არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას

ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას

ბიოგრაფია

ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას

მოგვითხრო ფე კინგმა

ჩემი მშობლები კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ უმრავლესობის მსგავსად, რელიგიის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მახსოვს, დედა ამბობდა ხოლმე: „ღმერთი უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ შექმნიდა ყვავილებსა და ხეებს?!“ მაგრამ დედაჩემის ინტერესი რელიგიისადმი მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.

მამაჩემი 1939 წელს გარდაიცვალა. მაშინ 11 წლის ვიყავი და დედასთან ერთად მანჩესტერის (ინგლისი) სამხრეთით მდებარე ქალაქ სტოკპორტში ვცხოვრობდი. ყოველთვის მსურდა, უფრო მეტი გამეგო შემოქმედის შესახებ; ბიბლიასაც ვაფასებდი, თუმცა არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტე ანგლიკანურ ეკლესიაში სიარული, რათა გამეგო, რას შემომთავაზებდნენ იქ.

საეკლესიო მსახურება აზრს მოკლებული იყო ჩემთვის, მაგრამ, როდესაც სახარებებს გვიკითხავდნენ, იესოს სიტყვებმა გარკვეულწილად დამარწმუნა, რომ ბიბლიაში სიმართლე ეწერა. ახლა ვიხსენებ იმ დროს და მიკვირს, თუ რატომ არ ვკითხულობდი მე თვითონ ბიბლიას. მაშინაც კი, როცა ჩვენი ოჯახის მეგობარმა თანამედროვე ენაზე თარგმნილი „ახალი აღთქმა“ მაჩუქა, არასდროს გამომიყვია დრო მის წასაკითხად.

კორეაში 1950 წელს ომი დაიწყო, რამაც ძალიან დამაფიქრა. მიიღებდა ეს კონფლიქტიც მეორე მსოფლიო ომის მსგავს მასშტაბებს? თუ ეს მოხდებოდა, როგორ შევასრულებდი იესოს მცნებას და მეყვარებოდა მტრები? ნუთუ შევძლებდი, უმოქმედოდ ვყოფილიყავი და გულგრილად მეყურებინა, როგორ შემოიჭრებოდნენ მოწინააღმდეგეები მშობლიურ ქვეყანაში? ეს ხომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იქნებოდა? თუმცა გაურკვევლობაში ვიყავი, მჯეროდა, რომ ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი ბიბლიაში მოიძებნებოდა; მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ან სად უნდა მომეძებნა ეს პასუხები.

ჭეშმარიტების ძიება ავსტრალიაში

მე და დედამ 1954 წელს გადავწყვიტეთ საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასვლა, სადაც ჩემი და, ჯინი, ცხოვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ჯინმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის უთხოვია, მოვენახულებინეთ. მან იცოდა, რომ ბიბლიით ვიყავი დაინტერესებული და ეკლესიაში დავდიოდი. ჩემს დას უნდოდა გაეგო, რას ვფიქრობდი იეჰოვას მოწმეებზე. „არ ვიცი, რამდენად სწორად ხსნის ეს ხალხი ბიბლიას, — აღიარა ჯინმა, — მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მათგან უფრო მეტი რამის გაგებაა შესაძლებელი, ვიდრე ეკლესიის მსახურებისგან“.

ერთხელაც მომინახულა შესანიშნავმა წყვილმა, ბილი და ლინდა შნაიდერებმა. ისინი ასაკით 70 წლამდე იყვნენ და უკვე წლების მანძილზე ემსახურებოდნენ იეჰოვას. ბილი და ლინდა მუშაობდნენ ქალაქ ადელაიდაში — იეჰოვას მოწმეთა რადიოსადგურში. როდესაც ავსტრალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს სამქადაგებლო საქმიანობა აიკრძალა, მათ სრული დროით მსახურება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ბილმა და ლინდამ დიდი დახმარება აღმომიჩინეს და ბევრი რამ დამანახვეს, მაინც ვიკვლევდი სხვადასხვა რელიგიას.

ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა ევანგელისტ ბილ გრემის ქადაგების მოსასმენად წამიყვანა, რის შემდეგაც დამსწრეთაგან ზოგიერთს ერთ მღვდელთან კითხვების დასმის შესაძლებლობა მოგვეცა. მე მას სწორედ ის კითხვა დავუსვი, რომელიც ჯერ კიდევ მაწუხებდა: „ნუთუ შეიძლება ადამიანი იყოს ქრისტიანი და უყვარდეს მტრები, თუ მათ კლავს ომში?“ მოულოდნელად ამან დამსწრეთა ხმაური გამოიწვია, რადგან, როგორც ჩანს, ეს კითხვა ყველას აწუხებდა. საბოლოოდ მღვდელმა ასე მიპასუხა: „მე არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი. ჯერ კიდევ ვფიქრობ მასზე“.

