არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი დაიცავით სიცრუისგან

თავი დაიცავით სიცრუისგან

თავი დაიცავით სიცრუისგან

„გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ . . . ფუჭი ცდუნებით“(კოლასელთა 2:8).

1—3. ა) რა ფაქტები ცხადყოფს, რომ დღეს სიცრუემ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია? ბ) რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს მსოფლიოში სიცრუის არსებობამ?

„რამდენი თქვენგანი არ მოუტყუებიხართ არასდროს კლიენტებს?“. ამ კითხვის დასმით რამდენიმე წლის წინ სამართლისმცოდნეობის პროფესორმა გამოკითხვა ჩაატარა. რა ცხადყო მიღებულმა პასუხებმა? ეს პროფესორი აღნიშნავს: „ათასობით ადვოკატს შორის მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც არასდროს მოუტყუებია კლიენტს“. რა იყო ამის მიზეზი? „ამ ადვოკატს ახალი დაწყებული ჰქონდა პრაქტიკის გავლა ერთ დიდ ფირმაში და კლიენტებთან ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია“. ეს შემთხვევა მწარე სინამდვილის მაჩვენებელია; სინამდვილისა, რომ სიცრუე დღევანდელ მსოფლიოში ჩვეულებრივ რამედ ითვლება.

2 დღეს სიცრუე უამრავი სახით ვლინდება და თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. საინფორმაციო საშუალებები ამის დამადასტურებელ უამრავ მაგალითს გვაწვდის: პოლიტიკოსები თავიანთ მოქმედებებს ცრუ შუქში წარმოგვიდგენენ, ბუღალტრები და იურისტები კორპორაციის მოგებას განზრახ ზრდიან, რეკლამის დამკვეთებს შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებლები, სასამართლო პროცესის დროს მხარეები სადაზღვევო კომპანიებს ატყუებენ. და ეს მხოლოდ რამდენიმეა სიცრუის არსებობის დამამტკიცებელი გრძელი სიიდან. აგრეთვე, არსებობს რელიგიური სიცრუე. სამღვდელოებას უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომაში და ისეთ ცრუ მოძღვრებებს ასწავლის, როგორიცაა სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლის არსებობა და სამება (2 ტიმოთე 4:3, 4).

3 უნდა გვიკვირდეს, რომ სიცრუე ასე ფართოდ არის გავრცელებული? რასაკვირველია, არა. „უკანასკნელ დღეებთან“ დაკავშირებით ბიბლიაში ასეთი გაფრთხილებაა მოცემული: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). ჩვენ, ქრისტიანები უნდა ვუფრთხილდეთ შეცდომაში შემყვან აზრებს, რომლებსაც შეუძლია ჭეშმარიტებას ჩამოგვაშოროს. ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით წამოიჭრება ორი კითხვა: რატომ არის დღეს ასე გავრცელებული სიცრუე და როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ მისგან?

რატომ არსებობს დღეს ამდენი სიცრუე?

4. როგორ ხსნის ბიბლია დღევანდელ მსოფლიოში სიცრუის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზს?

4 ბიბლიაში გასაგებად არის ახსნილი, თუ რატომ არის სიცრუე ასე ფართოდ გავრცელებული დღევანდელ ქვეყნიერებაში. იოანე მოციქულმა დაწერა, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). ეს „ბოროტი“ სატანა ეშმაკია. მის შესახებ იესომ თქვა: „ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა“. აქედან გამომდინარე, ნუთუ გასაკვირია, რომ დღევანდელი ქვეყნიერება ირეკლავს თავისი მმართველის სულს, ფასეულობებსა და მისთვის დამახასიათებელ სიცრუეს? (იოანე 8:44; 14:30; ეფესელთა 2:1—3).

5. როგორ გააქტიურდა სატანა ამ უკანასკნელ დღეებში ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და განსაკუთრებით ვინ ჰყავს მას მიზანში ამოღებული?

