არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენჯერმე მცირე მსხვერპლის გაღებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა

რამდენჯერმე მცირე მსხვერპლის გაღებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა

ბიოგრაფია

რამდენჯერმე მცირე მსხვერპლის გაღებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა

მოგვითხრეს ჯორჯ და ენ ალჯიანებმა

მე და ჩემი მეუღლე ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიტყვა „მასწავლებელს“ „თაგვში“ ავურევდით. არც ის მოგვივიდოდა თავში აზრად, რომ 60 წელს გადაცილებულები სრულიად უცნობ ენაზე კითხვას ვეცდებოდით იმ მიზნით, რომ შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ხალხთან ურთიერთობა დაგვემყარებინა. დიახ, ეს გავაკეთეთ მე და ენმა 80-იანი წლების მიწურულს. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ მოგვიტანა წლების მანძილზე პატარა მსხვერპლის რამდენჯერმე გაღებამ მრავალი კურთხევა.

წარმოშობით სომეხი ვარ და სომხური ეკლესიის წევრი ვიყავი. ენი კი რომის კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ჩვენ, ორივე, რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით კომპრომისზე წავედით, როდესაც 1950 წელს დავქორწინდით. მე 27 წლის ვიყავი, ენი — 24-ის. ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზი, აშშ) ქიმწმენდის სახელოსნო მქონდა, რომლის თავზეც მე და ენი დაქორწინების შემდეგ ვცხოვრობდით. იმ დროისთვის დაახლოებით ოთხი წელი იყო, რაც ამ საქმიანობას ვეწეოდი.

1955 წელს მიდლტაუნში (ნიუ-ჯერზი) ვიყიდეთ მშვენიერი სახლი, რომელსაც სამი საძინებელი ოთახი ჰქონდა. ჩვენი სახლი დაახლოებით 60 კილომეტრით იყო დაშორებული ჩემი სამსახურიდან, სადაც კვირაში ექვსი დღე ვმუშაობდი. შინ ყოველთვის გვიან ვბრუნდებოდი. იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მქონდა, როდესაც ისინი ჩემს სახელოსნოში მოდიოდნენ და ბიბლიურ ლიტერატურას მიტოვებდნენ. მათ დიდი ინტერესით ვკითხულობდი. მთელ ჩემს დროსა და ყურადღებას სამსახურს ვუთმობდი, მაგრამ მაინც განმივითარდა ბიბლიისადმი დიდი პატივისცემა.

მალე აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როდესაც სამსახურში წასვლა და უკან დაბრუნება მიწევდა, „საგუშაგო კოშკის“ რადიოსადგური WBBR ბიბლიურ ლექციებს გადმოსცემდა. მათ დიდი ყურადღებით ვისმენდი, რის შედეგადაც ინტერესი იმდენად გამიღვივდა, რომ მოწმეებს სახლში მოსვლა ვთხოვე. 1957 წლის ნოემბერში ჩვენთან მოვიდა ჯორჯ ბლანტონი და ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

მთელი ოჯახი წმინდა თაყვანისმცემლობაში ვერთიანდებით

როგორი რეაქცია ჰქონდა ყოველივე ამაზე ენს? მოდი თავად მას მოვუსმინოთ:

«თავიდან საშინელი მოწინააღმდეგე ვიყავი. ჯორჯს ბიბლიის შესწავლისას იმდენად ვუშლიდი ხელს, რომ გადაწყვიტა, შესწავლა სხვაგან ჩაეტარებინათ. ასე დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა. იმ დროისთვის ჯორჯმა კვირაობით სამეფო დარბაზში შეხვედრებზე სიარული დაიწყო. მივხვდი, რომ ბიბლიის შესწავლას სერიოზულად მოეკიდა, რადგან თავის ერთადერთ გამოსასვლელ დღეს ამისათვის არ იშურებდა. მიუხედავად ამისა, ის კვლავაც შესანიშნავი მეუღლე და მამა იყო; შეიძლება ითქვას, რომ უკეთესიც კი გახდა. ამან ჩემზე იმოქმედა და თანდათანობით დამოკიდებულება შევიცვალე. ერთხელაც, მაგიდის გადაწმენდისას, როდესაც არავინ მიყურებდა, ავიღე ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ და წავიკითხე. ამ ჟურნალს ჯორჯი ყოველთვის აქ ტოვებდა. გარდა ამისა, ის „გამოიღვიძეთ!“–იდან მიკითხავდა სტატიებს, რომლებიც უშუალოდ სწავლებებს არ ეხებოდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებას შემოქმედზე ამახვილებდა.

