არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით გული და შეინარჩუნეთ ზნეობრივი სიწმინდე

დაიცავით გული და შეინარჩუნეთ ზნეობრივი სიწმინდე

დაიცავით გული და შეინარჩუნეთ ზნეობრივი სიწმინდე

„ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23).

1—3. ა) ხშირად რით ცხადყოფენ ადამიანები, რომ არ აფასებენ ზნეობრივ სიწმინდეს? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი განვიხილოთ, თუ რამდენად დასაფასებელია ზნეობრივი სიწმინდე?

სურათი შეიძლება ძველმოდური ჩანდა. ის, ალბათ, არც ინტერიერში ჯდებოდა. ასე იყო თუ ისე, როგორც ჩანს, მის მფლობელს ეს სურათი არ სჭირდებოდა. საბოლოოდ, ის აღმოჩნდა გასაყიდად გატანილ ნახმარ ნივთებში და 29 დოლარად შეფასდა. რამდენიმე წლის შემდეგ სურათის ახალმა მფლობელმა აღმოაჩინა, რომ მისი ღირებულება მილიონ დოლარს აღწევდა. დიახ, ეს ტილო უნიკალური შედევრი იყო. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა მისი ყოფილი მფლობელი, რომელმაც ვერ დააფასა ასეთი განძი!

2 ხშირად მსგავსი რამ ხდება ზნეობრივ სიწმინდესთან ანუ უმწიკვლობასთან დაკავშირებითაც. დღეს ძალიან ბევრი არ აფასებს სათანადოდ ზნეობრივ სიწმინდეს. ზოგი თვლის, რომ ზნეობრივად სუფთა ცხოვრება ძველმოდურია და არ შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების წესს. ამიტომ, ასეთი აზროვნების ადამიანები სულ უბრალო რამეზეც კი ცვლიან თავიანთ უმწიკვლობას. ზოგი მას სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებით მიღებულ მომენტალურ სიამოვნებაზე ცვლის. სხვები კი თანატოლების ან საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში ამაღლების გამო თმობენ ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას (იგავები 13:20).

3 ბევრი ძალიან გვიან მიხვდა, თუ რამდენად დასაფასებელი იყო ზნეობრივი სიწმინდე. ხშირად ადამიანებს მისი დაკარგვა ძვირად უჯდებათ. როგორც ბიბლიაშია ხაზგასმული, უზნეობის შედეგები შეიძლება ‘ნაღველივით მწარე’ და საწამლავივით იყოს (იგავები 5:3, 4). როგორ შეგიძლიათ დღევანდელ ზნეობრივად დაცემულ საზოგადოებაში ზნეობრივი სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება? ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას გავამახვილებთ სამ მნიშვნელოვან ნაბიჯზე.

დაიცავით გული

4. რა არის სიმბოლური გული და რატომ უნდა დავიცვათ ის?

4 ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებას, უპირველეს ყოვლისა, გულის დაცვა უწყობს ხელს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23). რა იგულისხმება ამ მუხლში მოხსენიებულ „გულში“? აქ საუბარი ფიზიკურ ორგანოს კი არ ეხება, არამედ — სიმბოლურ გულს. ეს დაკავშირებულია ადამიანის შინაგან პიროვნებასთან, მის ფიქრებთან, გრძნობებსა და მოტივებთან. ბიბლია ამბობს: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“ (მეორე რჯული 6:5). იესომ აღნიშნა, რომ ეს უდიდესი მცნებაა (მარკოზი 12:29, 30). აქედან გამომდინარე, ჩვენი გული ძალიან ძვირფასია და ღირს მისი დაცვა.

5. როგორ შეიძლება გული ძვირფასიც იყო და, ამავდროულად, სახიფათოც?

