არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუგეში გასაჭირში მყოფთათვის

ნუგეში გასაჭირში მყოფთათვის

ნუგეში გასაჭირში მყოფთათვის

ძველად, როდესაც ღვთისადმი ერთგული ადამიანები გასაჭირში ცვივდებოდნენ, მთელი გულით სთხოვდნენ ღმერთს ხელმძღვანელობას. ამავე დროს, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ პრობლემის გადასალახავად; მაგალითად, მოსაზრებულობას ავლენდნენ გასაჭირიდან თავის დასაღწევად. ასე იყო დავითის შემთხვევაში. მას იეჰოვაზე მინდობამ და ძალ-ღონის დაუშურველობამ შეაძლებინა გასაჭირის ატანა. რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ?

გასაჭირში ყოფნისას, ალბათ, გარკვეულ ნაბიჯებს დგამთ. მაგალითად, თუ უმუშევარი ხართ, განა არ ახმართ ძალისხმევას სათანადო სამუშაოს პოვნას, რათა საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა შეძლოთ? (1 ტიმოთე 5:8). ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა თუ გაწუხებთ, განა არ ეძებთ სათანადო მკურნალობის გზებს? იესოც კი, რომელსაც ღვთისგან ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნების ძალა ჰქონდა მიცემული, აღიარებდა, რომ ‘სნეულისთვის საჭიროა მკურნალი’ (მათე 9:12). მიღებული ზომების მიუხედავად, ზოგჯერ შეიძლება ვერ ვძლიოთ გასაჭირს; შეიძლება გარკვეულწილად ის დარჩეს და მისი ატანა მოგვიწიოს.

კარგი იქნებოდა, იეჰოვასთვის ლოცვაში გვეთქვა პრობლემის შესახებ. მაგალითად, სამუშაოს ძებნისას ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რათა ცდუნებამ არ გვძლიოს და ისეთ სამუშაოზე არ მოვეწყოთ, რომლის გამოც ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა მოგვიწევდა. ლოცვა აგრეთვე დაგვეხმარება, არ გავებათ სიხარბისა და ფულის სიყვარულის მახეში, რაც ‘რწმენას განგვაშორებდა’ (1 ტიმოთე 6:10). მართლაც, სამუშაოსთან, ოჯახთან თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა მივყვეთ დავითის დარიგებას: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23).

მთელი გულით ლოცვა ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება და გასაჭირი ვერ მოგვერევა. ჭეშმარიტი ქრისტიანი, მოციქული პავლე, წერდა: „ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს“. როგორ გვანუგეშებს გულწრფელი ლოცვა? ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს ჩვენს გულებს და ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:6, 7). ღვთის მშვიდობა „ყოველგვარ გონებას აღემატება“. ასე რომ, როდესაც გულზე დარდი შემოგვაწვება და დაგვამძიმებს, ღვთის მშვიდობა დაგვეხმარება ემოციური წონასწორობის აღდგენაში. ის ‘დაიფარავს ჩვენს გულებს და ფიქრებს’, რაც ნაჩქარევი და არაგონივრული მოქმედებისგან დაგვიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც რთულ მდგომარეობას უფრო გავირთულებდით.

ლოცვის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მდგომარეობა. რომის ციხეში მყოფი მოციქული პავლე თავმდაბლად სთხოვდა თანაქრისტიანებს, ელოცათ მისთვის. რატომ ითხოვდა ამას პავლე? „უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან“, — წერდა მოციქული (ებრაელთა 13:19). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლემ იცოდა, რა გავლენა ექნებოდა თანამორწმუნეების დაჟინებულ ლოცვებს — იეჰოვას მიერ ამ ლოცვების შესმენას შეიძლება ემოქმედა იმაზე, თუ როდის გაათავისუფლებდნენ მოციქულს (ფილიმონი 22).

მოგვეხსნება ლოცვების წყალობით პრობლემა? შესაძლოა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის ისე არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როგორც ამას პირადად ვისურვებდით. პავლემ არაერთხელ ილოცა ‘სხეულიდან ეკლის’ — შესაძლოა, ფიზიკური პრობლემის — მოშორებაზე. ღმერთმა კი უთხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:7—9).

ასე რომ, ჩვენი წუხილის მიზეზი შეიძლება დაუყოვნებლივ არ გაქრეს. მიუხედავად ამისა, ასეთ დროს გვეძლევა ზეციერ მამაზე მინდობის შესაძლებლობა (იაკობი 1:2—4). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მაშინაც კი, როდესაც იეჰოვა ღმერთი წუხილის მიზეზს არ მოგვაშორებს, ის ‘გამოსავალს მოგვცემს, რათა შევძლოთ გადატანა’ (1 კორინთელთა 10:13). აღსანიშნავია, რომ იეჰოვას „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი“ ეწოდება; ის არის „ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4). ღმერთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გასაჭირი ავიტანოთ; ამასთანავე მარადიულად ცხოვრების იმედს გვაძლევს.

ღვთის სიტყვაში — ბიბლიაში — მოცემულია დაპირება, რომ იეჰოვა „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:3, 4). გიჭირთ ამის დაჯერება? თუ გაჭირვება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შეიძლება, გიჭირთ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი დაგვპირდა შიშისა და უბედურებებისგან გათავისუფლებას და მისი განზრახვა უდავოდ შესრულდება (ესაია 55:10, 11).

[სურათები 9 გვერდზე]

გაჭირვებულები შვებით ამოისუნთქებენ.