არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხეცისა და მისი ნიშნის ამოცნობა

მხეცისა და მისი ნიშნის ამოცნობა

მხეცისა და მისი ნიშნის ამოცნობა

გიყვართ იმის გარკვევა თუ ამოხსნა, რაც საიდუმლოებითაა მოცული? საიდუმლოს ამოსახსნელად, ცხადია, რაღაც ხელმოსაჭიდია საჭირო. ღმერთი თავის სიტყვაში, რომელიც სულიწმიდით დაიწერა, სწორედ ასეთ ხელმოსაჭიდ ინფორმაციას გვაწვდის „გამოცხადების“ მე-13 თავში მოხსენიებული მხეცის სახელთან ანუ ნიშანთან, 666-თან, დაკავშირებით.

ამ სტატიაში ოთხი სხვადასხვა მიმართულებით ვიმსჯელებთ, რაც მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდ ინფორმაციას მოგვცემს მხეცის ნიშნის ამოსაცნობად. განვიხილოთ 1) როგორ იყო შერჩეული ზოგიერთი ბიბლიური სახელი; 2) რა იგულისხმება მხეცში; 3) რა არის ნაგულისხმები სიტყვებში, რომ 666 ‘ადამიანის რიცხვია’; 4) რა მნიშვნელობა აქვს ციფრ 6-ს და რატომ მეორდება ის სამჯერ (600 პლუს 60 პლუს 6, ანუ 666) (გამოცხადება 13:18).

ბიბლიური სახელები — არა მხოლოდ ეტიკეტები

ბიბლიურ სახელებში ხშირად დიდი მნიშვნელობაა ჩადებული, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელები ღვთის მიერ იყო დარქმეული. მაგალითად, აბრამი მრავალი ხალხის მამა უნდა გამხდარიყო, რის გამოც ღმერთმა მას სახელი შეუცვალა და აბრაამი, „მრავალთა მამა“, უწოდა (დაბადება 17:5). იოსებსა და მარიამს ღმერთმა უთხრა, რომ ბავშვისთვის, რომელიც მარიამს შეეძინებოდა, დაერქმიათ იესო, რაც განიმარტება როგორც „იეჰოვაა ხსნა“ (მათე 1:21; ლუკა 1:31). ამ მნიშვნელობის შესაბამისად, იესოს მსახურებისა და მსხვერპლად შეწირვის საშუალებით, იეჰოვამ ჩვენი ხსნა გახადა შესაძლებელი (იოანე 3:16).

ამგვარად, ღვთის მიერ დარქმეული რიცხვ-სახელი 666 იმის სიმბოლო უნდა იყოს, რასაც ღმერთი მხეცის დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევს. ამიტომაც ამ ნიშნების უკეთ შესამჩნევად საჭიროა, ამოვიცნოთ თვითონ მხეცი და მეტი გავიგოთ მისი მოქმედების შესახებ.

მხეცი გამოვლენილია

ბიბლიის წიგნი „დანიელი“ ნათელს ჰფენს, თუ რა არის წარმოდგენილი სიმბოლური მხეცებით. მე–7 თავში შთამბეჭდავადაა აღწერილი „ოთხი . . . ვეება მხეცი“ — ლომი, დათვი, ავაზა და რკინის ვეება კბილებიანი საზარელი ცხოველი (დანიელი 7:2—7). დანიელი ამბობს, რომ ამ მხეცებით წარმოდგენილია „მეფეები“ ანუ პოლიტიკური მმართველობები, რომლებიც თანამიმდევრულად ძლიერდებიან და უზარმაზარ იმპერიებს ქმნიან (დანიელი 7:17, 23).

გამოცხადების 13:1, 2–ში მოხსენიებული მხეცის შესახებ ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «მასში შერწყმულია დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ოთხივე მხეცის დამახასიათებელი ნიშნები . . . შესაბამისად, ამ პირველი [„გამოცხადებაში“ მოხსენიებული] მხეცით წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული ღვთის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური მმართველობის ერთობლივი ძალები» (The Interpreter’s Dictionary of the Bible). ამ თვალსაზრისს ადასტურებს გამოცხადების 13:7–ში ჩაწერილი სიტყვები, რომ მხეცს „მიეცა . . . ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“ *.

