არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინ აღუდექით ცვალებადი ქვეყნიერების სულს

წინ აღუდექით ცვალებადი ქვეყნიერების სულს

წინ აღუდექით ცვალებადი ქვეყნიერების სულს

„ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან“ (1 კორინთელთა 2:12).

1. როგორ შეცდა ევა?

„გველმა მაცდუნა“ (დაბადება 3:13). ღვთის მიერ შექმნილი პირველი ქალი, ევა, ამ სიტყვებით იმის ახსნას ცდილობდა, თუ რატომ დაადგა იეჰოვა ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის გზას. თუმცა ევას ნათქვამი სიმართლესთან ახლოს იყო, ეს არ ამართლებდა მის მიერ ჩადენილ ცოდვას. მოგვიანებით პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „დედაკაცი [ევა] შეცდა“ (1 ტიმოთე 2:14). ევა მოტყუვდა, როდესაც დაიჯერა, რომ დაუმორჩილებლობა, ანუ აკრძალული ნაყოფის ჭამა, სასარგებლო აღმოჩნდებოდა მისთვის და ღვთის მსგავსი გახდებოდა. ის მაცდუნებლის ვინაობასთან დაკავშირებითაც მოტყუვდა. ევამ არ იცოდა, რომ სინამდვილეში საქმე სატანა ეშმაკთან ჰქონდა, რომელიც გველს მასთან სალაპარაკოდ იყენებდა (დაბადება 3:1—6).

2. ა) როგორ შეჰყავს სატანას ადამიანები შეცდომაში? ბ) რა არის „წუთისოფლის სული“ და რა კითხვებს განვიხილავთ?

2 ადამისა და ევას დროიდან სატანა განაგრძობს ადამიანთა შეცდომაში შეყვანას. ის არის „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9). სატანას არ შეუცვლია ტაქტიკა. მართალია, გველს მეტად აღარ იყენებს, მაგრამ ის კვლავ მალავს თავის ნამდვილ ვინაობას. გართობის სხვადასხვა სახეობის, საინფორმაციო საშუალებებისა თუ სხვა გზების გამოყენებით სატანას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები; მისი მიზანია, დააჯეროს ისინი, რომ ღვთის სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობა არანაირ სარგებლობას არ მოუტანს მათ და არც საჭიროებენ მას. ეშმაკის მიერ ხალხის მოტყუების გამუდმებული მცდელობის შედეგად ადამიანები მთელ მსოფლიოში დაუმორჩილებლობის სულს ავლენენ და უარყოფითად არიან განწყობილნი ბიბლიური კანონებისა და პრინციპების მიმართ. ბიბლია ამას „წუთისოფლის სულს“ უწოდებს (1 კორინთელთა 2:12). ეს სული ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმ ადამიანების მრწამსზე, თვალსაზრისსა თუ საქციელზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. როგორ ვლინდება ეს სული და როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მის დამღუპველ გავლენას? მოდი ვნახოთ.

ზნეობრივი ნორმები ეცემა

3. რატომ ვლინდება თანამედროვე დროში „წუთისოფლის სული“ სულ უფრო და უფრო მეტად?

3 თანამედროვე დროში „წუთისოფლის სული“ უფრო და უფრო მეტად ვლინდება (2 ტიმოთე 3:1—5). ალბათ, ამჩნევთ, როგორ ეცემა ზნეობრივი ნორმები. საღვთო წერილში ახსნილია, თუ რით არის ეს განპირობებული. 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარებას ზეცაში ომი მოჰყვა. სატანა და მისი დემონები დამარცხდნენ და გადმოყრილ იქნენ დედამიწის მიდამოებში. გამძვინვარებული სატანა უფრო მეტად ცდილობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა შეცდომაში შეყვანას (გამოცხადება 12:1—9, 12, 17). ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ‘თუკი შეძლებს, რჩეულნიც შეაცდინოს’ (მათე 24:24). ჩვენ, ღვთის ხალხი, მისი მთავარი სამიზნეები ვართ. მას ძლიერ სურს, შეგვირყიოს სულიერობა, რათა დავკარგოთ იეჰოვას კეთილგანწყობა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა.

4. როგორ უყურებენ ბიბლიას იეჰოვას მსახურები და რა თვალსაზრისი აქვს მასზე ქვეყნიერებას?

