არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მსახურები ხეებს ჰგვანან რა გაგებით?

ღვთის მსახურები ხეებს ჰგვანან რა გაგებით?

ღვთის მსახურები ხეებს ჰგვანან რა გაგებით?

ფსალმუნმომღერალმა ისეთ ადამიანზე, რომელსაც უყვარს ბიბლიური პრინციპები და იყენებს მათ ცხოვრებაში, აღნიშნა: „იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნები 1:1—3). რატომ არის ასეთი შედარება მართებული?

ხეებმა შეიძლება ძალიან დიდხანს იცოცხლონ. მაგალითად, როგორც ამბობენ, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ზოგი ზეთისხილის ხე ათასიდან ორი ათასამდე წლისაა. მსგავსად, ცენტრალურ აფრიკაში ბაობაბის ხეებიც ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, ხოლო კალიფორნიაში ერთ-ერთი სახეობის ფიჭვი, როგორც ფიქრობენ, დაახლოებით 4 600 წლისაა. ზრდადამთავრებულ ხეებს ტყეში ხშირად სარგებლობა მოაქვთ გარშემო არსებული მცენარეებისთვის. მაგალითად, მაღალი ხეები ჩრდილით იცავენ ნორჩ ხეებს, ხოლო ფოთლები, რომლებიც ამ ხეებიდან ცვივა, ნიადაგის განოყიერებას უწყობს ხელს.

ჩვეულებრივ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეები ჯგუფ-ჯგუფად იზრდებიან ტყეებში, სადაც ერთმანეთს ხელსაყრელ გარემოს უქმნიან. მათი ფესვები შეიძლება ერთმანეთში გადაიხლართოს, რის შედეგადაც რამდენიმე ხეს ერთად უფრო ადვილად შეუძლია გაუძლოს ქარიშხალს, ვიდრე მინდორში მდგარ ერთ ხეს. გარდა ამისა, მძლავრი ფესვთა სისტემის წყალობით ხეები ნიადაგიდან საკმარის წყალსა და მასაზრდოებელ ნივთიერებებს იღებენ. ზოგჯერ ფესვები შეიძლება იმდენად ღრმად იყოს მიწაში გადგმული, რომ მათი სიგრძე ხეების სიმაღლეს აღემატებოდეს, ან ჰორიზონტალურად ისე იყოს გართხმული, რომ ხიდან ჩამოცვენილი ფოთლებით მოფენილ ადგილსაც კი სცდებოდეს.

როგორც ჩანს, პავლე მოციქულს მხედველობაში სწორედ ხეები ჰქონდა, როდესაც ამბობდა, რომ ქრისტიანებს უნდა ‘ევლოთ მასში [ქრისტეში] ფესვგადგმულებსა და მისით აღშენებულებს, განმტკიცებულებს რწმენით’ (კოლასელთა 2:6, 7). დიახ, ქრისტიანები იმ შემთხვევაში შეძლებენ მტკიცე რწმენის შენარჩუნებას, თუ ღრმად იქნებიან ‘ქრისტეში ფესვგადგმულნი’ (1 პეტრე 2:21).

კიდევ რით ჰგვანან ღვთის მსახურები ხეებს? როგორც გვერდიგვერდ მდგარი ხეები ამაგრებენ ერთმანეთს, ისე ქრისტიანულ კრებაში ღვთის მსახურები თანამორწმუნეებისგან მხარდაჭერას იღებენ (გალატელთა 6:2). ერთგული, მოწიფული ქრისტიანები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, ღრმად აქვთ გადგმული ფესვები, შედარებით ახლებს ეხმარებიან, რომ ქარიშხალივით ძლიერი წინააღმდეგობის დროსაც კი შეინარჩუნონ მტკიცე რწმენა (რომაელთა 1:11, 12). შედარებით ახალ ქრისტიანებს შეუძლიათ სულიერად გაიზარდონ უფრო გამოცდილი ღვთის მსახურების „ჩრდილქვეშ“ (რომაელთა 15:1). გარდა ამისა, მსოფლიო ქრისტიანული კრების თითოეული წევრისთვის მოაქვს სარგებლობა გამაძლიერებელ სულიერ საზრდოს, რომელსაც ისინი იღებენ „სიმართლის მუხებისგან“, ანუ სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილისგან (ესაია 61:3, სსგ).

სასიხარულოა, რომ ღვთის ყველა მსახურს აქვს საკუთარ თავზე ღვთის იმ აღთქმის შესრულების იმედი, რომელიც ჩაწერილია ესაიას 65:22-ში: „ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება“ (სსგ).

[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]

Godo-Foto