არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეჰუდმა მჩაგვრელთა უღელი გადააგდო

ეჰუდმა მჩაგვრელთა უღელი გადააგდო

ეჰუდმა მჩაგვრელთა უღელი გადააგდო

ეს ნამდვილი ამბავი, რომელიც სიმამაცესა და გონივრულ მოქმედებაზე მოგვითხრობს, დაახლოებით 3 000 წლის წინათ მოხდა. ბიბლიაში თხრობა შემდეგი სიტყვებით იწყება: „კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში. და მან შემოიკრიბა ყამონის ძენი და ყამალეკნი, და წავიდა და დაამარცხა ისრაელი, და დაიპყრო პალმების ქალაქი. და ემსახურებოდნენ ისრაელის ძენი ყეგლონს, მოაბის მეფეს, თვრამეტი წელი“ (მსაჯულთა 3:12—14).

მოაბელთა ტერიტორია მდინარე იორდანესა და მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მაგრამ ისინი მდინარის გაღმაც გადაიჭრნენ, იერიხოს (იერიხონი) — „პალმების ქალაქის“ — გარშემო არსებული ტერიტორია დაიკავეს და დაიმონეს ისრაელები (მეორე რჯული 34:3). მოაბელთა მეფემ, ყეგლონმა, რომელიც „ძალიან მსუქანი კაცი იყო“, ისრაელებს მძიმე და დამამცირებელი ხარკი დააკისრა, რომელსაც ისინი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იხდიდნენ (მსაჯულთა 3:17). მაგრამ ამ ხარკის გადახდამ ღვთის ხალხს ტირანისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და მოუვლინა უფალმა მათ მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძეთაგან, ცაცია კაცი. და ხარკი გაუგზავნეს ისრაელის ძეთ მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს“ (მსაჯულთა 3:15). იეჰოვას ნებით უნდა ყოფილიყო ის, რომ სწორედ ეჰუდს დაევალა მეფისთვის ხარკის მირთმევა. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, მანამდეც შეუსრულებია თუ არა ეჰუდს ეს მოვალეობა; მაგრამ ეჰუდის მოქმედებიდან — იქიდან, თუ როგორი სიფრთხილით ემზადებოდა მეფესთან შესახვედრად და როგორ ტაქტიკას მიმართა — ჩანს, რომ მისთვის ასე თუ ისე ნაცნობი იყო ყეგლონის სასახლე და წარმოდგენა ჰქონდა, რა როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. მის მიერ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ის, რომ ეჰუდი ცაცია იყო.

ინვალიდი თუ მეომარი?

ებრაული სიტყვა „ცაციას“ პირდაპირი მნიშვნელობაა ‘მარჯვენა ხელმოხრილი, დაშავებული ან შეკრული‘. ნიშნავს ეს, რომ ეჰუდი ინვალიდი იყო, ანუ მარჯვენა ხელი დაზიანებული ჰქონდა? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი ‘შვიდასი რჩეული ცაცია კაცის’ შესახებ, რომლებიც ბენიამინის ტომიდან იყვნენ. როგორც მსაჯულთა 20:16-შია აღნიშნული, „თითოეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა“. როგორც ჩანს, ისინი ბრძოლაში დახელოვნებულობის გამო მიეკუთვნებოდნენ რჩეულთა რიცხვს. ზოგიერთი ბიბლეისტის მოსაზრებით, „ცაციაში“ იგულისხმება ის, ვინც მარცხენას და მარჯვენას ერთნაირად იყენებდა.