4 სატანა ცდილობს, ადამიანებს ნდობა დააკარგვინოს ბიბლიისადმი, ფასდაუდებელი წიგნისადმი, რომელიც გვასწავლის ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის შესახებ. იეჰოვას მსახურებს უყვართ ბიბლია და ძალიან აფასებენ მას. ჩვენ ვიცით, რომ ის არის ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნი, მისი სიტყვა და არა ადამიანური აზროვნების ნაყოფი (1 თესალონიკელთა 2:13; 2 ტიმოთე 3:16). მიუხედავად ამისა, სატანის ქვეყნიერებას სურს, რომ სხვაგვარად ვფიქრობდეთ. მაგალითად, ერთი წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც ბიბლიას აკრიტიკებს, ნათქვამია: «ბიბლია სულაც არ არის „წმინდა“ წიგნი და არც „ღვთის სიტყვას“ წარმოადგენს. მას ღვთის სულით აღძრული წმინდანები კი არ წერდნენ, არამედ ძალაუფლების მაძიებელი მღვდლები». ის, ვინც იჯერებს ასეთ განაცხადებს, შეიძლება ადვილად მოექცეს შეცდომაში შემყვანი შეხედულების გავლენის ქვეშ, რომლის თანახმადაც შეუძლია ღმერთს ისე ეთაყვანოს, როგორც თავად მოსწონს ან საერთოდ არ სცეს მას თაყვანი (იგავები 14:12).

5. ა) რას ამბობს ერთი პუბლიცისტი იმ რელიგიების შესახებ, რომლებსაც ტრადიციულად ბიბლიას უკავშირებენ? ბ) რა განსხვავებაა ქვეყნიერებაში ფართოდ გავრცელებულ ზოგ შეხედულებასა და ბიბლიურ თვალსაზრისს შორის? (ისარგებლეთ მომდევნო გვერდზე მოცემული ჩარჩოთი).

5 ბიბლიის წინააღმდეგ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გალაშქრების, აგრეთვე ბიბლიის ვითომცდა მხარდამჭერთა თვალთმაქცობის შედეგად ადამიანებს უარყოფითი წარმოდგენა ექმნებათ რელიგიაზე, მათ შორის ისეთ რელიგიურ მიმდინარეობებზეც, რომლებსაც ტრადიციულად ბიბლიას უკავშირებენ. საინფორმაციო საშუალებებსა და სამეცნიერო წრეებში იერიში მიაქვთ რელიგიაზე. ერთი პუბლიცისტი აღნიშნავს: «იუდაიზმისა და ქრისტიანობის შესახებ თვალსაზრისი, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული, ძირითადად, ნეგატიურია. უკეთეს შემთხვევაში, მათ „ანტიკვარულ“ რელიგიებად მიიჩნევენ; უარეს შემთხვევაში კი თვლიან მოძველებულ მრწამსად, რომელიც ხელს უშლის ინტელექტუალურ განვითარებასა და მეცნიერულ პროგრესს. ბოლო წლებში ასეთი უარყოფითი თვალსაზრისი გადაიზარდა დაცინვასა და აშკარა მტრობაში». ხშირად მსგავსი მტრული განწყობილება მომდინარეობს მათგან, რომლებიც უარყოფენ ღვთის არსებობას, და რომელთაც „დაუჩლუნგდათ გონება“ (რომაელთა 1:20—22, აქ).

6. როგორ უყურებს ქვეყნიერება ღვთის მიერ დაგმობილ სქესობრივ ურთიერთობებს?

6 გასაკვირი არ არის, რომ დღეს ადამიანები უფრო მეტად სცილდებიან ღვთის მიერ დადგენილ ქცევის ნორმებს. მაგალითად, ბიბლიაში ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე ნათქვამია, რომ ეს „სამარცხვინოა“ (რომაელთა 1:26, 27). საღვთო წერილში აგრეთვე ხაზი ესმება იმას, რომ ისინი, რომლებიც მეძაობენ და მრუშობენ, ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორინთელთა 6:9). მაგრამ ბევრ ქვეყანაში ასეთი სქესობრივი ურთიერთობები არა მხოლოდ მისაღებად ითვლება, არამედ მიმზიდველი სახითაც კი არის წარმოდგენილი წიგნებში, ჟურნალებში, სიმღერებში, ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. მათ, ვინც გაბედულად ილაშქრებს ასეთი ქმედებების წინააღმდეგ, შეუწყნარებელ, კრიტიკულად განწყობილ და ჩამორჩენილ ადამიანებად მიიჩნევენ. ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნორმებს მისი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის გამოვლენად აღიქვამდნენ, ქვეყნიერებაში თვლიან, რომ ეს ნორმები ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ხელს უშლით სრულფასოვან ცხოვრებაში (იგავები 17:15; იუდა 4).

7. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

7 დღესდღეობით ცხოვრება გვიწევს ქვეყნიერებაში, სადაც სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ღმერთს. ამიტომ გონივრული იქნება, დავფიქრდეთ, როგორი თვალსაზრისი გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე და რა არის ჩვენთვის ნამდვილად ფასეული. დროდადრო ლოცვითა და გულწრფელი თვითშემოწმებით უნდა დავრწმუნდეთ, თანდათანობით ხომ არ ვშორდებით იეჰოვას აზროვნებასა და მის ნორმებს. მაგალითად, შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ ასეთი კითხვები: „საინტერესო გახდა ჩემთვის ისეთი საკითხები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ თავს ვარიდებდი? უფრო შემწყნარებელი ხომ არ გავხდი ისეთი ქმედებების მიმართ, რომელთაც ღმერთი განსჯის? წარსულთან შედარებით, ნაკლები სერიოზულობით ხომ არ ვეკიდები სულიერ საკითხებს? მოწმობს ჩემი ცხოვრების წესი, რომ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებ?“ (მათე 6:33). ასეთ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს.

‘არ გადაუხვიოთ’

8. როგორ შეიძლება ადამიანი თანდათანობით ჩამოშორდეს იეჰოვას?

8 პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ“ (ებრაელთა 2:1). გემი, რომელიც დინებას სხვა მიმართულებით მიჰყავს, ვერ მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე. თუ კაპიტანი ყურადღებით არ ადევნებს თვალყურს ქარს და წყლის დინებას, მისი გემი ადვილად შეიძლება ასცდეს უსაფრთხო ნავსადგურს და კლდოვანი ნაპირის მეჩეჩზე დაჯდეს. მსგავსად, თუ ღვთის სიტყვაში მოცემულ ძვირფას ჭეშმარიტებებს სერიოზულად არ ვეკიდებით, შეიძლება ადვილად დავშორდეთ იეჰოვას და ჩვენი სულიერობა ხომალდივით დაიმსხვრეს. აუცილებელი არ არის ჭეშმარიტების სრულიად უარყოფა, რომ ასეთი დანაკარგი განვიცადოთ. სინამდვილეში, ბევრი იეჰოვას განზრახ და უეცრად არ უარყოფს. ხშირად ისინი თანდათანობით ეფლობიან ისეთ საქმეებში, რასაც მათი ყურადღება ღვთის სიტყვიდან გადააქვს. ასეთი ადამიანები თითქმის შეუმჩნევლად მიჰყავს დინებას ცოდვის ჩადენისკენ. ჩაძინებული კაპიტნის მსგავსად, ისინი მაშინ ფხიზლდებიან, როცა უკვე ძალიან გვიანაა.

9. რით აკურთხა იეჰოვამ სოლომონი?

9 დავფიქრდეთ სოლომონის ცხოვრებაზე. იეჰოვამ მას მთელ ისრაელზე მიანდო მეფობა, ტაძრის აშენების უფლება მისცა და ბიბლიის გარკვეული ნაწილის დაწერა დაავალა. იეჰოვა ორჯერ ელაპარაკა მას, სიმდიდრე და დიდება უბოძა და მშვიდობიანი მმართველობით აკურთხა. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვამ სოლომონი უდიდესი სიბრძნით დააჯილდოვა. ბიბლიაში ნათქვამია: „მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება, სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს“ (3 მეფეთა 4:21, 29, 30; 11:9). შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ სოლომონი უსათუოდ ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩებოდა. მაგრამ ის ღმერთს განუდგა. როგორ მოხდა ეს?

10. რა მითითება უგულებელყო სოლომონმა და რა შედეგი მოჰყვა ამას?

