მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ არის 1 კორინთელთა 10:8-ში ნათქვამი, რომ მეძაობისთვის ერთ დღეს 23 000 ისრაელი დაეცა, მაშინ როდესაც რიცხვნის 25:9-ში 24 000-ია მოხსენიებული?
ამ ორ მუხლში მოცემულ რიცხვებს შორის განსხვავებას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი და უმარტივესი ახსნა ის არის, რომ ნამდვილი რაოდენობა 23 000-სა და 24 000-ს შორის მერყეობს, რაც რიცხვის დამრგვალების საშუალებას იძლევა; შედეგად, მიღებული რიცხვი ნაკლები ან მეტი იქნება.
ვნახოთ სხვა ახსნაც. შიტიმში ისრაელების თავს გადამხდარი ეს შემთხვევა მოციქულ პავლეს ძველ ქალაქ კორინთში მცხოვრები ქრისტიანებისთვის გამაფრთხილებელ მაგალითად მოჰყავს, ვინაიდან ამ ქალაქის მცხოვრებნი თავაშვებული ცხოვრების წესით იყვნენ ცნობილნი. ის წერდა: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა“. პავლეს სიტყვების თანახმად, იეჰოვას მიერ მეძაობისთვის განადგურებულთა რაოდენობა 23 000 იყო (1 კორინთელთა 10:8).
რიცხვნის 25-ე თავში ნათქვამია, რომ „მიეტმასნა ისრაელი ბაყალ-ფეღორს, და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე“. მაშინ იეჰოვამ მოსეს უბრძანა, რომ სიკვდილით დაესაჯა „ყოველი მთავარი ხალხისა“. მოსემ კი მსაჯულებს დაავალა ამ ბრძანების შესრულება. ბოლოს, ფინხასმა დაუყოვნებლივ განგმირა ერთი ისრაელი, რომელმაც მიდიანელი ქალი კარავში შეიყვანა და „შეწყდა მუსვრა“. თხრობა ასე მთავრდება: „გაწყდა მუსვრის დროს ოცდაოთხი ათასი კაცი“ (რიცხვნი 25:1—9).
„რიცხვნში“ მოცემულ რაოდენობაში, როგორც ჩანს, უშუალოდ იეჰოვას მიერ დახოცილთა გარდა, შედიოდა ‘ხალხის მთავრები’, რომლებიც მსაჯულებმა დახოცეს. შესაძლებელია, მსაჯულთა მიერ დახოცილ მთავართა რაოდენობა ათასამდე იყო და საერთო ჯამში დახოცილთა რაოდენობამ 24 000 შეადგინა. ეს მთავრები შეიძლება მეძაობდნენ ან ღრეობებში იღებდნენ მონაწილეობას, ანდა ხალხს არ უშლიდნენ ამის გაკეთებას. ამიტომ დამნაშავენი იყვნენ იმაში, რომ „მიეტმასნა ისრაელი ბაყალ-ფეღორს“.
ერთი ბიბლიური ნაშრომი სიტყვა „მიეტმასნენ“-თან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის შეიძლება ნიშნავდეს: „საკუთარი თავის ვიღაცაზე მიბმას“. ისრაელი იეჰოვასთვის მიძღვნილი ერი იყო, მაგრამ როდესაც ‘ბაყალ-ფეღორს მიეტმასნენ’, მათ შეწყვიტეს ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც თავიანთი მიძღვნის თანახმად უნდა ჰქონოდათ. დაახლოებით 700 წლის შემდეგ წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით იეჰოვამ ისრაელების შესახებ თქვა: „ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ“ (ოსია 9:10). ყველა ამგვარად მოქმედი ღვთისგან სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა. ასე რომ, მოსემ ისრაელთა ძეებს შეახსენა: „თქვენმა თვალებმა იხილეს, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: რადგან ყველა კაცი, რომელიც მიჰყვა ბაყალ-ფეღორს, მოსრა უფალმა, შენმა ღმერთმა, შენგან“ (მეორე რჯული 4:3).