სულიერობა და თქვენი კეთილდღეობა
სულიერობა და თქვენი კეთილდღეობა
ალბათ, ჯანმრთელობაზე ზრუნვას საკმაო დროს უთმობთ. შეიძლება, ყოველდღე დაახლოებით რვა საათი გძინავთ, რამდენიმე საათს კი საჭმლის მომზადებასა და ჭამაში ხარჯავთ; რვა ან უფრო მეტს საათს, შესაძლოა, სამუშაოს უთმობთ, რათა თავი ირჩინოთ. როცა ავად ხდებით, ალბათ, არ ზოგავთ დროსა და ფულს და ექიმთან მიდიხართ ან საკუთარი ძალებით იწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გარდა ამისა, ალაგებთ სახლს, ბანაობთ და შეიძლება რეგულარულადაც კი ვარჯიშობთ. და ამ ყველაფერს კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აკეთებთ.
კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. არსებობს კიდევ ერთი რამ, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი კეთილდღეობა. სამედიცინო გამოკვლევების თანახმად, თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა მჭიდროდაა დაკავშირებული სულიერ ჯანმრთელობასთან — თქვენს სულიერობასთან.
პირდაპირი კავშირი
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უმეტეს ნაშრომებში გაკეთებულია დასკვნა, რომ სულიერობასა და კარგ ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირია“, — აღნიშნა მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰედლი პიჩმა. ამის თაობაზე „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში“ ნათქვამია: „მორწმუნე ადამიანებს . . . ნაკლებად აქვთ არტერიულ წნევასთან და ქოლესტერინის შემცველობასთან დაკავშირებული პრობლემები . . . [ასეთ ადამიანებს] ნაწლავის კიბოთი დაავადების საშიშროებაც კი ნაკლებად ემუქრებათ“.
მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ქალაქ ბერკლიში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის მუშაკები, რომლებმაც 2002 წელს
6 545 ადამიანი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ „იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ ესწრებოდნენ რელიგიურ მსახურებას, გაცილებით ნაკლებად ემუქრებოდათ სიკვდილის საშიშროება, ვიდრე მათ, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ ესწრებოდნენ“. დეგ ომენმა, ამ გამოკვლევის ხელმძღვანელმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ფაკულტეტის ლექტორმა, აღნიშნა: „ეს განსხვავება მას შემდეგაც კი აშკარად შესამჩნევი იყო, როცა გამოირიცხებოდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მეგობრების წრე და ჯანმრთელობაზე მოქმედი ჩვევები, თამბაქოს წევა და ვარჯიში“.იმის თაობაზე, თუ კიდევ რა დადებითი შედეგები მოაქვს ცხოვრებისთვის სულიერი თვალსაზრისით ყურებას, „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში“ აღნიშნულია: „ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ მორწმუნე ადამიანებს უფრო მტკიცე ოჯახები აქვთ და უფრო ნაკლებად ეძალებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ასეთი ადამიანები გაცილებით იშვიათად ხდებიან თვითმკვლელობის მსხვერპლი და ამ ქმედებას უფრო უარყოფითად უყურებენ; ისინი ნაკლებად ნერვიულობენ, ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში და უფრო უანგარონი არიან“. გარდა ამისა, „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში“ ნათქვამია: „უფრო მტკიცე რწმენის მქონე ადამიანები, როგორც ჩანს, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას შედარებით სწრაფად და ადვილად უმკლავდებიან, ვიდრე ისინი, რომელთაც არა აქვთ ასეთი რწმენა“.
უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს იმის თაობაზე, თუ რა არის ნამდვილი სულიერობა. როგორც უნდა იყოს, თქვენი სულიერი მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეს ეთანხმება იესო ქრისტეს მიერ თითქმის 2 000 წლის წინათ წარმოთქმულ სიტყვებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3, აქ). თუ ჯანმრთელობა და ბედნიერება სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, გონივრულია, ვიკითხოთ: „სად ვიპოვოთ საიმედო სულიერი ხელმძღვანელობა? და რას ნიშნავს, იყო სულიერი პიროვნება“?
[სურათის საავტორო უფლებები 2 გვერდზე]
Photo Credits: Page 18: Mao Tse-tung and Golda Meir: Hulton/Archive by Getty Images; Francis Ferdinand: From the book The War of the Nations; Hirohito, Lindbergh, & Einstein: U.S. National Archives photo; Stalin: U.S. Army photo; Roosevelt: Franklin D. Roosevelt Library; Churchill: The Trustees of the Imperial War Museum (MH 26392)