10 სოლომონს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ღვთის რჯულის შესახებ და მის სიღრმეებს სწვდებოდა. უეჭველია, ის განსაკუთრებით იქნებოდა დაინტერესებული მითითებებით, რომლებიც უშუალოდ მათთვის იყო დადგენილი, რომლებიც მეფეები ხდებოდნენ ისრაელში. ერთ–ერთი მითითება ასე ჟღერდა: „არ გაიმრავლოს [მეფემ] ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული“ (მეორე რჯული 17:14, 17). ნათელი მითითების მიუხედავად, სოლომონმა შვიდასი ცოლი მოიყვანა და სამასი ხარჭა გაიჩინა. ამ ქალების უმეტესობა უცხო ღმერთებს სცემდა თაყვანს. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რატომ მოიყვანა სოლომონმა ამდენი ცოლი და არც ის, თუ რით ამართლებდა იგი თავის საქციელს. ერთი რამ კი ნათელია: სოლომონი არ დაემორჩილა ღვთის გასაგებ მითითებას. შედეგი ზუსტად ის იყო, რის შესახებაც იეჰოვა იძლეოდა გაფრთხილებას. ჩვენ ვკითხულობთ: «[„თანდათანობით“, აქ] მიდრიკეს მისი გული ცოლებმა . . . უცხო ღმერთებისკენ» (3 მეფეთა 11:3, 4). თანდათანობით, მაგრამ აშკარად სოლომონი კარგავდა ღვთიურ სიბრძნეს და სწორი გზიდან უხვევდა. გარკვეული დროის შემდეგ, წარმართი ცოლებისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილმა გადაწონა ღვთისადმი მორჩილების სურვილი. რა სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი. უფრო ადრეულ პერიოდში ხომ თავად სოლომონმა დაწერა შემდეგი სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ).

ქვეყნიერების სულს ძლიერი გავლენა აქვს

11. როგორ მოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე ის, რითაც ვკვებავთ გონებას?

11 სოლომონის შემთხვევა გვასწავლის, რომ სახიფათოა შემდეგი მსჯელობა: რადგან ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გვაქვს, ქვეყნიერება ვერ მოახდენს ჩვენს აზროვნებაზე გავლენას. როგორც ფიზიკური საკვები მოქმედებს ორგანიზმზე, ისე გონებისთვის განკუთვნილი საზრდოც ახდენს გავლენას ჩვენს აზროვნებაზე. თვალსაზრისსა თუ აზროვნებას ის გვიყალიბებს, რითაც ვკვებავთ საკუთარ გონებას. ამ ფაქტის გაცნობიერების შედეგად, ფირმები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ თავიანთ პროდუქციას რეკლამა გაუკეთონ. კარგად გაკეთებულ რეკლამაში გამოყენებულია მოხერხებულად შერჩეული სიტყვები და გამოსახულებები, რათა მომხმარებელს წადილი აღეძრას. რეკლამის დამკვეთებმა აგრეთვე იციან, რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რეკლამისთვის მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ თვალის შევლებით არ აღიძრებიან, მაშინვე იყიდონ მათი პროდუქცია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იმავე რეკლამას გარკვეული დროის მანძილზე არაერთხელ ხედავენ, მომხმარებლებს პროდუქცია მიმზიდველი ეჩვენებათ და მისი შეძენის სურვილი უჩნდებათ. რეკლამა თავის საქმეს აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ ჩადებდა რეკლამის გაკეთებაში ამდენ ფულს. ის მართლაც ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოების აზროვნებასა თუ თვალსაზრისზე.

12. ა) როგორ ახდენს სატანა გავლენას ადამიანთა აზროვნებაზე? ბ) რა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანებიც შეიძლება მოექცნენ მისი გავლენის ქვეშ?

12 რეკლამის დამკვეთების მსგავსად, სატანა აგიტაციას უწევს თავის მოსაზრებებს და მიმზიდველად წარმოგვიდგენს, ვინაიდან იცის, რომ ასეთი სახით თანდათანობით შეძლებს, ხალხს საკუთარი აზროვნება მოახვიოს. გართობის ამა თუ იმ სახეობისა და სხვა საშუალებების გამოყენებით სატანა ატყუებს ადამიანებს, რათა ბოროტება სიკეთედ მიიჩნიონ და სიკეთე ბოროტებად (ესაია 5:20). ჭეშმარიტი ქრისტიანებიც კი ექცევიან სატანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ. ბიბლიაში ასეთი გაფრთხილებაა მოცემული: «სული [„შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები“, აქ] გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია» (1 ტიმოთე 4:1, 2; იერემია 6:15).

