არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“

„იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“

„იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“

„წადი სახლში და ცოტა ხნით შენს ცოლთან და ოჯახთან დარჩი“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მეომარი, რომელსაც ომის დროს ამ სიტყვების გაგება არ გაუხარდებოდა?

სწორედ ასეთი მითითება მიიღო ისრაელში დავითის მეფობის დროს მცხოვრებმა ერთმა მეომარმა. ურია ხეთელი თვითონ მეფემ მოიხმო და მანვე შესთავაზა სახლში წასვლა. მაგრამ ურიამ ეს არ ისურვა. ასეთი უჩვეულო რეაქცია კი შემდეგნაირად ახსნა: მაშინ, როცა შეთანხმების კიდობანი, რომელიც ისრაელთა შორის იეჰოვას ყოფნაზე მოწმობდა, ბრძოლის ველზე იყო და ისრაელი მეომრები იბრძოდნენ, თვითონ შინ წასვლა არ შეეძლო. „როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან?“, — თქვა ურიამ. ასეთ კრიტიკულ პერიოდში მისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ამის გაკეთება (2 მეფეთა 11:8—11).

ურიას მოქმედება მნიშვნელოვან კითხვებს წამოჭრის, რადგან ჩვენც ომის პერიოდში ვცხოვრობთ. ეს მძვინვარე ომი ისტორიის მანძილზე მომხდარი ნებისმიერი ომისგან განსხვავდება. მასთან შედარებით, ორივე მსოფლიო ომიც კი უმნიშვნელოა და ამ ომში თქვენც ხართ ჩაბმული. არსებობს დამარცხების დიდი საშიშროება; მტერი მრისხანეა. არც ტყვიების ზუზუნი ისმის და არც ბომბები ფეთქდება, მაგრამ ამის გამო ბრძოლა სულაც არ არის ნაკლებად ინტენსიური.

იარაღის ხელში აღებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ბრძოლა მორალურად გამართლებულია და უნდა იცოდეთ, რისთვის იბრძვით. ღირს კი ბრძოლა? მოციქულმა პავლემ კარგად ახსნა, რა არის ბრძოლის მიზანი. „იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“, — მისწერა მან ტიმოთეს. დიახ, ამ ომში ციხე–სიმაგრე კი არ უნდა დაიცვათ, არამედ რწმენა, ანუ ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტება — ქრისტიანული სწავლებები. ცხადია, სრულად უნდა იყოთ დარწმუნებული „რწმენის“ უტყუარობაში, რათა იბრძოლოთ მისთვის და გაიმარჯვოთ (1 ტიმოთე 6:12, აქ).

წინდახედული მეომარი მტრის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ჩვენს მტერს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იარაღის ნაკლებობას არ განიცდის და, გარდა ამისა, ზებუნებრივ ძალას ფლობს. იგი აგრეთვე ბოროტი, მძვინვარე და უპრინციპოა. ეს მტერი სატანაა (1 პეტრე 5:8). ადამიანის მიერ შექმნილი იარაღის გამოყენება და ნებისმიერი ადამიანური მოხერხებულობა მის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოვლად უსარგებლოა (2 კორინთელთა 10:4). მაშ, რაღა უნდა გამოიყენოთ ამ ომში?

ძირითადი იარაღია „სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“ (ეფესელთა 6:17, აქ). პავლე მოციქულმა დაგვანახვა, რამდენად ეფექტურია ეს იარაღი: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). იარაღი, რომელიც იმდენად ბასრი და წუნდაუდებელია, რომ აზრებსა და ზრახვებში აღწევს, ნამდვილად ოსტატურად და ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული.

ჯარი შეიძლება კარგად იყოს შეიარაღებული, მაგრამ იარაღი ყოვლად უსარგებლო იქნება, თუ მეომრებს მისი გამოყენება არ ეცოდინებათ. მსგავსად ამისა, თქვენც გჭირდებათ მომზადება მახვილის ეფექტურად გამოსაყენებლად. საბედნიეროდ, დიდი გამოცდილების მქონე მებრძოლებისგან შეგიძლიათ დახმარების მიღება. იესომ ამ მებრძოლ–მასწავლებლების ჯგუფს უწოდა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელსაც მისი მიმდევრებისთვის სულიერი საზრდოს ანუ მითითებების დროულად მიწოდება ევალება (მათე 24:45). ამ მონის კლასის ამოცნობის საშუალებას სწორედ მისი მონდომებული სწავლება და მტრის ტაქტიკის შესახებ დროულად მოცემული გაფრთხილებები იძლევა. ფაქტები მოწმობს, რომ მონის კლასს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების ცხებული წევრები ქმნიან (გამოცხადება 14:1).

