არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“

„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“

„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“

„ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება“ (1 კორინთელთა 7:29).

1, 2. რა ცვლილებების მომსწრე ყოფილხართ ცხოვრებაში?

რა ცვლილებების მომსწრე ყოფილხართ ცხოვრებაში? შეგიძლიათ ზოგი მათგანის დასახელება? მაგალითად, დიდი პროგრესი განიცადა მედიცინამ. ამ სფეროში მომუშავე მკვლევართა მიღწევების შედეგად, ზოგ ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა XX საუკუნის დასაწყისში საშუალოდ 50 წელს არ აღემატებოდა, დღეს 70 წელს აჭარბებს. დაფიქრდით, რა დიდ სამსახურს გვიწევს რადიო, ტელევიზია, მობილური ტელეფონები თუ ფაქსები, როცა გონივრულად ვიყენებთ. მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რაც განათლებისა და ტრანსპორტის დარგების გასაუმჯობესებლად თუ ადამიანის უფლებათა დასაცავად გაკეთდა. ეს ყოველივე ხომ მილიონობით ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს.

2 ცხადია, ცხოვრებაში მხოლოდ სასიკეთო ცვლილებების მომსწრეები არ ვხდებით. შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ ის, რომ იზრდება დამნაშავეობის რიცხვი, ეცემა ზნეობრივი ნორმები, მატულობს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ხშირდება განქორწინებები, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ინფლაცია და სულ უფრო მეტ საფრთხეს გვიქმნის ტერორიზმი. ალბათ, დაეთანხმებით პავლე მოციქულს, რომელმაც დიდი ხნის წინ დაწერა: „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ (1 კორინთელთა 7:31, აქ).

3. რა ჰქონდა მხედველობაში პავლე მოციქულს, როცა თქვა „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“?

3 ბერძნულ ენაზე პავლეს სიტყვები მიუთითებს, რომ მან ეს ქვეყნიერება სცენას შეადარა. ამ სცენაზე შემსრულებლები — პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, სხვა ცნობილი ადამიანები — გამოდიან, თავიანთ როლს ასრულებენ, შემდეგ კი კულისებში უჩინარდებიან და მათ სხვები ცვლიან. ასე ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. ძველად სამეფო დინასტიები ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაშიც კი ძლებდა; ცვლილებები არც ისე სწრაფად ხდებოდა. ამ მხრივ სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს, როცა მოვლენათა განვითარება შეიძლება უეცრად შეცვალოს გავლენიანი პირის მოსაკლავად გასროლილმა ერთმა ტყვიამ. დიახ, ჩვენს მშფოთვარე დროში არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

4. ა) რა გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს მსოფლიო მოვლენების შესახებ? ბ) რომელ ორ დამაჯერებელ მტკიცებას განვიხილავთ?

4 ეს ქვეყნიერება თუ სცენაა და გამოჩენილი ადამიანები თუ შემსრულებლები არიან, ქრისტიანები მაყურებლის როლს ასრულებენ *. მაგრამ ისინი „წუთისოფლისანი არ არიან“ და, ამის გამო, მეტისმეტად არ არიან დაინტერესებულნი წარმოდგენითა თუ შემსრულებელთა ვინაობით (იოანე 17:16). ქრისტიანებს აინტერესებთ იმ ნიშნების დანახვა, რომ დრამა კულმინაციას — ტრაგიკულ დასასრულს — უახლოვდება. მათ იციან, რომ ამ სისტემას ბოლო უნდა მოეღოს, ვიდრე იეჰოვა დიდი ხნის ნანატრ ახალ სამართლიან ქვეყნიერებას დაამყარებს *. მაშ, განვიხილოთ ორი მტკიცება, რომ უკანასკნელ ჟამს ვცხოვრობთ და რომ ახალი ქვეყნიერება ახლოს არის. ეს მტკიცებებია: 1) ბიბლიური ქრონოლოგია და 2) მსოფლიოში საერთო მდგომარეობის გაუარესება (მათე 24:21; 2 პეტრე 3:13).

საიდუმლოება გამჟღავნებულია!

5. რა არის „წარმართთა ჟამი“ და რატომ ვართ დაინტერესებული დროის ამ პერიოდით?