ამასობაში ბიბლიის შესწავლას ვაგრძელებდი ბილთან და ლინდასთან. 1958 წლის სექტემბერში კი მოვინათლე. ძალიან მინდოდა, ჩემი მასწავლებლებისთვის მიმებაძა, ამიტომ მომდევნო წლის აგვისტოდან სრული დროით მსახურება დავიწყე. რვა თვის შემდეგ შემომთავაზეს სპეციალურ პიონერად მსახურება. როგორ გამიხარდა იმის გაგება, რომ ჩემმა დამ, ჯინმაც, სულიერად წინ წაიწია და მოინათლა!

მსახურების გაფართოება

ვმსახურობდი სიდნეის ერთ-ერთ კრებაში და ბიბლიის რამდენიმე შესწავლას ვატარებდი. ერთხელ მოულოდნელად შევხვდი ანგლიკანური ეკლესიის მღვდელს და ვკითხე, რას ასწავლიდა ეკლესია ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ. როგორც თავად მითხრა, 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა საეკლესიო მოძღვრებებს თავის მრევლს, მაგრამ გამაოცა მისმა პასუხმა: „ამ საკითხის გამოსაკვლევად დრო მჭირდება, რადგან ისე კარგად არ ვარ გაცნობილი ბიბლიას, როგორც იეჰოვას მოწმეები“.

ამის შემდეგ მალევე საჭირო გახდა, რომ პაკისტანში მოხალისეებს ემსახურათ. სურვილი გამოვთქვი და განცხადება შევავსე. არ ვიცოდი, რომ იქ გაუთხოვარ დებს არ აგზავნიდნენ; პაკისტანში მსახურება მხოლოდ დაუქორწინებელ ძმებსა და წყვილებს შეეძლოთ. როგორც ჩანს, ჩემი განცხადება ბრუკლინის მთავარ სამმართველოში გაიგზავნა, რადგან მალე წერილი მივიღე. მასში აღნიშნული იყო, რომ თუ სურვილი მქონდა, შემეძლო ინდოეთში, ქალაქ ბომბეიში (ამჟამად მუმბაი) მემსახურა. ეს მოხდა 1962 წელს. მე დავთანხმდი და ბომბეიში 18 თვე ვიმსახურე, სანამ ქალაქ ილაჰაბადში გადავიდოდი.

მალევე დავისახე მიზნად ინდური ენის, ჰინდის, შესწავლა. ეს ენა, ძირითადად, როგორც იწერება, ისე გამოითქმება, ამიტომ ძალიან რთული არ იყო მისი შესწავლა. თუმცა ხშირად გულს მწყვეტდა, როცა მობინადრეები მთხოვდნენ, ინგლისურად მელაპარაკა და არ მეწვალა მათ ენაზე საუბარი. ამ ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანაში მქონდა საინტერესო შემთხვევები, რამაც ბევრი რამ მასწავლა. ამავდროულად, ავსტრალიიდან ჩამოსულ თანამორწმუნეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა.

ადრეულ ასაკში ხშირად ვფიქრობდი დაქორწინებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვინათლე, იმდენად დაკავებული ვიყავი იეჰოვას მსახურებით, რომ ამაზე ფიქრის დროც კი არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ინდოეთში მსახურების დროს კვლავ გამიჩნდა ცხოვრების თანამგზავრის ყოლის სურვილი. რასაკვირველია, საზღვარგარეთ მსახურების მიტოვება არ მინდოდა, ამიტომ ამ საკითხზე ლოცვით მივმართე იეჰოვას და აღარ ვფიქრობდი ამაზე.

მოულოდნელი კურთხევა

იმ პერიოდში ინდოეთის ფილიალს ზედამხედველობას ედვინ სკინერი უწევდა. მან 1946 წელს დაამთავრა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-8 კლასი ბევრ სხვა ერთგულ ძმასთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ ჰაროლდ კინგი და სტენლი ჯოუნზი. მაშინ ჰაროლდი და სტენლი ჩინეთში დანიშნეს *. 1958 წელს ჰაროლდი და სტენლი ქალაქ შანხაიში ქადაგების გამო დააპატიმრეს და სამარტოო ტუსაღობა მიუსაჯეს. როდესაც ჰაროლდი გაათავისუფლეს 1963 წელს, ედვინმა მას წერილი მისწერა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჰონკონგში დაბრუნების შემდეგ ჰაროლდმა ედვინს საპასუხო წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ დაქორწინება სურდა. ჰაროლდი წერდა, რომ ამის შესახებ ციხეში ლოცულობდა და ედვინს ჰკითხა, იცნობდა თუ არა ისეთ დას, რომელიც მისთვის შესაფერისი მეუღლე გახდებოდა.