„ერთგული და გონიერი“ მონა მხოლოდ მითითებებს როდი გვაძლევს. ის ისეთივე სულისკვეთებას ავლენს, როგორსაც პავლე მოციქული ავლენდა, რომელმაც თესალონიკელთა კრებას მისწერა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თესალონიკელთა 2:7, 8). თითოეული ქრისტიანი მეომრის პასუხისმგებლობაა, გამოიყენოს ის, რასაც „ერთგული და გონიერი მონა“ სიყვარულით გვასწავლის.

სრული საჭურველი

ბრძოლაში მტრისგან სიმბოლური სრული საჭურველი დაგვიცავს. ეფესელთა 6:13—18–ში კარგად არის აღწერილი, თუ რისგან შედგება ეს საჭურველი. ფრთხილი მეომარი არ გარისკავს ბრძოლას, თუ მის სულიერ საჭურველს რაღაც აკლია ან შეკეთება ესაჭიროება.

ქრისტიანს თავდასაცავად სრული საჭურველი სჭირდება, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რწმენის დიდი ფარი. სწორედ ამიტომ დაწერა პავლე მოციქულმა: «ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი [„რწმენის დიდი ფარი“, აქ], რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას» (ეფესელთა 6:16).

დიდი ფარი, რომელსაც მთელი სხეულის დაფარვა შეუძლია, რწმენის ხარისხს გამოხატავს. აუცილებელია, იეჰოვას ხელმძღვანელობისადმი მტკიცე რწმენას ავლენდეთ და ეჭვი არ გეპარებოდეთ იმაში, რომ მისი ყველა დანაპირები შესრულდება. ამ აღთქმებისადმი ისეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ, თითქოს ისინი უკვე შესრულებულია. წუთითაც არ დაეჭვდეთ იმაში, რომ სატანის ქვეყნიერება მთლიანად განადგურდება, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ღვთის ერთგული ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ (ესაია 33:24; 35:1, 2; გამოცხადება 19:17—21).

ამ უჩვეულო ბრძოლაში უფრო მეტი გჭირდებათ — საჭიროა, გყავდეთ მეგობარი. ომის დროს მებრძოლებს შორის მეგობრული ურთიერთობა მყარდება, როდესაც ისინი ამხნევებენ და იცავენ ერთმანეთს. ზოგჯერ შესაძლოა მათ სიკვდილისგანაც კი იხსნან ერთმანეთი. მართალია, თანამებრძოლები დიდ დახმარებას გიწევენ, მაგრამ ბრძოლაში რომ გადარჩეთ, თვითონ იეჰოვასთან მეგობრობა გჭირდებათ. ამიტომაც, სრული საჭურვლის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლის შემდეგ პავლე ამბობს: „ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით“ (ეფესელთა 6:18).

ყველას გვსიამოვნებს ახლო მეგობართან ურთიერთობა და ამისათვის დროის გამონახვასაც ვცდილობთ. იეჰოვა რეალური მეგობარი გახდება ჩვენთვის, თუ რეგულარულად მივმართავთ ლოცვით. მოწაფე იაკობი მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ).

მტრის ტაქტიკა

წუთისოფელში ბრძოლა ზოგჯერ შესაძლოა დანაღმულ მინდორზე გავლას ჰგავდეს. თავდასხმა ნებისმიერი მხრიდანაა მოსალოდნელი და მტერს სურს, სრულიად მოულოდნელად შემოგიტიოთ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ყველაფერს აკეთებს თქვენს დასაცავად (1 კორინთელთა 10:13).

მტერმა შესაძლოა დარტყმა იმით მოგაყენოთ, რომ იერიში მიიტანოს ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე, რომლებზეც თქვენი რწმენაა დაფუძნებული. განდგომილებმა შეიძლება ლამაზი სიტყვები, პირფერობა და დამაბნეველი მსჯელობა გამოიყენონ დარტყმის მოსაყენებლად. მათ სრულიად არ აღელვებთ თქვენი კეთილდღეობა. იგავების 11:9–ში აღნიშნულია: „მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს, მართალნი კი ცოდნით იხსნიან თავს“.