5 მიუხედავად ზემოთქმულისა, ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ „უნდოა ყველას გული და უკურნებელი“ (იერემია 17:9, სსგ). როგორ შეიძლება, რომ გული იყოს უნდო, ჩვენთვის სახიფათო? მაგალითად, ავტომანქანის ყოლას ბევრი დადებითი მხარე აქვს და კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენადაც კი შეიძლება გამოადგეს მის მფლობელს. მაგრამ მძღოლი თუ ყოველთვის სათანადოდ არ მართავს მას და გამუდმებით არ აკონტროლებს საჭეს, იგივე მანქანა შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. მსგავსად ამისა, თუ გულს არ დაიცავთ, საკუთარი სურვილები და მისწრაფებები იმდენად გშთანთქავთ, რომ კონტროლს ვერ გაუწევთ თავს და, საბოლოოდ, უბედურებას ვერ ასცდებით. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია, ხოლო სიბრძნით მავალი გადარჩება“ (იგავები 28:26). გზის გონივრულად გაკვლევასა და უბედურების თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ღვთის სიტყვით იხელმძღვანელებთ, ისევე როგორც სადმე სამოგზაუროდ წასვლამდე რუკას შეამოწმებდით (ფსალმუნები 118:105).

6, 7. ა) რა არის სიწმინდე და რატომ არის ის მნიშვნელოვანი იეჰოვას მსახურებისთვის? ბ) საიდან ვიცით, რომ არასრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ იეჰოვას სიწმინდის არეკვლა?

6 ჩვენი გული არ არის მიდრეკილი ზნეობრივი სიწმინდისკენ. მიმართულება მას ჩვენ უნდა მივცეთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ერთ–ერთი საშუალება იმაზე დაფიქრებაა, თუ მართლაც რამდენად ძვირფასია უმწიკვლობა. ეს თვისება მჭიდროდ არის დაკავშირებული სიწმინდესთან, რაც ნიშნავს სისუფთავეს, სისპეტაკეს, ცოდვისგან შორს დგომას. სიწმინდე ძალიან დასაფასებელი თვისებაა. ის იეჰოვა ღმერთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ეს თვისება ბიბლიის ასობით მუხლშია იეჰოვასთან დაკავშირებული. ბიბლიაში წერია, რომ „სიწმინდე ეკუთვნის იეჰოვას“ (გამოსვლა 28:36, აქ). მაგრამ რა კავშირი აქვს ამ დიდებულ თვისებას ჩვენთან, არასრულყოფილ ადამიანებთან?

7 იეჰოვა თავის სიტყვაში გვეუბნება: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“ (1 პეტრე 1:16). დიახ, ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიწმინდეში — ვიყოთ სუფთანი მის თვალში და შევინარჩუნოთ უმწიკვლობა. ასე რომ, როდესაც თავს ვარიდებთ უწმინდურ და წამბილწველ საქმეებს, ამაღლებულ, ბრწყინვალე მიზანს ვაღწევთ — უზენაესი ღვთის დიდებულ თვისებას ვირეკლავთ (ეფესელთა 5:1). არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია; იეჰოვა ხომ ბრძენი და გამჭრიახი ღმერთია და არასდროს ითხოვს ჩვენგან იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია (ფსალმუნები 102:13, 14; იაკობი 3:17). რასაკვირველია, სულიერი და ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ‘გულწრფელობა და სიწმინდე ქრისტეს საკადრისია’ (2 კორინთელთა 11:3, აქ). ნუთუ არა ვართ ვალდებულნი, რომ მთელი ძალ–ღონე მოვახმაროთ იეჰოვასა და ქრისტეს წინაშე ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებას? ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ იმდენად დიდი სიყვარული გამოავლინეს ჩვენ მიმართ, რომ მის გადახდას ვერასოდეს შევძლებთ (იოანე 3:16; 15:13). ამიტომ მართებულია, რომ მადლიერება ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით გამოვხატოთ. თუ ზნეობრივ სიწმინდეზე ამგვარად ვიფიქრებთ, დავაფასებთ მას და დავიცავთ საკუთარ გულს.

8. ა) როგორ შეგვიძლია ვკვებოთ სიმბოლური გული? ბ) რას ცხადყოფს ჩვენი საუბრები ჩვენ შესახებ?