5 ამ უკანასკნელ დღეებში სატანა უფრო გააქტიურდა ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. როგორც ცნობილია, ის დედამიწის მიდამოებში იქნა გადმოგდებული. მან იცის, რომ მისი დრო იწურება და „დიდი მძვინვარებით“ არის აღსავსე. მისი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაღუპოს და ამიტომ ‘მთელ წუთისოფელს აცდუნებს’ (გამოცხადება 12:9, 12). სატანას მხოლოდ დროდადრო არ შეჰყავს ადამიანები შეცდომაში. კაცობრიობის შესაცდენად ის არასდროს ანელებს აღებული კურსით სვლას *. სატანა თავის არსენალში არსებულ ყველანაირ მაცდუნებელ მეთოდს იყენებს — მათ შორის სიცრუესა და მზაკვრობას — რათა ურწმუნოებს გონება დაუბრმაოს და ღვთისგან ჩამოაშოროს (2 კორინთელთა 4:4). ამ დახელოვნებულ მატყუარას განსაკუთრებით მათი ჩაყლაპვა სურს, ვინც ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემს თაყვანს (იოანე 4:24; 1 პეტრე 5:8). ნურასდროს დაგავიწყდებათ სატანის განაცხადი. მან ფაქტობრივად ასეთი რამ თქვა: მე ღვთისგან ნებისმიერი ადამიანის ჩამოშორებას შევძლებ (იობი 1:9—12). მოდი დავფიქრდეთ სატანის ‘მზაკვრობაზე’, ანუ შეცდომაში შემყვან ტაქტიკაზე, და განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ მათგან (ეფესელთა 6:11).

ერიდეთ განდგომილთა სიცრუეს

6, 7. ა) რას შეიძლება ამტკიცებდნენ განდგომილები? ბ) რას ვიგებთ საღვთო წერილიდან განდგომილთა მიზნის შესახებ?

6 სატანა უკვე დიდი ხანია იყენებს განდგომილებს ღვთის მსახურთა შეცდომაში შესაყვანად (მათე 13:36—39). განდგომილები შეიძლება აცხადებდნენ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან და ბიბლიის სწამთ, მაგრამ ისინი უარყოფენ ღვთის ორგანიზაციის ხილულ ნაწილს. ზოგი მათგანი „დიდი ბაბილონის“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის — ღვთის შეურაცხმყოფელ მოძღვრებებსაც კი უბრუნდება (გამოცხადება 17:5; 2 პეტრე 2:19—22). ბიბლიის დამწერებმა ღვთის შთაგონებით განდგომილთა მოტივებისა და მეთოდების გამოსააშკარავებლად ძლიერი სიტყვები გამოიყენეს.

7 რა არის განდგომილთა მიზანი? მათგან უმეტესობა იმით არ კმაყოფილდება, რომ თავად უარყვეს რწმენა, რომელსაც ერთ დროს ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ. ხშირად მათ სურთ, რომ სხვებიც თან გაიყოლონ. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მოწაფეები გაიჩინონ, ბევრი განდგომილი ცდილობს, „მოწაფეები [ანუ ქრისტეს მოწაფეები] გადაიბირონ“ (საქმეები 20:29, 30). ცრუ მასწავლებლების შესახებ პავლე მოციქულმა ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება მოგვცა: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ“ (კოლასელთა 2:8). განა ამის გაკეთებას არ ცდილობს ბევრი განდგომილი? ადამიანთა გამტაცებლების მსგავსად, რომლებიც ოჯახებიდან იტაცებენ მათ, ვინც სიფრთხილეს არ იჩენს, განდგომილებიც ნადირობენ ადვილად მიმნდობ კრების წევრებზე და ცდილობენ მათი ფარიდან გატაცებას.

8. რა მეთოდებს იყენებენ განდგომილები მიზნის მისაღწევად?

8 რა მეთოდებს იყენებენ განდგომილები მიზნის მისაღწევად? ისინი ხშირად დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ, ნახევრად მართალ და აშკარა სიცრუეს მიმართავენ. იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრები ისეთი ადამიანების მსხვერპლი აღმოჩნდებოდნენ, რომლებიც ‘ყველანაირ ბოროტებას დააბრალებდნენ’ მათ (მათე 5:11, აქ). ეს ბოროტი მოწინააღმდეგეები სხვების შესაცდენად ისეთ რამეს ილაპარაკებდნენ, რაც არ იქნებოდა მართალი. პეტრე მოციქულის გაფრთხილების თანახმად, განდგომილები თავიანთი მიზნის მისაღწევად ‘ტყუილ სიტყვებს’ გამოიყენებდნენ, გაავრცელებდნენ ‘მაცდუნებელ სწავლებებს’ (აქ) და ‘დაამახინჯებდნენ წერილებს’ (2 პეტრე 2:3, 13; 3:16). სამწუხაროდ, განდგომილებმა ‘ზოგიერთებს დაურღვიეს რწმენა’ (2 ტიმოთე 2:18).