ინდოეთში შუამავლობის გაწევა მიღებულია და ედვინს ხშირად თხოვდნენ ასეთ გარიგებებში მონაწილეობას, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა. ამიტომ მან ჰაროლდის წერილი გადასცა რუთ მაკეის, რომლის ქმარი, ჰომერი, მიმომსვლელი ზედამხედველი იყო. რუთმა მომწერა, რომ ერთი მისიონერი, რომელიც დიდი ხნის მორწმუნე იყო, ეძებდა მეუღლეს და მკითხა, ხომ არ ისურვებო მისთვის წერილის მიწერას. მან არ მითხრა, ვინ იყო ეს ძმა და არც სხვა ინფორმაცია მომაწოდა მის შესახებ.

რასაკვირველია, იეჰოვას გარდა არავინ იცოდა ცხოვრების თანამგზავრის შესახებ ჩემი ლოცვის თაობაზე. თავდაპირველად გადავწყვიტე უარი მეთქვა. როდესაც კარგად დავფიქრდი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ იეჰოვა იშვიათად გვპასუხობს ლოცვებზე ისეთი სახით, როგორც ჩვენ მოველით. ამიტომ რუთს პასუხი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ რადგან ეს არანაირ ვალდებულებას არ მაკისრებდა, შეეძლო ამ ძმისთვის ეთხოვა, კიდევ ერთხელ მოეწერა. მეორე წერილი ჰაროლდ კინგმა მე გამომიგზავნა.

მას შემდეგ, რაც ჰაროლდი ჩინეთში პატიმრობიდან გათავისუფლდა, მისი ფოტოსურათები და ისტორია ბევრ ჟურნალსა და გაზეთში დაიბეჭდა. იმ დროისთვის ის მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა ერთგულმა მსახურებამ მოახდინა. ასე რომ, ჩვენ ხუთი თვის მანძილზე მიწერ-მოწერა გვქონდა და შემდეგ ჰონკონგში ჩავედი. 1965 წლის 5 ოქტომბერს კი დავქორწინდით.

ჩვენ ორივეს გვინდოდა დაქორწინება და სრული დროით მსახურების გაგრძელება. რაც უფრო ასაკში შევდიოდით, მით უფრო ვგრძნობდით, რამდენად გვჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრი. როდესაც დავინახე, როგორი სითბოთი და ყურადღებით ეპყრობოდა ჰაროლდი ადამიანებს და როგორ აგვარებდა მსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებს, დიდი პატივისცემა გამიჩნდა მის მიმართ და უფრო შემიყვარდა. 27 წლის მანძილზე ძალიან ბედნიერი ცოლ-ქმარი ვიყავით; იეჰოვაც უხვად გვაკურთხებდა.

ჩინელები ძალიან მომწონს, რადგან შრომისმოყვარენი არიან. ჰონკონგში ჩინურის კანტონურ დიალექტზე ლაპარაკობენ, რომელიც უფრო მეტი ტონალობით ანუ მოდულაციით ხასიათდება, ვიდრე ძირითადი ლიტერატურული ჩინური ენა. ამიტომ კანტონური დიალექტი გაცილებით რთული სასწავლია. მე და ჰაროლდმა დაქორწინების შემდეგ იეჰოვას მოწმეების ფილიალში არსებულ მისიონერთა სახლში დავიწყეთ ცხოვრება. მოგვიანებით კი ჰონკონგის სხვადასხვა ნაწილში ვმსახურობდით. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ 1976 წელს სერიოზულად შემერყა ჯანმრთელობა.

დაავადებასთან ბრძოლა

რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლდენა მქონდა და ორგანიზმში სისხლის მოცულობამ საგრძნობლად იკლო. ოპერაცია მჭირდებოდა, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, რომ სისხლის გადასხმის გარეშე ვერ გამიკეთებდნენ ოპერაციას. როგორც ამიხსნეს, სისხლის გადასხმის გარეშე შეიძლება ოპერაციული შოკიდან ვერ გამოვსულიყავი და მოვმკვდარიყავი. ერთ დღეს, როდესაც ექიმები ჩემს მდგომარეობაზე მსჯელობდნენ, ექთნები ცდილობდნენ, გადავერწმუნებინე და მეუბნებოდნენ, რომ უფლება არ მქონდა, ასე უაზროდ გამეწირა საკუთარი სიცოცხლე. იმ დღეს 12 ოპერაცია იყო დაგეგმილი, მათ შორის 10 აბორტი უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ არავინ ეწინააღმდეგებოდა ფეხმძიმე ქალებს, რომ შეენაჩუნებინათ თავიანთი პატარების სიცოცხლე.

