არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მომავალი ელის ეკლესიებს?

რა მომავალი ელის ეკლესიებს?

რა მომავალი ელის ეკლესიებს?

„დიდ ბრიტანეთში ხალხს ჯერაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ სურთ ქრისტეს მიმდევრები იყვნენ“, — ამბობს სტივენ ტირომვე, უგანდელი სასულიერო პირი. სტივენი დაახლოებით ოცი წლის წინათ უგანდაში საშინელ რელიგიურ წმენდას გადაურჩა. დღეს კი ის ქალაქ ლიდზში (ინგლისი) მამაკაცების კლუბებში ქადაგებს და ბინგოს თამაშის დაწყებამდე ათწუთიან მოხსენებას წარმოთქვამს.

ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული „ამერიკის ანგლიკანური მისიაც“ მსგავს სულიერ კრიზისს განიცდის. „შეერთებულ შტატებში დღეს ინგლისურად მოლაპარაკე იმ ადამიანთა უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, რომლებიც ეკლესიებში არ დადიან და სულიერი საკითხებისადმი გულგრილები არიან, — ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებ-საიტზე. — შეერთებული შტატები მისიონერებისთვის დასამუშავებელი ტერიტორია ხდება“. ახლად ჩამოყალიბებული მისიის წევრებს იმედი გაუცრუვდათ, რადგან ეკლესიაში შიდა რეფორმების გასატარებლად მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ, მათ უღალატეს ტრადიციას და „შეერთებულ შტატებში მისიონერული მსახურების წამოწყებაში“ აზიელ და აფრიკელ რელიგიურ წინამძღოლებს შეუერთდნენ.

საინტერესოა, რატომ ზრუნავენ აფრიკელი, აზიელი და ლათინური ამერიკის მისიონერები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების იმ მცხოვრებთა „სულების ხსნაზე“, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ?

ვინ ვის გადარჩენაზე ზრუნავს?

ოთხ ასეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფრიკაში, აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკაში კოლონიზატორებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ თავგამოდებული ევროპელი მისიონერები. მათი მიზანი იყო, თავიანთი რელიგია არაქრისტიანებისთვის ექადაგათ. დროთა განმავლობაში ამერიკაში არსებულმა კოლონიებმა — რომლებიც, როგორც ამბობენ, ქრისტიანულ პრინციპებზე იყო აგებული, — ევროპის ქვეყნების მაგალითზე თვითონაც დაიწყეს მისიონერული ორგანიზაციების შექმნა, ბოლოს აჯობეს კიდეც მათ. ახლა უკვე როლები შეიცვალა.

„[ნომინალური ქრისტიანობის] ცენტრმა ადგილი შეიცვალა“, — ამბობს ენდრიუ უელზი, განვითარებად ქვეყნებში ქრისტიანობის შემსწავლელი ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. 1900 წელს იმ ადამიანთა 80 პროცენტს, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები შეადგენდნენ. დღეს კი ქრისტიანების 60 პროცენტი აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს. არც ისე დიდი ხნის წინ პრესა იუწყებოდა: „ევროპის კათოლიკური ეკლესიები ფილიპინელი და ინდოელი მღვდლების იმედზეა“ და „ამერიკის კათოლიკურ ეკლესიებში მომსახურე ყოველი ექვსი მღვდლიდან ერთი უცხო ქვეყნიდან არის ჩაყვანილი“. ნიდერლანდებში მყოფი აფრიკის ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობაც წარმოშობით განიდან არის, თავიანთ თავს „არაქრისტიანულ ქვეყანაში ეკლესიის მიერ წარგზავნილ მისიონერებად“ თვლიან. ბრაზილიელი მისიონერები კი ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში ქადაგებენ. ერთი მწერალი აღნიშნავს: „ქრისტიან მისიონერთა მოგზაურობამ საპირისპირო მიმართულება მიიღო“.

საავდრო ღრუბლების თავმოყრა

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სულ უფრო და უფრო შორდება რელიგიას, შესაძლოა, მისიონერები მართლაც საჭირონი არიან. „შოტლანდიაში ქრისტიანთა 10 პროცენტზე ნაკლები დადის რეგულარულად ეკლესიაში“, — ნათქვამია ერთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში. საფრანგეთსა და გერმანიაში ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. სხვა საინფორმაციო წყაროში მოყვანილია ერთი გამოკითხვის შედეგები და ნათქვამია: „ამერიკელთა დაახლოებით 40-მა და კანადელთა 20-მა პროცენტმა თქვა, რომ ეკლესიაში რეგულარულად დადის“. ამის საპირისპიროდ, როგორც ამბობენ, ფილიპინებში დაახლოებით 70 პროცენტი დადის რეგულარულად ეკლესიაში. იმავეს თქმა შეიძლება სხვა განვითარებად ქვეყნებზეც.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროზე, ჩრდილოეთთან შედარებით, მრევლი უფრო ერთგულია ტრადიციული მრწამსისადმი. მაგალითად, შეერთებული შტატებისა და ევროპის კათოლიკეების გამოკითხვამ ცხადყო, რომ ეს ადამიანები სასულიერო პირებს არ ენდობიან. ისინი საეკლესიო ცხოვრებაში მრევლისთვის მეტი უფლებების მინიჭებისა და მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობის მომხრენი არიან. სამხრეთ ნახევარსფეროს კათოლიკეები კი ამ საკითხებში მტკიცედ იცავენ ეკლესიის ტრადიციულ დადგენილებებს. დემოგრაფიული გადანაცვლება ეკლესიაში სამხრეთის მიმართულებით ხდება, რაც უკვე ჩასახული დაპირისპირების გაღრმავებას გამოიწვევს. ფილიპ ჯენკინსი, ისტორიკოსი და რელიგიათმცოდნე, ასეთ პროგნოზს აკეთებს: „სავსებით დასაშვებია, რომ ერთი ან ორი ათეული წლის შემდეგ, ეს ორი ქრისტიანული ბანაკი ერთმანეთს ქრისტიანებად აღარ სცნობდნენ“.

უელზი ყოველივეს აწონ-დაწონის შემდეგ სვამს მნიშვნელოვან კითხვას: „როგორ არის შესაძლებელი, რომ აფრიკელი, აზიელი, ლათინური თუ ჩრდილო ამერიკელი და ევროპელი ქრისტიანები ერთი და იმავე ეკლესიაში იყვნენ და ერთი და იმავე ჭეშმარიტ რელიგიას იზიარებდნენ?“ თქვენ რას ფიქრობთ? შესაძლებელია ეკლესიების ხსნა ამ დაქუცმაცებულ წუთისოფელში? რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანული ერთიანობის საფუძველი? მომდევნო სტატია გაგვცემს ამ კითხვებზე ბიბლიურ პასუხებს; აგრეთვე გავიგებთ, რომ მსოფლიოში უკვე არსებობს ქრისტიანული საზოგადოება, რომლის წევრებს შორისაც ერთიანობა სუფევს.

[სურათი 4 გვერდზე]

ყოფილი ეკლესიის შენობაში მუსიკალური კაფეა გახსნილი.

[საავტორო უფლება]

AP Photo/Nancy Palmieri