5 ქრონოლოგია, როგორც დისციპლინა, დროსა და მოვლენებს შორის ურთიერთკავშირს სწავლობს. იესო ლაპარაკობდა დროზე, როცა ამ წუთისოფლის წინამძღოლები შუა სცენაზე იდგებოდნენ და ღვთის სამეფო ხელს არ შეუშლიდა მათ თავიანთი როლების შესრულებაში. ამ პერიოდს იესომ „წარმართთა ჟამი“ უწოდა (ლუკა 21:24). ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, „წარმართთა ჟამის“ დასასრულს ღვთის ზეციერი სამეფო მყარდება და იესო ქრისტე ხდება მისი კანონიერი მმართველი. თავიდან იესო „[თავის] მტერთა შორის“ ბატონობს (ფსალმუნები 109:2). შემდეგ კი, დანიელის 2:44-ის თანახმად, ღვთის სამეფო ‘მუსრავს და აქცევს ადამიანთა ყველა მთავრობას და თვითონ დგას უკუნისამდე’.

6. როდის დაიწყო, რამდენ ხანს გაგრძელდა და როდის დამთავრდა „წარმართთა ჟამი“?

6 როდის უნდა დამთავრებულიყო „წარმართთა ჟამი“ და, შესაბამისად, როდის უნდა დაწყებულიყო ღვთის სამეფოს მმართველობა? ‘ბოლო ჟამამდე დაბეჭდილი’ პასუხის გაგებაში ბიბლიური ქრონოლოგია გვეხმარება (დანიელი 12:9). ბოლო ჟამის დადგომისას, იეჰოვამ გარკვეულ ზომებს მიმართა, რათა პასუხი გაემჟღავნებინა ბიბლიის თავმდაბალ მკვლევართა ჯგუფისთვის. მათ ღვთის სულის დახმარებით გაიგეს, რომ „წარმართთა ჟამი“ ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებით დაიწყო და ამ „ჟამის“ ხანგრძლივობა 2 520 წელს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ბიბლიის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ „წარმართთა ჟამი“ 1914 წელს უნდა დასრულებულიყო. გარდა ამისა, ისინი გაერკვნენ, რომ 1914 წელს ამ სისტემის აღსასრული დაიწყო. როგორც ბიბლიის მკვლევარს, შეგიძლიათ საღვთო წერილის დახმარებით ახსნათ, როგორ შეიძლება ამ თარიღის გამოთვლა? *

7. რომელი მუხლები გვეხმარება დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული შვიდი ჟამის დასაწყისის, ხანგრძლივობისა და დასასრულის გამოთვლაში?

7 საიდუმლოს ერთ-ერთი გასაღების პოვნა დანიელის წინასწარმეტყველებაშია შესაძლებელი. იეჰოვამ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გამოიყენა ძვ. წ. 607 წელს „წარმართთა ჟამის“ დასაწყისში იერუსალიმის გასანადგურებლად. ამიტომაც, მან ამ მეფის მეშვეობით გაამჟღავნა, რომ ღმერთი შვიდი სიმბოლური დროის განმავლობაში წარმართთა საქმეებში არ ჩაერეოდა (ეზეკიელი 21:26, 27; დანიელი 4:16, 23—25, აქ). რა ხანგრძლივობისაა ეს შვიდი დრო? გამოცხადების 11:2, 3 და 12:6, 14 მუხლების თანახმად, სამ-ნახევარი დრო 1 260 დღეა. შესაბამისად, შვიდი დრო ორჯერ მეტი, ანუ 2 520 დღე, იქნება. ამით მთავრდება „წარმართთა ჟამთან“ დაკავშირებული წლების გამოთვლა? არა, რადგან იეჰოვამ დანიელის თანამედროვე წინასწარმეტყველს, ეზეკიელს, სიმბოლური ენის გასაგებად წესი მისცა. „ერთი დღე ერთი წლისთვის მოგეცი“, — უთხრა მან ეზეკიელს (ეზეკიელი 4:6). აქედან გამომდინარე, შვიდი დრო 2520 წელი გამოდის. ახლა, ძვ. წ. 607 წლიდან თუ 2520 წელს გადავითვლით, დავინახავთ, რომ „წარმართთა ჟამი“ 1914 წელს უნდა დამთავრებულიყო.

„ბოლო ჟამის“ დადგომა დადასტურებულია

8. რა მტკიცებები შეგიძლიათ მოიყვანოთ, რომ 1914 წლიდან მსოფლიოში მდგომარეობა გაუარესდა?

