არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვესტფალიის ზავი გარდამტეხი ეტაპი ევროპის ისტორიაში

ვესტფალიის ზავი გარდამტეხი ეტაპი ევროპის ისტორიაში

ვესტფალიის ზავი გარდამტეხი ეტაპი ევროპის ისტორიაში

„დღეს აქ ევროპის ბევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა. მსგავსი რამ იშვიათად ხდება“. ასეთი განცხადება გააკეთა 1998 წლის ოქტომბერში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან ჰერცოგმა. მის მსმენელებს შორის ოთხი მეფე, ოთხი დედოფალი, ორი პრინცი, დიდი ჰერცოგი და რამდენიმე პრეზიდენტი იყო. ევროსაბჭოს ეგიდით მოწყობილი ეს შეხვედრა ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გერმანიის უახლეს ისტორიაში. რას ეხებოდა ეს შეხვედრა?

1998 წლის ოქტომბერში ვესტფალიის ზავის 350 წლისთავს აღნიშნავდნენ. სამშვიდობო ხელშეკრულებები ხშირად მნიშვნელოვნად ცვლის ისტორიას და ამ მხრივ ვესტფალიის ზავიც განსაკუთრებული იყო. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1648 წელს, რითაც დასრულდა 30-წლიანი ომი და დაიწყო თანამედროვე ევროპის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება.

ძველი წესწყობილება ირყევა

შუა საუკუნეებში ევროპაზე უდიდეს გავლენას ახდენდა ორი მძლავრი ინსტიტუტი — რომის კათოლიკური ეკლესია და საღვთო რომის იმპერია. იმპერია შედგებოდა ტერიტორიული სიდიდით ერთმანეთისგან განსხვავებული ასობით სამთავროსგან და ისეთ ტერიტორიებს მოიცავდა, რომლებიც ამჟამად ავსტრიას, აღმოსავლეთ საფრანგეთს, ბელგიას, გერმანიას, იტალიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, შვეიცარიასა და ჩეხეთს უკავია. რადგან ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გერმანიის სამთავროებს ეკავა, იმპერიას „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიასაც“ უწოდებდნენ. თითოეული სამთავრო, რომელსაც მთავარი ედგა სათავეში, გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა. თვით იმპერატორი ავსტრიელი ჰაბსბურგების დინასტიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა. ამგვარად, პაპისა და იმპერიის უდიდესი ძალაუფლების გამო ევროპა კათოლიციზმის მარწუხებში მოექცა.

მიუხედავად ამისა, XVI და XVII საუკუნეებში დაიწყო არსებული წყობის მორყევა. მთელ ევროპაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა უკმაყოფილება რომის კათოლიკური ეკლესიის თავაშვებულობის გამო. ისეთი რელიგიური რეფორმატორები, როგორებიც იყვნენ მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი, გამოდიოდნენ მოწოდებებით, კვლავ ბიბლიურ ნორმებს დაბრუნებოდნენ. ლუთერსა და კალვინს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მათ მიერ წამოწყებული მოძრაობა რეფორმაციაში გადაიზარდა. ამან კი ხელი შეუწყო — პროტესტანტული მიმდინარეობების ჩამოყალიბებას. რეფორმაციამ იმპერია სამ — კათოლიკურ, ლუთერანულ და კალვინისტურ — სარწმუნოებად დაჰყო.

კათოლიკეები პროტესტანტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ, პროტესტანტები კი, თავის მხრივ, ზიზღს გამოხატავდნენ თავიანთი მოწინააღმდეგე კათოლიკეებისადმი. ასეთმა მდგომარეობამ XVII საუკუნის დამდეგისთვის პროტესტანტული უნიისა და კათოლიკური ლიგის შექმნას შეუწყო ხელი. ზოგი მთავარი პროტესტანტულ უნიას შეუერთდა, ზოგი კი — ლიგას. ევროპა, ძირითადად კი იმპერია, დენთის კასრს დაემსგავსა. საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი და ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვეოდა. როგორც კი ასეთი ნაპერწკალი გაჩნდა, კონფლიქტმაც იფეთქა, რამაც 30 წელი გასტანა.

