არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთიურმა კმაყოფილებამ გამაძლებინა

ღვთიურმა კმაყოფილებამ გამაძლებინა

ბიოგრაფია

ღვთიურმა კმაყოფილებამ გამაძლებინა

მოგვითხრო ბენჯამინ იკეჩუკუ ოსუეკემ

ქრისტიანულ მსახურებაში აქტიურად ჩაბმიდან ცოტა ხნის შემდეგ მშობლებთან მივედი სტუმრად. მამამ, როგორც კი დამინახა, პერანგში ჩამავლო ხელი და მიყვირა: „ქურდო!“; ხელი დაავლო თოხს და ტარი დამარტყა. ხმაურზე თანასოფლელებმა მოიყარეს თავი. რა მოვპარე მამას? ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ამის შესახებ.

დავიბადე 1930 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიის სოფელ უმუარიამში. შვიდი დედმამიშვილიდან უფროსი მე ვიყავი. ყველაზე უფროსი და 13 წლის ასაკში დაგვეღუპა. მშობლები ანგლიკანური მრწამსის მიმდევრები იყვნენ. მამა სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, დედა კი — წვრილმანი ვაჭრობით. ის ფეხით მიდიოდა ჩვენი სოფლიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ადგილობრივ ბაზრებში, რათა თუნუქის ქილებში ჩასხმული პალმის ზეთი ეყიდა. სახლში იმავე დღეს, გვიან ბრუნდებოდა. მომდევნო დღეს კი, დილით, 40 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში რკინიგზის სადგურამდე ფეხით მიდიოდა, რათა ზეთი გაეყიდა. თუ მოგება დარჩებოდა — რაც, ჩვეულებრივ, 15 ცენტს არ აღემატებოდა — ოჯახისთვის საჭმელს ყიდულობდა და იმავე დღეს სახლში ბრუნდებოდა. ასე წვალობდა იგი დაახლოებით 15 წლის განმავლობაში. დედა 1950 წელს გარდაიცვალა.

განათლების მისაღებად ჩვენი სოფლის სკოლაში შემიყვანეს, რომელსაც მფარველობას ანგლიკანური ეკლესია უწევდა. მაგრამ დაწყებითი სკოლის დასამთავრებლად უნდა დავრჩენილიყავი ჩვენი სახლიდან დაახლოებით 35 კილომეტრით დაშორებულ სკოლა-ინტერნატში. ჩემს მშობლებს საიმისო ფული არ ჰქონდათ, სწავლა რომ გამეგრძელებინა. ამიტომ სამუშაოს ძებნა დავიწყე. თავიდან ლაგოსის რკინიგზის დარაჯის სახლში მოსამსახურედ მოვეწყვე, შემდეგ კი იმავე სამუშაოს კადუნაში (ჩრდილოეთი ნიგერია) ერთი თანამდებობის პირის სახლში ვასრულებდი. მოგვიანებით ბენინ-სიტიში (დასავლეთ ნიგერიის ცენტრალური ნაწილი) ერთ იურისტთან კლერკად დავიწყე მუშაობა. ბოლოს კი სამხერხაოში გადავედი. 1953 წელს კამერუნში წავედი და ბიძაშვილთან დავრჩი საცხოვრებლად. მისი დახმარებით მუშაობაც დავიწყე კაუჩუკის პლანტაციაში. ჩემი თვიური გასამრჯელო დაახლოებით 9 დოლარი იყო. მე ყოველთვის შავ სამუშაოს ვასრულებდი, მაგრამ თუ გასამრჯელო საკვებისთვის მყოფნიდა, სავსებით კმაყოფილი ვიყავი.