რატომ არის ბიბლიაში მხეცები გამოყენებული ადამიანთა მმართველობების სიმბოლოდ? სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო. უპირველესად, იმ მხეცური სისხლისღვრების გამო, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მმართველობამ გამოიწვია. „ომი კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, — დაწერეს ისტორიკოსებმა უილ და არიელ დიურანტებმა — და ის ვერ აღმოფხვრა ცივილიზაციისა და დემოკრატიის განვითარებამ“. სრული ჭეშმარიტებაა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). მეორე მიზეზი კი, რის გამოც მხეცი ადამიანთა მმართველობის სიმბოლოდაა გამოყენებული, ის არის, რომ ‘მხეცს გველეშაპმა [სატანამ] მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება’ (გამოცხადება 12:9; 13:2). აქედან გამომდინარე, ადამიანთა მმართველობების არსებობა ეშმაკის მოქმედების ნაყოფია და, შესაბამისად, მის მხეცურ, გველეშაპისთვის დამახასიათებელ თვისებებს ირეკლავს (იოანე 8:44; ეფესელთა 6:12).

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მიწიერი მმართველი სატანის იარაღია. ადამიანთა მმართველობები, გარკვეულწილად, „ღვთის მსახურის“ როლსაც კი ასრულებენ, რადგან კაცობრიობისთვის აუცილებელ სტრუქტურებს ქმნიან, რის გარეშეც სრული ქაოსი იქნებოდა. ამასთანავე, ზოგი მმართველი იცავს ადამიანთა ძირითად უფლებებს, რომელთა შორის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის უფლებაც შედის. ეს კი სატანის ნებას ეწინააღმდეგება (რომაელთა 13:3, 4; ეზრა 7:11—27; საქმეები 13:7). მიუხედავად ამისა, ეშმაკის ზეგავლენის გამო, ვერც ერთმა ადამიანმა და ადამიანის მიერ შექმნილი მმართველობის ვერც ერთმა ფორმამ ვერ შეძლო ხალხისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მოტანა * (იოანე 12:31).

‘ადამიანის რიცხვი’

666–ის მნიშვნელობის გასაგებად მესამე ხელმოსაჭიდი დეტალი ის არის, რომ მას ‘ადამიანის რიცხვი’ ეწოდება. შეუძლებელია, ეს სიტყვები რომელიმე ადამიანს ეხებოდეს, რადგან მხეცი არა ცალკეული ადამიანის, არამედ სატანის ძალაუფლებაშია (ლუკა 4:5, 6; 1 იოანე 5:19; გამოცხადება 13:2, 18, აქ). ‘ადამიანის რიცხვი’ ანუ ნიშანი, რომელიც მხეცს აქვს მიღებული, იმაზე მეტყველებს, რომ მხეცის ბუნება ადამიანურია და არა — ზეადამიანური თუ დემონური; შესაბამისად, ის ადამიანისთვის დამახასიათებელ გარკვეულ თავისებურებებს ირეკლავს. კონკრეტულად რომელ თავისებურებებს? პასუხი ბიბლიაშია მოცემული: „ყველამ [ყველა ადამიანმა] შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). აქედან გამომდინარე, მხეცის მიერ ‘ადამიანის რიცხვის’ მიღება იმაზე მიგვანიშნებს, რომ მთავრობებში ადამიანთა დაცემული მდგომარეობა — ცოდვა და არასრულყოფილებაა არეკლილი.

ამას ისტორია ადასტურებს. „საბოლოოდ, ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელსაც კი ოდესმე უარსებია, განადგურდა — თქვა აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, — ისტორია კრახით დამთავრებულ მცდელობებსა და განუხორციელებელი მიზნების შესახებ საკმაოდ ბევრს მოგვითხრობს . . . ასე რომ, ისტორიკოსს გარდაუვალი ტრაგედიის მოლოდინით უწევს ცხოვრება“. კისინჯერის ობიექტური შეფასება ადასტურებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომ „ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

ახლა, როცა უკვე ამოვიცანით მხეცი და ვიცით, რა თვალსაზრისი აქვს მასზე ღმერთს, შეგვიძლია ამოვხსნათ საიდუმლოს უკანასკნელი ნაწილი, კერძოდ კი ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრ 6–ს და რატომ მეორდება ის სამჯერ (666 ანუ 6 პლუს 60 პლუს 600).

რატომ მეორდება ექვსი სამჯერ?

წმინდა წერილებში ზოგ რიცხვს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ავიღოთ ციფრი შვიდი, რომელიც ხშირად იმის სიმბოლოა, რაც ღვთის თვალში სრული თუ სრულყოფილია. მაგალითად, ღვთის შემოქმედებითი კვირა მოიცავს შვიდ დღეს ანუ ხანგრძლივ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ღმერთი სრულად ახორციელებს დედამიწის მიმართ თავის შემოქმედებით განზრახვას (დაბადება 1:3—2:3). ბიბლიაში ღვთის „სიტყვები“ შედარებულია „შვიდჯერ გადახალისებულ“ და ამგვარად სრულად გაწმენდილ ვერცხლს (ფსალმუნები 11:7; იგავები 30:5, 6). კეთროვან ნაყამანს შვიდჯერ უნდა ებანავა მდინარე იორდანეში, რათა სრულად განკურნებულიყო (4 მეფეთა 5:10, 14).