ერთ საღამოს, როდესაც ჯორჯი ძმა ბლანტონთან ერთად იყო წასული ბიბლიის შესასწავლად, ავიღე პუბლიკაცია, რომელიც ჩვენს ორი წლის ბიჭს, ჯორჯს, ჩემს საწოლთან მდგარ მაგიდაზე დაედო. მასში ლაპარაკი იყო იმედზე, რომელიც შეიძლება გარდაცვლილებთან დაკავშირებით გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი, კითხვა დავიწყე, ვინაიდან ბებია არცთუ ისე დიდი ხნის წინ გარდამეცვალა და ამის გამო ძალიან ვწუხდი. მაშინვე ჩავწვდი ბიბლიურ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ მკვდრები სადღაც არ იტანჯებიან და მომავალში მათ ღმერთი მკვდრეთით აღადგენს. ძილი გამიფრთხა და სრულიად გამოვფხიზლდი; ლოგინზე წამოვჯექი და კითხვამ გამიტაცა; მოვინიშნე საკითხები, რომლის შესახებ საუბარსაც ბიბლიის შესწავლიდან შინ დაბრუნებულ ჯორჯთან ვაპირებდი.

ჯორჯი საკუთარ თვალებსა და ყურებს არ უჯერებდა და ვერ წარმოედგინა, რომ ეს მე ვიყავი და არა სხვა. როცა ის სახლიდან წავიდა, მე მოწინააღმდეგე ვიყავი, ახლა კი აღფრთოვანებული ვუზიარებდი საუცხოო ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელსაც მისი არყოფნისას გავეცანი! განთიადამდე თვალი არ მოგვიხუჭავს და ბიბლიაზე ვსაუბრობდით. ჯორჯმა ამიხსნა, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით. იმავე ღამეს ვთხოვე, შესწავლა ჩვენს სახლში ჩაეტარებინათ, რათა მეც მქონოდა დასწრების შესაძლებლობა.

ძმა ბლანტონმა გვირჩია, შესწავლას ბავშვებიც დასწრებოდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ისინი საამისოდ ძალიან პატარები იყვნენ (მაშინ ერთი ბავშვი ორი წლის იყო და მეორე — ოთხის). მაგრამ ძმა ბლანტონმა გვიჩვენა მეორე რჯულის 31:12, სადაც ნათქვამია: „შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები . . . რომ გაიგონონ და ისწავლონ“. მოგვეწონა ეს მითითება და ბიბლიის შესწავლის დროს ბავშვებს კომენტარებშიც კი ვაღებინებდით მონაწილეობას. კომენტარებს მთელი ოჯახი ერთად ვამზადებდით, მაგრამ ბავშვებისთვის არასოდეს გვიკარნახია, რა უნდა ეთქვათ. ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარა მათ ჭეშმარიტების გათავისებაში. ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნებით ძმა ბლანტონისა იმისათვის, რომ ჩვენს ოჯახს სულიერ ზრდაში დაეხმარა».

სირთულეები, რომელთა გადასალახავადაც მსხვერპლის გაღება დაგვჭირდა

ახლა უკვე მთელი ოჯახი ვსწავლობდით ბიბლიას, მაგრამ ახალ სირთულეს წავაწყდით. ვინაიდან ჩვენი სახელოსნო სახლიდან შორს იყო, ჩვეულებრივ, საღამოს ცხრა საათამდე სახლში ვერ მოვდიოდი. ამის გამო კვირის განმავლობაში ვერ ვესწრებოდი კრების შეხვედრებს, თუმცა კვირა დღეს შემეძლო მათზე დასწრება. იმ დროისთვის ენი ყველა შეხვედრას ესწრებოდა და სულიერად სწრაფად მიიწევდა წინ. მეც მქონდა სურვილი, რომ ასე მოვქცეულიყავი და, ამასთანავე, ნაყოფიერი ოჯახური შესწავლები ჩამეტარებინა. ვხედავდი, რომ რაღაც მსხვერპლი უნდა გამეღო. გადავწყვიტე, შემემცირებინა სამუშაო საათები, თუმცა ამის გამო შეიძლებოდა ზოგი კლიენტი დამეკარგა.

