არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოსვლა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოსვლა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოსვლა“

ეს არის ნამდვილი ისტორია იმ ხალხის გათავისუფლების შესახებ, რომელთაც ‘უწყალოდ ამუშავებდნენ’ (გამოსვლა 1:13). ის აგრეთვე ამაღელვებლად მოგვითხრობს, როგორ დაიბადა ერთი ერი. სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ყურადღებას იპყრობს გამაოგნებელი სასწაულები, საუცხოო კანონმდებლობა და კარვის გაკეთება. აი, რის შესახებ მოგვითხრობს, ძირითადად, წიგნი „გამოსვლა“.

ებრაელი წინასწარმეტყველის, მოსეს, მიერ დაწერილი ეს წიგნი ებრაელი ერის ისტორიას გადმოგვცემს. მასში აღწერილია ძვ. წ. 1657 წელს იოსების სიკვდილიდან ძვ. წ. 1512 წელს კარვის გაკეთების დასრულებამდე, ანუ 145 წლის განმავლობაში, მომხდარი მოვლენები. მაგრამ ის მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით როდია საინტერესო. წიგნი „გამოსვლა“ ღვთის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული ცნობის ნაწილია. იგი ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელთა 4:12). ამიტომ, ეს წიგნი ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„ისმინა ღმერთმა მათი კვნესა“

(გამოსვლა 1:1—4:31).

ეგვიპტეში იაკობის შთამომავლები ძალიან მალე იმდენად მრავალრიცხოვანნი ხდებიან, რომ სამეფო ბრძანების თანახმად, ისინი მონები უნდა გახდნენ. ფარაონი ახალშობილი ისრაელი ბიჭების დახოცვის ბრძანებასაც კი გამოსცემს. სამი თვის ჩვილი მოსე, რომელიც ფარაონის ქალიშვილს შვილად აჰყავს, ამ სასტიკი ბრძანების მსხვერპლი არ ხდება და ცოცხალი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახში იზრდება, 40 წლის ასაკში მოსე თავის ხალხს ექომაგება და ეგვიპტელს კლავს (საქმეები 7:23, 24). ამის გამო იძულებულია გაიქცეს და მიდიანს აფარებს თავს. იქ ცოლს ირთავს და ცხოვრობს როგორც ერთ-ერთი მწყემსი. ერთხელაც, სასწაულებრივად აალებულ მაყვლოვანთან მოსეს იეჰოვა ეცხადება და ეუბნება, რომ დაბრუნდეს ეგვიპტეში და ისრაელები მონობის ქვეყნიდან გაიყვანოს. აარონი კი იმისათვის ინიშნება, რომ მოსეს მაგივრად ილაპარაკოს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3:1. რა სახის მღვდელი იყო ითრო? პატრიარქალურ დროში ოჯახისთავი თავისი ოჯახის მღვდლად მსახურობდა. როგორც ჩანს, ითრო მიდიანელთა შტოს პატრიარქი იყო. მიდიანი აბრაამისა და კეტურას შვილი იყო; ასე რომ, მიდიანელები აბრაამის შთამომავლები იყვნენ და მათთვის, ალბათ, უცხო არ იყო იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა (დაბადება 25:1, 2).

4:11. რა გაგებით ბადებს იეჰოვა ‘მუნჯს, ყრუს ან ბრმას’? ცალკეულ შემთხვევებში იეჰოვას დაუბრმავებია და დაუმუნჯებია გარკვეული პიროვნებები, მაგრამ ის არ არის ნებისმიერი ასეთი დეფექტის მიზეზი (დაბადება 19:11; ლუკა 1:20—22, 62—64). ამის მიზეზია მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა (იობი 14:4; რომაელთა 5:12). მაგრამ, რადგანაც ღმერთმა დაუშვა ასეთი მდგომარეობა, მას შეეძლო საკუთარ თავზე ეთქვა, რომ ის „ბადებს“ მუნჯს, ყრუს და ბრმას.