ღარიბ-ღატაკი სიმდიდრეს გასცემს

ჩემთან ერთად მუშაობდა სილვანუს ოკემირი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა ბიბლიური შემეცნების ჩემთვის გასაზიარებლად; მაგალითად, ის ამის შესახებ მიყვებოდა, როდესაც ბალახს ვჭრიდით ან კაუჩუკის ფიკუსებს ძირში ლპობის პირას მყოფ თივასა და ფოთლებს ვუყრიდით. მაგრამ იმ დროს მოსმენის გარდა, სხვას არაფერს ვაკეთებდი. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმესთან მქონდა ურთიერთობა, მაქსიმალურად შეეცადა, მისთვის არ მომესმინა. მან გამაფრთხილა: „ბენჯი, ნუ დადიხარ ოკემირისთან. ის იეჰოვას კაცია და ღარიბ-ღატაკი. ყველა, ვინც მასთან ურთიერთობას დაიჭერს, მასავით იქნება“.

პლანტაციაში მძიმე სამუშაო პირობების ატანა ვეღარ შევძელი და 1954 წლის დასაწყისში სახლში დავბრუნდი. იმ დროს ანგლიკანურ ეკლესიას ძალიან მკაცრი ზნეობრივი ნორმები ჰქონდა დადგენილი. ამიტომ ბავშვობიდანვე უზნეობისადმი სიძულვილი ჩამინერგეს. მაგრამ მალე ჩემში ზიზღის გრძნობა გამოიწვია ეკლესიაში რეგულარულად მოსიარულეთა თვალთმაქცობამ. ისინი კი ამბობდნენ, რომ იცავდნენ ბიბლიურ ნორმებს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი საპირისპიროზე მეტყველებდა (მათე 15:8). ამის თაობაზე მამასთან არაერთხელ მიკამათია, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ერთ ღამეს კი სახლიდან წავედი.

დავსახლდი რკინიგზის პირას მდებარე პატარა ქალაქ ომობაში. იქ კვლავ შევხვდი იეჰოვას მოწმეებს. პრისილა ისიოკამ, რომელსაც ჩემი სოფლიდან ვიცნობდი, მომცა ბროშურა „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა“ და „არმაგედონის შემდეგ — ღვთის ახალი ქვეყნიერება“ *. იმაში დარწმუნებულმა, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე, სულმოუთქმელად წავიკითხე ისინი. ჩვენს ეკლესიაში ბიბლიას არ ვსწავლობდით; მთელი ყურადღება ადამიანთა ტრადიციებზე გვქონდა გადატანილი. იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში კი ძალიან ხშირად იყო ბიბლიური მუხლები მოყვანილი.

ერთი თვე არც კი იყო გასული, რომ ისიოკაების ოჯახს ვკითხე, თუ როდის აპირებდნენ თავიანთ ეკლესიაში წასვლას. იეჰოვას მოწმეთა შეხვედრაზე პირველად დასწრებისას ვერაფერი გავიგე. „საგუშაგო კოშკიდან“ ირჩეოდა სტატია ‘გოგ მაგოგელის’ თავდასხმის შესახებ, რომელიც ეზეკიელის წინასწარმეტყველურ წიგნშია მოხსენიებული (ეზეკიელი 38:1, 2). მრავალი ტერმინი ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილმა მიღებამ. ამიტომ გადავწყვიტე, მომდევნო კვირასაც მივსულიყავი მათთან. მეორე შეხვედრაზე ქადაგების შესახებ ლაპარაკობდნენ. პრისილას ვკითხე, როდის აპირებდნენ საქადაგებლად წასვლას. მესამე კვირას მეც გავყევი მათ და თან წავიღე პატარა ბიბლია. ქადაგებისთვის არც ჩანთა მქონდა და არც ბიბლიური ლიტერატურა. მიუხედავად ამისა, სამეფოს მაუწყებელი გავხდი და იმ თვის ბოლოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ჩავაბარე!