8 მოვლენები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით 1914 წლის შემდეგ ხდება, ბიბლიურ ქრონოლოგიაზე დაფუძნებული ზემოთ მოხსენიებული გაგების სისწორეს ადასტურებს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „წუთისოფლის აღსასრულისთვის“ დამახასიათებელი იქნებოდა ომები, შიმშილობა და ეპიდემიები (მათე 24:3—8; გამოცხადება 6:2—8). მსოფლიოში სწორედ ასეთი მდგომარეობაა შექმნილი 1914 წლიდან. პავლე მოციქულმა დამატებითი დეტალებიც მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ უკანასკნელ ჟამს ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებაც შეიცვლებოდა. მის მიერ აღწერილი ცვლილებები, რომელთა მოწმენიც პირადად ვართ, ზუსტად შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას (2 ტიმოთე 3:1—5).

9. რას ამბობენ დამკვირვებლები 1914 წლის შემდეგ მსოფლიოში მდგომარეობის ცვლილების შესახებ?

9 ნამდვილად შესამჩნევად შეიცვალა ქვეყნიერება 1914 წლიდან? წიგნში „1914 წლის თაობა“ პროფესორი რობერტ ვოული აღნიშნავს: „თაობას, რომელიც ომს მოესწრო, ალბათ, ვერავინ გადაარწმუნებდა, რომ 1914 წლის აგვისტოში ძველი მსოფლიო ახალმა მსოფლიომ შეცვალა“. ამ აზრს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დირექტორის ხორხე კოსტა-ი-სილვას სიტყვებიც: „ჩვენ წარმოუდგენლად სწრაფი ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ, რაც არნახული მასშტაბით ხალხის უკიდურესი აფორიაქებისა და სტრესის მიზეზი ხდება“. განა პირადი გამოცდილებაც არ გარწმუნებთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში?

10. რას გვიმჟღავნებს ბიბლია მსოფლიოში 1914 წლიდან მდგომარეობის გაუარესების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით?

10 ვის მიუძღვის ბრალი მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებაში? გამოცხადების 12:7—9 გვიმჟღავნებს, ვინ არის დამნაშავე: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი [იესო ქრისტე] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს [სატანა ეშმაკს]. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი . . . მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“. როგორც ვხედავთ, დამნაშავე სატანა ეშმაკია და 1914 წელს ზეციდან მისმა განდევნამ უბედურება მოუტანა „მიწასა და ზღვას, ვინაიდან . . . ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:10, 12).

წარმოდგენის დასკვნითი სცენა

11. რას აკეთებს სატანა „მთელი წუთისოფლის“ შესაცდენად? ბ) სატანის რომელ მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება პავლე მოციქულმა?

11 სატანამ იცის, რომ მისი აღსასრული მოახლოებულია. ამის გამო 1914 წლიდან ყოველ ღონეს ხმარობს „მთელი წუთისოფლის“ შესაცდენად. წუთისოფლის მაცდუნებელი სცენაზე არასდროს ჩნდება — ის კულისებს მიღმა მოქმედებს და მთავარ როლებს გამოჩენილ ადამიანებს ათამაშებს (2 ტიმოთე 3:13; 1 იოანე 5:19). სატანის ერთ-ერთი მიზანია, კაცობრიობა დაარწმუნოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული მმართველობა დედამიწაზე საბოლოოდ ნამდვილ მშვიდობას მოიტანს. ეს პროპაგანდა ძირითადად წარმატებულია, რადგან ხალხი კვლავაც ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუმცა, მრავალი მტკიცება არსებობს იმისა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ ამ სისტემის აღსასრულის წინ სატანური პროპაგანდა განსაკუთრებულად გამოვლინდებოდა. მან დაწერა: „ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები“ (1 თესალონიკელთა 5:3; გამოცხადება 16:13).

12. მშვიდობის დამყარების რა მცდელობები შეინიშნება ჩვენს დღეებში?

12 ბოლო წლებში სხვადასხვა მიზნებთან თუ ამოცანებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ფრაზას „მშვიდობა და უსაფრთხოება“. 1986 წელი მშვიდობის წლადაც კი გამოცხადდა, თუმცა მას მსოფლიო მშვიდობა არ მოუტანია. მხოლოდ პოლიტიკოსთა ამგვარი მცდელობებით სრულდება 1 თესალონიკელთა 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, თუ პავლე მოციქულს მხედველობაში ჰქონდა კონკრეტული მოვლენა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ყურადღებას მიიპყრობდა?