ევროპა ცეცხლის ალში ეხვევა

პროტესტანტი მმართველები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ კათოლიკე ჰაბსბურგებზე, რათა თაყვანისცემისთვის მეტი თავისუფლება ჰქონოდათ. მაგრამ კათოლიკეებს არ უნდოდათ დათმობაზე წასვლა, რასაც 1617-1618 წლებში ბოჰემიაში (ჩეხეთი) ორი ლუთერანული ეკლესიის იძულებით დახურვა მოჰყვა. ამან ძალიან აღაშფოთა პროტესტანტი დიდგვაროვნები. ისინი პრაღის ერთ-ერთ სასახლეში შეიჭრნენ, მთავრობის სამი კათოლიკე წარმომადგენელი შეიპყრეს და შენობის ზემო სართულიდან გადმოაგდეს. სწორედ ეს იყო ის ნაპერწკალი, რამაც ევროპა ცეცხლის ალში გაჰხვია.

მოქიშპეები იესო ქრისტეს — ‘მშვიდობის მთავრის’ — მიმდევრებად თვლიდნენ თავს. ახლა კი ისინი მზად იყვნენ, ერთმანეთისთვის ყელი გამოეღადრათ (ესაია 9:6). თეთრი მთის ბრძოლაში კათოლიკურმა ლიგამ სასტიკად დაამარცხა პროტესტანტული უნია, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიშალა. პროტესტანტი დიდგვაროვნები პრაღის ბაზრის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს. მთელ ბოჰემიაში ყველას, ვინც პროტესტანტიზმს არ უარყოფდა, ქონებას ართმევდნენ და კათოლიკეებს უყოფდნენ. წიგნი „1648 წელი — ომი და მშვიდობა ევროპაში“ ამ კონფისკაციას უწოდებს „საკუთრების ერთ-ერთ უდიდეს გადანაწილებას ცენტრალურ ევროპაში“.

ბოჰემიაში დაწყებული რელიგიური კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა. ამ ომში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაბმული იყო დანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და შვედეთი. კათოლიკე და პროტესტანტი მმართველები, რომლებსაც ხშირად სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებდათ, ყველანაირ უკანონო ხერხს მიმართავდნენ პოლიტიკური ბატონობის მოპოვებისა თუ გამორჩენის მიზნით. ოცდაათწლიანი ომი პერიოდებად დაიყო და თითოეულის სახელი იმის მიხედვით განისაზღვრა, თუ რომელმა სახელმწიფომ ითამაშა უდიდესი როლი იმპერატორთან ბრძოლაში. რამდენიმე ნაშრომი შემდეგ ოთხ პერიოდს გამოყოფს: ჩეხურ-პფალცური, დანიური პერიოდი, შვედური პერიოდი და შვედურ-ფრანგული პერიოდი. საომარი მოქმედებების დიდი ნაწილი იმპერიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

იმდროინდელ საბრძოლო იარაღებს შეადგენდა: პისტოლეტები, მუშკეტები, მორტირები და ზარბაზნები. იარაღის მთავარი მომწოდებელი შვედეთი იყო. კათოლიკეები და პროტესტანტები კონფლიქტში ჩაებნენ. ჯარისკაცები ომში მიდიოდნენ ხმამაღალი შეძახილებით — „სანტა მარია“ და „ჩვენთან არს ღმერთი“. ისინი გზად გერმანულ სამთავროებს ძარცვავდნენ და ხალხს ცხოველებივით ეპყრობოდნენ. ომი ბარბაროსობაში გადაიზარდა. როგორ ეწინააღმდეგება ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებას: „ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან“! (მიქა 4:3).

გერმანელთა თაობა ისე იზრდებოდა, რომ ომის მეტს ვერაფერს ხედავდა; ქანცგაწყვეტილ მოსახლეობას მშვიდობა სწყუროდა. ჩანდა, რომ ამის მიღწევა არც ისე რთული იქნებოდა, რომ არა სახელმწიფო მმართველთა პოლიტიკური ინტერესები. ომმა დაკარგა რელიგიური ხასიათი და თანდათანობით პოლიტიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. პარადოქსია, რომ ამას კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსანმა შეუწყო ხელი.

საქმეში კარდინალი რიშელიე ერევა

არმან ჟან დიუ პლესის ოფიციალური წოდება კარდინალი რიშელიე იყო. მას 1624—1642 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც ეკავა. რიშელიემ მიზნად დაისახა, საფრანგეთი ევროპაში უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობდა, ძირი გამოეთხარა ჰაბსბურგების ძალაუფლებისთვის, რომლებიც მასავით კათოლიკეები იყვნენ. როგორ მოქმედებდა ის? რიშელიე ფინანსურად ეხმარებოდა გერმანული სამთავროების, დანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის პროტესტანტულ ჯარებს, რომლებიც ბრძოლას ეწეოდნენ ჰაბსბურგების წინააღმდეგ.

