არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?

როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?

როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?

ღვთისადმი სიყვარულის განვითარება მის შესახებ ცოდნის მხოლოდ მექანიკურად მიღებას არ ნიშნავს. როგორც მთელ მსოფლიოში მცხოვრები ღვთის მსახურები ადასტურებენ, ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული მაშინ უღრმავდება ადამიანს, როდესაც ეცნობა მის პიროვნებას, იგებს, რა უყვარს მას და რა — სძულს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა მოთხოვნები აქვს.

იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რომ გვქონოდა მისი სიტყვა, ბიბლია, სადაც ის საკუთარ თავს გვაცნობს. ბიბლიის საშუალებით ვიგებთ, როგორ მოქმედებდა იეჰოვა სხვადასხვა სიტუაციაში. საყვარელი ადამიანისგან მიღებული წერილი ძალიან გვახარებს; ამის მსგავსად, ბიბლიის კითხვისას იეჰოვას პიროვნების ახალი მხარეების დანახვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

მაგრამ, როგორც ზოგჯერ ქადაგების დროს შევნიშნავთ ხოლმე, ღვთის შესახებ რაიმეს გაგება ყოველთვის არ აღძრავს ადამიანს, რომ შეიყვაროს ის. იესომ დედამიწაზე მსახურების დროს ზოგ უმადურ ებრაელს უთხრა: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე . . . მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში“ (იოანე 5:39, 42). ზოგი უკვე წლებია, რაც იეჰოვას სიყვარულით აღსავსე საქმეებს ეცნობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ავლენს სიყვარულს იეჰოვას მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ ფიქრობენ ნასწავლსა და მის ნამდვილ მნიშვნელობაზე. ამის საპირისპიროდ, მილიონობით გულწრფელი ადამიანი, რომელთაც ბიბლიას ვასწავლით, გრძნობს, რომ ღვთის სიყვარული უფრო და უფრო უძლიერდება. რით არის ეს განპირობებული? იმით, რომ, ისინი — ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო — ბაძავენ ასაფის მაგალითს. როგორ?

მადლიერებით იფიქრეთ

ასაფს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იეჰოვასადმი სიყვარული განევითარებინა. მან დაწერა: „ჩემს გულთან ვისაუბრებ . . . გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგან მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნები 76:7, 12, 13). მას, ვინც ფსალმუნმომღერალ ასაფის მსგავსად იეჰოვას საქმეებზე ფიქრობს, ღვთისადმი სიყვარული უძლიერდება.

გარდა ამისა, იეჰოვასადმი მსახურების დროს გადამხდარი შემთხვევების გახსენება უფრო გვაახლოებს მასთან. პავლე მოციქულმა თქვა, რომ ჩვენ „ღვთის თანამშრომელნი“ ვართ; ხოლო მეგობრობა, რომელიც თანამშრომლებს შორის ვითარდება, განსაკუთრებულია (1 კორინთელთა 3:9). როდესაც სიტყვითა თუ საქმით იეჰოვას მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ის ძალიან აფასებს ამას და გული სიხარულით ევსება (იგავები 27:11). ჩვენც, როცა იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ და ამა თუ იმ სირთულის გადაჭრაში გვეხმარება, მის სიახლოვეს ვგრძნობთ და მისდამი სიყვარული გვიღრმავდება.

ორ ადამიანს შორის მეგობრობა უფრო მყარდება, როდესაც ისინი ერთმანეთისადმი თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ. მსგავსად, როდესაც იეჰოვას ვეუბნებით, თუ რატომ გვეწევა გული მისკენ, მისდამი სიყვარული გვიძლიერდება. მოდი ახლა დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30, აქ). რისი გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ყოველთვის გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით?

გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით

ზემოთ მოხსენიებულ ბიბლიურ მუხლში საუბარი ეხება სიმბოლურ გულს, ანუ ჩვენს შინაგან პიროვნებას — ჩვენს სურვილებს, შეხედულებებსა და გრძნობებს. ამიტომ, გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, ნიშნავს, რომ ყველაფერზე მეტად მისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი გვქონდეს (ფსალმუნები 85:11). ასეთ სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ მისი მოსაწონი თვისებებით ვიმოსებით; ვცდილობთ, მივბაძოთ მას, ‘განვერიდოთ ბოროტებას და მივეკრათ კეთილს’ (რომაელთა 12:9).

ღვთისადმი სიყვარული გავლენას ახდენს ნებისმიერი საკითხისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. მაგალითად, შეიძლება ქვეყნიური სამუშაო ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და გვიზიდავს, მაგრამ უკავია მას ჩვენს გულში პირველი ადგილი? რასაკვირველია, არა. რადგან იეჰოვა მთელი გულით გვიყვარს, პირველ რიგში, მისი მსახურები ვართ. აგრეთვე ბუნებრივია, გვსურდეს, ვასიამოვნოთ მშობლებს, მეუღლეს ან უფროსს; მაგრამ უპირველესად ღვთისთვის სიამოვნების მინიჭებას ვცდილობთ და ამით ვამტკიცებთ, რომ მთელი გულით გვიყვარს იეჰოვა. სწორედ ღმერთი იმსახურებს ჩვენს გულში პირველ ადგილს (მათე 6:24; 10:37).

გვიყვარდეს იეჰოვა მთელი სულით

საღვთო წერილში სიტყვა „სული“ ძირითადად მიუთითებს უშუალოდ ადამიანზე და, აგრეთვე, სიცოცხლეზე, რომელსაც ის ფლობს. აქედან გამომდინარე, გვიყვარდეს იეჰოვა მთელი სულით, ნიშნავს, რომ საკუთარი სიცოცხლე ღვთის განსადიდებლად და მისთვის ჩვენი სიყვარულის დასამტკიცებლად გამოვიყენოთ.