9, 10. ა) როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ განდგომილთა მიერ დაგებულ სიცრუის მახეს? ბ) რატომ არ ვწუხვართ, თუ ღვთის განზრახვის გაგებაში ცვლილების შეტანა გვიწევს?

9 როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ განდგომილთა მიერ დაგებულ სიცრუის მახეში გაბმას? ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევის გათვალისწინებით: „მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ“ (რომაელთა 16:17). ჩვენ ‘ვერიდებით’ განდგომილებს იმით, რომ ახლოს არ ვიკარებთ მათ არგუმენტებს, რომლებიც შეიძლება სიტყვიერად, ბეჭდვითი სახით ან ინტერნეტით იყოს გადმოცემული. რატომ ვიქცევით ასე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს ამისკენ და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის (ესაია 48:17, 18).

10 ასეთი პოზიციის დაკავების მეორე მიზეზი კი ის არის, რომ გვიყვარს ღვთის ორგანიზაცია, რომელმაც ფასდაუდებელი ჭეშმარიტებები გვასწავლა. სწორედ ამ ჭეშმარიტებების წყალობით ვართ ასე აშკარად გამოყოფილები დიდი ბაბილონისგან. ამავე დროს, გვესმის, რომ სრულყოფილად ვერ ვწვდებით ღვთის განზრახვას; გადის წლები და ამა თუ იმ საკითხში ჩვენი გაგება უფრო იხვეწება. ერთგული ქრისტიანები მზად არიან ელოდონ იეჰოვას, სანამ ის ყველაფერს ნათელს მოჰფენს (იგავები 4:18). მანამდე კი, არ მივატოვებთ ორგანიზაციას, რომლის გამოყენებაც სურს იეჰოვას, რადგან აშკარად ვხედავთ, როგორ აკურთხებს მას (საქმეები 6:7; 1 კორინთელთა 3:6).

თავს ნუ მოიტყუებთ

11. რატომ აქვთ არასრულყოფილ ადამიანებს მიდრეკილება თავის მოტყუებისკენ?

11 არასრულყოფილ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, რომლითაც სატანა მოხერხებულად სარგებლობს. ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. „უნდოა ყველას გული და უკურნებელი“, — ნათქვამია იერემიას 17:9–ში (სსგ). იაკობმა კი დაწერა: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14). თუ ჩვენი გული შეცდომაშია შეყვანილი, მან შეიძლება ცოდვა მიმზიდველად და უვნებლად წარმოგვიდგინოს. მაგრამ ასეთი თვალსაზრისი თავის მოტყუებაა, რადგან ის, ვინც ცოდვას ემონება, საბოლოოდ, დაიღუპება (რომაელთა 8:6).

12. როგორ შეიძლება გავებათ საკუთარი თავის მოტყუების მახეში?

12 თავის მოტყუების მახეში შეიძლება ძალიან ადვილად გავებათ. უნდო გულმა შეიძლება გამართლება მოუძებნოს სერიოზულ სისუსტეს ან მძიმე ცოდვას (1 მეფეთა 15:13—15, 20, 21). ზნეობრივად გახრწნილმა გულმა შეიძლება საეჭვო საქციელიც გაამართლოს. მაგალითად, დავფიქრდეთ გართობის საკითხზე. გართობის ზოგი სახეობა სასარგებლო და სასიამოვნოა. მაგრამ ფილმების, სატელევიზიო პროგრამებისა თუ ინტერნეტის საიტების საშუალებით ქვეყნიერება ხშირად უხამს და ამორალურ გართობას გვთავაზობს. ძალიან ადვილია საკუთარი თავის იმაში დარწმუნება, რომ არაფერი დაგვიშავდება საეჭვო ხასიათის გასართობი პროგრამების ყურებით. ზოგი ამგვარადაც კი მსჯელობს: „სინდისი არ მქენჯნის და რაში უნდა იყოს პრობლემა?“. მაგრამ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანები „თავს . . . იტყუებენ მცდარი აზროვნებით“ (იაკობი 1:22, აქ).