საბოლოოდ, ჰაროლდმა დაწერა განცხადება, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მედპერსონალი პასუხს არ აგებდა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ ექიმები დაგვთანხმდნენ ოპერაციის გაკეთებაზე. შემიყვანეს საოპერაციოში და ანესთეზიის გასაკეთებლად მომამზადეს. მაგრამ ბოლო მომენტში ანესთეზიოლოგმა უარი თქვა თავის მოვალეობაზე, რის გამოც საავადმყოფოს დატოვება მომიწია.

ამის შემდეგ კონსულტაციისთვის მივედით კერძო გინეკოლოგთან. როდესაც მან დაინახა, თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობა მქონდა, ოპერაციის გაკეთება საოცრად მცირე თანხაში შემოგვთავაზა, იმ პირობით, თუ არავის ვეტყოდით ამის შესახებ. ოპერაციამ — სისხლის გადასხმის გარეშე — ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთ კრიზისულ დროს მე და ჰაროლდმა აშკარად დავინახეთ, თუ რამდენად მოსიყვარულე და მზრუნველია იეჰოვა.

ჰაროლდს 1992 წელს განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა. საცხოვრებლად ფილიალში გადავედით, სადაც ჩვენზე სიყვარულით ზრუნავდნენ. ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ თავისი მიწიერი ცხოვრება 1993 წელს 81 წლის ასაკში დაასრულა.

ინგლისში დაბრუნება

ბედნიერი ვიყავი, რომ ჰონკონგის ბეთელის ოჯახის წევრად ყოფნის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად მიჭირდა სიცხისა და მაღალი ტენიანობის ატანა. მოულოდნელად ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან წერილი მივიღე, რომელშიც მთავაზობდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისეთ ფილიალში გადასვლას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უკეთესი სამედიცინო მომსახურება. ამიტომ 2000 წელს ინგლისში დავბრუნდი და ლონდონის ბეთელის ოჯახს შევუერთდი. ეს მართლაც სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა იყო! ლონდონის ბეთელში ძალიან თბილად მიმიღეს. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ჩემს მოვალეობაში აგრეთვე შედის ზრუნვა ბეთელის ბიბლიოთეკაზე, სადაც 2 000 წიგნია.

ამავე დროს, ლონდონში არსებულ ჩინურ კრებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც მაქვს. თუმცა, ამ მხრივ ადრეულ წლებთან შედარებით უკვე ბევრი რამე შეიცვალა. ამჟამად ლონდონში ჩინეთის სხვა მხარეებიდან უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, ვიდრე ჰონკონგიდან. ახალჩამოსულები კი კანტონურ დიალექტზე არ ლაპარაკობენ, რაც ახალ სირთულეებს ქმნის ქადაგების დროს. ინგლისში ბევრი საინტერესო შესწავლა ტარდება ჩინელ სტუდენტებთან. ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ინტერესით სწავლობენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მათთვის დახმარების აღმოჩენა სიხარულს მანიჭებს.

ამჟამად ჩემს ახალ სახლში მშვიდი ცხოვრება მაქვს. ხშირად ვფიქრობ წარსულზე და განვლილი ბედნიერი ცხოვრების გახსენებისას აღტაცებას ვერ ვმალავ იეჰოვას მიერ ჩემდამი გამოვლენილი სიყვარულის გამო. ეს თვისება მის ყველა მოქმედებაში მჟღავნდება. იეჰოვას მიერ თავისი თითოეული მსახურის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა აშკარად შესამჩნევია. ყოველგვარი საფუძველი მაქვს, მადლიერი ვიყო იეჰოვას მიერ ჩემდამი გამოვლენილი სიყვარულისა და მზრუნველობისთვის (1 პეტრე 5:6, 7).

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ამ ორი მისიონერის ბიოგრაფია მოცემულია 1963 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 437—442 (ინგლ.), და 1965 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 756—767 (ინგლ.).

[სურათი 24 გვერდზე]

ინდოეთში მსახურებისას.

[სურათები 25 გვერდზე]

ჰაროლდ კინგი 1963 წელს და ჩინეთში მსახურების დროს 50-იან წლებში.

[სურათები 26 გვერდზე]

ჩვენი ქორწინების დღეს ჰონკონგში 1965 წლის 5 ოქტომბერს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჰონკონგის ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად; შუაში — ლიანები, მარჯვნივ — განაუეიები.