ამგვარად მოქმედებამ ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო. ოჯახურ შესწავლას ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებოდით, როგორც სამეფო დარბაზში ყოველკვირეულ შეხვედრებს. შესწავლას მეექვსე შეხვედრას ვუწოდებდით. გამოვყავით კონკრეტული დღე, ოთხშაბათი, და ოჯახური შესწავლა ყოველკვირა საღამოს 8 საათზე გვქონდა. ზოგჯერ ვახშმის შემდეგ, როდესაც ჭურჭლის რეცხვას მოვრჩებოდით, ერთ–ერთი ჩვენგანი იტყოდა: «„კრების“ დაწყების დროც მოვიდა!». თუ მე შემაგვიანდებოდა, შესწავლას ენი იწყებდა და ჩემს მოსვლამდე ატარებდა, შემდეგ კი მე განვაგრძობდი.

დილაობით ყოველდღიური ბიბლიური მუხლის ერთად წაკითხვამაც შეუნარჩუნა ჩვენს ოჯახს სიმტკიცე და ერთიანობა. თუმცა, თავიდან საგონებელში ჩავვარდით, რადგან ყველა სხვადასხვა დროს ვდგებოდით და არ ვიცოდით, რა დროს ჯობდა ყოველდღიური ბიბლიური მუხლის კითხვა. ეს საკითხი ერთად განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ ყველა ერთი და იმავე დროს ავმდგარიყავით, გვესაუზმა დილის შვიდის ნახევარზე და ერთად განგვეხილა ყოველდღიური მუხლი. ამგვარად მოქმედებამ ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო. ჩვენმა ვაჟებმა, როგორც კი სრულწლოვანები გახდნენ, ბეთელში მსახურება არჩიეს. მე და ენი ვფიქრობთ, რომ იმ ყოველდღიურმა განხილვებმა დიდი წვლილი შეიტანა მათ სულიერობაში.

მონათვლის შემდეგ მსახურებისთვის მეტი მსხვერპლის გაღება

1962 წელს მოვინათლე და გავყიდე ქიმწმენდის სახელოსნო, რომელიც 21 წლის განმავლობაში მქონდა. ამის შემდეგ მუშაობა ჩვენს სახლთან ახლოს დავიწყე. ეს საშუალებას მაძლევდა, ოჯახთან ერთად მემსახურა იეჰოვასთვის. შედეგად ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. ოჯახში მიზნად დავისახეთ, დროთა განმავლობაში ყველას დაგვეწყო სრული დროით მსახურება. ამ მიზნის განხორციელება 70–იან წლებში დაიწყო, როდესაც უფროსი ვაჟი, ედვარდი, სკოლის დამთავრებისთანავე სრული დროით მსახური ანუ პიონერი გახდა. მოგვიანებით მეორე ვაჟმაც, ჯორჯმაც, დაიწყო პიონერობა; შემდეგ მათ ენიც შეუერთდა. მსახურებაში მომხდარი შემთხვევების მოყოლით სამივე დიდ სტიმულს მაძლევდა. ერთხელ, მთელი ოჯახი შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ, როგორ გაგვემარტივებინა ცხოვრება, რათა სრული დროით მსახურება ყველას შეგვძლებოდა. გადავწყვიტეთ, გაგვეყიდა სახლი, სადაც დაახლოებით 18 წელი ვიცხოვრეთ და ბავშვებიც აქ გაიზარდნენ. ძალიან გვიყვარდა ჩვენი სახლი, მაგრამ იეჰოვამ აკურთხა მისი გაყიდვის თაობაზე ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