13. რას შეადარა პავლე მოციქულმა განადგურება, რომელიც „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ლაპარაკს მოჰყვება და რას ვიგებთ აქედან?

13 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოცდა დაგვჭირდება, რადგან ბიბლიური წინასწარმეტყველების ბოლომდე გაგება ხშირად მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა უკვე შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. ერთი რამ კი საინტერესოა: უეცარი განადგურება, რომელიც „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ ლაპარაკს მოჰყვება, პავლემ მშობიარობის ტკივილებს შეადარა. ცხრა თვის განმავლობაში ორსული ქალისთვის უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ მის სხეულში ბავშვი იზრდება. ზოგჯერ ის ბავშვის გულისცემას ან მის მოძრაობას და ბიძგებსაც კი გრძნობს. ასეთი შემთხვევები თანდათანობით ხშირდება, ვიდრე ერთ დღესაც დედა მწვავე ტკივილს იგრძნობს, რაც იმის ნიშანია, რომ ბავშვის დაბადების ნანატრი დღე დადგა. აქედან გამომდინარე, როგორც უნდა შესრულდეს „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ლაპარაკის შესახებ წინასწარმეტყველება, მას უეცარი, მტკივნეული, მაგრამ საბოლოოდ ბედნიერი მოვლენა — ბოროტების აღმოფხვრა და ახალი სისტემის დამყარება — მოჰყვება.

14. რა თანამიმდევრობით განვითარდება მოვლენები და რა იქნება ამის შედეგი?

14 ერთგული ქრისტიანები შიშისმომგვრელი სცენის მაყურებლები იქნებიან ამ სისტემის განადგურებისას. თავიდან, „დედამიწის მეფეები“ (სატანის ორგანიზაციის პოლიტიკური ნაწილი) დიდ ბაბილონს (რელიგიური ნაწილი) შეუტევენ და გაანადგურებენ (გამოცხადება 17:1, 15—18). ამგვარად, სატანის სამეფო მოულოდნელად თავისსავე წინააღმდეგ გაიყოფა, ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდება და სატანა ვერ შეძლებს ამის შეჩერებას (მათე 12:25, 26). იეჰოვა გულში ჩაუდებს დედამიწის მეფეებს ‘თავის ნებას’, რათა მათ დედამიწა მისი რელიგიური მოწინააღმდეგეებისაგან გაათავისუფლონ. ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ იესო ქრისტე ზეციერი ლაშქრით სატანის ორგანიზაციის დარჩენილ ნაწილს — კომერციულ და პოლიტიკურ ელემენტებს — გაანადგურებს. საბოლოოდ, თვით სატანას წაერთმევა ყოველგვარი ძალა. ამით სცენაზე ფარდა ჩამოეშვება და ხანგრძლივი დრამა დასრულდება (გამოცხადება 16:14—16; 19:11—21; 20:1—3).

15, 16. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე შეხსენებამ იმის თაობაზე, რომ „ჟამი იწურება“?

15 როდის მოხდება ეს ყოველივე? ჩვენ არ ვიცით დღე და საათი (მათე 24:36). მხოლოდ ის ვიცით, რომ „ჟამი იწურება“ (1 კორინთელთა 7:29). ამიტომაც მნიშვნელოვანია, დარჩენილი დრო გონივრულად გამოვიყენოთ. როგორ? პავლე მოციქული გვირჩევს, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ‘მოვივაჭროთ ჟამი’ იმის ხარჯზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია და გავუფრთხილდეთ ყოველ დღეს. რატომ? იმიტომ, რომ „დღეები მუხთალია“. თუ ჩავწვდებით, რა არის ღვთის ნება ჩვენდამი, დარჩენილ ძვირფას დროს ფუჭად აღარ დავკარგავთ (ეფესელთა 5:15—17; 1 პეტრე 4:1—4).

16 რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე იმის ცოდნამ, რომ ამ ბოროტ სისტემას განადგურება მოელის? პეტრე მოციქულმა დაწერა: «თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ [„მაშ, როგორები უნდა იყოთ“, აქ] წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში» (2 პეტრე 3:11). მართლაც, პეტრე მოციქულის გონივრული რჩევის თანახმად, საჭიროა 1) ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს, რათა ის წმინდა იყოს და 2) იეჰოვასადმი გულმოდგინე მსახურებაში ყოველთვის ირეკლებოდეს მისდამი ჩვენი ძლიერი სიყვარული.