არასწორი იქნებოდა გეფიქრათ, რომ საჭიროა მოუსმინოთ განდგომილებს და წაიკითხოთ, რას წერენ ისინი, რათა უარყოთ მათი არგუმენტები. განდგომილთა დამაბნეველ და მომწამლავ მსჯელობას შეუძლია სულიერი ზიანი მოგაყენოთ და თქვენს რწმენაზე ისეთივე გავლენა იქონიოს, როგორსაც სხეულზე ახდენს განგრენა, რომელიც სწრაფად ვრცელდება (2 ტიმოთე 2:16, 17). განდგომილებისადმი ისეთივე დამოკიდებულება განივითარეთ, როგორიც ღმერთს აქვს. იეჰოვას შესახებ იობმა თქვა: „უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე“ (იობი 13:16).

წარმატების მისაღწევად მტერმა შესაძლოა სხვაგვარი ტაქტიკაც გამოიყენოს. ჯარისკაცები თუ აღვირახსნილობასა და უზნეობას გადაჰყვებიან, ეს ჯარში უწესრიგობას გამოიწვევს.

გართობის ისეთი ფორმები, როგორიცაა უზნეობის ამსახველი ფილმები თუ ტელეშოუები და ყოველგვარ ზღვარს გადასული მუსიკა, ნამდვილად ეფექტური სატყუარაა. ზოგი ამბობს, რომ შეუძლია უყუროს უზნეობის ამსახველ სცენებს ან იკითხოს უზნეობის შემცველი ლიტერატურა და ეს მასზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. მაგრამ ერთი მამაკაცი, რომელიც რეგულარულად უყურებდა უზნეობის ამსახველ სცენებს, გულწრფელად აღიარებს: „ეს სცენები თავიდან არ ამოგდის და რაც უფრო მეტს ფიქრობ მათზე, მით უფრო მეტად გინდა შენც გააკეთო ის, რასაც უყურე . . . ასეთი ფილმები გაფიქრებინებს, რომ ცხოვრებაში ნამდვილად იკლებ რაღაცას“. ღირს კი მოვიხიბლოთ ასეთი სატყუარათი და თავი საფრთხეში ჩავიგდოთ?!

მტერი სხვა იარაღს — მატერიალიზმსაც იყენებს. ამ შემთხვევაში საფრთხის შემჩნევა არც ისე იოლია, რადგან მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველას გვესაჭიროება. ყველას გვჭირდება სახლი, საკვები და ტანსაცმელი და ცუდი არაფერია იმაში, თუ ქონება გვაქვს. საფრთხე მატერიალური ნივთებისადმი დამოკიდებულებაშია. ფული შესაძლოა ვინმესთვის სულიერ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. არსებობს საშიშროება, რომ ფულის მოყვარულები გავხდეთ. ამიტომ გონივრულია, საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ქონებით ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. მატერიალური ქონება წარმავალია, სულიერი სიმდიდრე კი — მარადიული (მათე 6:19, 20).

მებრძოლებს თუ სათანადო სულისკვეთება არა აქვთ, მათი გამარჯვების ნაკლები შანსი არსებობს. «დაიღლები გასაჭირის დღეს [„გაჭირვებისას გული გაგიტყდა?“, აქ], მცირეა შენი ძალა» (იგავები 24:10). გულგატეხილობა სატანის ეფექტური იარაღია. გულგატეხილობის დაძლევაში „ხსნის იმედის მუზარადი“ დაგეხმარებათ (1 თესალონიკელთა 5:8). შეეცადეთ ისეთივე მტკიცე იმედი შეინარჩუნოთ, როგორიც აბრაამს ჰქონდა. როცა ღმერთმა ერთადერთი ვაჟის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვა სთხოვა, აბრაამს არ უყოყმანია. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის დანაპირებს — მისი შთამომავლობის მეშვეობით აკურთხებდა ყველა ერს და ისაკს მკვდრეთით აღადგენდა, თუ ამ დანაპირების შესასრულებლად იქნებოდა საჭირო (ებრაელთა 11:17—19).