8 ჩვენ სწორი კვებითაც შეგვიძლია საკუთარი გულის დაცვა. საჭიროა, რეგულარულად ვკვებოთ გონება და გული ჯანსაღი სულიერი საკვებით და მთელი ყურადღება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე გადავიტანოთ (კოლასელთა 3:2). ეს ჩვენს საუბრებშიც უნდა ირეკლებოდეს. თუ ისეთ ადამიანებად გვიცნობენ, რომლებიც ხორციელ, უზნეო საკითხებზე ლაპარაკობენ, ამით ცხადვყოფთ, რა გვაქვს გულში (ლუკა 6:45). ნაცვლად ამისა, მოდი ისეთი ადამიანების რეპუტაცია გვქონდეს, რომლებიც სულიერ და გამომაცოცხლებელ თემებზე საუბრობენ (ეფესელთა 5:3). გული რომ დავიცვათ, გარკვეულ სერიოზულ საშიშროებებს უნდა ავარიდოთ თავი. განვიხილოთ ორი მათგანი.

გაექეცით სიძვას

9—11. ა) რატომ არსებობს უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ ისინი, რომლებიც 1 კორინთელთა 6:18–ში ჩაწერილ რჩევას უგულებელყოფენ, სერიოზულ ცოდვას ჩაიდენენ? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) თუ გვინდა, ‘სიძვას გავექცეთ’, რის გაკეთებას მოვერიდებით? გ) რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ერთგულმა მამაკაცმა, იობმა?

9 პავლე მოციქულმა იეჰოვას შთაგონებით დაწერა რჩევა, რომელიც ბევრს დაეხმარა გულის დაცვასა და ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში. მან თქვა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). ყურადღება მიაქციეთ, მას მხოლოდ ის არ უთქვამს, რომ თავი ავარიდოთ სიძვას. ქრისტიანებს უფრო მეტი მოეთხოვებათ. ისინი უნდა „გაექცნენ“ უზნეო ქმედებებს, სწორედ ისე, როგორც გაიქცეოდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. თუ ამ რჩევას უგულებელვყოფთ, უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ და ღვთის კეთილგანწყობას დავკარგავთ.

10 მაგალითისთვის: დედამ პატარა ბიჭუნა დაბანა და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ლამაზად გამოაწყო. ბიჭმა იკითხა, შეეძლო თუ არა გარეთ ეთამაშა, სანამ მთელი ოჯახი გაემზადებოდა. დედა ერთი პირობით დათანხმდა. მან უთხრა ბავშვს: „აი იმ გუბეს ხომ ხედავ? ახლოს არ გაიარო მასთან. იცოდე, თუ დაისვრები, დაგსჯი“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში დედა ხედავს, რომ მისი შვილი ძალიან ახლოს არის გუბის ნაპირთან. ის ჯერ არ გასვრილა, მაგრამ ასეთი საქციელით უგულებელყო დედის გაფრთხილება, არ მისულიყო გუბესთან ახლოს. ამის გამო ტალახში გასვრის დიდი ალბათობა არსებობს (იგავები 22:15). ბევრი მოზარდი და სრულწლოვანიც კი, რომლებიც უფრო ფრთხილად უნდა იქცეოდნენ, იმავე შეცდომას უშვებს. როგორ?

11 ამ უკანასკნელ დღეებში, როდესაც უმრავლესობა აყოლილია „სამარცხვინო ვნებებს“, მთელ მსოფლიოში რეკლამა უკეთდება უკანონო სექსუალურ ურთიერთობებს (რომაელთა 1:26, 27). ჟურნალები, წიგნები, ვიდეოფილმები და ინტერნეტი სავსეა პორნოგრაფიული მასალებით. მათ, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გამოსახულებებს გონებაში იბეჭდავენ, ძალიან უჭირთ, ‘გაექცნენ სიძვას’. ისინი არასერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და საშიშ ზღვართან ძალიან ახლოს მიდიან, რითაც ბიბლიურ გაფრთხილებას უგულებელყოფენ. დაცვის ნაცვლად, ისინი წამლავენ საკუთარ გულს ისეთი გამოსახულებების ყურებით, რომელთა გონებიდან ამოშლას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს (იგავები 6:27). მოდი ვისწავლოთ ერთგული იობისგან, რომელმაც ‘აღთქმა დაუდო საკუთარ თვალებს’, რომ არ შეეხედა ისეთი რამისთვის, რაც ცუდის გასაკეთებლად აღძრავდა (იობი 31:1). იობის საქციელი მართლაც მისაბაძია!