ექვსი შვიდზე ერთით ნაკლებია. განა ის იმის სათანადო სიმბოლო არ არის, რაც ღვთის თვალში არასრულყოფილი და არასრულია? დიახ, ნამდვილად! (1 ნეშტთა 20:6, 7). გარდა ამისა, ექვსის სამჯერ გამეორება (666) ხაზს უსვამს არასრულყოფილებას. ამ თვალსაზრისს ადასტურებს ის, რომ 666–ს ‘ადამიანის რიცხვი’ ეწოდება, როგორც ზემოთ უკვე განვიხილეთ. ამგვარად, მხეცის საქმეებს, ‘ადამიანის რიცხვსა’ და 666–ს ერთ უტყუარ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამ რიცხვით იეჰოვას თვალში დიდი ნაკლი და უკმარისობაა წარმოდგენილი.

ის ფაქტი, რომ მხეცს სერიოზული ნაკლი აქვს, გვახსენებს სიტყვებს, რომლებიც ბიბლიაში ძველი ბაბილონის მეფის, ბელშაცარის, შესახებ არის ნათქვამი. დანიელის პირით იეჰოვამ ამ მეფეს უთხრა: „სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი“. იმ ღამეს ბელშაცარი სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო ბაბილონის ძლიერი იმპერია დაეცა (დანიელი 5:27, 30). მსგავსად ამისა, პოლიტიკური მხეცი და ყველა, ვისაც მისი ნიშანი აქვს მიღებული ღვთის განაჩენის თანახმად, განადგურებას ვერ გადაურჩება. მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი მხოლოდ ერთ პოლიტიკურ სისტემას კი არ გაანადგურებს, არამედ ადამიანის მმართველობის ყოველგვარ ნიშანწყალს აღმოფხვრის (დანიელი 2:44; გამოცხადება 19:19, 20). ამიტომ მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ მხეცის დამღუპველი ნიშანი!

ნიშანი ამოცნობილია

მხეცის რიცხვის, 666–ის, გამჟღავნებისთანავე „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია კრავის, იესო ქრისტეს, 144 000 მიმდევარი, რომლებსაც შუბლებზე იესოს და მისი მამის, იეჰოვას, სახელები აწერიათ. ეს სახელები იმის ნიშანია, რომ მიეკუთვნებიან იეჰოვასა და მის ძეს, რომელთა შესახებაც სიამოვნებით ამოწმებენ. მსგავსად, ისინი, ვისაც მხეცის ნიშანი აქვს მიღებული, ცხადყოფენ, რომ მხეცის მორჩილი მსახურები არიან. ამრიგად, მარჯვენა ხელზე თუ შუბლზე დადებული ნიშანი, ასე ვთქვათ, სიმბოლოა, რომლითაც ადამიანი ამ წუთისოფლის მხეცისმაგვარი პოლიტიკური სისტემების მხარდამჭერად და თაყვანისმცემლად ამოიცნობა. ასეთი ნიშნის მქონენი „კეისარს“ იმას აძლევენ, რაც კანონიერად ღმერთს ეკუთვნის (ლუკა 20:25; გამოცხადება 13:4, 8; 14:1). როგორ? ისინი ეთაყვანებიან სახელმწიფოს, მის სიმბოლოებსა და სამხედრო ძლიერებას და ამ ყოველივეზე ამყარებენ ხსნის იმედს. ჭეშმარიტი ღმერთისადმი მათი თაყვანისცემა მხოლოდ სიტყვიერია.

ამის საპირისპიროდ, ბიბლია მოგვიწოდებს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“ (ფსალმუნები 145:3, 4). ის, ვინც ამ რჩევას ითვალისწინებს, იმედგაცრუებული არ რჩება, როცა მთავრობა დაპირებებს ვერ ასრულებს ან ქარიზმატული ლიდერები პოპულარობას კარგავენ (იგავები 1:33).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები გულხელდაკრეფილები სხედან და თავს არ იწუხებენ კაცობრიობის გასაჭირზე ფიქრით. პირიქით, ისინი ხალხს აქტიურად აუწყებენ, რომ კაცობრიობის პრობლემებს გადაჭრის ერთადერთი მთავრობა — ღვთის სამეფო — რომლის სახელითაც ქადაგებენ (მათე 24:14).

