არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ძლიერი ხარ მთებზე მეტად’

‘ძლიერი ხარ მთებზე მეტად’

იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება

‘ძლიერი ხარ მთებზე მეტად’

მთა ფუძიამას მწვერვალზე ამომავალი მზის ნახვა დაუვიწყარი სანახაობაა. ჰორიზონტზე ამოწვერილი მზის ალისფრად მოელვარე სხივები ამ ვულკანური მთის თეთრი თოვლით დაფარულ მწვერვალსა და ნაცრისფრად შეფერილ კალთებს ბრწყინვალებას სძენს. ახალი დღის განთიადზე მთის მკვეთრი ჩრდილი სწრაფად ეშვება ქვევით და გორაკებსა და ველ-მინდვრებს რამდენიმე კილომეტრზე ეფინება.

მთა ფუძიამას მსგავსი დიდებული მთები არასდროს გვტოვებენ გულგრილს. ერთ დროს ამ მთის ძველი იეროგლიფებით გამოსახული სახელწოდება ნიშნავდა „ბადალი არ მოეძებნება“. ამ გიგანტური მთის შემხედვარეებს მოწიწების გრძნობა გვეუფლება. მთების დიდებულებით აღტაცებულ ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ ხშირად ბურუსითა და ღრუბლებით დაფარული ყველაზე მაღალი მწვერვალები ღვთაებების სავანე იყო.

მთები მხოლოდ ერთადერთ ღმერთს — დახელოვნებულ შემოქმედს, იეჰოვას — ასხამენ ხოტბას. მხოლოდ ის არის „მთათა გამომსახველი“ (ამოსი 4:13). მთებს თითქმის დედამიწის მეოთხედი უჭირავს; ჩვენი პლანეტის შექმნისას ღმერთმა ისეთი ბუნებრივი ძალები აამოქმედა, რომ მათი საშუალებით შთამბეჭდავი მთათა მწვერვალები და მთაგრეხილები წამოიჭიმა (ფსალმუნები 94:4). მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ჰიმალაისა და ანდების მთათა სისტემები მძლავრი მიწისქვეშა ბიძგებისა და დედამიწის წიაღში ქანთა მასების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნა.

ადამიანებს ბოლომდე არ ესმით, თუ როგორ და რატომ წარმოიქმნა მთები. ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვებს, რომლებიც ღმერთმა მართალ იობს დაუსვა: „შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? . . რაზე დგას მისი საძირკველი?“ (იობი 38:4—6).

ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ ადამიანთა სიცოცხლე მთებზეა დამოკიდებული. მათ ბუნებრივ წყალსაწნევ კოშკებს უწოდებენ, რადგან ყველა დიდი მდინარე მთების წყაროებისგან იკვებება და დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მთის წყლებზეა დამოკიდებული (ფსალმუნები 103:13). ჟურნალ „ნიუ საიენტისტის“ თანახმად, „საჭმელად ვარგისი 20 მცენარიდან 6 თავდაპირველად მთებში იზრდებოდა“. ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პირობები იარსებებს, „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს“ (ფსალმუნები 71:16, სსგ; 2 პეტრე 3:13).

ბევრს მთების ხსენებაზე ევროპის ალპები ახსენდება. ამ მთათა სისტემის მწვერვალები და, მათ შორის, სურათზე ნაჩვენები მთა ჩივეტა აღმაფრთოვანებლად მოწმობს შემოქმედზე (ფსალმუნები 97:8). ისინი განადიდებენ იეჰოვას, „რომელმაც განამზადა მთები თავისი ძალით (ფსალმუნები 64:7) *.

დიდებული ალპები — ყინულით დაფარული მწვერვალებითა და ქედებით, თოვლში გახვეული ფერდობებით, გარშემო მდებარე ველ-მინდვრებითა და ტბებით — შიშნარევ მოწიწებას გვინერგავს. მეფე დავითი იეჰოვაზე ამბობდა, რომ ის „აღმოაცენებს მთებში ბალახს“ (ფსალმუნები 146:8).

ისეთი მთაგრეხილები, როგორიცაა ჩინეთში მდებარე გუილინი, ალპებთან შედარებით შეიძლება ნაკლებად შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ თავისებური, განუმეორებელი სილამაზით გამოირჩევა. ეს მთები გადაჭიმულია მდინარე ლის მთელ გაყოლებაზე; კირქვიანი ქედების ამოშვერილი მწვერვალები მნახველებს თავიანთი სილამაზით ხიბლავს. შეიძლება მას, ვინც აკვირდება კამკამა მდინარის წყლებს, რომელიც ბურუსით დაფარულ მთებს შორის მოედინება, გაახსენდეს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ“ (ფსალმუნები 103:10).

მთები აღტაცებას იწვევს ჩვენში და ეს ბუნებრივიცაა; ისინი ხომ იმ დიდებული შემოქმედების ნაწილია, რომელიც მოსიყვარულე ღმერთმა ადამიანთა საკეთილდღეოდ და დასატკბობად შექმნა. მთები შეიძლება მოწიწებას გვინერგავდეს, მაგრამ ვერ გაუტოლდებიან იეჰოვას სიდიადეს. ის მართლაც რომ ‘მთებზე მეტად ბრწყინვალე და ძლიერია’ (ფსალმუნები 75:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 იხილეთ იეჰოვას მოწმეთა 2004 წლის კალენდარი, (მარტი/აპრილი).

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

მსოფლიოს მოსახლეობის ათი პროცენტი მთიან რეგიონში ცხოვრობს. მაგრამ ეს სირთულეს არ წარმოადგენს მათთვის, ვინც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას აცხადებს. ქრისტიანი მსახურები გულმოდგინედ ქადაგებენ ბევრ მაღალმთიან რაიონში. და „რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარობლისა, ხსნის მაუწყებლისა“ (ესაია 52:7).

„მთანი მაღალნი — ქურციკისათვის“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 103:18). ისეთი გარეული თხები, როგორიცაა საუცხოო რქებით დამშვენებული ნუბიური ნიამორი, მთის ბინადართა შორის ყველაზე ძლიერი და მარდი ცხოველები არიან. ისინი თამამად დააბიჯებენ მთის ფერდობებზე, რომელთა კლდოვანი შვერილები იმდენად ვიწროა, რომ მათზე გავლა თითქმის შეუძლებელია. ნუბიური ნიამორი კარგად არის აღჭურვილი მიუდგომელ კლდოვან ადგილებში საცხოვრებლად. ნაწილობრივ ამას განაპირობებს მისი ჩლიქების აგებულებაც. ნუბიური ნიამორის ორად გაყოფილი ჩლიქი ვიწრო კლდოვან ფერდობებზე დგომისას თუ სიარულისას განზე გადის, რაც ცხოველს წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ნიამორი მართლაც შემოქმედების შედევრია!

[სურათი 9 გვერდზე]

მთა ფუძიამა (ჰონსიუ, იაპონია).