12. როგორ შეუძლიათ ქრისტიან წყვილებს ‘გაექცნენ სიძვას’ იმ პერიოდში, როდესაც დაქორწინების მიზნით ერთმანეთს ხვდებიან?

12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანები ‘გაექცნენ სიძვას’ იმ პერიოდში, როდესაც დაქორწინების მიზნით ერთმანეთს ხვდებიან. ეს უნდა იყოს იმედითა და მოლოდინით აღსავსე სასიხარულო დრო, მაგრამ უზნეობისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო ზოგი წყვილი აუფერულებს ამ პერიოდს. ასეთი საქციელით ისინი ერთმანეთს ართმევენ ბედნიერი ქორწინებისთვის — უანგარო სიყვარულზე, თავშეკავებასა და იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის — საუკეთესო საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობას. ერთმა ქრისტიანმა წყვილმა იმ დროს, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, უზნეობა ჩაიდინა. დაქორწინების შემდეგ ცოლს სინდისი ძალიან აწუხებდა. მან აღნიშნა, რომ ქორწილის დღესაც კი არ უგრძვნია სიხარული. ის აღიარებს: „არაერთხელ ვთხოვე იეჰოვას პატიება, მაგრამ ამ მოვლენიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგაც კი სინდისი კვლავ მქენჯნის“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც ასეთი ცოდვა ჩაიდინა, დახმარების მისაღებად ქრისტიან უხუცესებს მიმართონ (იაკობი 5:14, 15). ბევრი ქრისტიანი გონივრულად იქცევა და იმ პერიოდში, როდესაც დაქორწინების მიზნით ერთმანეთს ხვდებიან, თავს არიდებენ ასეთ საშიშროებებს (იგავები 22:3). ისინი ზღვარს არ სცილდებიან და ზედმეტად არ ავლენენ გრძნობებს. ერთად ყოფნის დროს სხვების თანდასწრებით არიან და თავს არიდებენ განმარტოებას.

13. რატომ არ უნდა დაიწყონ ქრისტიანებმა ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას?

13 ქრისტიანები შეიძლება დიდ სირთულეებს წააწყდნენ, თუ ისეთ ადამიანთან იწყებენ შეხვედრას, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას. როგორ დაუკავშირებთ თქვენს ცხოვრებას ადამიანს, რომელსაც არ უყვარს იეჰოვა ღმერთი? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანი მხოლოდ ისეთ ადამიანთან ‘შეებას ერთ უღელში’, რომელსაც უყვარს იეჰოვა და აფასებს ზნეობრივ სისუფთავესთან დაკავშირებულ მის ნორმებს. ღვთის სიტყვაში ჩვენს საყურადღებოდ ნათქვამია: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან?“ (2 კორინთელთა 6:14).

14, 15. ა) რა მცდარი თვალსაზრისი აქვს ზოგს „სიძვის“ მნიშვნელობაზე? ბ) რა სახის სექსუალური ურთიერთობები შედის „სიძვაში“ და როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ‘გაექცნენ სიძვას’?

14 აგრეთვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის სიძვა. თუ ეს არ გვეცოდინება, სათანადო სახით ვერ გავექცევით მას. ზოგს დღევანდელ ქვეყნიერებაში არასწორად ესმის „სიძვის“ მნიშვნელობა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სქესობრივ ურთიერთობებს არ ამყარებენ, სხვაგვარად შეუძლიათ თავიანთი ვნებების დაკმაყოფილება. ჯანმრთელობის დაცვის ზოგი ავტორიტეტული დაწესებულებაც კი, მოზარდთა შორის არასასურველი ფეხმძიმობის შემთხვევების შემცირების მიზნით, ახალგაზრდებს გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობის დამყარებისკენ უბიძგებს, რაც არ გამოიწვევს დაფეხმძიმებას. ასეთი რჩევა სრულიად მიუღებელია. ქორწინების გარეშე დაფეხმძიმების თავიდან არიდება არ ნიშნავს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას. სიტყვა „სიძვას“ ასეთი ვიწრო გაგება არა აქვს.