1972 წელს ედვარდი ბეთელში მიიწვიეს; 1974 წელს ჯორჯმაც დაიწყო ბეთელში მსახურება. მე და ენს ძალიან გაგვიჭირდა მათთან განშორება, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია, რომ უკეთესი იქნებოდა, ისინი ჩვენს მახლობლად დასახლებულიყვნენ, დაქორწინებულიყვნენ და შვილები გაეჩინათ. ნაცვლად ამისა, გვიხაროდა, რომ ჩვენი ვაჟები იეჰოვას ბეთელში ემსახურებოდნენ *. ჩვენ ვეთანხმებით იგავების 23:15–ში ჩაწერილ სიტყვებს: „ჩემო შვილო! თუ დაბრძენდება შენი გული, გაიხარებს ჩემი გულიც“.

ვიწყებთ სპეციალურ პიონერებად მსახურებას

შვილები ბეთელში მსახურობდნენ, ჩვენ კი პიონერობას განვაგრძობდით. 1975 წელს წერილი მივიღეთ — სპეციალურ პიონერებად გვიწვევდნენ კლინტონის (ილინოისის შტატი) გაუნაწილებელ ტერიტორიაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო! უნდა გადავსულიყავით ნიუ–ჯერზიდან, რომელიც ახლოს იყო ნიუ–იორკთან, სადაც ჩვენი შვილები მსახურობდნენ; აგრეთვე უნდა დაგვეტოვებინა მეგობრები და ნათესავები. თუმცა, ეს დანიშნულება მივიღეთ, როგორც იეჰოვასგან მიღებული დავალება, და მსხვერპლი გავიღეთ, რასაც ახალი კურთხევები მოჰყვა.

გაუნაწილებელ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურების შემდეგ კარლაილის (ილინოისი) ერთ დარბაზში შეხვედრების ჩატარება დავიწყეთ. მაგრამ გვსურდა, რომ ისეთი ადგილი გვეპოვა, სადაც შეხვედრებს ყოველთვის ჩავატარებდით. ადგილობრივმა ძმამ და მისმა მეუღლემ იპოვეს ერთი პატარა კოტეჯი, რომლის იჯარით აღებაც შეგვეძლო. იქაურობა დავასუფთავეთ და შეხვედრისთვის კოპწია ადგილად ვაქციეთ. არასოდეს დაგვავიწყდება ერთი ცხენი, რომელიც ჩვენდამი „ინტერესს ავლენდა“. ის ხშირად შემოიხედავდა ფანჯარაში, რათა ენახა, რა ხდებოდა შეხვედრებზე.

დროთა განმავლობაში კარლაილში კრება ჩამოყალიბდა და ძალიან გვიხაროდა, რომ ამ საქმეში წვლილი ჩვენც შევიტანეთ. დიდი დახმარება გაგვიწია ახალგაზრდა პიონერმა ცოლ–ქმარმა, სტივ და კარილ ტომსონებმა, რომლებიც საკუთარი სურვილით მოვიდნენ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე საქადაგებლად. ტომსონები აქ რამდენიმე წელი დარჩნენ, რის შემდეგაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი მისიონერებად დანიშნეს აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც სტივი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს.

მალე პატარა კოტეჯი კრების შეხვედრაზე მოსულებს ვერ იტევდა და საჭირო გახდა უფრო დიდი დარბაზი. გამოსავალი კვლავ ზემოთ მოხსენიებულმა ძმამ და მისმა მეუღლემ გვაპოვნინა და ვიყიდეთ ადგილი, რომელიც უკეთესი იქნებოდა სამეფო დარბაზისთვის. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ კარლაილში ახალი სამეფო დარბაზის მიძღვნაზე დაგვპატიჟეს! მე წილად მხვდა პატივი, წარმომეთქვა მიძღვნის მოხსენება. იქ მსახურებამ კარგი გამოცდილება შეგვძინა; ეს დანიშნულება ჩვენთვის ნამდვილად იეჰოვას კურთხევა იყო.