1635 წელს რიშელიემ პირველად გაგზავნა ფრონტზე საფრანგეთის რაზმები. წიგნში „გაუმარჯოს მშვიდობას!“ ნათქვამია, რომ ბოლო ეტაპზე „ოცდაათწლიანი ომი რელიგიურიდან პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“. კონფლიქტი, რომელიც კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვა, იმით დამთავრდა, რომ კათოლიკეებმა პროტესტანტებთან ერთად სხვა კათოლიკეებს დაუწყეს ბრძოლა. კათოლიკური ლიგა, რომელიც 1630-იანი წლების დასაწყისში უკვე საკმაოდ დასუსტებული იყო, 1635 წლისთვის მთლიანად დაიშალა.

ვესტფალიაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება

ძარცვა-გლეჯამ, მკვლელობებმა, გაუპატიურების შემთხვევებმა და ეპიდემიებმა ევროპა ააოხრა. ხალხი ხვდებოდა, რომ ამ ომში გამარჯვებული ვერავინ გამოვიდოდა და უფრო და უფრო უძლიერდებოდათ მშვიდობის წყურვილი. წიგნი „გაუმარჯოს მშვიდობას!“ შენიშნავს: „როგორც იქნა, 1630 წლის ბოლოს მთავრები მიხვდნენ, რომ სამხედრო ძალა მიზნის მიღწევაში მეტად ვერ დაეხმარებოდათ“. მაშ, როგორ შეიძლებოდა სანატრელი მშვიდობის მიღწევა?

საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფერდინანდ III, საფრანგეთის მეფე ლუი XIII და შვედეთის დედოფალი კრისტინა შეთანხმდნენ, გაემართათ მოლაპარაკება, რომელშიც ომში მონაწილე ყველა მხარე მიიღებდა მონაწილეობას, და ემსჯელათ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე. მოლაპარაკების გასამართად გერმანიის ოლქის — ვესტფალიის — ორი ქალაქი, ოსნაბრიუკი და მიუნსტერი, შეარჩიეს. ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთეს, რომ ეს ქალაქები შვედეთისა და საფრანგეთის დედაქალაქებიდან თანაბარი მანძილით იყო დაშორებული. 1643 წლიდან დაწყებული, დაახლოებით 150 დელეგაცია, რომელთა შორის მრავალი მრჩეველი იყო, ამ ორ ქალაქში ჩავიდა. კათოლიკეების დიპლომატიური წარმომადგენლები მიუნსტერში ჩავიდნენ, ხოლო პროტესტანტებისა — ოსნაბრიუკში.

თავდაპირველად დელეგატებმა დიპლომატიური პროტოკოლი შეადგინეს. განსაზღვრეს დამსწრეთა ტიტულები და სტატუსი; გაანაწილეს ადგილები და შეთანხმდნენ, როგორ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები. მხარეები ერთმანეთს შუამავლების მეშვეობით ესაუბრებოდნენ. ამ ხანგრძლივი მოლაპარაკების დაწყებიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა საზავო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულება რამდენიმე დოკუმენტისგან შედგებოდა. ერთი შეთანხმება იმპერატორ ფერდინანდ III-სა და შვედეთს შორის დაიდო ქალაქ ოსნაბრიუკში, ხოლო მეორე — მიუნსტერში, იმპერატორსა და საფრანგეთს შორის.

საზავო ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დიდი ზარ-ზეიმი მოჰყვა. სასიკვდილო ნაპერწკლით დაწყებული ომი ფეიერვერკებით დასრულდა. ფეიერვერკები მრავალი ქალაქის ცას ანათებდა. ეკლესიებში ზარებს რეკდნენ, სალუტებს ისროდნენ, ხალხი ქუჩებში მღეროდა. მოუტანდა ეს ევროპას ხანგრძლივ მშვიდობას?

შესაძლებელია ხანგრძლივი მშვიდობა?

