არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყვავის

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყვავის

ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყვავის

იესო ქრისტეს მსახურება უცაბედად ანთებულ კაშკაშა სინათლესავით მოევლინა პირველი საუკუნის მსოფლიოს. მისი ცნობა იმდენად გამამხნევებელი, ნათელი და შთამაგონებელი იყო, რომ ხალხი გაოცებული რჩებოდა. მრავალ ადამიანზე მისმა სიტყვებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა (მათე 7:28, 29).

იესომ გაბედულად თქვა უარი ხალხისთვის დამამძიმებელ საეკლესიო და პოლიტიკურ სისტემებში მონაწილეობაზე, უბრალო ადამიანების დასახმარებლად კი ყოველთვის მზად იყო (მათე 11:25—30). ის დაუფარავად აღნიშნავდა, რომ ბოროტ სულებს დედამიწაზე დიდი გავლენა ჰქონდათ და მათ წინააღმდეგ ღვთის მიერ მიცემული ძალით მოქმედებდა (მათე 4:2—11, 24; იოანე 14:30). იესომ კარგად დაანახვა მსმენელს, თუ რა კავშირია ტანჯვა-წვალებასა და ცოდვას შორის და სიყვარულით ამბობდა, რომ ღვთის სამეფო მოუტანდა ხალხს შვებას (მარკოზი 2:1—12; ლუკა 11:2, 17—23). იესომ ერთხელ და სამუდამოდ გაფანტა მისი მამის პიროვნების ირგვლივ შექმნილი სიბნელე — ღვთის სახელი გაუმხილა ყველას, ვისაც ღმერთთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა (იოანე 17:6, 26).

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სასტიკი რელიგიური და პოლიტიკური დევნის მიუხედავად, იესოს მოწაფეებმა სწრაფად გაავრცელეს თავიანთი მოძღვრის მიერ გადაცემული აღმაფრთოვანებელი ცნობა. ოცდაათიოდე წელიწადში აზიაში, აფრიკასა და ევროპაში ქრისტიანული კრებები ჩამოყალიბდა (კოლასელთა 1:23). უბრალო ჭეშმარიტებამ, რომელსაც იესო ასწავლიდა, ‘გული გაუნათლა’ თავმდაბალ, მართალ ადამიანებს მთელ რომის იმპერიაში (ეფესელთა 1:17, 18).

როგორ შეიძლებოდა, ეს ახალი მოწაფეები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა, წარმოშობა, ენა და რელიგიური წარსული ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ და, როგორც მოციქული პავლე ამბობდა, „ერთი რწმენა“ ჰქონოდათ? (ეფესელთა 4:5). რა დაეხმარებოდა მათ, რომ ‘ყველას ერთი და იგივე ელაპარაკათ’, რათა ერთმანეთს არ გამოყოფოდნენ? (1 კორინთელთა 1:10). როგორც დავინახეთ, ქრისტიანულ სამყაროში ერთიანობა არ არის. ამიტომ, კარგი იქნებოდა გამოგვეკვლია, რას ასწავლიდა თავად იესო.

ქრისტიანული ერთიანობის საფუძველი

პონტოელი პილატეს წინაშე სამსჯავროზე იესომ აღნიშნა, რა იყო ქრისტიანული ერთიანობის საფუძველი. მან თქვა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:37). ამიტომ იესოს სწავლებისა და ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის დანარჩენი ნაწილის მიღებას ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებზე დიდი გამაერთიანებელი გავლენა ჰქონდა და აქვს (1 კორინთელთა 4:6; 2 ტიმოთე 3:16, 17).

ცხადია, დროდადრო იესოს მოწაფეებს ექნებოდათ გულწრფელი კითხვები ან რამეში შეიძლება არ დათანხმებოდნენ ერთმანეთს. რა დაეხმარებოდათ ასეთ სიტუაციაში? იესომ ახსნა: „როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ“ (იოანე 16:12, 13). ამგვარად, ღვთის სული იესოს ნამდვილ მოწაფეებს იმის უნარს მისცემდა, რომ გაეგოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი თანდათანობით ჰფენდა ნათელს. აგრეთვე, ეს სული გამოიღებდა მათში ისეთ ნაყოფს, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. ეს კი მათ შორის ერთიანობას შეუწყობდა ხელს (საქმეები 15:28; გალატელთა 5:22, 23).

იესოს მოწაფეებს შორის არ უნდა ყოფილიყო შუღლი და განხეთქილება; იესოს არც იმის უფლება მიუცია თავისი მოწაფეებისთვის, რომ გადაეკეთებინათ ჭეშმარიტება და იმ ადამიანთა კულტურისთვის თუ რელიგიური ტრადიციებისთვის მოერგოთ, რომლებსაც მსახურებისას შეხვდებოდნენ. პირიქით, თავის მოწაფეებთან ყოფნის ბოლო ღამეს, იესო მხურვალედ ლოცულობდა: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“ (იოანე 17:20, 21, აქ). ასე რომ, სულსა და ჭეშმარიტებაში ნამდვილი ერთიანობა პირველი საუკუნიდან დღემდე ქრისტეს მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო (იოანე 4:23, 24). მიუხედავად ამისა, დღევანდელი ეკლესიები გაერთიანებული კი არა, დაყოფილია. რატომ?

რატომ არ არის ეკლესიებში ერთიანობა?

