რელიგია სიკეთეს თესავს თუ ბოროტებას?
რელიგია სიკეთეს თესავს თუ ბოროტებას?
„ქრისტიანობის მოვალენი ვართ მე და, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში“ (წინასიტყვაობა, „ორი ათასი წელი — პირველი ათასწლეული: ქრისტიანობის დაბადებიდან ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე“).
„ქრისტიანობისადმი“ მადლიერების გამომხატველი ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისელ მწერალსა და სატელევიზიო პროგრამების წამყვანს, მელვინ ბრეგს. მის სიტყვებში არეკლილია იმ მილიონობით ადამიანის გრძნობები, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობენ და მისდამი უდიდეს პატივისცემას ავლენენ. ამ ადამიანებს სწამთ, რომ რელიგია მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. მაგალითად, ერთი პუბლიცისტის აზრით, „ისლამმა ბიძგი მისცა უდიდესი ცივილიზაციის წარმოშობას . . . [რომელმაც] სარგებლობა მოუტანა მთელ მსოფლიოს“.
რელიგიის როლი — უარყოფითი თუ დადებითი?
აღსანიშნავია, რომ ბრეგის შემდგომი სიტყვები სერიოზულ კითხვას წამოჭრის: „ნამდვილად ახდენს რელიგია დადებით გავლენას ხალხის ცხოვრებაზე“? მან თქვა: „თავის მხრივ, ქრისტიანობას მართებს ამიხსნას ერთი რამ“. მაინც რა? „ის, თუ რა იყო საუკუნეების განმავლობაში მისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობის, ბოროტების, არაადამიანურობისა და მიზანდასახული უმეცრების მიზეზი“, — ამბობს ბრეგი.
ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ შეუწყნარებლობა, ბოროტება, არაადამიანურობა და მიზანდასახული უმეცრება საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ადამიანების აზრით, რელიგია კაცობრიობას კეთილისმყოფლად ევლინება, მაგრამ სათნოებისა და სიწმინდის მიღმა, მხოლოდ თვალთმაქცობა და სიცრუეა დაფარული (მათე 23:27, 28). ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ჩვენს ლიტერატურაში ყველაზე ხშირია განაცხადი იმის თაობაზე, რომ რელიგია ფასდაუდებელ როლს ასრულებს ცივილიზაციის ისტორიაში და ყველაზე ხშირად სწორედ ამ განაცხადის უსაფუძვლობას ცხადყოფს ისტორიული ფაქტები“ (A Rationalist Encyclopædia).
დღეს ნებისმიერ გაზეთში წაიკითხავთ უამრავ სტატიას რელიგიურ წინამძღოლებზე, რომლებიც სიყვარულის, მშვიდობისა და თანაგრძნობის შესახებ ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ და ღვთის სახელს სისხლისმღვრელი კონფლიქტების გასამართლებლად იყენებენ. გასაკვირი არაა, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ რელიგია ხალხის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფით გავლენას უფრო ახდენს, ვიდრე დადებითს.
უმჯობესია რელიგიის გარეშე ცხოვრება?
ზოგი იმ დასკვნამდეც კი მიდის, ინგლისელი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის მსგავსად, რომ უმჯობესი იქნებოდა „დროთა განმავლობაში ყოველგვარი
რელიგიური მრწამსი უკვალოდ გამქრალიყო“. ასეთი ადამიანების აზრით, რელიგიის მოსპობა კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი საიმედო საშუალებაა. მაგრამ მათ მხედველობიდან რჩებათ ერთი რამ — სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გაღვივება არარელიგიურ ადამიანებსაც შეუძლიათ. კარენ არმსტრონგი, რომელიც რელიგიის თემაზე წერს, ამბობს: „ჰოლოკოსტი საკმარისია იმის დასანახად, რომ არარელიგიური იდეოლოგია ისეთივე გამანადგურებელი შეიძლება იყოს, როგორიც ნებისმიერი რელიგიური ომი“ („ბრძოლა ღვთისთვის — ფუნდამენტალიზმი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში“).ამგვარად, წამოიჭრება კითხვა: სინამდვილეში რელიგია სიკეთის მთესველია თუ კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზია? გადაჭრის ამ პრობლემებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის აღმოფხვრა? შემდეგ სტატიაში განვიხილოთ, თუ რა არის ნათქვამი ამის შესახებ ბიბლიაში. პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.