ბიბლიას არავინ მასწავლიდა, მაგრამ როდესაც ისიოკაებთან მივდიოდი, საღვთო წერილიდან რწმენის განმამტკიცებელი და გამამხნევებელი სიტყვები მესმოდა და ბიბლიურ ლიტერატურას ვიღებდი. 1954 წლის 11 დეკემბერს იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად აბაში საოლქო კონგრესზე მოვინათლე. ბიძაშვილი, რომელთანაც ვცხოვრობდი და რომელსაც შეგირდად ვყავდი აყვანილი, აღარც საჭმელს მაძლევდა და აღარც ხელობას მასწავლიდა. გაწეული სამსახურისთვის კი არც ერთი პენი არ გადაუხდია. მიუხედავად ამისა, მასზე არ გავნაწყენებულვარ; მადლობელი ვიყავი იმისათვის, რომ ღმერთთან პირადი ურთიერთობა მქონდა. ეს მანუგეშებდა და შინაგან სიმშვიდეს მაძლევდა. გაჭირვებაში დახმარების ხელი ადგილობრივმა მოწმეებმა გამომიწოდეს. ისიოკაების ოჯახმა პროდუქტები მომცა, სხვებმა კი ფული მასესხეს, რათა წვრილმანი ვაჭრობის დაწყება შემძლებოდა. 1955 წელს ნახმარი ველოსიპედი ვიყიდე და 1956 წლის მარტში პიონერად დავიწყე მსახურება. მალე ვალებიც გავისტუმრე. ვაჭრობიდან ძალიან ცოტა მოგება მრჩებოდა, მაგრამ საკუთარი თავის შენახვას ვახერხებდი. კმაყოფილი ვიყავი იმით, რასაც იეჰოვა მაძლევდა.

დედმამიშვილების „მოპარვა“

როგორც კი დავბინავდი, ჩემი და-ძმებისთვის სულიერ დახმარებაზე ფიქრი დავიწყე. წინასწარ შექმნილი ცუდი აზრისა და ეჭვის გამო, მამა წინააღმდეგი იყო, რომ იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. მაშ, როგორ მომეხერხებინა ჩემი დედმამიშვილებისთვის დახმარება და როგორ გამეცნო მათთვის ბიბლიური ჭეშმარიტება? მამას ვუთხარი, რომ უმცროს ძმას, ერნესტს, მატერიალურად დავეხმარებოდი და მანაც გამოუშვა ის ჩემთან. ერნესტმა მაშინვე მიიღო ჭეშმარიტება და 1956 წელს მოინათლა. ამის შემდეგ მამა კიდევ უფრო დაგვიპირისპირდა. მიუხედავად ამისა, ჩემმა დამ, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, ქმართან ერთად ჭეშმარიტება მიიღო. ერთხელ, როდესაც მამას მეორე დაზე, ფელიშიაზე, ვთხოვე, რომ არდადეგებზე ჩემთან გამოეშვა, ის ვაი-ვაგლახით დამთანხმდა. მალე ფელიშიაც მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

1959 წელს, როდესაც სახლში მივედი და ბერნისის, ჩემი მესამე დის, წამოყვანაც დავაპირე, მაშინ იყო, მამამ რომ შემომიტია და მისთვის შვილების მოპარვაში დამადანაშაულა. ის ვერ ხედავდა, რომ მათ საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტეს იეჰოვასადმი მსახურება. მამამ დაიფიცა, რომ არასოდეს გამოუშვებდა ბერნისს ჩემთან. მაგრამ იეჰოვას ხელი მოკლე არ იყო — მომდევნო წელს არდადეგების დროს ბერნისი ერნესტთან ერთად მესტუმრა. სხვა დების მსგავსად, მანაც მიიღო ჭეშმარიტება და მოინათლა.

ყველაფერს მივეჩვიე’

1957 წლის სექტემბერში სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება და ყოველთვიურად დაახლოებით 150 საათს ვქადაგებდი. მე და ჩემი პარტნიორი, სანდი ირობელაკი, უზარმაზარ ტერიტორიაზე, აკპუ-ნა-აბუოში (ეჩეში), ვმსახურობდით. ჩვენი იქ ყოფნისას პირველ სარაიონო კონგრესზე ჩვენი ჯგუფიდან 13 ადამიანი მოინათლა. რა სასიხარულოა იმის დანახვა, რომ დღეს იქ 20 კრებაა!