4:16. როგორ უნდა ყოფილიყო მოსე აარონისთვის „ღმერთი“? მოსე ღვთის წარმომადგენელი იყო. ამიტომ ის აარონისთვის, რომელიც მისი სიტყვის გადამცემად დაინიშნა, გახდა „როგორც ღმერთი“ (აქ).

რას ვსწავლობთ:

1:7, 14. იეჰოვა მხარში ედგა თავის ხალხს, როდესაც მათ ეგვიპტელები ჩაგრავდნენ. ის მსგავსადვე უჭერს მხარს თანამედროვე მოწმეებსაც, მაშინაც კი, როდესაც ისინი საშინელ დევნას განიცდიან.

1:17—21. იეჰოვას ვახსოვართ ჩვენდა „სასიკეთოდ“ (ნეემია 13:31).

3:7—10. იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს თავისი ხალხის ღაღადს.

3:14. იეჰოვა თავისი განზრახვების ერთგულია. ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის რეალობად გვიქცევს ბიბლიაზე დაფუძნებულ იმედს.

4:10, 13. მოსე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ნორმალურად ლაპარაკს ვერ შეძლებდა; ამიტომ ღვთის მიერ მხარდაჭერის დაპირების შემდეგაც კი, ღმერთს სთხოვდა, სხვა ვინმე გაეგზავნა ფარაონთან სალაპარაკოდ. მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ შეუცვლია მოსესთვის დანიშნულება და დაკისრებული დავალების შესასრულებლად საჭირო სიბრძნე და ძალა მისცა. ასე რომ, ჩვენს უუნარობაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, მოდი იეჰოვას მივენდოთ და ქადაგებითა თუ ხალხისთვის ღვთის სიტყვის სწავლებით ერთგულად შევასრულოთ ჩვენი დავალება (მათე 24:14; 28:19, 20).

გამაოგნებელი სასწაულები და გათავისუფლება

(გამოსვლა 5:1—15:21).

მოსე და აარონი ფარაონთან მიდიან და სთხოვენ, ისრაელებს უდაბნოში წასვლის ნება მისცეს, რათა იეჰოვას დღესასწაული გაუმართონ. ეგვიპტის მმართველი მათ მტკიცე უარით ისტუმრებს. იეჰოვა მოსეს მეშვეობით ერთიმეორეზე მიყოლებით ძლიერ დარტყმებს აყენებს ეგვიპტეს. მხოლოდ მეათე სასჯელის შემდეგ აძლევს ფარაონი ისრაელებს წასვლის ნებას. მაგრამ ის და მისი ჯარისკაცები სასწრაფოდ ედევნებიან მათ. იეჰოვა წითელ ზღვაში გასასვლელ „დერეფანს“ აკეთებს, რომლის დახმარებითაც მისი ხალხი სამშვიდობოზე გადის. გამოდევნებული ეგვიპტელები ფეხდაფეხ მიჰყვებიან ისრაელებს და ზღვაში შედიან, მაგრამ „დერეფანი“ იხურება და მთელი ჯარი ზღვის წყლით იფარება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

6:3. რა გაგებით არ გასცნობია ღმერთი თავისი სახელით აბრაამს, ისაკსა და იაკობს? ეს პატრიარქები იყენებდნენ ღვთის სახელს და იეჰოვასგან აღთქმებს იღებდნენ. მაგრამ მათ არ იცოდნენ ან იმის მოწმენი არ ყოფილან, თუ როგორ იხდიდა იეჰოვა საკუთარ თავს თავისი აღთქმების შემსრულებლად (დაბადება 12:1, 2; 15:7, 13—16; 26:24; 28:10—15).

7:1. რა გაგებით იყო მოსე ‘ფარაონისთვის ღმერთად’ დაყენებული? ფარაონთან მიმართებაში გამოსაყენებლად ღმერთმა მოსეს ძალა და უფლებამოსილება მისცა. ამიტომ მას არ უნდა შეშინებოდა ამ მეფის.