13. რა არის ცუდი საზოგადოება და როგორ მოქმედებს სხვებთან ურთიერთობა ჩვენზე?

13 არც ერთი ჩვენგანი არ არის დაცული ქვეყნიერების სულის გავლენისგან. სატანის სისტემის ქარებსა და დინებებს დიდი ძალა აქვს. ბიბლიაში გონივრული დარიგებაა მოცემული: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ცუდ საზოგადოებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ნებისმიერი რამე ან ვინმე — თვით კრებაშიც კი — რაც და ვინც წუთისოფლის სულს ირეკლავს. თუ ვფიქრობთ, რომ ცუდი საზოგადოება ვერ მოგვაყენებს ზიანს, მაშინ იმ დასკვნამდეც მივალთ, რომ კარგი საზოგადოებაც ვერ აღმოგვიჩენს დახმარებას. რა მცდარი თვალსაზრისია! ბიბლიაში ამ საკითხს შემდეგი სიტყვებით ეფინება ნათელი: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20).

14. როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს?

14 ქვეყნიერების სულს წინ რომ აღვუდგეთ, ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ გონიერ ადამიანებთან — მათთან, ვინც იეჰოვას ემსახურება. საკუთარი გონება იმით უნდა ვკვებოთ, რაც რწმენას განგვიმტკიცებს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8). რადგან ნების თავისუფლებით ვართ დაჯილდოებული, თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რაზე ვიფიქრებთ. დაე ყოველთვის ავირჩიოთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, რის შედეგადაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას.

ღვთის სული უფრო ძლიერია

15. როგორ განსხვავდებოდნენ ძველ კორინთში მცხოვრები ქრისტიანები ქალაქის სხვა მცხოვრებლებისგან?

15 მათგან განსხვავებით, რომლებიც ქვეყნიერების სულს შეჰყავს შეცდომაში, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღვთის სულიწმიდა ხელმძღვანელობს. პავლემ კორინთის კრებას მისწერა: „ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული“ (1 კორინთელთა 2:12). ძველი ქალაქი კორინთი ქვეყნიერების სულით იყო გაჟღენთილი. იქ მცხოვრებლების უმეტესობა იმდენად ზნედაცემულ ცხოვრებას ეწეოდა, რომ გამოთქმამ „კორინთელობა“ შეიძინა „უზნეობის ჩადენის“ მნიშვნელობა. სატანამ დაუბრმავა ამ ადამიანებს გონება. შედეგად, მათ ძალიან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი იცოდნენ ჭეშმარიტი ღვთის შესახებ (2 კორინთელთა 4:4). მაგრამ იეჰოვამ სულიწმიდის მეშვეობით თვალი აუხილა ზოგ კორინთელს და ჭეშმარიტების შესახებ შემეცნების მიღების შესაძლებლობა მისცა. ღვთის სულის ხელმძღვანელობით ისინი აღიძრნენ, რომ დიდი ცვლილებები მოეხდინათ საკუთარ ცხოვრებაში და შედეგად მიეღოთ ღვთის კეთილგანწყობა და კურთხევები (1 კორინთელთა 6:9—11). თუმცა ქვეყნიერების სული ძლიერი იყო, იეჰოვას სული გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.

16. როგორ შეგვიძლია ღვთის სულიწმიდის მიღება და შენარჩუნება?

16 იმავეს თქმა შეიძლება დღესაც. იეჰოვას სულიწმიდა სამყაროში ყველაზე ძლიერი ძალაა და ღმერთი ყველას, ვინც რწმენით ითხოვს სულიწმიდას, დაუბრკოლებლად და გულუხვად აძლევს მას (ლუკა 11:13). მაგრამ სულიწმიდის მისაღებად მხოლოდ ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის საკმარისი. ჩვენ აგრეთვე რეგულარულად უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ, რათა ჩვენი სული — ჩვენი აზროვნება — შევუთანხმოთ ღვთის აზროვნებას. თუ ამგვარად მოვიქცევით, იეჰოვა გაგვაძლიერებს, რომ წინ აღვუდგეთ სატანის ნებისმიერ ხრიკს, რომელიც შეიძლება ჩვენი სულიერობის დასანგრევად გამოიყენოს.