1958 წელს კრისტიანა აზუიკე გავიცანი. ის ქალაქ აბას ერთ-ერთ კრებაში პიონერად მსახურობდა. ძალიან მომეწონა მსახურებაში მისი გულმოდგინება. იმავე წლის დეკემბერში დავქორწინდით. 1959 წლის დასაწყისში მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს (მიმომსვლელი ზედამხედველის მოვალეობაში შედის კრებების მონახულება და ძმების სულიერად განმტკიცება). 1959—1972 წლებში მე და ჩემმა მეუღლემ მოვინახულეთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ-დასავლეთ ნიგერიის თითქმის ყველა კრება.

კრებები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარეობდა, ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო საშუალება კი ველოსიპედი იყო. თუ დიდი ქალაქების კრებებში ვიყავით, მონახულების დამთავრების შემდეგ ძმები ტაქსით გვიშვებდნენ სხვა კრებაში. ზოგჯერ ჩვენს საცხოვრებელ ოთახებს მიწის იატაკი ჰქონდა და გადახურულიც კი არ იყო. გვეძინა იატაკზე დაგებულ პალმის ღეროებიდან აფცქვნილ ბოჭკოზე. ზოგჯერ ჩვენი ლოგინი თივისგან გაკეთებული ლეიბი იყო, რომელსაც ზემოდან ჭილობი ჰქონდა გადაფარებული, ზოგჯერ კი ლეიბი საერთოდ არ გვქონდა. საკვების ოდენობა და ხარისხი პრობლემას არ გვიქმნიდა. უკვე ნასწავლი გვქონდა, დავკმაყოფილებულიყავით მცირეოდენი საკვებით. ამიტომაც სიამოვნებით ვიღებდით შემოთავაზებულ ულუფას და მასპინძლებიც კმაყოფილები იყვნენ. იმ დროს ზოგ ქალაქში ელექტროენერგია საერთოდ არ ჰქონდათ, რის გამოც ყოველთვის თან დაგვქონდა ნავთის ლამპა. მაგრამ, რთული პირობების მიუხედავად, კრებებთან ურთიერთობისას მრავალი სასიამოვნო შემთხვევა გვქონია.

იმ წლებში მივხვდით, თუ რა დასაფასებელი იყო მოციქულ პავლეს რჩევა: „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:8). გაჭირვების საშუალებით პავლე ჩასწვდა საიდუმლოს, რაც მას კმაყოფილების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო? მოციქულმა თქვა: „ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“. ამ საიდუმლოს ჩვენც ჩავწვდით. პავლემ აგრეთვე თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის [ღვთის] დახმარებით“ (ფილიპელთა 4:12, 13, აქ). ჩვენს შემთხვევაში ეს სიტყვები აბსოლუტურად გამართლდა! ღმერთმა კმაყოფილებითა და სულის სიმშვიდით გვაკურთხა და მთელი სისავსით ვგრძნობდით, თუ რამდენად გამამხნევებელი და სულიერად გამაძლიერებელი იყო ქრისტიანული მსახურება.

მთელი ოჯახი ვემსახურებით კრებებს

1959 წლის მიწურულს პირველი ბიჭი, იოელი, შეგვეძინა. 1962 წელს კი — მეორე, სამუელი. მე და კრისტიანა განვაგრძობდით სარაიონო მსახურებას და კრებების მონახულებისას ჩვენი ბიჭებიც თან დაგვყავდა. 1967 წელს ნიგერიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. გაუთავებელი საჰაერო თავდასხმების გამო სკოლები დაიკეტა. ჩემი მეუღლე, სანამ სარაიონო მსახურებაში ჩემთან ერთად სიარულს დაიწყებდა, სკოლის მასწავლებელი იყო. ასე რომ, ომის დროს ის ჩვენს ბავშვებს სახლში ამეცადინებდა. სამუელმა ექვსი წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე იცოდა. ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც სკოლაში შევიყვანეთ, ის თავის თანატოლებზე ორი კლასით წინ დასვეს.