7:22. საიდან აიღეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა წყალი, რომელიც სისხლად არ იყო ქცეული? მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ წყალი, რომელიც ნილოსიდან მის სისხლად ქცევამდე იყო აღებული. აგრეთვე, სასმელად ვარგისი წყლის პოვნა შეეძლოთ მდინარე ნილოსის გაყოლებაზე ნესტიან ნიადაგში ჭების ამოთხრის შედეგად (გამოსვლა 7:24).

8:26, 27. რატომ თქვა მოსემ, რომ ისრაელთა მსხვერპლი ‘სისაძაგლე იყო ეგვიპტელთათვის’? ეგვიპტეში მრავალ ცხოველს სცემდნენ თაყვანს. ასე რომ, მოსეს მიერ მსხვერპლშეწირვის მოხსენიებამ ძალა და დამაჯერებლობა შესძინა მოსეს დაჟინებულ მოთხოვნას, გაეშვათ ისრაელები იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირად.

12:29. ვინ ითვლებოდა პირმშოდ? პირმშოებად მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ითვლებოდნენ (რიცხვნი 3:40—51). თავად ფარაონი პირმშო იყო, მაგრამ იმ ღამეს ის არ მომკვდარა. მას უკვე საკუთარი ოჯახი ჰქონდა. ამიტომ მეათე სასჯელის შედეგად ოჯახში მოკვდა არა ოჯახისთავი, არამედ პირმშო.

12:40. რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ისრაელები ეგვიპტეში? აქ მოხსენიებულ 430 წელში შედის ის დროც, რომელიც ისრაელის ძეებმა „ეგვიპტესა და ქანაანში“ გაატარეს (იხილეთ „ბიბლია სქოლიოებით“; სქოლიო, ინგლ.). 75 წლის აბრაამმა, რომელიც ქანაანში მიდიოდა, მდინარე ევფრატი ძვ. წ. 1943 წელს გადაკვეთა (დაბადება 12:4). 1943 წლიდან იმ დრომდე, როდესაც 130 წლის იაკობი ეგვიპტეში წავიდა, 215 წელია (დაბადება 21:5; 25:26; 47:9). აქედან გამომდინარე, ისრაელებმა ეგვიპტეშიც ამდენივე, 215 წელი, გაატარეს.

15:8. იყო თუ არა წითელი ზღვის ‘გამყარებული’ წყლები გაყინული? ებრაული ზმნა, რომელიც ითარგმნა როგორც „გამყარდა“, ნიშნავს „შეკუმშვას“ ან „შესქელებას“. იობის 10:10-ში ეს გამოთქმა რძის შედედებასთან დაკავშირებით არის გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ‘გამყარებული’ წყლები მხოლოდ გაყინულ წყლებზე, ყინულზე, არ მიგვანიშნებს. გამოსვლის 14:21-ში მოხსენიებული „აღმოსავლეთის ძლიერი ქარი“ იმდენად ცივი რომ ყოფილიყო, რომ ზღვის წყალი გაეყინა, ბიბლიაში ამა თუ იმ სახით აღნიშნული იქნებოდა ამის შესახებ. რადგან წყლებს არაფერი ხილული არ აკავებდა, მას „გამყარებულის“, „გამაგრებულის“ ან „შესქელებულის“ შესახედაობა ჰქონდა.

რას ვსწავლობთ:

7:14—12:30. ათი სასჯელი შემთხვევით მომხდარი მოვლენები არ ყოფილა. ისინი ნაწინასწარმეტყველები იყო და ზუსტად შესრულდა. რა თვალნათლივ ცხადყოფს ეს შემთხვევა, რომ შემოქმედს შეუძლია თავისი ნებისამებრ იმოქმედოს წყალზე, მზის სინათლეზე, მწერებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე! ათი სასჯელიდან ისიც ჩანს, რომ ღმერთს შეუძლია შერჩევით იმოქმედოს და უბედურება დაატეხოს მტრებს, თავისი თაყვანისმცემლები კი დაიცვას.