17. როგორ გვანუგეშებს ლოტის შემთხვევა?

17 თუმცა ქრისტიანები არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, მათ უწევთ ქვეყნიერებაში ცხოვრება (იოანე 17:11, 16). ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შევძლებთ, სავსებით ავარიდოთ თავი წუთისოფლის სულს, რადგან შეიძლება ვმუშაობთ ან ვცხოვრობთ კიდეც მათთან, რომელთაც არ უყვართ ღმერთი და მისი გზები. ჩვენც გვეუფლება ლოტის მსგავსი გრძნობები? ის სოდომელთა შორის ცხოვრობდა და „გაწამებული“ და დატანჯულიც კი იყო მათი უკანონო საქციელის გამო (2 პეტრე 2:7, 8, სსგ). თუ ამგვარად ვგრძნობთ თავს, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ. იეჰოვამ დაიცვა და გადაარჩინა ლოტი და იმავეს გაკეთება შეუძლია ჩვენს შემთხვევაშიც. მოსიყვარულე მამამ ძალიან კარგად იცის ჩვენი მდგომარეობის შესახებ და მას შეუძლია საჭირო დახმარება გაგვიწიოს და ძალები მოგვცეს სულიერობის შესანარჩუნებლად (ფსალმუნები 32:18, 19). თუ მივენდობით და მოვუხმობთ იეჰოვას, როგორ რთულ მდგომარეობაშიც უნდა ვიმყოფებოდეთ, დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს (ესაია 41:10).

18. რატომ უნდა ვაფასებდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას?

18 ქვეყნიერებაში, რომელიც ჩამოცილებულია ღმერთს და სატანის მიერ შეცდომაშია შეყვანილი, ჩვენ — იეჰოვას ხალხი — ჭეშმარიტი შემეცნებით ვართ კურთხეულნი. ამის შედეგად სიხარულსა და სიმშვიდეს ვგრძნობთ, რასაც მოკლებულია ქვეყნიერება (ესაია 57:20, 21; გალატელთა 5:22). ჩვენ ძალიან ვაფასებთ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების სასწაულებრივ იმედს; სამოთხეში, სადაც აღარ იარსებებს დასაღუპავად განწირული ქვეყნიერების სული. ამიტომ სათუთად გავუფრთხილდეთ ღმერთთან ჩვენს ფასდაუდებელ ურთიერთობას და ვიფხიზლოთ, რათა სწორი გზიდან თუნდაც ოდნავი გადახვევის შემთხვევაში საჭირო ზომებს მივმართოთ. მოდი უფრო მეტად დავუახლოვდეთ იეჰოვას და ის დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს (იაკობი 4:7, 8).

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ აცდუნა სატანამ ადამიანები?

• რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ ჩამოვშორდეთ იეჰოვას?

• რა ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნიერების სულს ძლიერი გავლენა აქვს?

• როგორ შეგვიძლია მივიღოთ და შევინარჩუნოთ ღვთის სული?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი 11 გვერდზე]

ქვეყნიური სიბრძნე და ღვთიური სიბრძნე

ჭეშმარიტება ფარდობითია — ყველა ადამიანს საკუთარი ჭეშმარიტება აქვს.

„[ღვთის] სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).

სწორისა და არასწორის გასარჩევად უსმინე, რას გკარნახობს გული.

„ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9).

მოიქეცი საკუთარი სურვილისამებრ.

„მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

სიმდიდრე ბედნიერების გასაღებია.

„ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“ (1 ტიმოთე 6:10).

[სურათი 10 გვერდზე]

სოლომონი თანდათანობით ჩამოშორდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და უცხო ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო.

[სურათი 12 გვერდზე]

სატანა, ასე ვთქვათ, „რეკლამას უკეთებს“ ქვეყნიერების სულს და ხელს უწყობს მის გაღვივებას. ეწინააღმდეგები ამ სულს?