იმ დროს ბოლომდე არ გვესმოდა, თუ რამდენად რთული იყო ერთდროულად მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება და შვილების აღზრდა. მაგრამ 1972 წელს სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ამან საშუალება მოგვცა, ერთ ადგილას ვყოფილიყავით და სათანადო ყურადღება მიგვექცია ოჯახის სულიერობისთვის. შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლეთ ღვთიური კმაყოფილების ფასი. 1973 წელს სამუელი მოინათლა, ხოლო იოელმა იმ წელს პიონერად დაიწყო მსახურება. ორივე შვილი შესანიშნავ ქრისტიანებზე დაქორწინდნენ და ახლა თვითონ ზრდიან შვილებს ჭეშმარიტებაში.

სამოქალაქო ომის საშინელება

სამოქალაქო ომის დაწყებისას ქალაქ ონიჩას კრებაში ვიყავი მონახულებაზე. ოჯახიც თან მყავდა. ამ ომმა უკეთესად დაგვანახვა, თუ რამდენად ამაო იყო ქონების დაგროვება და მის იმედზე ყოფნა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გარბოდა ხალხი და როგორ ტოვებდნენ თავიანთ ქონებას, ოღონდ ცოცხალი გადარჩენილიყვნენ.

ომი სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა. ამიტომაც ყველა მამაკაცს, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის გამოდგებოდა, ჯარში იწვევდნენ. მრავალ ძმას, რომლებიც ჯარში წასვლაზე უარს ამბობდნენ, აწამებდნენ. თავისუფლად გადაადგილება აღარ შეგვეძლო. ქვეყანაში საკვების უკმარისობის გამო ხალხი პანიკამ მოიცვა. ნახევარი კილოგრამი მანიჰოტის ფასმა 7 ცენტიდან 14 დოლარამდე აიწია, ხოლო ერთი ჯამი მარილის ფასმა  — 8-იდან 42 დოლარამდე. რძე, კარაქი და შაქარი საერთოდ გაქრა. შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ვნაყავდით უმწიფარ პაპაიას და მცირეოდენ მანიჰოტის ფქვილში ვურევდით. აგრეთვე ვჭამდით კალიებს, მანიჰოტის ჩენჩოს, ჰიბისკუსის ფოთლებს, ლაქაშს და ნებისმიერ ფოთოლს, რასაც კი ვიპოვიდით. ხორცი ფუფუნება იყო, ამიტომაც ხვლიკებს ვიჭერდი და ბავშვებს ვაჭმევდი. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე.

უფრო საშიში კი მაინც ის იყო, რომ ომის შედეგად სულიერი საკვების მოწოდება ბრკოლდებოდა. ძმების უმეტესობამ დატოვა საომარი ზონა და ჯუნგლებს და სხვა სოფლებს შეაფარეს თავი. გაქცევისას მათ დაკარგეს ბიბლიური პუბლიკაციების უმეტესი ნაწილი და, შესაძლოა, ყველაფერიც კი. გარდა ამისა, ბიაფრაში სამთავრობო ჯარების მიერ გზების ბლოკირების შედეგად, ქვეყანაში ახალი ბიბლიური პუბლიკაციები ვერ შემოდიოდა. კრებების უმრავლესობა შეხვედრების ჩატარებას კი ცდილობდა, მაგრამ რამდენადაც ძმები ფილიალიდან ხელმძღვანელობას ვერ იღებდნენ, სულიერად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სულიერ შიმშილთან გამკლავება

მიმომსვლელი ზედამხედველები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ განეგრძოთ კრებების მონახულება და არც ერთი კრება არ გამორჩენოდათ. ვინაიდან მოწმეები ქალაქებიდან გაქცეულები იყვნენ, ძმებს ვეძებდი იქ, სადაც კი მათი პოვნა შეიძლებოდა. ერთხელ ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილას დავტოვე და მონახულებებზე ექვსი კვირით გავემგზავრე. მოვიარე სხვადასხვა სოფელი და ჯუნგლების სხვადასხვა ნაწილი, რათა მიმოფანტული ძმები მეპოვა.