11:2; 12:36. იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს. როგორც ჩანს, მან იზრუნა, რომ ისრაელებს ეგვიპტეში თავიანთი შრომის საზღაური მიეღოთ. ისინი ეგვიპტეში თავისუფალ ხალხად შევიდნენ და არა — ტყვეებად, რომლებსაც შემდეგ იმონებენ.

14:30. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ‘დიდი გასაჭირისას’ იხსნის თავის თაყვანისმცემლებს (მათე 24:20—22; გამოცხადება 7:9, 14).

იეჰოვა აყალიბებს თეოკრატიულ ერს

(გამოსვლა 15:22—40:38).

ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეა. ისრაელები სინაის მთის ძირში არიან დაბანაკებულნი. აქ იღებენ ათ მცნებასა და რჯულის დანარჩენ კანონებს; შეთანხმებას დებენ იეჰოვასთან, რის შემდეგაც ისრაელი თეოკრატიული ერი ხდება. მოსე 40 დღე რჩება მთაზე — იღებს მითითებებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან და იეჰოვას კარვის (ხელით სატარებელი ტაძრის) გაკეთებასთან დაკავშირებით. ამასობაში ისრაელები ოქროს ხბოს აკეთებენ და თაყვანს სცემენ მას. მოსე ჩამოდის მთიდან; ხედავს, რას აკეთებენ ისრაელები და იმდენად რისხდება, რომ ღვთისგან მიცემულ ქვის ფიქლებს ამსხვრევს. მას შემდეგ, რაც დამნაშავენი სათანადოდ ისჯებიან, ის კვლავ ადის მთაზე და ახალ ფიქლებს იღებს. მოსე უკან ბრუნდება და კარვის მშენებლობაც იწყება. ისრაელების გათავისუფლების პირველი წლის ბოლოს ამ სასწაულებრივი კარვისა და მისი მთელი მოწყობილობის დამზადება მთავრდება, რის შემდეგაც კარავი იეჰოვას დიდებით ივსება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

20:5. რა გაგებით სჯის იეჰოვა მომდევნო თაობებს „მამათა ცოდვის“ გამო? სრულწლოვანების ასაკს მიღწევის შემდეგ, თითოეული პიროვნება თავისი საქციელისა და ამა თუ იმ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულების მიხედვით განისჯება. მაგრამ, როდესაც ისრაელმა ერმა კერპთაყვანისმცემლობა დაიწყო, ამის შედეგებს თაობები იმკიდნენ. ეს ფაქტორი ერთგულ ისრაელებზეც კი მოქმედებდა, რადგან ერის მიერ ჩადენილი რელიგიური დარღვევები მათაც ურთულებდა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას.

23:19; 34:26. რა მნიშვნელობა ჰქონდა ბრძანებას იმასთან დაკავშირებით, რომ თიკანი დედის რძეში არ მოეხარშათ? არსებობს აზრი, რომ თიკნის (ან სხვა რომელიმე ახალმოგებული ცხოველის) დედის რძეში მოხარშვა წარმართული რიტუალი იყო და მას იმ მიზნით მიმართავდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. გარდა ამისა, დედის რძე ახალმოგებული ცხოველის საკვებია და ამიტომ სისასტიკე იქნებოდა ამ რძეში ცხოველის მოხარშვა. ღვთის ეს კანონი ხალხს თანაგრძნობის გამოვლენის აუცილებლობის დანახვაში ეხმარებოდა.

23:20—23. ვინ იყო აქ მოხსენიებული ანგელოზი და როგორ იყო ‘მასში’ იეჰოვას სახელი? როგორც ჩანს, ეს ანგელოზი იყო იესო (განკაცებამდე). ის ღმერთმა იმისათვის გამოიყენა, რომ აღთქმული მიწისკენ გასძღოლოდა ისრაელებს (1 კორინთელთა 10:1—4). იესოში იეჰოვას სახელი იმ გაგებით არის, რომ ის არის მთავარი პიროვნება, ვინც მონაწილეობს თავისი მამის სახელის მხარდაჭერასა და განწმენდაში.

32:1—8, 25—35. რატომ არ დაისაჯა აარონი ოქროს ხბოს ჩამოსხმისთვის? აარონი არ იყო გულით კერპთაყვანისმცემლობის მომხრე. როგორც ჩანს, მოგვიანებით ის ლევიანების მხარეს დადგა, რომლებიც ღმერთს უჭერდნენ მხარს და მოსეს მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდა. დამნაშავეების დახოცვის შემდეგ, მოსემ ხალხს შეახსენა, რომ მათ ძალიან შესცოდეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აარონის გარდა სხვების მიმართაც გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება.

33:11, 20. როგორ ელაპარაკა ღმერთი მოსეს „პირისპირ“? ეს სიტყვა მიუთითებს ვინმესთან ახლო ურთიერთობასა და საუბარზე. მოსე ღვთის წარმომადგენელთან საუბრობდა და მისი მეშვეობით მიიღო იეჰოვასგან სიტყვიერი დარიგება. მაგრამ მოსეს არ უნახავს იეჰოვა, რადგან ‘არ ძალუძს ადამიანს იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს’. სინამდვილეში, იეჰოვა პირადად არ დალაპარაკებია მოსეს. რჯული „გადაეცა . . . ანგელოზთა მეშვეობით, შუამავლის ხელით“, — ნათქვამია გალატელთა 3:19-ში.

რას ვსწავლობთ:

15:25; 16:12. იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე.

18:21. ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცები უნარიანნი, ღვთისმოშიშნი, პატიოსანნი და ანგარების მოძულენი უნდა იყვნენ.

20:1—23:33. იეჰოვა უზენაესი კანონმდებელია. მისი კანონებისადმი მორჩილების გამოვლენა ისრაელებს იეჰოვასადმი მოწესრიგებულად და სიხარულით თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა. იეჰოვას აქვს თეოკრატიული ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიყოლა ჩვენს ბედნიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება.

ნამდვილი მნიშვნელობა ჩვენთვის

რა ინფორმაციას გვაწვდის წიგნი „გამოსვლა“ იეჰოვას შესახებ? ის ღმერთს მოსიყვარულე მზრუნველ მამად, შეუდარებელ მხსნელად და თავისი განზრახვის შემსრულებლად წარმოგვიდგენს. ამ წიგნიდან ვხედავთ, რომ ის თეოკრატიული ორგანიზაციის ღმერთია.

თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის მომზადებისას, როდესაც — ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამის შესაბამისად — „გამოსვლას“ წაიკითხავთ, თქვენზე აუცილებლად იმოქმედებს ის, რასაც ამ წიგნიდან გაიგებთ. ნაწილის „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ დახმარებით უფრო ღრმად ჩასწვდებით ზოგიერთი ბიბლიური მუხლის აზრს. „რას ვსწავლობთ“ კი დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიის ყოველკვირეული კითხვით.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

იეჰოვამ თვინიერ მოსეს დაავალა ისრაელების გამოყვანა მონობის ქვეყნიდან.

[სურათი 25 გვერდზე]

ათი სასჯელით გამოჩნდა, რომ შემოქმედს შეუძლია თავისი ნებისამებრ იმოქმედოს წყლებზე, მზის სინათლეზე, მწერებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე.

[სურათი 26, 27 გვერდებზე]

მოსეს მეშვეობით იეჰოვამ ისრაელები თეოკრატიულ ერად აქცია.