რასაკვირველია, ცხოვრებაში შეიძლება სხვა საქმეებითაც ვიყოთ დაინტერესებული. მაგალითად, შესაძლოა გვსურდეს, გვქონდეს სპეციალობა, წამოვიწყოთ გარკვეული საქმიანობა ან აღვზარდოთ ბავშვები. მაგრამ ამავდროულად, იეჰოვასადმი მთელი სულით სიყვარულს იმით ვამტკიცებთ, რომ მისი ნებისამებრ ვიქცევით და მეორეხარისხოვან საქმეებს ცხოვრებაში თავის ადგილს ვუთმობთ; ასეთი სახით, ‘უპირველესად სამეფოს და მამის სიმართლეს ვეძებთ’ (მათე 6:33, აქ). მთელი სულით თაყვანისცემა გულმოდგინებასაც ნიშნავს. იეჰოვასადმი სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ გულმოდგინედ ვქადაგებთ სამეფოს შესახებ ცნობას, შეხვედრებზე გამამხნევებელ კომენტარებს ვაკეთებთ ან ვეხმარებით ქრისტიან და-ძმებს. ყველაფერში მთელი ‘სულით ვასრულებთ ღვთის ნებას’ (ეფესელთა 6:6).

იესომ ღვთისადმი მთელი სულით სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ უარყო საკუთარი თავი. მან ღვთის ნება პირველ ადგილზე დააყენა, ხოლო პირადი ინტერესები — მეორეზე. იესომ მოგვიწოდა, მის კვალს გავყოლოდით. მან თქვა: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე 16:24, 25). საკუთარი თავის უარყოფა ღვთისადმი თავის მიძღვნას გულისხმობს. ესე იგი, იმდენად გვიყვარს ღმერთი, რომ გვსურს, მის განმგებლობაში ვიყოთ, ისევე როგორც ბიბლიურ დროში მცხოვრები ისრაელი სამუდამო მონად იხდიდა თავს იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან უყვარდა თავისი ბატონი (მეორე რჯული 15:16, 17). იეჰოვასადმი სიცოცხლის მიძღვნა აშკარად ცხადყოფს იმას, რომ გვიყვარს ის.

გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გონებით

თუ მთელი გონებით გვიყვარს იეჰოვა, ყველანაირად ვეცდებით, გავეცნოთ მის თვისებებს, ჩავწვდეთ მის განზრახვებსა და მოთხოვნებს (იოანე 17:3; საქმეები 17:11). იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ, როდესაც საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს იმისათვის ვიყენებთ, რომ სხვებსაც დავეხმაროთ იეჰოვასადმი სიყვარულის განვითარებაში და, აგრეთვე, უფრო დახელოვნებული მასწავლებლები ვხდებით. „მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ“, — მოგვიწოდებს პავლე მოციქული (1 პეტრე 1:13, აქ). ასევე, ძალ-ღონეს არ ვზოგავთ, რათა სხვების — განსაკუთრებით კი თანამორწმუნეების — მიმართ, ინტერესი გამოვავლინოთ. ჩვენ ვიცით მათი მდგომარეობა და ვამჩნევთ, როდის სჭირდებათ მათ შექება თუ ნუგეში.

მთელი გონებით იეჰოვასადმი სიყვარულს იმითაც ცხადვყოფთ, რომ გონებას მის ნებას ვუმორჩილებთ. ვცდილობთ, მისი თვალსაზრისით ვუყუროთ ყველაფერს, გადაწყვეტილების დროს მისი აზრი გავითვალისწინოთ და გვჯერა, რომ მისი გზით სიარული საუკეთესოა (იგავები 3:5, 6; ესაია 55:9; ფილიპელთა 2:3—7). როგორ შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენისას საკუთარი ძალის გამოყენება?

გვიყვარდეს იეჰოვა მთელი ძალით

ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანულ კრებაში საკუთარ ძალებს იეჰოვას განსადიდებლად იყენებს (იგავები 20:29; ეკლესიასტე 12:1). მაგალითად, მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდა პიონერულ, სრული დროით მსახურებაში მონაწილეობით ცხადყოფს, რომ მთელი ძალით უყვარს იეჰოვა. ბევრი დედა იმ პერიოდს, როდესაც შვილები სკოლაში არიან, სრული დროით მსახურებისთვის იყენებს. ერთგული უხუცესები, რომლებიც სამწყემსო მონახულებებს აკეთებენ და, ამავდროულად, საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც ზრუნავენ, ამტკიცებენ, რომ მთელი ძალით უყვართ იეჰოვა (2 კორინთელთა 12:15). იეჰოვა მასზე დაიმედებულებს ძალას აძლევს, რათა შეძლონ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით იეჰოვას განდიდება და, ამგვარად, მისდამი სიყვარულის გამოვლენა (ესაია 40:29; ებრაელთა 6:11, 12).

ადამიანს სიყვარული უფრო უღრმავდება, თუ სათანადოდ ინვითარებს მას. ამიტომ, კვლავაც გამოვყოთ დროს ფიქრისთვის. ჩვენ გვახსოვს, რა გააკეთა იეჰოვამ თითოეული ჩვენგანისთვის და რატომ იმსახურებს ის ერთგულებას. როგორც ადამის არასრულყოფილი შთამომავლები, ვერასდროს დავიმსახურებთ იმას, რაც „ღმერთმა . . . მოუმზადა თავის მოყვარულებს“, მაგრამ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მთელი არსებით გვიყვარს იეჰოვა. მოდი განვაგრძოთ ამგვარად მოქმედება! (1 კორინთელთა 2:9).

[სურათი 20 გვერდზე]

ღვთისადმი სიყვარულს საქმეებით ვავლენთ.