ვესტფალიის ზავის დადებით აღიარეს სახელმწიფო დამოუკიდებლობის პრინციპი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, პატივი ეცათ მხარეთა ტერიტორიული უფლებებისთვის და არ ჩარეულიყვნენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში. ამგვარად, დაიბადა დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან შემდგარი ევროპა. ამ ხელშეკრულებიდან ზოგმა სახელმწიფომ უფრო მეტად ისარგებლა, ვიდრე სხვებმა.

საფრანგეთმა უდიდესი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა. ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ დამოუკიდებლობა მიიღეს. გერმანიის სამთავროებს, რომელთაგან უმეტესობა ომის დროს გაპარტახდა, ხელშეკრულებამ არცთუ სახარბიელო შედეგები მოუტანა. გერმანიის ბედს სხვა სახელმწიფოები წყვეტდნენ. ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: „გერმანელი მთავრების მოგებასა და დანაკარგს გაბატონებული სახელმწიფოები — ავსტრია, საფრანგეთი და შვედეთი — თავიანთ სასარგებლოდ წყვეტდნენ“. ნაცვლად იმისა, რომ ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, გერმანია უფრო დაქუცმაცდა. გერმანიის ტერიტორიის ზოგი ნაწილი უცხოელი მმართველების ხელში გადავიდა, მაგალითად სანაოსნო მდინარეების — რაინის, ელბასა და ოდერის — გარკვეული მონაკვეთები.

კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და კალვინისტებმა თანაბარი უფლებები მოიპოვეს. ცხადია, ეს ყველას არ მოეწონა. პაპი ინოკენტი X სამშვიდობო ხელშეკრულების სასტიკი წინააღმდეგი იყო. ის აცხადებდა, რომ ამ ხელშეკრულებას ძალა არ ჰქონდა და უმოქმედო იყო. მიუხედავად ამისა, იმ დროს დადგენილი რელიგიური საზღვრები სამი საუკუნის განმავლობაში არ დარღვეულა. მართალია, პიროვნების რელიგიურ თავისუფლებამდე ჯერ ბევრი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ამ მხრივ ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

ვესტფალიის ზავით ოცდაათწლიანი ომი და საომარი მოქმედებები ძირითადად დასრულდა. ეს ბოლო დროის ყველაზე დიდი რელიგიური ომი იყო ევროპის ისტორიაში. მართალია, მის შემდეგ ომები კვლავაც მოხდა, მაგრამ ისინი რელიგიური შუღლის გამო კი არ გაჩაღდა, არამედ პოლიტიკურ ან კომერციულ ნიადაგზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებში რელიგიას არავითარი წვლილი არ მიუძღოდა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს ქამრის ბალთაზე ნაცნობი სიტყვები ეწერათ: „ჩვენთან არს ღმერთი“. ამ საშინელ ომებში ერთი მხარის კათოლიკეები და პროტესტანტები კვლავ გაერთიანდნენ მოწინააღმდეგე მხარის კათოლიკეებისა და პროტესტანტების გასანადგურებლად.

ნათელია, რომ ვესტფალიის ზავს არ მოუტანია ხანგრძლივი მშვიდობა. ასეთი მშვიდობა მხოლოდ მორჩილ კაცობრიობას ელის. იეჰოვა ღმერთი მესიანური სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, მალე მარადიულ მშვიდობას მოუტანს კაცობრიობას. იმ სამეფოს მმართველობისას ჭეშმარიტი რელიგია ერთიანობას შეუწყობს ხელს და არა — დაყოფას. აღარავინ იომებს რელიგიური შუღლისა თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო. რამხელა შვება იქნება, როდესაც დედამიწაზე სამეფო იმმართველებს და მშვიდობა დაუსრულებლად იქნება! (ესაია 9:6, 7).

[ჩანართი 21 გვერდზე]

კონფლიქტი, რომელიც კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშვა, იმით დამთავრდა, რომ კათოლიკეებმა პროტესტანტებთან ერთად სხვა კათოლიკეებს დაუწყეს ბრძოლა.

[ჩანართი 22 გვერდზე]

ჯარისკაცები ომში მიდიოდნენ ხმამაღალი შეძახილებით — „სანტა მარია“ და „ჩვენთან არს ღმერთი“.

[სურათი 21 გვერდზე]

კარდინალი რიშელიე

[სურათი 23 გვერდზე]

XVI საუკუნის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ლუთერის, კალვინისა და პაპის შეტაკება.

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

From the book Spamers Illustrierte Weltgeschichte VI

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Religious leaders struggling: From the book Wider die Pfaffenherrschaft; map: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck