ღირსსახსოვარი დღე რომელსაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვს
ღირსსახსოვარი დღე რომელსაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვს
დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ქრისტემ დააწესა ღვთისთვის დიდების მომტანი ღირსსახსოვარი დღე. მან მხოლოდ ამ ერთადერთი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა დაავალა თავის მოწაფეებს. ამ დღეს ეწოდება უფლის გახსენების საღამო. ის საიდუმლო სერობადაც არის ცნობილი.
წარმოიდგინეთ, რომ იმ მოვლენების უჩინარი თვითმხილველი ხართ, რომლებიც ამ საღამოს დაწყებამდე ხდება. იესო და მისი მოციქულები ერთად იკრიბებიან იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი სახლის ზემო ოთახში ებრაელთა დღესასწაულის, პასექის, აღსანიშნავად. ისინი ამთავრებენ ტრადიციულ საპასექო ვახშამს, რომელიც შედგება შემწვარი ცხვრის ხორცისგან, მწარე ბალახებისგან, უფუარი პურისა და წითელი ღვინისაგან. მოღალატე მოციქული, იუდა ისკარიოტელი, დგება და მიდის; ის მალე გასცემს თავის მოძღვარს (მათე 26:17—25; იოანე 13:21, 26—30). იესო მარტო რჩება 11 ერთგულ მოციქულთან, რომელთა შორის მათეც იმყოფება.
ამ მოვლენის თვითმხილველი მათე მოგვითხრობს, თუ როგორ აწესებს იესო უფლის გახსენების საღამოს. ის გვიყვება: «იესომ აიღო [უფუარი] პური, აკურთხა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“. აიღო [ღვინით სავსე] სასმისი, მადლობა აღავლინა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად“» (მათე 26:26—28, აქ).
რატომ დააწესა იესომ უფლის გახსენების საღამო? რატომ გამოიყენა მან ამისათვის უფუარი პური და წითელი ღვინო? ქრისტეს ყველა მიმდევარმა უნდა მიიღოს ეს სიმბოლოები? რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს ეს საღამო? და ნამდვილად აქვს თუ არა ამ საღამოს თქვენთვის მნიშვნელობა?