უნდა მოვუხმოთ დახმარებისთვის ანგელოზებს?
უნდა მოვუხმოთ დახმარებისთვის ანგელოზებს?
მართებულია გაჭირვების ჟამს ანგელოზების მოხმობა? ამ კითხვაზე მრავალი დადებითად პასუხობს. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ადამიანი ლოცვით მიმართავს . . . ანგელოზებს . . . მაგრამ მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ისინი ღვთის წინაშე უშუამდგომლებენ“. უნდა მოვუხმოთ ანგელოზებს იმისათვის, რომ ღმერთთან გვიშუამდგომლონ?
ბიბლიაში სახელით მოხსენიებულია ღვთის მხოლოდ ორი ერთგული ანგელოზი, მიქაელი და გაბრიელი (დანიელი 8:16; 12:1; ლუკა 1:26; იუდა 9). ამ სახელების მოხსენიება გვიჩვენებს, რომ თითოეული ანგელოზი სახელის მქონე ცალკეული სულიერი პიროვნებაა, და არა რაღაც ენერგია ან ძალა. სხვა ანგელოზები უარს ამბობდნენ თავიანთი სახელის გამხელაზე. მაგალითად, როდესაც იაკობმა სახელი ჰკითხა ანგელოზს, რომელიც გამოეცხადა, მან არ გაუმხილა თავისი ვინაობა (დაბადება 32:29; მსაჯულთა 13:17, 18). ბიბლიაში ანგელოზთა სახელების სიას ვერსად ვნახავთ, რაც ადამიანებს იცავს მათზე მეტისმეტი ყურადღების გადატანისგან.
ანგელოზების მოვალეობათა შორის ერთ-ერთი ღვთისგან ადამიანებისთვის ცნობების გადაცემაა. ბიბლიის ებრაული და ბერძნული დედნიდან სიტყვა „ანგელოზის“ სიტყვასიტყვითი თარგმანი არის „მაცნე“. ანგელოზები არ ასრულებენ შუამავლის როლს, რომ უზენაესის ტახტის წინაშე ადამიანთა ლოცვები წარადგინონ. ღმერთს დადგენილი აქვს, რომ ლოცვები მისი ძის, იესო ქრისტეს, სახელით წარმოითქვას. იესომ თქვა: ‘რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ’ (იოანე 15:16; 1 ტიმოთე 2:5).
იეჰოვა ღმერთი არასოდეს არის იმდენად დაკავებული, რომ როცა სათანადოდ მივმართავთ, არ მოგვისმინოს. ბიბლია გვარწმუნებს: „ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით“ (ფსალმუნები 144:18).