ოგბუნკას კრებაში ყოფნისას გავიგე, რომ ოკიგვას ოლქში მდებარე ისუოჩის რაიონში მოწმეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო. ერთ მოწმეს ვთხოვე, ძმებისთვის ეთქვა, რომ შეკრებილიყვნენ სოფელ უმუაკუს კაჟუს პლანტაციაში. მე და ერთმა ხანში შესულმა ძმამ ველოსიპედებით 15 კილომეტრი გავიარეთ და იმ პლანტაციას მივადექით, სადაც 200 მოწმეს მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. ერთმა პიონერმა დამ მითხრა, რომ დაახლოებით 100-კაციან ჯგუფს ლომარას მივარდნილი ადგილისთვის შეეფარებინა თავი.

ლორენს უგვუეგბუმ, რომელიც სხვა გულად მოწმეთა ჯგუფთან ერთად ომის ქარცეცხლში გახვეულ ქალაქ ოვერში იყო, მითხრა, რომ ოჰაჯშიც შეიძლებოდა მრავალი მოწმის ნახვა. ის ტერიტორია სამთავრობო ჯარების ალყაში იყო მოქცეული და ძმებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მე და ერთი ძმა ველოსიპედებზე დავსხედით, ღამის სიბნელით ვისარგებლეთ და მივედით იმ ადგილამდე, სადაც ერთი ძმის ეზოში დაახლოებით 120 მოწმეს შევხვდით. იმ პერიოდში იძულებით გადაადგილებული სხვა მოწმეების ჯგუფებიც მოვინახულეთ.

ძმა ისააკ ნვაგვუმ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა მთელ ქვეყანაში მიმოფანტული სხვა ძმების პოვნაშიც დამხმარებოდა. მან კანოეთი მდინარე ოტამირზე გადამიყვანა, რათა ეგბუ-ეჩეში შეკრებილ 150-ზე მეტ მოწმეს შევხვედროდი. ერთმა ძმამ წამოიძახა: „ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა! აღარ მეგონა, რომ სარაიონო ზედამხედველის ნახვას ისევ მოვესწრებოდი. ახლა, ომის დროს რომც მოვკვდე, მაინც კმაყოფილი ვარ“.

არაერთხელ ვმდგარვარ ჯარში გაწვევის საშიშროების წინაშე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას მფარველობას. ერთ საღამოს დაახლოებით 250 ძმასთან შეხვედრის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი. ამ დროს გამაჩერა სამხედროების ჯგუფმა, რომელთაც გზა ჰქონდათ გადაკეტილი. „ჯარში რატომ არა ხარ?“ — მკითხეს მათ. მე ავუხსენი, რომ მისიონერი ვიყავი და ღვთის სამეფოს შესახებ ვქადაგებდი. მივხვდი, რომ დაპატიმრებას მიპირებდნენ. სასწრაფოდ გულში ვილოცე და მეთაურს ვუთხარი: „გთხოვთ, გამათავისუფლეთ“. მან კი გაოცებულმა მითხრა:

— ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ უნდა გაგიშვათ?

— დიახ.

— თავისუფალი ხარ, წადი, — მითხრა მან და არც ჯარისკაცებს უთქვამთ რამე (ფსალმუნები 64:2, 3).

კმაყოფილებას შემდგომი კურთხევები მოაქვს

1970 წელს სამოქალაქო ომი დამთავრდა, რის შემდეგაც სარაიონო ზედამხედველად მსახურება განვაგრძე. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ კრებების რეორგანიზაციაში გარკვეული წვლილი შევიტანე. შემდეგ მე და კრისტიანა 1976 წლამდე სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით. ამ წელს კიდევ ერთხელ დამნიშნეს სარაიონო ზედამხედველად, იმავე წლის შუა პერიოდისთვის კი — საოლქო ზედამხედველად. შვიდი წლის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეთა ნიგერიის ფილიალში მიგვიწვიეს, სადაც დღემდე ვმსახურობთ. ფილიალში ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარული მოაქვს იმ ძმებსა და დებთან კვლავ შეხვედრას, რომლებსაც სამოქალაქო ომის თუ სხვა პერიოდებში შევხვედრივართ და რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.