17. სატანის მიერ დაგებულ რომელ მახეებს უნდა უფრთხილდნენ ერთგული ქრისტიანები?

17 ღვთისადმი სიყვარული დაგვეხმარება, რომ ამ წუთისოფელმა არ გაგვიტაცოს თავისი ცდუნებებით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რაც ამ სისტემას ელოდება, სახიფათოა მოვიხიბლოთ წუთისოფლისთვის დამახასიათებელი თვალისმომჭრელი ცხოვრების სტილით, რომელიც ადამიანს უპირველესად საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელში ვცხოვრობთ და წუთისოფლის ხალხს შორის ვმუშაობთ, ყურად უნდა ვიღოთ ბრძნული რჩევა, რომ სრულად არ ვისარგებლოთ ამ ქვეყნიერებით (1 კორინთელთა 7:31). ყოველმხრივ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შეგვაცდინოს წუთისოფლის პროპაგანდამ. ეს ქვეყნიერება ვერ შეძლებს თავისი პრობლემებიდან გამოსავლის პოვნას. ის ვერ შეძლებს მარადიულად არსებობას. რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? ბიბლიაში, რომელიც ღვთის სულიწმიდით დაიწერა, ნათქვამია: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

ბედნიერი მომავალი

18, 19. რა ცვლილებებს მოელით ახალ ქვეყნიერებაში და რატომ ფიქრობთ, რომ ღირს ლოდინი?

18 იეჰოვა მალე ჩამოუშვებს ფარდას სცენაზე, სადაც სატანა თავის მხარდამჭერებს ათამაშებს. შემდეგ ამ სისტემის განადგურებას გადარჩენილები ღვთის კურთხევით სცენაზე დეკორაციების შეცვლას დაიწყებენ. ეს დეკორაციები მომავალში აღარასოდეს შეიცვლება. სცენას აღარ დაამახინჯებს ომები, რადგან ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნები 45:10). საკვები პროდუქტების ნაკლებობის ნაცვლად, „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე . . . მისი ნაყოფი იბიბინებს“ (ფსალმუნები 71:16, სსგ). აღარ იარსებებს ციხეები, პოლიციის განყოფილებები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, განქორწინებები და ტერორიზმი (ფსალმუნები 36:29; ესაია 33:24; გამოცხადება 21:3—5).

19 აღარავინ იქნება სამარხში და სცენაზე მილიონობით მკვდრეთით აღდგენილი გამოვა. რა დიდ სიხარულს მოგვიტანს წინაპრებთან შეხვედრა და მონატრებული ახლობლების გულში ჩაკვრა! საბოლოოდ, დედამიწის ყველა მცხოვრები იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნება (გამოცხადება 5:13). ასეთი ცვლილებების შემდეგ ფარდა კვლავ აიწევა და სამოთხედ ქცეული დედამიწა გამოჩნდება. რა გრძნობები დაგეუფლებათ, როცა ამის მომსწრენი გახდებით? უეჭველია, აღიძვრებით თქვათ, რომ ამას დიდხანს ელოდით, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირდა!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სხვა კონტექსტში პავლემ თქვა, რომ ცხებული ქრისტიანები იქცნენ ‘[„თეატრალურ“, აქ] სანახაობად წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანებისთვის’ (1 კორინთელთა 4:9).

^ აბზ. 4 მაგალითად, დანიელის 11:40, 44, 45-ე მუხლებში მოხსენიებულ „ჩრდილოეთის მეფის“ ამოცნობასთან დაკავშირებით იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 280, 281.

^ აბზ. 6 ბიბლიაში აღნიშნულია, რომ იერუსალიმი დაეცა 70 წლით ადრე, ვიდრე ძვ. წ. 537 წელს იუდაელები ტყვეობიდან დაბრუნდებოდნენ (იერემია 25:11, 12; დანიელი 9:1—3). „წარმართთა ჟამის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „მსჯელობა წერილების საფუძველზე“, გვ. 95—97 (ინგლ.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ სრულდება პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“?

• როგორ გვეხმარება ბიბლიური ქრონოლოგია „წარმართთა ჟამის“ დასასრულის დადგენაში?

• როგორ ადასტურებს მსოფლიო მდგომარეობის ცვლილება, რომ 1914 წლიდან „უკანასკნელი ჟამი“ დაიწყო?

• რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე იმ ფაქტმა, რომ „ჟამი იწურება“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

საიდუმლო გამჟღავნებულია!