15 ბერძნულ სიტყვა „პორნეიას“, რომელიც „სიძვად“ ითარგმნება, საკმაოდ ფართო მნიშვნელობა აქვს. ეს სიტყვა ეხება დაუქორწინებელ პირებს შორის სქესობრივ ურთიერთობას და, აგრეთვე, სასქესო ორგანოების უმართებულოდ გამოყენებას გულისხმობს. „პორნეიაში“ შედის ორალური და ანალური სექსი, სხვა ადამიანის სასქესო ორგანოების გაღიზიანება — ქმედებები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, საროსკიპოებში მიმართავენ. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ურთიერთობები „სიძვას“ არ წარმოადგენს, ტყუვდებიან და სატანის ერთ–ერთ მახეში ებმებიან (2 ტიმოთე 2:26). ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ისეთი ურთიერთობისგან თავის შეკავებას, რომელიც სიძვად ითვლება. ‘სიძვას რომ გავექცეთ’, თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერი სახის სექსუალურ გარყვნილებასა და თავაშვებულ ქმედებას, რაც სერიოზული ცოდვის, „პორნეიას“, ჩადენამდე მიგვიყვანდა (ეფესელთა 4:19). ამგვარად შევინარჩუნებთ ზნეობრივ სისუფთავეს.

თავი აარიდეთ ფლირტით გამოწვეულ საფრთხეს

16. რა შემთხვევაშია მისაღები რომანტიკული გრძნობების გამოსახატავად ყურადღების გამოჩენა და რომელი ბიბლიური მაგალითი გვიჩვენებს ამას?

16 უმწიკვლობის შესანაჩუნებლად სხვა საშიშროებასაც უნდა ავარიდოთ თავი; ეს არის ფლირტი. ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ფლირტი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის უწყინარი და უვნებელი გართობაა. რასაკვირველია, გარკვეულ სიტუაციაში რომანტიკული გრძნობების გამოსახატავად ყურადღების გამოჩენა ნორმალურია. ერთხელ ისაკი და რებეკა ‘ელაღობებოდნენ’ ერთმანეთს და გარეშე თვალისთვის შესამჩნევი იყო, რომ ისინი უბრალოდ და–ძმა არ იყვნენ (დაბადება 26:7—9). მაგრამ ისინი ცოლ–ქმარი იყვნენ და, თუ ერთმანეთისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ, ეს სავსებით მისაღები იყო. ფლირტი კი სულ სხვა რამეა.

17. რა არის ფლირტი და როგორ შეიძლება ამ პრობლემასთან მიდგომა?

17 ფლირტი შეიძლება ასე განიმარტოს: სერიოზული განზრახვის გარეშე რომანტიკული ინტერესის გამოვლენა. ადამიანი რთული ქმნილებაა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფლირტი შეიძლება უამრავი სახით ვლინდებოდეს, რომელთა შორის ზოგიერთი ძნელად ამოსაცნობია (იგავები 30:18, 19). ასე რომ, ამ შემთხვევაში მკაცრი წესების დადგენა გამოსავალი არ იქნება. ისეთი რამ მოითხოვება, რაც ბევრად აღემატება დადგენილ წესებს — საკუთარი თავის გულახდილად შემოწმება და ბიბლიური პრინციპების კეთილსინდისიერად გამოყენება.

18. რატომ მიმართავს ზოგი ფლირტს და რატომ იწვევს ის ტკივილს?