წლების განმავლობაში კრისტიანა ჩემთვის მშვენიერი მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი იყო. მისი ოპტიმიზმი და სიმტკიცე ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლიდან მას ჯანმრთელობა საკმაოდ შეერყა. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტება: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე“ (ფსალმუნები 40:4).

როდესაც თეოკრატიულ მსახურებაში გატარებულ წლებს ვიხსენებ, მთელი გულით მინდა, მადლობა ვუთხრა ღმერთს შესანიშნავი კურთხევებისთვის. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი იმით, რასაც ღმერთი მაძლევდა. ჩემთვის უდიდესი კურთხევაა იმის დანახვა, თუ როგორ ემსახურებიან იეჰოვას ჩემი დედმამიშვილები, შვილები და მათი ოჯახები. იეჰოვამ ჩემი ცხოვრება ძალიან გაამდიდრა და აზრიანი გახადა. ჩემი არც ერთი სურვილი არ დარჩენილა შეუსრულებელი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ახლა აღარ გამოიცემა.

[ჩარჩო 27 გვერდზე]

დროული დახმარება

XX საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნიგერიის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებულ შუღლს ქვეყანაში არეულობა, გამოსვლები, უკანონობის გავრცელება და ძალადობა მოჰყვა. იეჰოვას მოწმეებისთვის ეს ურთულესი დრო იყო, რადგან მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. იმ პერიოდში დაახლოებით 20 მოწმე მოკლეს. უმეტესობამ დაკარგა ყველაფერი, რაც კი ებადა.

1967 წლის 30 მაისს ნიგერიას გამოეყო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატები და თვითგამოცხადებულ „დამოუკიდებელ ბიაფრის რესპუბლიკად“ იქცა. მოხდა ფედერალური ჯარების მობილიზება და ნიგერიის აღმოსავლეთ ნაწილის სრული ბლოკირება. დაიწყო სისხლისმღვრელი და სასტიკი სამოქალაქო ომი.

ბიაფრელი მოწმეები ნეიტრალური პოზიციის გამო თავდასხმების მთავარი სამიზნეები გახდნენ. გაზეთებში იბეჭდებოდა მათდამი სიძულვილით გამსჭვალული სიტყვები, რაც საზოგადოებას მათ წინააღმდეგ განაწყობდა. მაგრამ იეჰოვა ზრუნავდა იმაზე, რომ მის მსახურებს სულიერი საზრდო ჰქონოდათ. როგორ?

1968 წლის დასაწყისში ერთი ნიგერიელი სახელმწიფო მოხელე ევროპაში გარკვეულ თანამდებობაზე დაინიშა, მეორე კი — ბიაფრის აეროპორტში. ორივე იეჰოვას მოწმე იყო. ისინი აღმოჩნდნენ იმ ერთადერთი არხის სათავესა და ბოლოში, რომელიც ბიაფრას გარე სამყაროსთან აკავშირებდა. ამ ძმებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და საკუთარ თავზე აიღეს ბიაფრაში სულიერი საზრდოს შეტანის საქმე. მათივე დახმარებით შესაძლებელი გახდა გაჭირვებული ბიაფრელი ძმებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ეს ორი ძმა ამას მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში, 1970 წლამდე აკეთებდა. ერთ-ერთმა მათგანმა მოგვიანებით თქვა: „ამის ორგანიზება ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა“.

[სურათი 23 გვერდზე]

1956 წელს.

[სურათი 25 გვერდზე]

1965 წელს ჩვენს ორ ვაჟთან, იოელსა და სამუელთან, ერთად.

[სურათი 26 გვერდზე]

იეჰოვასთვის მთელი ოჯახით მსახურება უდიდესი კურთხევაა!

[სურათი 27 გვერდზე]

კრისტიანა და მე ამჟამად ნიგერიის ფილიალში ვმსახურობთ.