ღვთის სამეფო — კაცობრიობის ერთადერთი იმედი

დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტეს ქადაგების მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო (ლუკა 4:43). ლოცვაში, რომელსაც ზოგჯერ „მამაო ჩვენოს“ უწოდებენ, იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ამ სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე ელოცათ (მათე 6:9, 10). ღვთის სამეფო მთავრობაა, რომელიც მთელ დედამიწას უხელმძღვანელებს არა რომელიმე მიწიერი დედაქალაქიდან, არამედ — ზეციდან. ამიტომაც იესომ მას „ზეციერი სამეფო“ უწოდა (მათე 11:12, აქ).

ვინ იქნებოდა ამ სამეფოს საუკეთესო მეფე, თუ არა იესო ქრისტე, რომელმაც თავისი მომავალი ქვეშევრდომებისთვის სიცოცხლე გაიღო? (ესაია 9:6, 7; იოანე 3:16). მალე ეს სრულყოფილი მმართველი, ამჟამად უკვე ძლიერი სულიერი პიროვნება, მხეცს, მის მეფეებსა და ლაშქრებს ჩააგდებს ‘ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვის’, ანუ მათ სრულიად გაანადგურებს. მაგრამ ამით არ დამთავრდება ყველაფერი. იესო გაანადგურებს სატანასაც. ეს კი არც ერთი ადამიანისთვის არ არის შესაძლებელი (გამოცხადება 11:15; 19:16, 19—21; 20:2, 10).

ღვთის სამეფო მშვიდობას მოუტანს მორჩილ ადამიანებს (ფსალმუნები 36:11, 29; 45:9, 10). თვით მწუხარება, ტკივილი და სიკვდილიც კი აღარ იარსებებს. რა დიდებული პერსპექტივაა ეს მათთვის, ვინც უარს ამბობს მხეცის ნიშნის მიღებაზე! (გამოცხადება 21:3, 4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ამ მუხლების გამოსაკვლევად იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, 28–ე თავი; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ (რუს.).

^ აბზ. 11 მართალია, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ ადამიანთა მმართველობისთვის ხშირად დამახასიათებელია მხეცური თვისებები, ისინი ემორჩილებიან მთავრობას, „უმაღლეს ხელმწიფებას“, რისკენაც მათ ბიბლია მოუწოდებს (რომაელთა 13:1). მაგრამ როცა ხელისუფლება მათგან ღვთის კანონების დარღვევას მოითხოვს, ისინი ‘ღმერთს უფრო მეტად ემორჩილებიან, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რა გვეხმარება 666-ის მნიშვნელობის გაგებაში?

1. ბიბლიური სახელები ხშირად რაღაცას გვეუბნება ადამიანის თვისებებზე თუ მის ცხოვრებაზე, როგორც მაგალითად აბრაამის, იესოსა და სხვათა სახელები. მსგავსად ამისა, მხეცის რიცხვ-სახელი მისი დამახასიათებელი თვისებების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

2. ბიბლიის წიგნ „დანიელის წინასწარმეტყველებაში“ მხეცებით წარმოდგენილია სამეფოები ანუ იმპერიები, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყვნენ ძლიერი. გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცით, რომლისთვისაც სხვადასხვა მხეცის თვისებებია დამახასიათებელი, წარმოდგენილია პოლიტიკური სისტემა, რომელსაც სატანა აძლევს ძალაუფლებას და თავადვე განაგებს.

3. მხეცს ‘ადამიანის რიცხვი’ აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის რაღაც ადამიანურის სიმბოლოა და არა დემონურის. აქედან გამომდინარე, მასში არეკლილია ადამიანთა წარუმატებლობა, რაც ცოდვითა და არასრულყოფილებით არის გამოწვეული.

4. ღვთის თვალში ციფრი ექვსი, რომელიც ბიბლიაში სრულყოფილების გამომხატველ ციფრ შვიდზე ნაკლებია, არასრულყოფილებას გამოხატავს. 666-ით ანუ 6-ის სამჯერ გამეორებით ეს ნაკლი და უუნარობაა ხაზგასმული.

[სურათები 6 გვერდზე]

ადამიანის მმართველობას დიდი ნაკლი აქვს; 666 მისი სათანადო სიმბოლოა.

[საავტორო უფლება]

Starving child: UNITED NATIONS/Photo by F. GRIFFING

[სურათები 7 გვერდზე]

იესო ქრისტე დედამიწაზე სრულყოფილ მმართველობას დაამყარებს.