არ შეწყვიტოთ ბრძოლა

ზოგი დიდი ხნის განმავლობაში მამაცურად იბრძოდა, მაგრამ გადაიღალა და ამის გამო ისეთივე სიფხიზლით ვეღარ იბრძვის. ურიას მაგალითი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიყვანეთ, ბრძოლაში ჩაბმულ თითოეულ ადამიანს დაეხმარება სწორი განწყობილების შენარჩუნებაში. ბევრ ჩვენს თანაქრისტიან მებრძოლს გაჭირვების, საფრთხის, სიცივისა და შიმშილის ატანა უწევს. ურიას მსგავსად, კარგი იქნება, ყურადღება არ გადავიტანოთ იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად შეგვიძლია ვიცხოვროთ და არ დავემონოთ უზრუნველი ცხოვრების სურვილს. ჩვენი მიზანია, იეჰოვას ერთგულ მებრძოლთა მსოფლიო ლაშქარში დავრჩეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ სასწაულებრივი კურთხევების მიღებამდე (ებრაელთა 10:32—34).

სახიფათო იქნებოდა, ყურადღება მოგვედუნებინა და გვეფიქრა, რომ საბოლოო იერიში ჯერ კიდევ შორსაა. მეფე დავითის მაგალითი კარგად ცხადყოფს ამას. რატომღაც ის თავის მებრძოლებთან ერთად არ იყო ბრძოლის ველზე. ამის შედეგად, მან სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, რაც ცხოვრების დარჩენილი წლების განმავლობაში მისი ტანჯვის მიზეზი გახდა (2 მეფეთა 12:10—14).

ღირს ამ ომში მონაწილეობის მიღება, სირთულეების თუ დაცინვის ატანა და დღევანდელ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ საეჭვო გართობებზე უარის თქმა? ქრისტიანები, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს, მხოლოდ ერთი შეხედვით არის მიმზიდველი და ბრჭყვიალა ქაღალდივით იქცევს ყურადღებას; კარგად დაკვირვების შედეგად კი ჩანს, რომ ნამდვილად არაფრად ღირს (ფილიპელთა 3:8). უფრო მეტიც, ხშირად სხვადასხვაგვარ სიამოვნებას, რომელსაც წუთისოფელი გვთავაზობს, ადამიანისთვის მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოაქვს.

სულიერ ბრძოლაში ქრისტიანები ნამდვილი მეგობრებით, სუფთა სინდისითა და არაჩვეულებრივი იმედით არიან კურთხეულნი. სულით ცხებული ქრისტიანები ქრისტე იესოსთან ერთად ზეციურ უკვდავებას მოელიან (1 კორინთელთა 15:54). ქრისტიან მებრძოლთა უმრავლესობა კი მიწიერ სამოთხეში ცხოვრებას და სრულყოფილებას მოელის. ცხადია, ეს კურთხევები ნებისმიერ მსხვერპლად ღირს. წუთისოფლის ომებისგან განსხვავებით, ამ ბრძოლაში გამარჯვება გარანტირებული გვაქვს, თუ ბოლომდე ღვთის ერთგულები დავრჩებით (ებრაელთა 11:1). ბოლოს, სატანის ძალაუფლებაში მყოფი სისტემა უსათუოდ განადგურდება (2 პეტრე 3:10).

ბრძოლის დროს ყოველთვის გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33). მან სძლია წუთისოფელს, რადგან ბოლომდე შეინარჩუნა სიფხიზლე და განსაცდელის დროს ღვთის ერთგული დარჩა. ეს ჩვენთვისაც შესაძლებელია.

ჩანართი 27 გვერდზე]

არც ტყვიების ზუზუნი ისმის და არც ბომბები ფეთქდება, მაგრამ ამის გამო ბრძოლა სულაც არ არის ნაკლებად ინტენსიური.

ჩანართი 30 გვერდზე]

ამ ბრძოლაში გამარჯვება გარანტირებული გვაქვს, თუ ბოლომდე ღვთის ერთგულები დავრჩებით.

[სურათი 26 გვერდზე]

გულგატეხილობის დაძლევაში „ხსნის იმედის მუზარადი“ დაგვეხმარება.

რწმენის დიდი ფარით მოიგერიეთ სატანის „გავარვარებული ისრები“.

[სურათი 28 გვერდზე]

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“.

[სურათი 29 გვერდზე]

დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ღვთის აღთქმები შესრულდება.