13, 14. ა) რომელი ბიბლიური მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩვენი სინდისი ყოველთვის არ არის სანდო? ბ) რა დაგვეხმარება, რომ თავი არ მოვიტყუოთ?

13 რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საკუთარი თავი არ მოვიტყუოთ? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სინდისი ყოველთვის არ არის სანდო. განვიხილოთ პავლე მოციქულის შემთხვევა. ქრისტიანად გახდომამდე ის ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა (საქმეები 9:1, 2). ალბათ, იმ დროს მას სინდისი არ ქენჯნიდა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ის არასწორი მიმართულებით მიდიოდა. „უმეცრებით ვაკეთებდი ურწმუნოებაში“, — თქვა პავლემ (1 ტიმოთე 1:13). მაშასადამე, ამა თუ იმ სახის გართობის გამო სინდისი თუ არ გვქენჯნის, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სწორი კურსით მივდივართ. მხოლოდ ღვთის სიტყვით სათანადოდ განსწავლულ სინდისს შეუძლია ჩვენი ნაბიჯებისთვის სწორი მიმართულების მიცემა.

14 საკუთარი თავი რომ არ მოვიტყუოთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევა უნდა გვახსოვდეს. ლოცვის საშუალებით შეამოწმეთ საკუთარი თავი (ფსალმუნები 25:2; 2 კორინთელთა 13:5). გულახდილი თვითშემოწმების შედეგად შეიძლება დაინახოთ, რა ცვლილებების მოხდენა გჭირდებათ საკუთარ თვალსაზრისსა თუ მოქმედებაში. მოუსმინეთ სხვებს (იაკობი 1:19). რადგან თვითშემოწმების დროს მიდრეკილნი ვართ საკუთარი თავის გამართლებისკენ, გონივრულია, მოწიფულ თანაქრისტიანთა ობიექტურ აზრებს მოუსმინოთ. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ან განსაზღვრული ნაბიჯის გადადგმისას ხედავთ, რომ ამას საეჭვოდ უყურებენ გაწონასწორებული, გამოცდილი თანამორწმუნეები, შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს: „იქნებ ჩემი სინდისი სათანადოდ არ არის განსწავლული ან საკუთარ გულს შევყავარ შეცდომაში?“. რეგულარულად შეისწავლეთ ბიბლია და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციები (ფსალმუნები 1:2). ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარი ფიქრები, თვალსაზრისი და გრძნობები ღვთის პრინციპებს შეუსაბამოთ.

ერიდეთ სატანის სიცრუეს

15, 16. ა) როგორი ცრუ მოსაზრებებით ცდილობს ეშმაკი ჩვენს შეცდენას? ბ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ასეთმა ცრუ მოსაზრებებმა არ შეგვიყვანოს შეცდომაში?

15 სატანა ჩვენს შესაცდენად სხვადასხვა სახის სიცრუეს იყენებს. ის ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მატერიალურ სიმდიდრეს შეუძლია ჩვენთვის ბედნიერებისა და კმაყოფილების მოტანა, მაგრამ სინამდვილეში ხშირად პირიქით ხდება (ეკლესიასტე 5:10—12). მას სურს დაგვაჯეროს, რომ ეს ბოროტი სისტემა მარადიულად იარსებებს, მაგრამ დღეს არსებობს იმის აშკარა მტკიცება, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). სატანა ავრცელებს ცრუ მოსაზრებას, რომ არაფერია ცუდი, თუ უზნეო ცხოვრებას ვეწევით, მაშინ როცა ასეთ სიამეთა მოყვარულები ხშირად სავალალო შედეგებს იმკიან (გალატელთა 6:7). რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სახის ცრუ მოსაზრებებმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს?

