერი საკვების მიღებას. რაც უფრო ღრმად შევისწავლით ბიბლიას და ვეცდებით მასში ჩაწერილი პრინციპებით ცხოვრებას, მით უფრო მეტ სარგებლობას მივიღებთ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად (ესაია 48:17, 18).

ღირს ძალისხმევად?

რასაკვირველია, ბიბლიის შესწავლის საშუალებით სულიერი ჯანმრთელობა რომ გავიუმჯობესოთ, დრო მოითხოვება; დრო კი, როგორც ჩანს, სულ უფრო დეფიციტური ხდება. მაგრამ შედეგები, რომლებიც ჩვენს მცდელობას მოჰყვება, ნამდვილად ღირს ძალისხმევად! ნახეთ, რას ამბობენ საქმიანი ადამიანები იმის თაობაზე, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, დრო გამოყონ სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

მარინა, ექიმი: „არასდროს დამითმია დიდი ყურადღება საკუთარი სულიერობისთვის, სანამ საავადმყოფოში მუშაობა არ დავიწყე და არ ვიგრძენი, რა ტკივილს განიცდიან სხვა ადამიანები. მოგვიანებით მივხვდი, რომ შინაგანი კმაყოფილებისა და სიმშვიდის მისაღწევად ყურადღება უნდა მიმექცია სულიერი მოთხოვნილებებისთვის და დამეკმაყოფილებინა სულიერი წყურვილი, რადგან ცხოვრების რიტმმა და ადამიანებზე ზრუნვის პასუხისმგებლობამ შეიძლება ძალები გამოაცალოს ჩემი პროფესიის ადამიანებს.

ამჟამად იეჰოვას მოწმეებთან ვსწავლობ ბიბლიას. ეს მეხმარება, საკუთარი მოქმედებები და მოტივები საღად შევაფასო, და მასწავლის, რომ უფრო დადებითად ვიაზროვნო, რათა გაწონასწორებულად ვიცხოვრო. თუმცა ჩემი საქმე ძალიან მსიამოვნებს, სწორედ ბიბლიის შესწავლა მეხმარება უარყოფითი ემოციების დაძლევაში, დაძაბულობის მოხსნაში და უფრო მეტი მოთმინებისა და თანაგრძნობის გამოვლენაში. ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ოჯახშიც მეხმარება. რაც ყველაზე მთავარია, ვეცნობი იეჰოვას და ვგრძნობ, როგორ მოქმედებს მისი სული ჩემზე. ამის შედეგად უფრო აზრიანი გახდა ჩემი ცხოვრება“.

ნიკოლასი, არქიტექტორი: „იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე არ მქონდა სულიერი წყურვილი. ჩემი ერთადერთი მიზანი კარიერის შექმნა იყო. ბიბლიის შესწავლის შედეგად დავინახე, რომ ცხოვრებას უფრო ღრმა აზრი აქვს და რომ ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება იეჰოვას ნების შესრულებას მოაქვს.

ჩემ მიერ არჩეული პროფესია კმაყოფილებას მანიჭებს, მაგრამ სწორედ ბიბლიის შესწავლამ დამანახვა, რომ მნიშვნელოვანია უბრალოდ ცხოვრება და მთავარი ყურადღების სულიერზე გადატანა. ამგვარად, მე და ჩემმა მეუღლემ თავიდან ავიცილეთ დაძაბულობა და უსიამოვნება, რასაც მატერიალიზმი იწვევს. ჩვენ აგრეთვე ბევრი ნამდვილი მეგობარი შევიძინეთ მათთან ურთიერთობით, ვისაც მსგავსი სულიერი თვალსაზრისი აქვს ცხოვრებაზე“.

ვინსენტი, იურისტი: „კარგ პროფესიას გარკვეულწილად მოაქვს კმაყოფილება. მიუხედავად ამისა, დავინახე, რომ ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღწევად გაცილებით მეტია საჭირო. მახსოვს, ერთხელ, სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიურ თვალსაზრისს გავიგებდი, მოულოდნელად საგონებელში ჩამაგდო იმაზე დაფიქრებამ, თუ რა უაზროა ჩვენი ცხოვრება — იბადები, იზრდები, ქმნი ოჯახს, მუშაობ, რათა ყველაფრით უზრუნველყო შვილები, ეხმარები მათ ჩაებან ცხოვრების რიტმში, ბოლოს კი ბერდები და კვდები.

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხები სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით. ბიბლიის შესწავლის შედეგად გავიცანი იეჰოვას პიროვნება და მისდამი ძლიერი სიყვარული გამიჩნდა. ეს ძალიან მეხმარება, შევინარჩუნო ჯანსაღი სულიერი თვალსაზრისი და ვიცხოვრო მის ნებასთან შეთანხმებულად. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ იმის ცოდნით, რომ მიზანდასახული ცხოვრება გვაქვს“.

თქვენც შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლის შედეგად დაინახოთ სიცოცხლის აზრი, რაშიც იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან. მარინას, ნიკოლასისა და ვინსენტის მსგავსად, თქვენც იგრძნობთ ნამდვილ კმაყოფილებას იმის გაგების შედეგად, თუ რა აქვს იეჰოვას განზრახული კაცობრიობისა და პირადად თქვენ მიმართ. სულიერი წყურვილის დაკმაყოფილებით დღესვე სიხარულს იგრძნობთ. სამომავლოდ კი მოგეცემათ იმედი, რომ მარადიულად იცხოვრებთ და სრულყოფილი ჯანმრთელობა გექნებათ. ამას მხოლოდ ისინი მიაღწევენ, რომლებიც „სულიერს მოწყურებულნი“ არიან (მათე 5:3, აქ).

სულიერობის განვითარების ერთ-ერთი საშუალება ლოცვაა. იესო ქრისტემ დრო გამოყო, რათა თავისი მოწაფეებისთვის ლოცვა ესწავლებინა. მან მისცა მათ ლოცვის ნიმუში, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „უფლის ლოცვა“ ან „მამაო ჩვენო“. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ ლოცვას? რა შეგიძლიათ ისწავლოთ მისგან? ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ მომდევნო ორ სტატიაში.

[სურათები 6 გვერდზე]

მარინა

[სურათები 7 გვერდზე]

ნიკოლასი

[სურათები 7 გვერდზე]

ვინსენტი