არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა მოხდა გამოსვლის 4:24—26-ში აღწერილი შემთხვევისას და ვისი სიცოცხლე იყო საფრთხეში?

მოსე თავის ცოლ-შვილთან — ციფორასთან, გერშომთან და ელეაზართან — ერთად ეგვიპტეში მიდიოდა, როცა ასეთი რამ შეემთხვათ: «იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა. და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის“. და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო“» (გამოსვლა 4:24—26). მართალია, ეს მონაკვეთი ბუნდოვანია და შეუძლებელია მისი ზუსტად ახსნა, მაგრამ საღვთო წერილი გარკვეულწილად მაინც ჰფენს შუქს ამ მუხლებს.

ბიბლიაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, ვისი სიცოცხლე იყო საფრთხეში. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ლოგიკურად დავასკვნათ, რომ საშიშროება მოსეს სიცოცხლეს არ ემუქრებოდა, რადგან მას ახალი მიღებული ჰქონდა დავალება, ისრაელები ეგვიპტიდან გამოეყვანა (გამოსვლა 3:10). ღვთის ანგელოზი საფრთხეში არ ჩააგდებდა მოსეს სიცოცხლეს მაშინ, როცა ის ამ დავალების შესასრულებლად მიდიოდა. ასე რომ, საფრთხეში მისი ერთ-ერთი ვაჟის სიცოცხლე უნდა ყოფილიყო. ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე ღმერთმა აბრაამს უთხრა: „წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც არ დაიცვეთს თავის ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება ის სული თავისი ხალხისაგან, ვინაიდან დაარღვია ჩემი აღთქმა“ (დაბადება 17:14). მოსეს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა შვილის წინადაცვეთა და ამიტომაც მისი ვაჟის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა იეჰოვას ანგელოზმა.

ვის ფერხთით დადო ციფორამ ჩუჩა, როცა მდგომარეობის გამოსასწორებლად წინადაცვითა შვილი? წინადაუცვეთელი ვაჟის მოკვლის ძალა იეჰოვას ანგელოზს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ციფორამ ანგელოზს დაუდო ჩუჩა ფერხთით იმის დასადასტურებლად, რომ იეჰოვას შეთანხმებას დაემორჩილა.

ციფორას სიტყვები „სისხლის სიძე ხარ ჩემთვის“ ნამდვილად უცნაურია. რას გვეუბნება ეს ფრაზა ციფორაზე? წინადაცვეთასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებით, ციფორამ იეჰოვასთან დადებული შეთანხმება აღიარა. მოგვიანებით ღვთის მიერ ისრაელებთან რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ დამყარებულ ურთიერთობაში იეჰოვა, ასე ვთქვათ, ქმრის როლს ასრულებდა, მეორე მხარე კი — ცოლისას (ესაია 54:1, 5). აქედან გამომდინარე, ციფორამ შეთანხმებისადმი მორჩილება გამოხატა, როცა იეჰოვას (ანგელოზის მეშვეობით) მიმართა და „სისხლის სიძე“ უწოდა. ამით მან, ასე ვთქვათ, თანხმობა განაცხადა ცოლის მდგომარეობაზე წინადაცვეთასთან დაკავშირებული შეთანხმებით დამყარებულ ურთიერთობაში, რომელშიც იეჰოვა ქმრის როლს ასრულებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ღვთის მოთხოვნისადმი მორჩილების ნიშნად ციფორას მიერ მიღებული ზომების გამო, მისი ვაჟის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დამუქრებია.