16 იფიქრეთ ბიბლიურ მაგალითებზე. ბიბლიაში მოცემულია იმ ადამიანების გამაფრთხილებელი მაგალითები, რომლებიც სატანის სიცრუის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. მათთვის სიმდიდრის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა, მხედველობიდან გამორჩათ, რა დროში ცხოვრობდნენ ან წინ ვერ აღუდგნენ უზნეობას; ეს კი ძალიან ძვირად დაუჯდათ (მათე 19:16—22; 24:36—42; ლუკა 16:14; 1 კორინთელთა 10:8—11). ისწავლეთ თანამედროვე მაგალითებზე. სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს ავიწყდება, რა დროში ცხოვრობს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ღვთის მსახურებისთვის დროის გამოყოფით რაღაც ფასეულს კარგავს. ისინი შესაძლოა ჭეშმარიტებას ტოვებენ და ეგრეთ წოდებული სიამოვნების ძიებაში სხვა ცხოვრებას იწყებენ. ასეთი ადამიანები „მოლიპულ გზაზე“ დგანან და ადრე თუ გვიან ვერსად გაექცევიან ღვთისთვის მიუღებელი საქციელის სავალალო შედეგებს (ფსალმუნები 72:18, 19). ჩვენ გონივრულად ვიქცევით, როდესაც სხვის შეცდომებზე ვსწავლობთ (იგავები 22:3).

17. რატომ ავრცელებს სატანა ცრუ მოსაზრებას, რომ იეჰოვას არ ვუყვარვართ და არ გვაფასებს?

17 სატანა წარმატებით სარგებლობს სხვა სახის სიცრუითაც — ის ამტკიცებს, რომ იეჰოვას არც ვუყვარვართ და არც გვაფასებს. სატანა ათასობით წელია, რაც აკვირდება არასრულყოფილ ადამიანებს. მან კარგად იცის, რომ გულგატეხილობას შეუძლია სულიერად დაგვასუსტოს (იგავები 24:10). ამიტომ სურს, არასწორი თვალსაზრისი შეგვიქმნას, რომ ღვთისთვის არაფერს არ წარმოვადგენთ. თუ ‘დამხობილნი’ ვართ და უფრო იმაში ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა არ ზრუნავს ჩვენზე, შეიძლება გული გაგვიტყდეს (2 კორინთელთა 4:9, სსგ). სწორედ ეს სურს სატანას, დახელოვნებულ მატყუარას! რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ სატანის ამ ცრუ მოსაზრებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს?

18. როგორ გვარწმუნებს ბიბლია იეჰოვას სიყვარულში?

18 პირადად თქვენ თავზე მიიღეთ ის, რასაც ბიბლია ამბობს ჩვენდამი ღვთის სიყვარულის შესახებ. ღვთის სიტყვაში გამოყენებულია ცოცხალი და გულში ჩამწვდომი მაგალითები, რომელთა საშუალებითაც ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას შეუმჩნეველნი არ ვრჩებით და თითოეული ვუყვარვართ. იეჰოვა თქვენს ცრემლებს თავის „ჭურჭელში“ ათავსებს, ანუ ხედავს თქვენს ცრემლებს და ახსოვს, რომ ერთგულების შესანარჩუნებლად გაწეული ბრძოლის დროს დაღვარეთ ის (ფსალმუნები 55:9). მან იცის, როდის ხართ ‘გულმკვდარი’ და ასეთ დროს თქვენს გვერდითაა (ფსალმუნები 33:19, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი). მან ყველა წვრილმანი იცის თქვენ შესახებ და ‘თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილი’ აქვს (მათე 10:29—31). რაც ყველაზე მთავარია, ღმერთმა თქვენ გამო „მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 3:16; გალატელთა 2:20). ზოგჯერ შეიძლება გიჭირთ დაიჯეროთ, რომ ასეთი ბიბლიური მუხლები პირადად თქვენ გეხებათ. მაგრამ ჩვენ უნდა გვწამდეს ღვთის სიტყვის. იეჰოვას სურს, გვჯეროდეს, რომ მას ვუყვარვართ არა მხოლოდ როგორც ჯგუფი, არამედ — ცალკეულად, თითოეული.

19, 20. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ამოვიცნოთ და უკუვაგდოთ სატანის სიცრუე, რომლის თანახმადაც თითქოს იეჰოვას არ ვუყვარვართ? ბ) როგორ ეხმარება ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი გულგატეხილებს?