ბენიამინის ტომი ცნობილი იყო ცაცია მამაკაცების სიმრავლით. 1 ნეშტთა 12:1, 2-ში მოხსენიებულნი არიან ბენიამინელი „ომში შემწე მოყმენი . . . მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი“. ერთი ნაშრომის თანახმად, ეს იმით იყო განპირობებული, რომ „პატარა ბავშვებს მარჯვენა მკლავს უკრავდნენ (აქედან მომდინარეობს ‘მარჯვენა ხელშეკრული’) და მარცხენა ხელის გამოყენებას აჩვევდნენ“. ისრაელის მტრები, ჩვეულებრივ, იმ მეომრებთან შესაბრძოლებლად იყვნენ მომზადებულნი, რომლებიც მარჯვენა ხელით იბრძოდნენ. ასე რომ, მათი მომზადება ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანდა, თუ მოულოდნელად ცაცია მეომართან მოუწევდათ ბრძოლა.

„საიდუმლო სიტყვა“ მეფისთვის

ეჰუდი მზადებას შეუდგა და უპირველესად ‘ორლესული მახვილი გაიკეთა’, რომელიც იმდენად მოკლე იყო, რომ ტანსაცმლის ქვეშ შეუმჩნეველი დარჩებოდა. შესაძლოა, ეჰუდი მოელოდა, რომ გაჩხრეკდნენ. მახვილს, ჩვეულებრივ, მარცხენა მხარეს ატარებდნენ, რათა ადვილი ყოფილიყო მარჯვენა ხელით სწრაფად ამოღება. მაგრამ ეჰუდი ცაცია იყო და ამიტომაც იარაღი შეიბა „მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე“. მარჯვენა მხარეს კი ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ მეფის მცველებს იარაღის ძებნა დაეწყოთ. ასე რომ, ეჰუდმა დაუბრკოლებლად „მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს“ (მსაჯულთა 3:16, 17).

ბიბლიაში აღწერილი არ არის, თავიდან რა როგორ მოხდა ყეგლონის სასახლეში. მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „როგორც კი ძღვენი მიართვეს, [ეჰუდმა] მაშინვე უკან გაისტუმრა მომტანები“ (მსაჯულთა 3:18). ეჰუდმა მეფეს ძღვენი მიართვა, შემდეგ ძღვნის მომტანებთან ერთად ყეგლონის სასახლიდან გავიდა, ისინი უსაფრთხო ადგილამდე მიაცილა, გაუშვა და თვითონ უკან დაბრუნდა. რატომ მოიქცა ის ასე? რატომ ახლდნენ მას ეს კაცები? იცავდნენ მას, უბრალოდ მხლებლები იყვნენ თუ მხოლოდ ძღვნის მტარებლები? და რატომ გაუშვა მან ისინი, ვიდრე თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგებოდა? იქნებ მათი უსაფრთხოების მიზნით? რა მიზნითაც უნდა მოქცეულიყო ასე, ეჰუდი მამაცურად შეუდგა საქმეს მარტო, სხვისი დახმარების გარეშე.

«გილგალთან რომ კერპებია, იქიდან უკან დაბრუნდა [ეჰუდი] და უთხრა: „საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო“». ბიბლიაში ახსნილი არ არის ის, თუ როგორ მოახერხა მან მეფესთან ხელმეორედ შესვლა. განა მცველებს ეჭვი არ უნდა აეღოთ? იქნებ იფიქრეს, რომ თანმხლებთა გარეშე მოსული ისრაელი მათ მეფეს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა? ეჰუდის მარტო დაბრუნებამ ისეთი შთაბეჭდილება ხომ არ დაუტოვა მათ, რომ ის თანამემამულეებს ღალატობდა? როგორც უნდა ყოფილიყო, ეჰუდს მეფესთან მარტო დარჩენა სურდა და მიაღწია კიდეც ამ მიზანს (მსაჯულთა 3:19).

ბიბლიაში თხრობა შემდეგი სიტყვებით გრძელდება: «შევიდა ეჰუდი მასთან [ყეგლონთან]; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში, და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი“». ეჰუდს ის არ ჰქონია მხედველობაში, რომ მეფეს ღვთის სიტყვებს გადასცემდა. ის მახვილის გამოყენებას გულისხმობდა. შესაძლოა, იმ იმედით, რომ თავისი ღმერთისგან, ქამოშისგან, გაიგებდა რამეს, „წამოდგა მეფე სავარძლიდან“. ამ დროს ეჰუდმა ელვის სისწრაფით იშიშვლა მახვილი და მუცელში ჩასცა ყეგლონს. როგორც ჩანს, მახვილს განივი ტარი არ ჰქონდა. ამიტომაც „წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი . . . და განავალი გარეთ გამოუვიდა“, შესაძლოა, ჭრილობიდან ან უნებლიე დეფეკაციის შედეგად (მსაჯულთა 3:20—22).

უხმაუროდ გაქცევა

ისე რომ მახვილის ამოღებაზე დრო არ დაუკარგავს, «გამოვიდა ტალანში ეჰუდი, გამოიხურა და გამოიკეტა კარი. და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: „მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდა საგრილებელ ოთახში“» (მსაჯულთა 3:23, 24).

რა იყო „ტალანი“, რომლის გავლითაც ეჰუდი სასახლიდან გავიდა? «[ებრაული სიტყვის] ზუსტი მნიშვნელობა უცნობია, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, — მაგრამ „ტალანში“ „კოლონადა“, „ვესტიბიული“ უნდა იგულისხმებოდეს». შიგნიდან ჩაკეტა ეჰუდმა კარი და შემდეგ სხვა მხრიდან გავიდა ოთახიდან თუ გარედან ჩაკეტა მოკლული მეფის გასაღებით? ჩვეულებრივ ჩაუარა მან მეფის მცველებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს? საღვთო წერილში ამაზე არაფერია ნათქვამი. რა მეთოდისთვისაც უნდა მიემართა ეჰუდს, ყეგლონის მცველებს ჩაკეტილი კარის გამო ეჭვი არ აუღიათ. მათ მხოლოდ ის იფიქრეს, რომ მეფე ‘მოსასაქმებლად იყო ჩაკეტილი’.

ვიდრე მეფის მსახურები გონს მოეგებოდნენ, ეჰუდმა გაქცევა მოასწრო. ამის შემდეგ მან თანამემამულეებს მოუწოდა: „მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი“. ეჰუდის მეომრებმა იორდანეს ფონები დაიკავეს და მოაბელებს თავიანთ მიწა-წყალზე გასასვლელი ჩაუკეტეს. ამგვარად, „მოსრეს [ისრაელებმა] მოაბელნი იმ დროს ათი ათასამდე კაცი, ყველა ძლიერი და მამაცი, და თავს ვერავინ უშველა. და იმ დღეს მოაბი ისრაელის ხელქვეითად იქცა და მოისვენა და დამშვიდდა ქვეყანა ოთხმოცი წელი“ (მსაჯულთა 3:25—30).

რას ვსწავლობთ?

ეჰუდის დღეებში შექმნილი მდგომარეობა გვასწავლის, რომ სავალალო შედეგები მოჰყვება იმის კეთებას, რაც იეჰოვას თვალში ბოროტებაა. მეორე მხრივ, იეჰოვა ეხმარება მათ, ვინც ინანიებს დანაშაულს მის წინაშე და პატიებას სთხოვს.

ეჰუდის გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ამის მიზეზი არც მისი მოხერხებულობა ყოფილა და არც მტრის მოუხერხებლობა. ღვთის განზრახვის განხორციელება დამოკიდებული არ არის ადამიანთა უნარსა თუ უუნარობაზე. ეჰუდის წარმატების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მას ღმერთი ეხმარებოდა, რადგან ისრაელების განთავისუფლება ღვთის ნება იყო, რასაც წინ ვერაფერი აღუდგებოდა. ეჰუდი იეჰოვამ მოუვლინა ისრაელებს და „როცა უფალი მსაჯულებს აღუდგენდა ხოლმე მათ [თავის ერს], უფალი იყო მსაჯულთან“ (მსაჯულთა 2:18; 3:15).