18 თუ საკუთარ თავთან გულახდილები ვიქნებით, ალბათ, უმეტესობა ვაღიარებთ, რომ, როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანისგან რომანტიკულ ინტერესს ვგრძნობთ, გვსიამოვნებს. ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მივმართავთ ფლირტს იმისათვის, რომ ასეთი ინტერესი აღვძრათ? ან გავაკეთებთ ამას იმიტომ, რომ უფრო ავმაღლდეთ საკუთარ თვალში ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელი გამოვიწვიოთ? თუ ამგვარად ვიქცევით, ვფიქრობთ, როგორი ტკივილი შეიძლება მივაყენოთ სხვას? მაგალითად, იგავების 13:12–ში ნათქვამია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს“. თუ წინასწარგანზრახულად ვეარშიყებით ვინმეს, შესაძლოა ვერც კი ვხვდებით, როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე. მას შეიძლება იმედი გაუჩნდეს, რომ ახლოს გავეცნობით და, საბოლოოდ, დავქორწინდებით მასზე. ამის შედეგად გამოწვეული გულგატეხილობა კი ემოციურად გამანადგურებელია (იგავები 18:14). სხვის გრძნობებზე განზრახ თამაში სისასტიკეა.

19. როგორ შეიძლება ფლირტმა საფრთხე შეუქმნას ქრისტიანულ ქორწინებას?

19 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქრისტიანი მოერიდოს ფლირტს, როდესაც საქმე დაქორწინებულ ადამიანს ეხება. მეუღლის გარდა, სხვისადმი რომანტიკული ინტერესის გამოვლენა დიდი შეცდომაა. სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს მცდარი თვალსაზრისი აქვს, რომ თითქოს, მეუღლის გარდა, სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობების განვითარება მისაღებია. ზოგი ასეთ „მეგობარს“ გულისნადებს უმხელს და ისეთ აზრებსაც კი უზიარებს, რომელთა შესახებაც თავის მეუღლესთან არ საუბრობს. ამის შედეგად მათ შორის გრძნობები იმდენად ძლიერდება, რომ ემოციურად ერთმანეთზე ხდებიან დამოკიდებული. ამან შეიძლება შეარყიოს და ძირიც კი გამოუთხაროს ქორწინებას. დაქორწინებულ ქრისტიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ იესოს მიერ მრუშობასთან დაკავშირებით მოცემული გონივრული გაფრთხილება — ასეთი რამ გულიდან იღებს სათავეს (მათე 5:28). ამიტომ დაიცავით გული და თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც დამღუპველ შედეგებამდე მიგიყვანთ.

20. როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს ზნეობრივ სიწმინდეს?

20 რასაკვირველია, დღევანდელ ზნეობრივად დაცემულ ქვეყნიერებაში ადვილი არ არის, დარჩე ზნეობრივად წმინდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გაცილებით ადვილია ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნება, ვიდრე დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა. რა თქმა უნდა, იეჰოვა „მრავლის მიმტევებელია“ და მას შეუძლია განწმინდოს ისინი, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ ცოდვებს (ესაია 55:7). მიუხედავად ამისა, იეჰოვა არ იცავს უზნეობის ჩამდენთ თავიანთი მოქმედების შედეგებისგან. ჩადენილი ცოდვის შედეგებმა შეიძლება წლობით ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი შეგვახსენოს თავი (2 მეფეთა 12:9—12). ამიტომ, მთელი ძალ–ღონე მოახმარეთ საკუთარი გულის დაცვასა და, ამგვარად, ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას. იეჰოვა ღმერთის თვალში სუფთად და უმწიკვლოდ ყოფნის უპირატესობა ძვირფას განძად ჩათვალეთ და არასდროს დაკარგოთ ის!

როგორ უპასუხებდით?

• რა არის ზნეობრივი სიწმინდე და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

• როგორ შეგვიძლია საკუთარი გულის დაცვა?

• რას ნიშნავს „გაექეცით სიძვას“?

• რატომ უნდა მოვერიდოთ ფლირტს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

ავტომანქანა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, თუ სათანადოდ არ ვმართავთ მას.

[სურათები 12 გვერდზე]

რა შეიძლება მოხდეს, თუ უგულებელვყოფთ გაფრთხილებას?

[სურათი 13 გვერდზე]

დაქორწინების მიზნით ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობის დროს ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნება სიხარულის მომტანია და განადიდებს ღმერთს.