19 ამოიცანით და უკუაგდეთ სიცრუე. როდესაც იცით, რომ ვინმე იტყუება, შეგიძლიათ თავი აარიდოთ ტყუილის მახეში გაბმას. მსგავსად, ძალიან დაგეხმარებათ იმის ცოდნა, რომ სატანას სურს დაგაჯეროთ, თითქოსდა იეჰოვა თქვენდამი გულგრილია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. ერთი ქრისტიანი ამგვარად გამოეხმაურა „საგუშაგო კოშკის“ სტატიას, რომელიც სატანის მეთოდების შესახებ გაფრთხილებას იძლეოდა: „არასდროს მიფიქრია, რომ სატანა ცდილობს ჩემი გრძნობებით ისარგებლოს, რათა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდოს. ამის ცოდნა აღმძრავს, რომ ჩავახშო ასეთი გრძნობებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები“.

20 აი, რას გვიყვება ერთი სამხრეთ ამერიკელი მიმომსვლელი ზედამხედველი. როდესაც ის ინახულებს გულგატეხილ თანამორწმუნეებს, ხშირად ეკითხება, სწამთ თუ არა სამების. გულგატეხილი და–ძმები ჩვეულებრივ პასუხობენ, რომ არ სწამთ, რადგან ესმით რომ ეს სატანის ერთ–ერთი სიცრუეა. მიმომსვლელი ზედამხედველი სხვა კითხვასაც უსვამს მათ: „გწამთ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის?“. კვლავ პასუხობენ, რომ არა. შემდეგ ეს უხუცესი ძმა ეუბნება მათ, რომ სატანა ისეთი სახის ტყუილსაც მიმართავს, რომელიც, ჩვეულებრივ, ადვილი დასანახი არ არის. ის მათ ყურადღებას ამახვილებს წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ * 249–ე გვერდზე მოცემულ 21–ე აბზაცზე, სადაც გამოაშკარავებულია სიცრუე იმის შესახებ, რომ თითქოს იეჰოვას ჩვენ, როგორც ცალკეული პიროვნებები, არ ვუყვარვართ. ეს მიმომსვლელი ზედამხედველი ამბობს, რომ ამას დადებითი შედეგები მოაქვს: გულგატეხილები ხედავენ და უკუაგდებენ სატანის ამ სიცრუეს.

დაიცავით საკუთარი თავი სიცრუისგან

21, 22. რატომ არ ვართ გაურკვევლობაში სატანის მაცდუნებელ მეთოდებთან დაკავშირებით და რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

21 მოსალოდნელია, რომ ამ უკანასკნელი დღეების კულმინაციურ პერიოდში სატანა კვლავ ისარგებლებს მრავალნაირი სიცრუით. საბედნიეროდ, იეჰოვა არ გვტოვებს გაურკვევლობაში სატანის მაცდუნებელ მეთოდებთან დაკავშირებით. ბიბლია და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები ააშკარავებს სატანის მზაკვრულ მეთოდებს (მათე 24:45). ვინც ელის საშიშროებას და ფრთხილობს, მზად იქნება მის ასარიდებლად (2 კორინთელთა 2:11).

22 ამიტომ ვიფრთხილოთ, რომ განდგომილთა მცდარმა აზრებმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს. მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მოვერიდებით ისეთ ძნელად შესამჩნევ საცდურს, როგორიცაა საკუთარი თავის მოტყუება; ამოვიცნოთ და უკუვაგდოთ სატანის ნებისმიერი სიცრუე. ამგვარი მოქმედებით ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ „ჭეშმარიტების ღმერთთან“, რომელსაც სძულს სიცრუე (ფსალმუნები 30:6, აქ; იგავები 3:32).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 გამოცხადების 12:9–ში „მაცდუნებლად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა, ერთი ცნობარის თანახმად, „მიუთითებს ჩვევაში გადაზრდილ გამუდმებულ მოქმედებაზე“.

^ აბზ. 20 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არის სიცრუე ასე ფართოდ გავრცელებული დღევანდელ ქვეყნიერებაში?

• როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ განდგომილთა მიერ დაგებულ სიცრუის მახეს?

• რა დაგვეხმარება, რომ თავი არ მოვიტყუოთ?

• როგორ დავიცვათ თავი სატანის სიცრუისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

ნუ მოიტყუებთ თავს გართობის არჩევისას.

[სურათები 18 გვერდზე]

თავი რომ არ მოიტყუოთ, ლოცვის საშუალებით შეამოწმეთ საკუთარი თავი, მოუსმინეთ სხვებს და რეგულარულად შეისწავლეთ ღვთის სიტყვა.