იმ ადამიანთა შორის, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ერთმანეთისგან განსხვავებული ამდენი მრწამსისა და ტრადიციის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იესოს სწავლების მიმდევრები არ არიან. ერთმა მწერალმა აღნიშნა: „დღესაც, ისევე როგორც წარსულში, ქრისტიანები ბიბლიიდან იმას იღებენ, რაც მათ მოთხოვნებს შეესაბამება და უგულებელყოფენ იმას, რაც მათ რელიგიურ ტრადიციებს არ შეესაბამება“. სწორედ ეს იწინასწარმეტყველეს იესომ და მისმა მოციქულებმა.

მაგალითად, ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ თავის თანამსახურ ტიმოთეს მისწერა: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“. ყველა ქრისტიანი იქნებოდა შეცდომაში შეყვანილი? არა. პავლე განაგრძობს: „შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:3—5; ლუკა 21:8; საქმეები 20:29, 30; 2 პეტრე 2:1—3). ტიმოთე და სხვა ერთგული ქრისტიანები ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ რჩევის თანახმად ცხოვრობდნენ.

ჭეშმარიტ ქრისტიანებში ახლაც ერთიანობა სუფევს

ტიმოთეს მსგავსად, დღესაც ჭეშმარიტი ქრისტიანები სიფხიზლეს ინარჩუნებენ იმით, რომ ყურს არ უგდებენ ადამიანთა ფილოსოფიებს და თავიანთ სწავლებას მხოლოდ საღვთო წერილზე აფუძნებენ (კოლასელთა 2:8; 1 იოანე 4:1). იეჰოვას მოწმეები 230-ზე მეტ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მსახურებით პირველი საუკუნის ქრისტიანებს ბაძავენ და ხალხს იესოსგან გადმოცემულ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ამცნობენ. განვიხილოთ ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საიდანაც ჩანს, რომ ისინი გაერთიანებულად ბაძავენ იესოს და, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ, ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსი აქვთ.

მათი მრწამსი ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული (იოანე 17:17). ერთმა ბელგიელმა მღვდელმა იეჰოვას მოწმეების შესახებ დაწერა: „სხვა თუ არაფერი, მათგან [იეჰოვას მოწმეებისგან] შეგვიძლია ვისწავლოთ ღვთის სიტყვის შესასწავლად მზადყოფნა და ამ სიტყვის გაბედულად ქადაგება“.

ისინი ღვთის სამეფოსგან მოელიან გლობალური პრობლემების გადაჭრას (ლუკა 8:1). ბარანკილიაში (კოლუმბია) ერთი იეჰოვას მოწმე დაელაპარაკა ანტონიოს, ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერს. მოწმემ არც ანტონიოს მხარე დაიჭირა და არც სხვა პოლიტიკური იდეოლოგია დაიცვა. ნაცვლად ამისა, მან ანტონიოსა და მის დას ბიბლიის უფასოდ შესწავლა შესთავაზა. მალე ანტონიო მიხვდა, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოა ერთადერთი იმედი როგორც კოლუმბიაში, ისე მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში მცხოვრები ღარიბებისთვის.

ისინი პატივს მიაგებენ ღვთის სახელს (მათე 6:9). ავსტრალიაში მცხოვრებ გულწრფელ კათოლიკეს, მარიას, როდესაც პირველად შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, უარი არ უთქვამს, მისთვის ბიბლიაში ღვთის სახელი ეჩვენებინათ. როგორი რეაქცია ჰქონდა მას? „ბიბლიაში ღვთის სახელი რომ დავინახე, ცრემლები გადმომცვივდა. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ შემეძლო მცოდნოდა და გამომეყენებინა ღვთის პირადი სახელი“. მარიამ ბიბლიის შესწავლა განაგრძო. ცხოვრებაში პირველად, მან იეჰოვა გაიცნო როგორც პიროვნება და მასთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.

ისინი სიყვარულით არიან გაერთიანებულნი (იოანე 13:34, 35). კანადის ერთ-ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიაში აღნიშნული იყო: „იმისდა მიუხედავად, ხართ თუ არა მორწმუნე, ქების სიტყვებით უნდა მოიხსენიოთ 4 500 იეჰოვას მოწმე, რომლებიც გასული კვირა-ნახევრის განმავლობაში დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა კასიდიში 2 300 კვადრატული მეტრის ფართის საკონგრესო დარბაზი აეშენებინათ . . . საქმის ასე სიხარულით, შეკამათების, უთანხმოებისა თუ პირადი ამბიციების გარეშე კეთება ნამდვილად ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის არის დამახასიათებელი“ (The Ladysmith-Chemainus Chronicle).

ასე რომ, მხედველობაში მიიღეთ ეს ფაქტები. მაშინ როდესაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლი, თეოლოგები და მისიონერები ცდილობენ რამე იღონონ ეკლესიებს შორის არსებული განხეთქილების წინააღმდეგ, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, ჭეშმარიტი ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში ყვავის. მართლაც, ჭეშმარიტი ქრისტიანები ასრულებენ თავიანთ მისიას — ქადაგებენ და ასწავლიან ღვთის სიტყვას (მათე 24:14; 28:19, 20). თუ თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ‘კვნესის და ოხრავს’ მსოფლიოში არსებულ სისაძაგლეთა გამო და აღშფოთებულია ქრისტიანულ სამყაროში არსებული განხეთქილებით, გიწვევთ, შეუერთდეთ იეჰოვას მოწმეებს და ერთსულოვნად სცეთ თაყვანი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას (ეზეკიელი 9:4; ესაია 2:2—4).