მსახურება სხვა ტერიტორიებზე

1979 წელს ახალი დანიშნულება მივიღეთ — ჰარისონში (ნიუ–ჯერზი) დაგვნიშნეს. იქ დაახლოებით 12 წელი ვიმსახურეთ. ერთხელ ერთ ჩინელ ქალთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა, რასაც სხვა ჩინელებთან მრავალი შესწავლის დაწყება მოჰყვა. დროთა განმავლობაში გავიგეთ, რომ ამ არემარეში ათასობით ჩინელი სტუდენტი თუ ჩინელების ოჯახი ცხოვრობდა. ამიტომ წაგვახალისეს, ჩინური გვესწავლა. მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად მეცადინეობა კი დაგვჭირდა, მაგრამ ამას შედეგად იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩინელებთან ბიბლიის სასიამოვნო შესწავლები მოჰყვა.

იმ წლების განმავლობაში მრავალჯერ აღმოვჩენილვართ სასაცილო მდგომარეობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩინურად ლაპარაკს ვცდილობდით. ერთხელ ენმა საკუთარი თავი მობინადრეს ბიბლიის „მასწავლებლის“ ნაცვლად, ბიბლიის „თაგვად“ წარუდგინა. ეს ორი სიტყვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მობინადრეს გაეცინა და თქვა: „შემობრძანდით. აქამდე არასოდეს მილაპარაკია ბიბლიის თაგვთან“. ჩვენ დღემდე გვიჭირს ამ ენაზე ლაპარაკი.

გარკვეული ხნის შემდეგ ნიუ–ჯერზის სხვა ტერიტორიაზე დაგვნიშნეს, სადაც ჩინელებთან ქადაგება განვაგრძეთ. მოგვიანებით ბოსტონში (მასაჩუსეტსი) გადავედით. იქ ჩვენს ჩასვლამდე დაახლოებით სამი წლით ადრე ჩამოყალიბდა და თანდათანობით იზრდებოდა ჩინური ჯგუფი. ჩვენთვის დიდი პატივი იყო გასული შვიდი წლის განმავლობაში ამ ჯგუფისთვის მხარდაჭერა. სიხარული მოგვანიჭა იმის დანახვამ, რომ ეს ჯგუფი 2003 წლის 1 იანვარს კრებად იქცა.

კურთხევები, რომლებიც მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნას მოჰყვა

მალაქიას 3:10–ში ვკითხულობთ, რომ იეჰოვა თავის ხალხს სთხოვს აღსავლენისა და მსხვერპლის მიტანას, რათა მან უხვად აკურთხოს ისინი. მე თავი დავანებე საქმეს, რომელიც ძალიან მომწონდა. გავყიდეთ სახლი, რომელსაც ძალიან ვიყავით მიჩვეული. აგრეთვე, უარი ვთქვით სხვა რამეებზეც. მაგრამ იმ კურთხევებთან შედარებით, რომლებსაც ვიღებდით, გაღებული მსხვერპლი ყოველთვის მცირე იყო.

მართლაც, იეჰოვამ უხვად გვაკურთხა! დიდი კმაყოფილება მოგვგვარა იმის დანახვამ, რომ ჩვენმა შვილებმა ჭეშმარიტება მიიღეს; სიხარული მოგვანიჭა სიცოცხლის გადამრჩენ მსახურებაში სრული დროით მონაწილეობამ; აგრეთვე, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ იეჰოვა ზრუნავს იმაზე, რაც აუცილებლად გვჭირდება. მართლაც, ჩვენ მიერ რამდენჯერმე გაღებულმა მცირე მსხვერპლმა დიდი კურთხევები მოგვიტანა!

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 ისინი დღესაც ერთგულად განაგრძობენ ბეთელში მსახურებას: ედვარდი და მისი მეუღლე, კონი — პატერსონში, ჯორჯი და მისი მეუღლე, გრეისი კი — ბრუკლინში.

[სურათი 25 გვერდზე]

ლუიზ და ჯორჯ ბლანტონები ენთან ერთად, 1991 წელი.

[სურათი 26 გვერდზე]

კარლაილის სამეფო დარბაზი, რომლის მიძღვნაც 1983 წლის 4 ივნისს მოხდა.

[სურათი 27 გვერდზე]

ახლად ჩამოყალიბებულ ბოსტონის ჩინურ კრებასთან ერთად.

[სურათი 28 გვერდზე]

ედვარდი, კონი, ჯორჯი, გრეისი და ჩვენ.